(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

რატომ უნდა ვჭამოთ ხიზილალა

administrator 9-09-2016, 01:06 1 114 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ხიზილალის (თევზის ქვირითის) თითოეული მარცვალი თევზის ჩანასახისთვის სიცოცხლის წყაროს წარმოადგენს, შესაბამისად, მასში კონცენტრირებულია სასიცოცხლოდ აუცილებელი უამრავი ვიტამინი და სხვა ნივთიერება. ჩვენ ხიზილალას ერთმანეთისგან ფერით განვასხვავებთ, სპეციალისტები კი - ევზის სახეობის მიხედვით. ამის კვალობაზე, გამოყოფენ ზუთხისებრთა (იგივე თართისებრთა) და ორაგულისებრთა ხიზილალას. ყველაზე ღირებულია ზუთხისებრთა ოჯახის ხიზილალა. წითელი ხიზილალის წარმოება პირველად იაპონელებმა დაიწყეს XX საუკუნეში, მოგვიანებით კი რუსებმაც საკუთარი მეთოდით. წითელი ხიზილალის სასარგებლო თვისებებს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ხალხური მედიცინა მას რეკომენდაციას უწევს სისხლნაკლებობის, ჭარბი წონისა და წონის დეფიციტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებისა და სიმსივნური დაავადებების დროს. ხიზილალას ოფიციალური მედიცინაც უძვირფასეს, მეტად ღირებულ და მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტად აღიარებს. წითელი ხიზილალა შეიცავს 32%-მდე ადვილად ასათვისებელ ცილას, რომელიც ბავშვის მოზარდი ორგანიზმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აგრეთვე მათთვისაც, ვინც კუნთოვანი მასის გაზრდას ან ჯანმრთელობის აღდგენას ცდილობს. საქმე ის არის, რომ წითელი ხიზილალის ცილას ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და ადვილად ითვისებს, ვიდრე ხორცსა და რძის პროდუქტებში შემავალ ცილებს. საყურადღებოა ისიც, რომ ხიზილალა პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყაროა, იმ მჟავებისა, რომელთაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ასინთეზებს. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები (ვიტამინი F) შეუცვლელია სისხლძარღვებისთვის და, ზოგადად, უჯრედულ დონეზე მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის. ეს მჟავები ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს. ხიზილალა შეიცავს ფოლიუმის მჟავას, A, D, E ვიტამინებს. A ვიტამინი აუცილებელია მხედველობისათვის, აქტიური ზრდისა და ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის. ის აუცილებელია ორგანიზმის ყველა უჯრედისთვის, განსაკუთრებით - კანისა და ლორწოვანი გარსებისათვის. E ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის. მისი მეორე სახელწოდებაა ტოკოფეროლი, რაც "შთამომავლობის მატარებელს" ნიშნავს. ეს ვიტამინი ხელს უწყობს სიცოცხლისთვის საჭირო პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ათვისებას. D ვიტამინი, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მის გარეშე ორგანიზმში მოხვედრილი კალციუმის ათვისება ვერ მოხერხდება. ფოლიუმის მჟავა ორგანიზმის მრავალ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს. ის მეტად ღირებული ვიტამინია ბავშვებისთვის. წითელი ხიზილალის კიდევ ერთი ძვირფასი თვისება მისი მაღალი კალორიულობაა: 100 გრამი 200-250 კალორიას შეიცავს, მაშინ როცა იმავე რაოდენობის ხორცსა და რძეში შესაბამისად 120 და 70 კალორიაა. ეს პროდუქტი მდიდარია იოდით (მისი ასევე ადვილად ასათვისებელი ფორმით), ფოსფორით, რკინით, კალიუმით. ხიზილალაში შემავალი ყველა ვიტამინი, მიკრო თუ მაკროელემენტი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმის პროცესებისთვის, ძვლების გასამაგრებლად, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის, მხედველობის გასაუმჯობესებლად, იმუნიტეტის ასამაღლებლად, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და ორგანიზმის მოსაძლიერებლად. წითელ ხიზილალას ორგანიზმი ისე ადვილად და სწრაფად ითვისებს (მისი უნიკალური შემადგენლობისა და კომპონენტთა კომბინაციების წყალობით), რომ ამ პროდუქტს უნიშნავენ მძიმედ ავადმყოფ, დასუსტებულ პაციენტებს. ხალხური მედიცინა ამ პროდუქტს დავრდომილთა და დაუძლურებულთა გამაჯანსაღებელ საშუალებად მიიჩნევდა. ეს დღეს გასაგებია - წინათ ხომ არ არსებობდა მედიკამენტები, იმუნომასტიმულირებელი საშუალებები და ვიტამინების კომპლექსები. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ხიზილალის ნაკლი მასში ქოლესტეროლის არსებობაა, ზოგიერთის აზრით კი ეს არ არის მართებული, რადგან ქოლესტეროლის მხოლოდ სიჭარბეა მავნებელი; ზომიერი ოდენობით ის აუცილებელიც კია, ვინაიდან უჯრედული მემბრანებისა და ნერვული ქსოვილის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ისიც საყურადღებოა, რომ ხიზილალაში შემავალ ქოლესტეროლს ამავე პროდუქტში უხვად წარმოდგენილი ლეციტინი აუვნებლებს. დღეს ხიზილალა საკმაოდ ძვირია, ასე რომ, რჩევამ "აუცილებლად მიირთვით ხიზილალა" ბევრი იქნებ კიდეც გააღიზიანოს. ერთი რამ კი უთუოდ უნდა ითქვას: ხიზილალა აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ბავშვების რაციონში!

კვების ხარისხი მამაკაცის უშვილობის რისკფაქტორია

administrator 9-09-2016, 00:58 731 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 მამაკაცი, რომელიც სწორად იკვებება, დაზღვეულია ფერტილობის ასაკობრივი დაქვეითებისგან. როცა მამაკაცის რაციონი მდიდრია ხილით, ბოსტნეულით, თევზითა და კაკლით, მისი სპერმატოზოიდების დნმ ნაკლებად ზიანდება. დასკვნის ავტორები, კალიფორნიელი მეცნიერები, ვარაუდობენ, რომ ეფექტს ჩამოთვლილი პროდუქტების ძირითადი ნივთიერებები იწვევს. ცნობილია, რომ ხანდაზმულ მამაკაცებთან ხშირად გვხვდება სპერმატოზოიდების დნმ-ს ფრაგმენტაცია და ქრომოსომული გადაწყობა, რაც ზრდის უშვილობის ან ავადმყოფი ბავშვის დაბადების რისკს. 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ექიმები ურჩევენ, მიეძალონ С და Е ვიტამინებით, თუთიითა და ფოლიუმის მჟავათი მდიდარ პროდუქტებს, მათ შორის - ფორთოხალს, წიწაკას, მარწყვს, ბროკოლის, კარტოფილს, ასევე - თევზს, მოლუსკებს, კაკალს, მზესუმზირას და ფოთლოვან ბოსტნეულს. უშვილობის დარგში წამყვანი ექსპერტი, პროფესორი საიმონ ფიშელი, ამბობს, რომ ეს ნივთიერებები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც შესწევთ სათესლე ჯირკვლებში დაგროვებისა და უჯრედების დაზიანების უნარი და ესტროგენების მსგავს ნაერთებს (მათ წააწყდებით, მაგალითად, ხორცში), რომლებიც ასევე აზიანებენ სპერმატოზოიდებს.

მანგო

administrator 9-09-2016, 00:54 1 423 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ლეგენდის თანახმად, მანგოს ნაყოფი ბუდასათვის გაუგზავნიათ დასამშვიდებლად, როცა იგი ადამიანთა ბედზე მძიმედ იყო ჩაფიქრებული. თუმცა მანგოს ნაყოფი არც კარგი განწყობილების დროს იქნება ზედმეტი. როგორ შევარჩიოთამ ეგზოტიკური ხილის ყველაზე გავრცელებული სახეობაა წაგრძელებული ფორმის პრიალა ნარინჯისფერკანიანი მანგო. მაღაზიებში ხშირად წააწყდებით მუქი მწვანე ფერის ლოყაწითელ ნაყოფს. ზრდასრული ნაყოფი უნდა იყოს რბილი და ყუნწთან ახლოს ჰქონდეს მცირე ჩაღრმავებები. მწიფე მანგოს აქვს მცირე ზომის ბრტყელი კურკა, ნაზი და ტკბილი რბილობი. გემო შეიძლება სხვადასხვაგვარი ჰქონდეს - ატმისებრი, ბანანისებრი, ლიმონისებრი, ნესვისებრი, მაგრამ მას ყოველთვის ახლავს დამახასიათებელი ოდნავ წიწვოვანი არომატი. ნაყოფი საბოლოოდ რომ მომწიფდეს, დატოვეთ ის 2-3 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. თუ მაცივარში შედებთ, მანგო ლპობას  დაიწყებს. რატომ უნდა მივირთვათ მანგომანგო სასარგებლოა კანისთვის. მისი ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს და ფერმენტებს, რომლებიც აფერხებს ნაოჭების გაჩენას, ხელს უწყობს და ასტიმულირებს კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნას, რომელთა მდგომარეობაზეც ბევრად არის დამოკიდებული კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე. მანგო სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის - ერთ მოზრდილ ნაყოფს შეუძლია დააკმაყოფილოს ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილება კალიუმზე, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მოქმედებისთვის. ახალგამოწურული მანგოს წვენი ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლების განმტკიცებას. ის შეიძლება გამოვიყენოთ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვისაც. მანგო სასარგებლოა მხედველობისთვის. ის შესანიშნავი წყაროა კაროტინისა (პროვიტამინი A), რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება რეტინოლად და აქტიურად მონაწილეობს მხედველობით პროცესებში, დადებითად მოქმედებს თვალის რქოვანას მდგომარეობაზე. მანგო სასარგებლოა თირკმელებისთვის. წყლისა და მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობის წყალობით ის შესანიშნავად წმენდს ორგანიზმის ამ ბუნებრივ ფილტრს და ხელს უწყობს მის ნორმალურ ფუნქციობას. შეეცადეთ, ჩართოთ მანგო განტვირთვის დღეების რაციონში - ამით გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და თავიდან აიცილებთ შეშუპებას. მანგო სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის. ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის მომატებას და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ერთი ჭიქა მანგოს წვენი, თუ მას დილით მიირთმევთ, მთელი დღის სამყოფი ენერგიით მოგამარაგებთ. თუმცა მანგოს ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე მხოლოდ 70 კკალორიაა. მანგო სასარგებლოა კიბოს პროფილაქტიკისთვის. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით - ნივთიერებებით, რომლებიც ბოჭავს სიმსივნის განვითარების მაპროვოცირებელ თავისუფალ რადიკალებს.როგორ ვიმკურნალოთ მანგოთიტუჩების ჰერპესის საწინააღმდეგო პასტადაანაწევრეთ ჩანგლით ცოტაოდენი მანგოს მწიფე რბილობი, შეურიეთ ორი წვეთი მენთოლის ზეთი და მიღებული ფაფა დაიდეთ გაღიზიანებულ ადგილზე 10-15 წუთით. ეს პროცედურა დღეში 2-3-ჯერ გაიმეორეთ. აქტიურ მოქმედებას უზრუნველყოფს ვირუსსაწინააღმდეგო ნივთიერება მაგნეფერინი, რომელიც მანგოშია აღმოჩენილი.დამატენიანებელი კრემ-ნიღაბი აქერცლილი კანისთვის2 სუფრის კოვზ მანგოს დანაწევრებულ რბილობს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და დაიდეთ სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიწმინდეთ სახის კანი ტონალურით.ანტისტრესული კოქტეილი3 სუფრის კოვზ მანგოს რბილობს შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი წიწიბურას თაფლი და 0,5 ჭიქა თბილი რძე. მიიღეთ მცირე ულუფებად.თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროსაურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის სტაფილოსა და მანგოს ახალგამოწურული წვენები. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ერთი თვის განმავლობაში. როგორ მოვამზადოთ მანგოს კერძიმანგოსგან მზადდება მადისაღმძვრელი საუზმეული, გამაგრილებელი კოქტეილები, პიკანტური საწებლები, სოუსები, ჯემი, ხილფაფა, ხილის ჟელე. შეიძლება მისი ნაყოფის დაკონსერვება, გაყინვა, გახმობა. თუ გსურთ, ორგანიზმმა უკეთ აითვისოს კაროტინი, რომელიც მანგოში მეტია, ვიდრე სტაფილოში, მისგან დამზადებულ სალათებსა და დესერტს დაამატეთ მცენარეული ზეთი, მაიონეზი, იოგურტი ან უცხიმო არაჟანი.რძისა და ხილის მიუსლისაჭიროა: 1 მანგო, 2 მსხალი, 100 გ უცხიმო ხაჭო, 100-150 გ სიმინდის ფანტელი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა, შაქარი და ვანილი - გემოვნებით. გარეცხეთ მანგო, მჭრელი დანით გაფქცვენით, ამოუღეთ კურკა. რბილობი გახეხეთ. გათლილი მსხალი დაჭერით კუბიკებად. აურიეთ ხილი ერთმანეთში და 30 წუთით შედგით მაცივარში. კარგად აურიეთ ერთმანეთში ხაჭო და 5 სუფრის კოვზი რძე, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და ლიმონის ცედრა. ხილი გაანაწილეთ თეფშებზე, ზემოდან დაადეთ ხაჭოს მასა, მოაყარეთ სიმინდის ფანტელი, მოასხით დარჩნილი რძე. მიირთვით საუზმეზე.ჰაეროვანი შარბათისაჭიროა: 1 ცალი მწიფე მანგო, 100 გ შავი მოცხარი, 3-4 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ცალი მოზრდილი ბანანი, მარწყვი, ხენდრო და ჟოლო გემოვნებით. კანგაცლილი და უკურკო მანგო დაჭერით მცირე ნაჭრებად, შეურიეთ შავი მოცხარი, ჩააწყვეთ ჭურჭელში და ოდნავ გაყინეთ. შემდეგ მსუბუქად ათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ თაფლი და ბანანის რგოლები. შარბათი გადაიღეთ ჯამში, მორთეთ ცოცხალი მარწყვით ან ჟოლოთი და მიიტანეთ სუფრასთან.

სიმინდის ზეთი "ოქროს პროდუქტი"

administrator 9-09-2016, 00:52 1 369 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 სიმინდს ინდიელები ოდითგანვე ღვთის წყალობას უწოდებდნენ, ლეგენდებსა და სიმღერებს უძღვნიდნენ. ინკებს ის წმინდა მცენარედ მიაჩნდათ და არა მხოლოდ ხვნა-თესვის პერიოდში, არამედ ყოველდღე საგანგებო რიტუალებს მართავდნენ მის პატივსაცემად. მას შემდეგ ასეულობით წელი გავიდა და სიმინდი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მისი მარცვლებისგან ადამიანმა უამრავი პროდუქტი მიიღო: სახამებელი, სპირტი, გლუკოზა, ხელოვნური ქსოვილები, ფოტო- და კინოფირები. სიმინდის ზოგიერთი სახეობა დღესაც წარმატებით გამოიყენება საუკეთესო ქაღალდისა და პლასტმასის წარმოებაში. თუმცა ყველაზე ფასეული რამ, რასაც სიმინდისგან იღებენ, ზეთია. მას ხშირად ოქროს ადარებენ. მრავალ ქვეყანაში ოქროს უწოდებენ თავად სიმინდსაც. სიმინდის ზეთი მართლაც “ოქროს პროდუქტია”. ის უხვად შეიცავს მეტად ღირებულ კომპონენტებს - ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ და გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს. როგორც ამბობენ, სიმინდის ზეთი კურნავს გარედან და შიგნიდან, აქტიურად ებრძვის სიბერის გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს, სიჯანსაღეს უნარჩუნებს თმას, კანსა და ფრჩილებს, უნივერსალურია კულინარიაში. სიმინდის ზეთი მცენარის ღივისგან მიიღება. იყიდება მხოლოდ რაფინირებული - ბაცი ყვითელი, გამჭვირვალე, უსუნო, ნეიტრალური გემოს მქონე პროდუქტი. ამ თვისებების გამო ის ფართოდ გამოიყენება თევზის, ხორცის, ბოსტნეულის შესაწვავად, სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. სიმინდის ზეთს მოიხმარენ საკონდიტრო წარმოებაშიც. ის არ ქაფდება, არ იწვის, არ წარმოქმნის კანცეროგენულ ნივთიერებებს, რის გამოც ფასობს დიეტურ და საბავშვო კვებაში.შემადგენლობა და სასარგებლო თვისებებისიმინდის ზეთი განსაკუთრებით მდიდარია A პროვიტამინით. ბევრია მასში B ჯგუფის, ჩ და K ვიტამინები, ზოგიერთი მინერალური ნივთიერება, ლეციტინი, ფიტოსტერინები. ყველაზე მეტი კი სიმინდის ზეთში E ვიტამინია (ზეითუნის ზეთიც კი ორჯერ ნაკლებ E ვიტამინს შეიცავს). მოიპოვება F ვიტამინიც, რომელიც უჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსის სახით არის წარმოდგენილი. 100 გრამ სიმინდის ზეთში E ვიტამინის ოდენობა 10 სადღეღამისო ნორმაზე მეტია, ამიტომ დღეში სულ ორი სადილის კოვზი საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად (რა თქმა უნდა, სხვა საკვებ ნივთიერებებთან ერთად). ყველაზე სასარგებლოა ის ზეთი, რომელიც სიმინდის ღივისგან ცივი გამოხდით (გაწურვით) მიიღება. ასეთ ზეთში უხვადაა ლეციტინი, რომელიც შეუცვლელია თრომბოზების პროფილაქტიკისა და ათეროსკლეროზის მკურნალობისთვის. სიმინდის ზეთში შემავალი E ვიტამინი ააქტიურებს ალფა-ტოკოფეროლებს, რომლებიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია და რომელთა წყალობითაც ვინარჩუნებთ ახალგაზრდობასა და სილამაზეს. სიმინდის ზეთი შეიცავს უჯერი ცხიმოვანი მჟავების საგანგებო კომპლექსს, რის წყალობითაც ის საუკეთესოდ არეგულირებს ცხიმოვან ბალანსს ორგანიზმში, ელასტიკურობას ანიჭებს სისხლძარღვებს, აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს. სიმინდის ზეთი კარგია თირკმელკენჭოვანი პათოლოგიის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის დროს. მის რეგულარულ გამოყენებას ტონუსში მოჰყავს ნაღვლის ბუშტი, აწესრიგებს მის გამომყოფ ფუნქციას (ამისთვის ერთი სადილის კოვზი ზეთი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე). სიმინდის ზეთში ლინოლის მჟავას რეკორდული შემცველობაა (56%). აღნიშნული მჟავა არეგულირებს სისხლის შედედებას, აძლიერებს იმუნიტეტს. მეორე ადგილზეა ოლეინის მჟავა (49%). ზეთი მდიდარია აგრეთვე სტეარინისა და პალმიტინის მჟავებით. არომატულ-ცხიმოვანი მჟავებიდან აღსანიშნავია ფერულის მჟავა, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ის აფერხებს სიმსივნის განვითარებას, იცავს ორგანოებს სტრესის დამაზიანებელი მოქმედებისგან, აფერხებს ლიპიდების ჟანგვას, ხელს უშლის ათეროსკლეროზული პროცესების მიმდინარეობას (ამისთვის ზეთი უნდა მიირთვათ სხვა საკვებთან ერთად, 25-25 გრამი დღეში სამჯერ), სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების თვითგანადგურებას. იგივე თვისებები ახასიათებს ფიტოსტერინებს, რომლებიც ასევე უხვადაა სიმინდის ზეთში. ცნობისათვის: ადამიანის ორგანიზმს, ჩვეულებრივ, ამ ნივთიერებათა ქრონიკული დეფიციტი აღენიშნება. სიმინდის ზეთი რეკომენდებულია დიეტის დროს, რადგან დადებითად მოქმედებს ნაწლავთა ფუნქციაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, ამაგრებს კაპილარებს, ამცირებს მათ განვლადობას და ხელს უწობს მათი კედლის განმტკიცებას. მედიკოსები და დიეტოლოგები გვირჩევენ, სიმინდის ზეთი მივირთვათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საპროფილაქტიკოდ, გარემოს მავნე, აგრესიული, დამაზიანებელი ფაქტორებისგან ორგანიზმის დასაცავად, გუნება-განწყობილების ასამაღლებად, ძილისა და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (უძილობის დროს ზეთი 5-7 წუთის განმავლობაში ნაზად უნდა შეიზილოთ კეფის ფოსოში, ტერფებზე, ხელისგულებზე, მუხლებზე, იდაყვისა და კოჭ-წვივის სახსრების არეში). ამ ზეთს შეუძლია გაახანგრძლივოს ახალგაზრდობა, შეამციროს ალერგიული რეაქციები და კანის აქერცვლა, დაიცვას ორგანიზმი ნერვული დაავადებებისა და შაკიკისგან (რეკომენდებულია თითო სადილის კოვზი დღეში ორჯერ). სასარგებლოა პატარა ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის, რადგან მასში არის ფოსფატიდები - უჯრედული მემბრანის ნაწილები, რომლებსაც ტვინის ფუნქციის რეგულირება შეუძლია. ხალხური მედიცინა სიმინდის ზეთით მკურნალობს დამწვრობას, ალერგიულ რინიტს, სახის, ტანისა და ტუჩების კანზე არსებულ ნახეთქებს. სიმინდის ზეთი უკუნაჩვენებია მხოლოდ გაცხიმოვნებისადმი მიდრეკილებისა და ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში. მისი ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე 899 კკალორიას შეადგენს.

ჯანმრთელობისა და სილამაზის საკვები

administrator 9-09-2016, 00:51 1 029 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 გავრცელებული გამოთქმის თანახმად, შვრიას მიირთმევენ ცხენები და ინგლისელები. ჩვენ კი აღგვაფრთოვანებს მათი მოხდენილი აღნაგობა. ქართველები მივირთმევთ ხაჭაპურს, ხინკალს, მწვადს... ვინ გვიშლის, ჩვენც მივიღოთ ჯანსაღი საკვები, შვრია, და ინგლისელებივით ტანადები ვიყოთ? შვრია შეიცავს ბევრ მცენარეულ ცილას და ფასეულ ვიტამინებს, მინერალებს, ცხიმებს. გარდა ამისა, ის სასარგებლო ფერმენტების წყაროა. ის გადამუშავებულიც კი ძალიან სასარგებლოა. განსაკუთრებით მარგებელია ჰერკულესის ფანტელების ფაფა, მომზადებული ინგლისური წესით: წყალში მოხარშული და მერე უკვე  თეფშზე - ახალი რძით შეზავებული. გსურთ, ყოველდღე კარგად გამოიყურებოდეთ? ამაზე ადვილი არაფერია - ყოველი დღე შვრიის ფაფით დაიწყეთ. ის მხოლოდ არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და აკონტროლებს ცხიმის ათვისებას, ანაზებს კანს და ბზინვარებას მატებს თმას. კიდევ უფრო უკეთესია ჰერკულესი, მაგრამ არა მოხარშული, არამედ დამბალი ან დასველებული. თუ პირველს დავასხამთ მდუღარე წყალს ან რძეს, მივიღებთ ფაფას, თუ მეორეს დავასხამთ ცივს - ცნობილ “სილამაზის სალათას”. ის არც ისე გემრიელია და დიდხანს ღეჭვა სჭირდება, მაგრამ სილამაზე, მოგეხსენებათ, მსხვერპლს მოითხოვს. არსებობს შვრიის თავნაფქვი ბურღულიც. მისი მომზადება არც ისე რთულია - ისე მზადდება, როგორც ბრინჯი ან გაფცქვნილი ქერი. თუ წინასწარ დავალბობთ წყალში, უფრო სწრაფად მოიხარშება. გამოდგება ფლავად, გარნირად, ბურღულიანი წვნიანისთვის. საღი, დაუფქვავი შვრია კიდევ სასარგებლოა, რადგან შენარჩუნებული აქვს გარსი და ჩანასახი. თქვენ მას ალბათ არ შეიძენთ, მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრები სიამოვნებით სვამენ მის სამკურნალო ნაყენს და ძლიერ აქებენ. შვრია ძალიან სასარგებლოა ნაავადმყოფარი ადამიანისთვის, რადგან სწრაფად აღადგენს ძალ-ღონეს. ჰომეოპათები განსაკუთრებით აფასებენ შვრიას, როგორც დამამშვიდებელი ალკალოიდის შემცვლელს. გარდა ამისა, ის უხვად შეიცავს თუთიას. შვრიის ჩალის აბაზანები შესანიშნავ სამკურნალო და კოსმეტოლოგიურ საშუალებად ითვლება. ბოლო ხანს ჩვენში ძალზე პოპულარულია ორგანიზმის გაწმენდის მეთოდები, შვრია კი საუკეთესო გამწმენდ საშუალებად მიიჩნევა. ამერიკაში ბევრი უჩივის სისხლძარღვთა დაავადებებს. იქ დიდად აფასებენ შვრიის ქატოს, როგორც ქოლესტერინის დამწევ საშუალებას. შვრიას ფანტელის ნახარში ძალიან კარგია მზით დამწვრობის დროს კანში შესაზელად. ის ატენიანებს კანს. ღირსეული კომპანია - შვრი შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს: კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ქრომს, რკინას, მანგანუმს, იოდს, ფთორს, A და E ვიტამინებს, ასევე - სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ ფილტვებისა და თირკმელების მუშაობაზე. გარდა ამისა, შვრია ნამდვილი ჩემპიონია ფოსფოლიპიდების შემცველობის მხრივ, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. ასევე გამოირჩევა ფერმენტებით, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდის გამოდევნას. 100 გ ჰერკულესის ფანტელი შეიცავს B1 ვიტამინის სადღეღამისო ნორმას და ბ2 ვიტამინის სადღეღამისო ოდენობის ნახევარს. შვრია კულინარიაში - გაუფცქვნელი შვრია უნდა ხარშოთ არანაკლებ 20 წუთისა, გაუფცქვნელი შვრიის ფანტელი - არანაკლებ 5-7 წუთისა. შეგიძლიათ, შვრია თვითონვე დაფქვათ ხელის ან ელექტროწისქვილში - უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეინარჩუნებს. შვრიის ფაფას შეგიძლიათ დაუმატოთ 1 კოვზი მურაბა, გახეხილი ვაშლი ან მსხალი, დაჭრილი ბანანი, ნახევარი ფორთოხლის ან ლიმონის წვენი, გახეხილი სტაფილო, ერთი მუჭა კენკრა. თუ ფაფას დაუმატებთ რძეს ან სუფრის კოვზ თაფლს, განუმეორებელ შედეგს მიიღებთ. ზოგიერთი დიეტოლოგი გვირჩევს, სხვადასხვა  ხილი ერთმანეთში არ ავურიოთ - ერთ დღეს მხოლოდ ერთი სახისა მივირთვათ. ცნობილი “ფრანგული სილამაზის სალათა” კი ასე მზადდება: 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელს ღამით დაასხით 2 სუფრის კოვზ წყალი, დილით დაუმატეთ 2-3 სუფრის კოვზი რძე, თაფლი, დაჭრილი ნიგოზი და გახეხილი ვაშლი. მიირთვით, შეგერგოთ. აფთიაქი სამზარეულოდან - შვრიის ნახარში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ეფექტურია შაქრიანი დიაბეტის დროს და სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობისას. არის საუკეთესო ნაღველმდენი  საშუალება, სწრაფად აღადგენს ძალ-ღონეს. ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა  1 ჭიქა გარეცხილი მარცვალი. მას უნდა დაასხათ 1 ლიტრი თბილი წყალი, 10 საათით გააჩეროთ, მერე ნახევარი საათი ხარშოთ ნელ ცეცხლზე, შეფუთოთ და გააჩეროთ კიდევ 12 საათი, ბოლოს გადაწუროთ და 1 ლიტრამდე შეავსოთ ცხელი წყლით. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. შეგიძლიათ შეაზავოთ რძით ან თაფლით. ნახარში მაცივარში ინახება 2 დღე. მიღებამდე დაუმატეთ ცოტაოდენი ცხელი წყალი.

ჯანმრთელი საკვები

administrator 9-09-2016, 00:49 1 070 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 დიეტოლოგები გვირჩევენ, მხოლოდ შინ, საკუთარი ხელით მომზადებული კერძები მივირთვათ, თავი ვარიდოთ სწრაფი კვების ობიექტებში ჭამას, რადგან არ ვიცით, რას მივირთმევთ ამ დროს, რამდენად ჯანსაღია საკვები, რომელსაც იქ გვთავაზობენ, დაცულია თუ არა სანიტარიული ნორმები. შინ, საკუთარ სამზარეულოში, ამას უკეთ მოახერხებთ. საჭიროა მხოლოდ, პროდუქტების გონივრულად შერჩევა შეგეძლოთ. ჯანსაღი კვება არც ისე ძვირია. თუ მაცივარს ასეთი საკვებით ავავსებთ, ფულსაც დავზოგავთ და ჯანმრთელობასაც. სასურველია, შინ ყოველთვის გქონდეთ: ბურღულეული, ზეთი, ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, კვერცხი, თევზი, რძე და რძის ნაწარმი. ეს პროდუქტები ჯანმრთელიც არის და იაფიც. კომბოსტო, ჭარხალი, შვრია, ლობიო, ბარდა მინიმალური შემოსავლის მქონე ოჯახებისთვისაც ხელმისაწვდომია. თუ რეგულარულად მიირთმევთ ჩამოთვლილ პროდუქტებს, თქვენს ორგანიზმს არასოდეს მოაკლდება ვიტამინები. თუ უარს იტყვით მზა საკვებზე - ჰამბურგერებზე, კარტოფილის ჩხირებზე, ფუნთუშებზე, გაურკვეველი ხარისხის ტკბილეულზე და მათ ნაცვლად მიირთმევთ ხილს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, სალათებს, არა მარტო საკუთარ ბიუჯეტს გაუწევთ შეღავათს, არამედ მოხდენილობასა და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ. მინდა? არ მინდა!ბევრს სჩვევია საკვების მომარაგება, მაგრამ ყოველგვარი პროდუქტის დიდხანს შენახვა არ შეიძლება. ეს უნდა გახსოვდეთ, როცა მაღაზიაში წახვალთ სურსათის შესაძენად. მიეჩვიეთ იმდენის შეძენას, რამდენის ათვისებასაც შეძლებთ 2-3 დღის განმავლობაში. ხორცი და თევზი მომზადებისთანავე უნდა მიირთვათ. კერძის გაცხელებისას მასში არსებულ სასარგებლო ნივთიერებებს კარგავთ და ორგანიზმს წიდით ავსებთ. გამოდის, რომ სულ ტყუილად დახარჯეთ ფული. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: 1. შეიძინეთ ხილი და ბოსტნეული სეზონის მიხედვით; 2. როცა სურსათის მომარაგებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რამდენად მალფუჭებადია ესა თუ ის პროდუქტი, როგორ ტემპერატურაზე და რა სახით უნდა შეინახოთ. თუ გსურთ, ჯანსაღად იკვებოთ, სუფრაზე მუდამ უნდა გქონდეთ: ბურღულეული - ბრინჯი, წიწიბურა, შვრია. უკეთესი იქნება, თუ ფაფებს წყალზე მოამზადებთ - უფრო იოლია, იაფი და, რაც მთავარია, სასარგებლო. შეგიძლიათ დაამატოთ გარგარის ჩირი, სოკო. რჩევა: შეინახეთ ბურღული სპეციალურ კონტეინერებში. ზეთი. უპირატესობა მიანიჭეთ არარაფინირებულ ზეთს. ვიტამინები და მი­კროელემენტები მასში გაცილებით მეტია, ვიდრე რაფინირებულში; რჩევა: მცენარეულ ზე­თში მომზადებული ბოსტნეული უფრო ადვილი ასათვისებელია. ხილი. მას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. მდიდარია უჯრედისით, რომელიც ასე საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის. რჩევა: შეინახეთ ხილი მაცივარში, თუმცა დიდხანს არა - მაქსიმუმ ერთი კვირა. ნუ შეინახავთ ცელოფნის პარკით. ბოსტნეული. ის მთელი წელი უნდა იყოს თქვენს სუფრაზე. ეგზოტიკური ძვირად ღირებული ჯიშები მაინცდამაინც ნუ გაგიტაცებთ; ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, გოგრა არც ისე ძვირი ღირს და ძალიან სასარგებლოა. თითოეული მათგანი სავსეა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც გამუდმებით სჭირდება ჩვენს ორგანიზმს. რჩევა: ბოსტნეულისგან გემრიელი გარნირი მზადდება. მაგალითად, ჭარხალი გაფქცვნით, მოაყარეთ წიწაკა, მარილი, გაახვიეთ ფოლგაში და შედგით ღუმელში, ლითონის ბადეზე, 25 წუთით. მწვანილი - სალათა, ოხრახუში, ნიახური, კამა... ეცადეთ, მწვანილეული ყოველთვის იყოს თქვენს რაციონში. ზაფხულში და შემოდგომაზე მიირთვით ქორფა. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ მისი გახმობაც შეიძლება! რჩევა: ნურასოდეს შეიძენთ ბევრ მწვანილს, რადგან ის სწრაფად ფუჭდება. უმჯობესია შეინახოთ სპეციალური კონტეინერით ან ტენიან ტილოს ხელსაწმენდში გახვეული. კვერცხი. ეს ცილისა და ბ ჯგუფის ვიტამინების შესანიშნავი წყაროა. კვერცხის გული მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ლუტეინს, რომელიც ძალიან უხდება მხედველობას. რჩევა: მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ტკბილი წიწაკა, მარილი, დაასხით კარგად გათქვეფილი ორი კვერცხი, ტაფა 10-15 წუთით შედგით გახურებულ ღუმელში. თევზი - ის წყაროა ცილისა, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი. გაყინული თევზი ცოცხალზე არანაკლებ სასარგებლოა. რჩევა: თევზი და ხორცი მიირთვით მწვანილისა და ბოსტნეულის გარნირით. რძე და რძის ნაწარმი - სასარგებლოა და არც ისე ძვირი ღირს. პასტერიზებულს კი ცოცხალი პროდუქტი სჯობია. რჩევა: აუცილებლად შეამოწმეთ პროდუქტების ვადა.

მადა კონტროლზე აგვყავს

administrator 9-09-2016, 00:47 237 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია


კარგი მადა ჭარბი წონის დროს ხშირად არასასურველიც კია. განსაკუთრებით შემაშფოთებელი მაშინაა, როცა მისი დაოკება ვერ ხერხდება. გასწავლით საკვებისადმი ლტოლვის შესამცირებელ რამდენიმე გამოცდილ მეთოდს.საჭმლის მიღებამდე დალიეთ!ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ სითხე ავსებს კუჭს და ნაყროვანების შეგრძნებას აჩენს. ამისთვის საუკეთესოა უგაზო სასმელი წყალი ან ნატურალური აირაციის ტუტე მინერალური წყალი, ის კუჭის წვენში აქვეითებს მჟავიანობას, რაც მადის ყველაზე ძლიერი გამღვიძებელია. ვისაც წყალი არ უყვარს, მას ალკოჰოლურის, გაზიანისა და ტკბილის გარდა, რომლებიც მადას აძლიერებენ, ყველა სხვა სითხის მიღება შეუძლია. თუ დღეში 5-6-ჯერ იკვებებით, ჭამის წინ 200 მლ წყალი სრულიად საკმარისია, სადღესასწაულო სუფრისა და ვახშმის წინ კი 1,5-2 ჭიქის მიღებაა რეკომენდებული. თქვენი ბონუსი: დღეში 2 და მეტი ლიტრი სითხის მიღება დადებითად აისახება სახის კანზე, ნაოჭები გაქრება და დაბრკოლდება მათი ხელახალი წარმოქმნა.დასაქმდით!საკვების მიღების სურვილი საკმაოდ ხშირად ემოციური რეაქცია უფროა, ვიდრე ორგანიზმის მოთხოვნილება. ზოგჯერ საკმარისია რამდენიმე წუთით სხვა რამეზე გადაიტანოთ ყურადღება, რომ ჭამის სურვილი იკლებს და ქრება კიდეც. ყურადღების გადასატანად მშვენიერი საშუალებაა დასაქმება.  მაგალითად, თუ სამსახურში ხართ, ჭამისთვის გამოყოფილ თავისუფალ დროს დაიწყეთ სამუშაო მაგიდის დალაგება, კომპიუტერში გაშალეთ პასეანსი. საკმაოდ ბევრი დიეტოლოგი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ჭამისათვის თავის არიდების საუკეთესო საშუალება 20-ჯერ ხელებაწეული ჩაბუქნაა, ამის შემდგომ შიმშილის გრძნობა მცირდება. თქვენი ბონუსი: ხელების წვრილი მოტორიკის გააქტიურებით ვაძლიერებთ ტვინის ფუნქციებს, დღეში ერთხელ 20 ჩაჯდომით კი - გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ვაუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლასაც.გამოიყენეთ სუნებიზოგიერთ არომატს მადის დაქვეითების თვისება აქვს, მათ შორის: ვანილს, გრეიპფრუტს, ლიმონს, მწარე წიწაკას, პიტნას, ვაშლს, ბანანს, შროშანსა და ვარდს. ეს არომატები ჭამის წინ ან მის დროს უნდა შეისუნთქოთ. გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით: ეთერზეთების, არომატული სანთლების, ინჰალატორების ან ნატუალური ექსტრაქტების სახით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი გამოყენება საღამოს, მადასთან განსაკუთრებით რთული ბრძოლის დროს. თქვენი ბონუსი: არომათერაპია დაგაძლევინებთ სტრესს, შეგიმცირებთ შფოთვისა და განგაშის შეგრძნებას, გაგიუმჯობესებთ ძილს.გაითვალისწინეთ ჭურჭლის ფერი!მადის გაძლიერებისას თვალი გადაავლეთ სამზარეულოს კედლებსა და ჭურჭელს. ყველაზე მეტად მადას დაგაკარგვინებთ შავი, ლურჯი, ჭაობისფერი და იასამნისფერი თეფშები. თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ცისფერი კი, პირიქით, მადის აღმძვრელია. სასადილო ოთახის კედლები გაამუქეთ, კარგი იქნება ნაცრისფერი ან ყვითელი. ნაცრისფერი ამცირებს ღელვას და მადას. თქვენი ბონუსი: ფერი ფსიქოთერაპიის მძლავრი იარაღია, მისი დახმარებით გაცილებით ადვილია სტრესებთან გამკლავება.მიირთვით შავი შოკოლადი!სხვა ტკბილეულისგან განსხვავებით, შავი შოკოლადი საკმაოდ ხანგრძლივად დაგანაყრებთ. უმჯობესი იქნება, თუ მას არ დაღეჭავთ და შაქარყინულივით გაწუწნით, ასე გაცილებით უკეთესი ეფექტი მიიღწევა. თქვენი ბონუსი: მწარე შოკოლადი ანეიტრალებს ორგანიზმში სიმსივნეთა წარმომქმნელ თავისუფალ რადიკალთა მოქმედებას; აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და იცავს სისხლძარღვებს; ზრდის ტვინის შესაძლებლობებს, რაც დაძაბული გონებრივი შრომისას მეტად მნიშვნელოვანია.შეინარჩუნეთ სითბოსიცივე მადის მაპროვოცირებელია, ამიტომაც უჭირს ადამიანს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დიეტის დაცვა და წონის კლებაც ამ პერიოდში გაცილებით ნელა მიმდინარეობს. გირჩევთ, ყოველთვის თბილად გეცვათ და მადის შემოტევას სითბოში ყოფნით შეებრძოლოთ. თქვენი ბონუსი: წელიწადის ცივ დროს სითბო აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს სასიცოცხლო ფუნქციათა გაუმჯობესებას. 

ჯანსაღი კვება თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს

administrator 9-09-2016, 00:45 750 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ჩვენი თირკმელები საკმაოდ მძიმე და მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ: 1,5ლ შარდის (დღიური ნორმა) წარმოსაქმნელად აუცილებელია, თირკმლის გორგლებმა სისხლიდან 170ლ პირველადი შარდი გაფილტრონ, საიდანაც 168,5 ლიტრი უკან, სისხლშივე ბრუნდება. ამ ფილტრატის წარმოსაქმნელად თირკმელებში დღე-ღამეში ორ ტონამდე სისხლმა უნდა გაიაროს.შარდკენჭოვანი დაავადება (უროლითიაზი) ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად ვითარება. ამ დროს თირკმელებსა და შარდგამომტან გზებში წარმოიქმნება სხვადასხვა ქიმიური თვისების, ფორმისა და ზომის კენჭები. თუ შარდში ქვიშა ჩნდება და კენჭი ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული, ამ შემთხვევაში კვებით შესაძლებელია კენჭის ჩამოყალიბების თავიდან აცილება. ექიმები ავადმყოფს უნიშნავენ სამკურნალო დიეტას იმის მიხედვით, რომელი მარილი ჭარბობს მათ შარდში - ურატები, ოქსალატები, ფოსფატები თუ სამივე ჭარბადაა. ურატული კენჭები თირკმლებში პურინული ცვლის დარღვევის შედეგად წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში ინიშნება შემდეგი დიეტა: იკრძალება პურინების შემცველი საკვები - ტვინი, ღვიძლი, თირკმელები, შემწვარი და მოხრაკული ხორცი, ბულიონი, ძეხვეული, ხორცისა და თევზის კონსერვები, მწნილი, მარინადი, მჟაუნა, სატაცური, ლობიო, სოია, მუხუდო, ყავა, კაკაო, შოკოლადი, მაგარი ჩაი. ცოტაოდენი ხორცი შეიძლება, ოღონდ კარგად მოხარშული. სუფრის მარილი დღეში 10გ-მდე უნდა შეიზღუდოს. იმავდროულად უნდა გაიზარდოს გამატუტიანებელი პროდუქტების, მაგალითად, მცენარეული საკვებისა და რძის ნაწარმის, წილი. თუ პურს, ბურღულეულს, კვერცხს ბუნებრივი სახით მივიღებთ, ორგანიზმში გაცილებით ნაკლები მჟავას ეკვივალენტი წარმოიქმნება, ვიდრე დამუშავებული სახით მიღებისას, ამიტომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ყვითელ შაქარს, დაცეხვილი მარცვლეულის პურს, გაურჩეველ ბრინჯს, კანიანად მოხარშულ კარტოფილს და სხვა. შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს თეთრი შაქარი და მას უნდა ჩაენაცვლოს ჩირი და თაფლი. უმი ბოსტნეული, მათ შორის - კარტოფილი, კიტრი, ჭარხალი, ასევე ხილი, კენკრა, მათ შორის - საზამთრო, მსხალი, ატამი, შეიძლება მიიღოთ განუსაზღვრელი რაოდენობით. შეიძლება შავი ბოლოკის წვენი თაფლით (თანაფარდობით 1:2, ერთი სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 კვირას). ამ ნარევს აქვს შარდმდენი მოქმედება და ხელს უწყობს კენჭების გამოდევნას; რეკომენდებულია დიდი რაოდენობით (დღეში 2 ლ და მეტი) სითხის (მათ შორის - ვიტამინიზებული წვენების, ტუტე მინერალური წყლების) მიღება კვებიდან კვებამდე და უზმოდ. თუ შარდთან ერთად დიდხანს გამოიყოფა ურატები, აუცილებელია სპეციალური განსატვირთი დიეტა ხილით, კარტოფილით, კარტოფილ-ბოსტნეულით, რძის პროდუქტებით. ოქსალატური კენჭები მჟაუნმჟავას მარილებია. როცა ეს მარილები შარდში ჭარბადაა, ვითარდება ოქსალურია, რომლის  ძირითადი მიზეზია ორგანიზმში გლიცინისა და გლიოქსიდის მჟავას ცვლის დარღვევა. ასეთი ავადმყოფებისთვის რეკომენდებულია შემდეგი დიეტა: რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მჟაუნმჟავას შემცველი პროდუქტები: მჟაუნა, კაკაო, შოკოლადი, ისპანახი, ნატურალური ყავა, ხახვი, ოხრახუში და სხვა ფოთლოვანი მწვანილი და პომიდორი. მათ ნაცვლად მიირთვით: ბადრიჯანი, გოგრა, მუხუდო, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, სოკო, რომელშიც ეს მჟავა ცოტაა, ასევე ბ6 ვიტამინით და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები. ოქსალატების ორგანიზმიდან გამოძევებას ხელს უწყობს ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ყურძენი, კომში. თუ დიეტას დაიცავთ, ორგანიზმში ოქსალატების წარმოქმნა მედიკამენტების გარეშეც საგრძნობლად (40%-ით და მეტით) შემცირდება.ფოსფატურიის დროს (შარდში გამოიყოფა ფოსფორ-კალიუმის მარილები) იზღუდება გამატუტიანებელი მოქმედების და კალციუმით მდიდარი პროდუქტები, მიირთვით საკვები, რომელიც ცვლის შარდის რეაქციას მჟავიანობისკენ (პური და ფქვილის ნაწარმი, ბურღულეული, ხორცი და თევზი). იკრძალება: რძის, ბო­სტნეულის და ხილის წვ­ენები, შაშხი, დამარი­ლებული და შებოლილი თევზი, რძე და რძის ნაწარმი, კარტოფილი, ბო­სტნეულის სალათები, ვინეგრეტი და ბოსტნეულის კონსერვები, რძეზე მომზადებული ტკბილი კერძები. ხილის, კენკრის და ბოსტნეულის წვენები. რეკომენდებულია სითხის უხვად მიღება (უზმოზე და კვებიდან კვებამდე), რასაკვირველია, თუ უკუჩვენება არ აქვს; სუფრის მარილის დღიური ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 10 გრამს.

რაში გვჭირდება ნახშირწყლები

administrator 9-09-2016, 00:43 1 802 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 რთული და მარტივინახშირწყლები ადამიანის ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი წყაროა. მათი მარაგი გლიკოგენის სახით ორგანიზმში დაახლოებით 500 გრამს შეადგენს. ძირითადი მისი მასა (2/3) კუნთებშია თავმოყრილი, ხოლო 1/3 - ღვიძლში. კვებათა შორის არსებულ შუალედებში გლიკოგენი იშლება გლუკოზის მოლეკულებად, რაც სისხლში შაქრის დონის მერყეობას ამცირებს. თუ ორგანიზმს ნახშირწყლები არ მივაწოდეთ, გლიკოგენის მარაგი 12-18 საათში გამოიფიტება. ამ შემთხვევაში ჩაირთვება ცილის ცვლის შუალედური პროდუქტებისგან ნახშირწყლების წარმოქმნის მექანიზმი. ეს იმიტომ, რომ ნახშირწყლები სასიცოცხლოდ აუცილებელია ქსოვილებში, განსაკუთრებით ტვინში, ენერგიის წარმოასაქმნელად. ტვინის უჯრედები ენერგიას უპირატესად გლუკოზის დაჟანგვის ხარჯზე იღებენ. რას იწვევს დეფიციტინახშირწყლების ქრონიკული დეფიციტი ფიტავს გლიკოგენის მარაგს და ღვიძლის უჯრედებში ცხიმის ჩალაგებას იწვევს. შესაძლოა, საქმე ღვიძლის ცხიმოვან გადაგვარებამდე და მისი ფუნქციის დარღვევამდე მივიდეს. საკვებში ნახშირწყლების დეფიციტის დროს ქსოვილები და ორგანოები ენერგიის სინთეზისთვის იყენებენ არა მარტო ცილებს, არამედ ცხიმებსაც. ცხიმების გაძლიერებული დაშლისას შესაძლოა დაირღვეს კეტონების დაჩქარებულ წარმოქმნასთან დაკავშირებული ცვლის პროცესები (ნივთიერებათა ამ კლასს მიეკუთვნება ყველასათვის ცნობილი აცეტონი) და ისინი ორგანიზმში დაგროვდეს. კეტონების ჭარბმა წარმოქმნამ ცხიმებისა და ნაწილობრივ ცილების გაძლიერებული ჟანგვისას შესაძლოა ორგანიზმის შინაგანი სამყაროს “დაჟანგვა” და ტვინის ქსოვილის მოწამვლა გამოიწვიოს. რა ხდება სიჭარბისასსაკვებში ნახშირწყლების სიჭარბე იწვევს სისხლში ინსულინის დონის მატებას და ხელს უწყობს ცხიმის წარმოქმნას, ხოლო საკვების კალორიულობის მკვეთრმა შემცირებამ რაციონში ნახშირწყლების შემცირების ხარჯზე შესაძლოა ცილოვანი ცვლის დარღვევა გამოიწვიოს. ცხიმის წარმოქმნის გაძლიერების მთავარი მიზეზია სისხლში გლუკოზის შემცველობის მკვეთრი მომატება ნახშირწყლებით მდიდარი საკვების ჭარბი მიღების შემდეგ. თუ მსუბუქი საუზმის შემდეგ ადამიანი მთელი დღე შიმშილობს, ხოლო საღამოს ერთად მიირთმევს სადილისა და ვახშმის ეკვივალენტს, ორგანიზმი იძულებულია ებრძოლოს ნახშირწყლებით “მოწამვლას” - სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მკვეთრ მატებას. იმისთვის, რომ სისხლიდან გლუკოზა ქსოვილებსა და უჯრედებში მოხვდეს, აუცილებელია ინსულინი, ხოლო სისხლში მისი დონის მატება ასტიმულირებს ცხიმების სინთეზს. თუმცა ნახშირწყლების ექსტრენად ცხიმებად გარდაქმნის მექანიზმი მოქმედებას იწყებს დიდი რაოდენობის (500 გრამზე მეტი) სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების მიღებისას. ასეთი კვება არა მარტო გასტრიტს და სხვა დაავადებებს, არამედ ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებასაც იწვევს. ნახშირწყლების ცვლას, გარდა ინსულინისა, არეგულირებს სხვა ჰორმონებიც. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონები, გლუკოკორტიკოიდები, აძლიერებს ღვიძლში ამინმჟავებისგან გლუკოზის სინთეზს. ამ პროცესს ასტიმულირებს ასევე ჰორმონი გლუკოგონი, რომელიც, ისევე როგორც ინსულინი, გამომუშავდება კუჭუკანა ჯირკვალში. გლუკოკორტიკოიდები და გლუკოგონი ინსულინის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. როგორია ნორმანორმაში ნახშირწყლები უზრუნველყოფს საკვების კალორიულობის 50-60%-ს. დიეტიდან მათი გამორიცხვა არ შეიძლება. უნდა მოიძებნოს ისეთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რაციონიდან ამოუღებლად შევზღუდოთ ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნა. ნახშირწყლების სახეებიქიმიური სტრუქტურის მიხედვით ნახშირწყლები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად - მარტივებად (მონოსაქარიდები და დისაქარიდები) და რთულებად (პოლისაქარიდები). მარტივი ნახშირწყლები (შაქრები)გლუკოზა ყველაზე მნიშვნელოვანი მონოსაქარიდია, ვინაიდან ის წარმოადგენს საკვები პროდუქტების უმეტესობის დი- და პოლისაქარიდების სტრუქტურულ ერთეულს. გლუკოზა ნახშირწყლების ცვლის აუცილებელი კომპონენტია. სისხლში მისი დონის დაქვეითებისას ან მაღალი კონცენტრაციისას და ათვისების შეუძლებლობისას, როგორც შაქრიანი დიაბეტის დროს, ადამიანი ძილადაა მივარდნილი და გამორიცხული არ არის, გონიც დაკარგოს (ჰიპოგლიკემიური კომა). გლუკოზას “სუფთა სახით”, როგორც მონოსაქარიდს, შეიცავს ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით მდიდარია ამ ნივთიერებით ყურძენი, ბალი, ალუბალი, ჟოლო, მარწყვი, ქლიავი, საზამთრო. ბოსტნეულიდან გლუკოზა ყველაზე მეტი გოგრასა და სტაფილოშია. გლუკოზა ნაკლებად ტკბილია, ვიდრე საქაროზა. ფრუქტოზა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხილის ნახშირწყალია. გლუკოზისგან განსხვავებით, მას ინსულინის მონაწილეობის გარეშე შეუძლია სისხლიდან ქსოვილებსა და უჯრედებში შეღწევა, ამიტომ ფრუქტოზა, როგორც ნახშირწყლების შედარებით ნაკლებსახიფათო წყარო, რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულთათვის. მისი ნაწილი ხვდება ღვიძლის უჯრედებში, რომლებიც მას უფრო უნივერსალურ “საწვავად” - გლუკოზად გარდაქმნიან, ამიტომ ფრუქტოზასაც შეუძლია სისხლში შაქრის დონის აწევა, თუმცა ნაკლებად, ვიდრე დანარჩენ მარტივ შაქრებს. ფრუქტოზა გლუკოზაზე ნაკლებად გარდაიქმნება ცხიმად. ფრუქტოზის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გლუკოზაზე 2,5-ჯერ და საქაროზაზე 1,7-ჯერ ტკბილია. შაქრის ნაცვლად მისი გამოყენება აქვეითებს ნახშირწყლების ზოგად მოხმარებას. ფრუქტოზის ძირითადი წყაროა ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ბალი, საზამთრო, შავი მოცხარი, ჟოლო, მარწყვი, ნესვი, ჭარხალი. არის თაფლშიც - დაახლოებით 3,7%. მიუხედავად იმისა, რომ ფრუქტოზა საქაროზაზე გაცილებით ტკბილია, არ იწვევს კარიესს. გალაქტოზა საკვებში თავისუფალი სახით არ არის. ის გლუკოზასთან ერთად წარმოქმნის დისაქარიდ ლაქტოზას (რძის შაქარი, რძისა და რძის პროდუქტების ძირითადი ნახშირწყალი). ეს უკანასკნელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფერმენტ ლაქტაზის მოქმედებით გლუკოზად და გალაქტოზად იშლება. ზოგიერთ ადამიანს ამ ფერმენტის დეფიციტი აქვს, რაც რძის აუტანლობას იწვევს. დაუშლელი ლაქტოზა კარგი საკვებია ნაწლავის მიკროფლორისთვის. ამასთან, შესაძლოა ხელი შეუწყოს აირების გაძლიერებულ წარმოქმნას ნაწლავებში. რძის მჟავე პროდუქტებში ლაქტოზის დიდი ნაწილი დადუღებულია რძემჟავამდე, ამიტომ ლაქტოზის ნაკლებობის დროს რძის მჟავე პროდუქტების მიღება უსიამოვნო შედეგების გარეშეა შესაძლებელი. გარდა ამისა, რძის მჟავე ბაქტერიები რძემჟავა პროდუქტებში თრგუნევენ ნაწლავის მიკროფლორის ცხოველმყოფელობას და აქვეითებენ ლაქტოზის არასა­სურველ მო­ქმედებას. ლაქტოზას შეიცავს ძრ­ოხის რძე, ხა­ჭო, არაჟანი, კეფირი, იოგურტი. გლუკოზისა და ფრ­უქტოზის მოლეკულით წარმოქმნილი დისაქარიდია საქაროზა. შაქარში მისი შემცველობა 99,5%-ია. შაქარი რომ “თეთრი სიკვდილია”, ტკბილეულის მოყვარულებმა ისევე კარგად იციან, როგორც მწეველებმა ის, რომ ერთი წვეთი ნიკოტინი ცხენს კლავს. სამწუხაროდ, ორივე ჭეშმარიტება ხუმრობის საგანი უფროა, ვიდრე სერიოზული განსჯისა და პრაქტიკული დასკვნების მიზეზი. შაქარი სწრაფად იშლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, გლუკოზა და ფრუქტოზა შეიწოვება სისხლში და წარმოადგენს ენერგიის წყაროს. მას ხშირად უწოდებენ “ცარიელ კალორიებს”, ვინაიდან შაქარი სუფთა ნახშირწყალია და არ შეიცავს სხვა საკვებ ნივთიერებებს, ისეთს, როგორიც არის ვიტამინები და მინერალური მარილები. მცენარეული პროდუქტებიდან შაქარი ყველაზე მეტია ჭარხალში, ატამში, ნესვში, ქლიავში, მანდარინში, სტაფილოში. გარდა თავად შაქრისა, საქაროზის ძირითად წყაროს წარმოადგენს თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი სასმელები, ნაყინი. გლუკოზის ორი მოლეკულის შეერთებისას წარმოიქმნება მალტოზა. მას შეიცავს თაფლი, ალაო, ლუდი, პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი, ბადაგი. რთული ნახშირწყლებიყველა პოლისაქარიდი, რომელსაც შეიცავს ადამიანის საკვები, იშვიათი გამონაკლისის გარდა წარმოადგენს გლუკოზის პოლიმერს. სახამებელი ძირითადი პოლისაქარიდია. მის წილად მოდის მოხმარებული ნახშირწყლების 80%. სახამებლის წყაროა მცენარეული პროდუქტები, ბურღულეული, ფქვილი, პური, კარტოფილი. სახამებელს შეიცავს პარკოსნებიც, თუმცა სოია ამ ნივთიერებით ძალზე ღარიბია. ზოგიერთ მცენარეში ნახშირწყლები ლაგდება ფრუქტოზის პოლიმერის ინულინის სახით. ინულინდამატებული პროდუქტები რეკომენდებულია დაიბეტიანთათვის. კარგია მისი პროფილაქტიკისთვისაც (ფრუქტოზა სხვა შაქრებზე ნაკლებად ტვირთავს კუჭუკანა ჯირკვალს). გლიკოგენი, “ცხოველური სახამებელი”, დიდი რაოდენობითაა ცხოველურ პროდუქტებში. გლიკემიური ინდექსინახშირწყლების კლასიფიკაციის ახალი სისტემაა გლიკემიური ინდექსი. იგი პროდუქტებს სისხლში შაქრის დონეზე მოქმედების პრინციპით აჯგუფებს. მაგალითად, თეთრ პურს სწრაფად ითვისებს ორგანიზმი და გარდაქმნის გლუკოზად, რაც მკვეთრად სწევს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ თეთრ პურს მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ყავისფერი ბრინჯი, პირიქით, ნელა აითვისება და შაქრის დონე სისხლში უფრო მსუბუქად იცვლება. ყავისფერ ბრინჯს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. რაციონი, რომელიც უხვად შეიცავს მაღალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტებს და, ამის კვალობაზე, სწრაფად სწევს სისხლში შაქრის დონეს, სახიფათოა დიაბეტიანთა და გულით დაავადებულთათვის. გლიკემიურმა ინდექსმა ზოგჯერ შესაძლოა თავგზაც აგვიბნიოს. რთული ნახშირწყლების შემცველი ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად, კარტოფილი, სწრაფად სწევს სისხლში შაქრის დონეს, ხოლო მარტივი ნახშირწყლების შემცველი, მაგალითად, ხილი - გაცილებით ნელა. რაც უფრო რთულია ორგანიზმისთვის ნახშირწყლების გლუკოზად გარდაქმნა, მით უფრო ნაკლებია პროდუქტის გლიკემიური ინდექსი. ამგვარად, ყველაფერი, რაც ანელებს ნახშირწყლების შემცველი საკვების მონელებასა და ათვისებას, აქვეითებს მის გლიკემიურ ინდექსს.

სასარგებლოა თუ არა ცხიმი

administrator 9-09-2016, 00:41 1 484 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ჯანსაღი კვების საკითხი მეტად აქტუალურია ჩვენს დროში. დღითი დღე იმატებს ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა, რაც, თავისთავად, დღის წესრიგში აყენებს დიეტის საკითხს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ინტერნეტით ვრცელდება უამრავი დიეტური რეკომენდაცია ჰოლივუდის ვარსკვლავებისგან, ექიმ დიეტოლოგებისგან, წონადაკლებული ადამიანებისგან. ყველა გვირჩევს ცხიმის შეზღუდვას ან რაციონიდან ამოღებას. მართლა ასე მავნეა ცხიმი? ამის შესახებ დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი თეონა ღვალაძე გვესაუბრება. - ქალბატონო თეონა, აუცილებელია თუ არა ცხიმი ორგანიზმისთვის? რა როლს ასრულებს ის ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში?- ნატურალური ცხიმები აუცილებელია ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის, რადგან ისინი ყველაზე დიდი ენერგიის მომწოდებლები არიან. ერთი გრამი ცხიმისგან 9 კილოკალორია მიიღება. ცხიმი შედის უჯრედების შემადგენლობაში. მხოლოდ ნერვული უჯრედის გარსში მისი შემცველობა 60%-ს შეადგენს. ამასთან, ის ხელს უწყობს ნაწლავში ცხიმში ხსნადი ვიტამინებისა და მინერალური მარილების შეწოვას. - რა სახისაა ცხიმები?- ცხიმი არსებობს მცენარეული და ცხოველური წარმოშობისა. ცხოველურ ცხიმებში ჭარბობს ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა წყალობით ეს ცხიმები მყარ მდგომარეობაშია და ძნელად დნება. მცენარეული ცხიმები, პალმის, ქოქოსის და კაკაოს ცხიმის გარდა, თხევადია მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის გამო. ეს მნიშვნელოვანი ნივთიერებები შეუცვლელია, რადგან ორგანიზმს მათი სინთეზირება არ შეუძლია და საკვებთან ერთად იღებს. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები ყველაზე მეტია ნაღების კარაქში და რძის სხვა პროდუქტებში, ცხოველის ხორცსა და ქონში, უჯერი - ზეითუნის ზეთში, ნიგოზში, მზესუმზირაში, ასევე თევზსა და მის ცხიმში. - რაციონის რა ნაწილს უნდა შეადგენდეს ცხიმი?- მიუხედავად ცხიმების დიდი კვებითი და ენერგეტიკული ღირებულებისა, რაციონში მათი წილი არ უნდა აღემატებოდეს კალორიების საერთო მოცულობის 30%-ს. - არსებობს მოსაზრება, რომ მცენარეული ცხიმები ცხოველურზე ნაკლებკალორიული და მავნეა. შეესაბამება ეს სიმართლეს?- დიახ, ასეთი მოსაზრება ნამდვილად არსებობს, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. მაგალითად, 100 გრამ მცენარეულ ცხიმში 98% საკუთრივ ცხიმი და დაახლოებით 880 კილოკალორიაა, ხოლო ღორის ქონში - 82% ცხიმი და 730 კილოკალორია. ყველაზე კალორიულია თევზის ქონი, რომლის 100 გრამში 900 კილოკალორიაა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე სახეობის ცხიმი - როგორც მცენარეული, ისე ცხოველური - თანაბრად მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის. - რითია სასარგებლო მცენარეული ცხიმები?- მცენარეული ცხიმი შეიცავს არა მარტო სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს, არამედ დიდი რაოდენობით A ვიტამინს, ლეციტინს და D ვიტამინის კომპონენტს - სტერინს. - ცხოველური წარმოშობის ცხიმებში რომელი სასარგებლო ნივთიერებებია?- ცხოველურ ცხიმებში, გარდა კაროტინისა და ლეციტინისა, არის A, E, B1, B2, C და D ვიტამინები. ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევა თევზის ქონი, რომელიც უცვლელ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. - როგორი უნდა იყოს ცხოველური და მცენარეული ცხიმების თანაფარდობა რაციონში?- ადამიანის დღიურ რაციონში ყველაზე სასურველად შეიძლება ჩაითვალოს ამგვარი თანაფარდება: 30% მცენარეული ცხიმი, 70% - ცხოველური. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხიმის საშუალო დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 400 კილოკალორიას, მივხვდებით, რომ თუნდაც ძალიან სასარგებლო ცხიმების უკონტროლო მიღება ადვილად მიგვიყვანს ჭარბ წონასთან. - დღეს ბაზარზე უმთავრესად იყიდება ნაღების კარაქის შემცვლელები, სპრედები. რა სახის ცხიმები შედის მათ შემადგენლობაში?- ნაღების კარაქის შედარებით იაფფასიან შემცვლელებში, სპრედებში (ე.წ. მსუბუქი კარაქი, მცენარეული და რძის ცხიმების ნარევი), მარგარინსა და საკონდიტრო ცხიმებში შედის ნივთიერებები, რომლებსაც ტრანსცხიმები ეწოდება და შეიცავს ცხიმოვანი მჟავების ტრანსიზომერებს. ესენი მცენარეული წარმოშობის ცხიმებია, რომელთაც ქიმიური რეაქციის შედეგად მოლეკულის სტრუქტურა შეეცვალათ. კვების მრეწველობისთვის საჭიროა დიდი ოდენობით ცხიმი, რომელიც დიდხანს ინახება და გარკვეულ ტემპერატურაზე დნება, ამასთან, ღირს ნაღების კარაქზე იაფი და აქვს მცენარეული ცხიმის სასარგებლო თვისებები. ამგვარი პროდუქტები იაფი მცენარეული ცხიმებისგან იწარმოება, ხოლო იმისათვის, რომ თხევადი მასა მყარი გახადონ, მას ჰიდროგენიზაციას უტარებენ. ამ პროცესის დროს მოლეკულების დაახლოებით 30% იცვლის კონფიგურაციას და ხდება ტრანსიზომერი. შეცვლილი მოლეკულის სტრუქტურა არ შეესაბამება ბუნებრივ ანალოგს, ამიტომ ნივთიერებათა ცვლაში ის სრულფასოვნად არ მონაწილეობს. გადაუმუშავებელი ტრანსიზომერები გროვდება ორგანიზმში და ხელს უშლის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების შეწოვას. - რა შეიძლება გამოიწვიოს ტრანსცხიმების დაგროვებამ?- სისხლძარღვთა კედელზე ქოლესტერინის დაგროვება და ათეროსკლეროზის განვითარება. დადგენილია, რომ ტრანსცხიმების სიჭარბე ორგანიზმის იმუნურ სისტემას ასუსტებს. - რომელი პროდუქტები შეიცავს ტრანსცხიმებს?- ყველაზე მეტს - სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმი (Fast Food), რომლის წარმოებაშიც გამოიყენება ნატურალური ცხიმების ყველაზე იაფფასიანი შემცვლელები, თუმცა გვხვდება ნატურალურ პროდუქტშიც. მცენარეულ ცხიმებში ის 1%-მდეა, ნაღებში - 4-8%, ხოლო ცხოველურ ცხიმებში - 10%-მდე. - ზემოთ ცხიმოვანი მჟავები ახსენეთ. კიდევ რას გვეტყვით მათ შესახებ?- ცხიმოვანი მჟავები, როგორც უკვე მოგახსენეთ, ნაჯერ, მონოუჯერ და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებად იყოფა. ცხიმები და ზეთები სამივე მათგანს შეიცავს, თუმცა არათანაბარი რაოდენობით. მაგალითად, სიმინდის ზეთში 62% პოლიუჯერი მჟავაა, 25% მონოუჯერი და 13% ნაჯერი, ამიტომ პოლიუჯერ ზეთად ითვლება. - რომელი პროდუქტი შეიცავს ნაჯერ ცხიმებს?- პროდუქტები, რომლებიც ნაჯერ ცხიმებს შეიცავს, ჩვეულებრივ, მყარი რჩება ოთახის ტემპერატურაზეც. ნაჯერი ცხიმების ძირითადი წყაროა: ცხოველური (საქონლის, ღორის, ცხვრის, სხვა სახის ხორცისა და ფრინველის) ცხიმი; რძის ცხიმი (რძე, ნაღების კარაქი, ყველი, ნაღები და რძის სხვა ნაწარმი); ტროპიკული “ზეთები” (მყარი ზეთები - ქოქოსისა და პალმისა); ჰიდროგენიზებული ცხიმები (მარგარინი). ნაჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები გარკვეული რაოდენობით მონოუჯერ და პოლიუჯერ ცხიმებსაც შეიცავს. ნაჯერი ცხიმები მავნედ მიიჩნევა, რადგან შეიძლება სისხლში ქოლესტერინის მატება გამოიწვიოს. მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე თხევადია, ხოლო გაცივებისას - ნახევრად მყარია, როგორც ზეითუნის ზეთი. მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების ძირითადი წყაროა: ზეითუნისა და ნიგვზის ზეთი; ავოკადო და ზეთისხილი; ნიგოზი, ბუსტუღი, ნუში, თხილი. მათში  ცხიმების 60%-ზე მეტი მონოუჯერია. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მიიჩნეოდა, რომ მონოუჯერი ცხიმები გავლენას არ ახდენს სისხლში ქოლესტერინის დონეზე, თუმცა ახლა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნაჯერი ცხიმების მონოუჯერით ჩანაცვლება LDL-ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად შესაძლოა პოლიუჯერზე ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს. - რაკი პოლიუჯერი ცხიმები ახსენეთ, იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ მათ შესახებ.- როდესაც ცხიმოვანი მჟავას მოლეკულაში არსებობს ნახშირბადის ატომებს შორის რამდენიმე ორმაგი ბმა, მას პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავა ეწოდება. თუ პირველი ორმაგი ბმა არის მეთილის ბოლოდან მესამე ნახშირბადზე, ეს ცხიმოვანი მჟავა ატარებს ომეგა-3-ის სახელწოდებას. თუ ორმაგი ბმა მეთილის ბოლოდან მეექვსე ნახშირბადზეა, ცხიმოვანი მჟავა ომეგა-6-ად იწოდება (პოლიუჯერი ცხიმების უმრავლესობა მიეკუთვნება ომეგა-6-ის კატეგორიას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოლეინის მჟავა - ზეთის ძირითადი კომპონენტი). თითოეული ეს ცხიმოვანი მჟავა შეიცავს ესენციურ ცხიმოვან მჟავას, რომელიც ორგანიზმში აუცილებლად უნდა იყოს და რომლის გამომუშავებაც ორგანიზმს არ შეუძლია. ომეგა-3-ის ოჯახში ესენციურ ცხიმოვან მჟავას წარმოადგენს ალფა-ლინოლის მჟავა, ხოლო ომეგა-6-ის ოჯახში - ლინოლის მჟავა. ადამიანმა ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის ეს მჟავები უნდა მიიღოს. პოლიუჯერი ცხიმები ოთახის ტემპერატურაზე თხევად მდგომარეობას ინარჩუნებს. ომეგა-3-ის წყაროა: სელის, სოიის ზეთი; სელის თესლი და ნიგოზი; თევზი და ზღვის პროდუქტები; სოია; მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული; ომეგა-6-ის წყაროა: მზესუმზირას, სიმინდის, სოიის, ნიგვზის ზეთი. ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები აქვეითებენ ქოლესტერინს, ხოლო ომეგა-3 - ტრიგლიცერიდებს და არტერიულ წნევას. ამავე დროს, საყურადღებოა, რომ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ძალიან მალფუჭებადია. მათში წარმოიქმნება მავნე ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც დაავადებების გამოწვევა შეუძლია. ცხიმოვანი მჟავებიდან მაქსიმალური სარგებლობის მისაღებად ასეთი პროდუქტები სათანადო პირობებში უნდა შევინახოთ და გამოვიყენოთ აუცილებელი რაოდენობით.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ