(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

გოგრა

administrator 9-09-2016, 00:40 1 505 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 გოგრა რომ არ ყოფილიყო, კონკია ალბათ ვერასოდეს მოხვდებოდა მეჯლისზე და ვერც უფლისწულის ცოლი გახდებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ ზღაპარია. სინამდვილე კი ასეთია - გოგრა ფასდაუდებელი, შესანიშნავი პროდუქტია, რომელსაც აქვს უნარი, მრავალი წლის განმავლობაში შეგვინარჩუნოს სილამაზე, ახალგაზრდობა და სექსუალური მომხიბვლელობაც კი! სამწუხაროდ, გოგრისგან, ამ ნაკლებად ჭირვეული ბაღჩეული კულტურისგან, დამზადებული კერძები ჩვენს სუფრას არც ისე ხშირად ამშვენებს. სულ ტყუილად! უპირველეს ყოვლისა, გოგრა ნამდვილად გემრიელია, ლამაზიც არის (ალბათ იცით, გოგრით ჰელოუინზე სახლებს რთავენ), და რაც მთავარია, ის ძალიან სასარგებლოა! მოამზადეთ მისგან წვნიანები, ფაფები, გარნირები, ბლინები. კარგ კულინარადაც გადაიქცევით და რაც მთავარია, თქვენი ოჯახის ყველა წევრს ჯანმრთელობას გაუუმჯობესებთ. გოგრის ძირითად ღირსებად მიიჩნევა კაროტინისა და ვიტამინების დიდი რაოდენობა. კალათბურთის უზარმაზარი ბურთის მსგავსი ამ ბოსტნეულის რბილობი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს. ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან აჩქარებს ზრდას, ხოლო მოზრდილებში აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას, ამაგრებს ძვლებს და კბილებს, გარდა ამისა, გოგრაში არის B, ჩ, D, PP, E ჯგუფის ვიტამინები. ისინი ანელებენ დაბერების პროცესს და ეხმარებიან ადამიანს ოპტიმალური წონისა და სექსუალური აქტივობის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაში. ისევე, როგორც ყველა ნარინჯისფერი ნაყოფი, გოგრაც ანტიდეპრესანტად მიიჩნევა. მიირთვით გოგრა ხშირად და ვერავითარი სევდა და დეპრესია ვერ მოგერევათ! ამ ბოსტნეულს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ გოგრის კერძები რეკომენდებულია სამკურნალო და პროფილაქტიკური კვებისთვის. რადგან ნარინჯისფერი რბილობი არ იწვევს კუჭის წვენის გაძლიერებულ გამოყოფას, ის ხელს უწყობს წყლულის სწრაფ შეხორცებას. გოგრის მინერალური შემადგენლობა (სპილენძის, ფოსფორისა და რკინის ბევრი მარილი) სასარგებლოა სისხლწარმოქმნისთვის, ამიტომაც ის სასარგებლოა ანემიისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ამავე დროს პექტინით მდიდარი გოგრა მავნე ქოლესტერინთან შეურიგებელი მებრძოლია. ძალიან სასარგებლოა გოგრა ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ეს ბოსტნეული ერთსა და იმავე დროს კუჭის გამხსნელი და შარდმდენი საშუალებაა.ლ გოგრის კერძები ასევე რეკომენდებულია ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავების სტადიებში, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს. დაგეხმარებათ დაძინებაშიარომატული და ტკბილი გოგრის ნაჭერი შვებას ჰგვრის ადამიანს "ზღვის დაავადების" დროს, ორსულს ტოქსიკოზისას. გახეხილი ბოსტნეულის ფაფა შესანიშნავი კომპრესია ეგზემის, დამწვრობისა და მუწუკოვანი გამონაყარის დროს. ნედლი, გახეხილი გოგრის პიურე შესანიშნავი საშუალებაა კუჭის შეკრულობის დროს. თირკმელების სამკურნალოდ გამოიყენება არა რბილობი, არამედ უმი გოგირს წვენი 1/2 ჭიქა დღე-ღამეში. ტკბილ ნარინჯისფერ წვენს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აუმჯობესებს ძილს. მიიღეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე. უძილობის შემთხვევაში მიიღეთ 1/2 ჭიქა ღამით. გოგრის დიეტა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს გულის დაავადებები და თირკმელებისგან გამოწვეული შეშუპება. ასეთი პრობლემების დროს ავადმყოფმა 4 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს გოგრა უმი სახით 0,5 კგ დღე-ღამეში და 1,5 კგ მოხარშული ან შემწვარი სახით. მთელი რიგი დაავადებების დროს ნამდვილი პანაცეაა გოგრის თაფლი. 1 კილოგრამ გასუფთავებულ და გახეხილ გოგრას უმატებენ 200გ შაქარს, ზედმიწევნით აურევენ და დააყენებენ. გამოყოფილ წვენს აცალკევებენ რბილობისგან და დაბალ ცეცხლზე ათბობენ გასქელებამდე. ბოლოს უმატებენ მიხაკსა და დარიჩინს. გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას, ასევე შარდსასქესო ორგანოების დავადებების სამკურნალო წამალს, განსაკუთრებით შარდის გაძნელებული გამოყოფისას. პარაზიტების წინააღმდეგ ეფექტურია შემდეგი ნარევი: შეურიეთ ერთმანეთს 1 ჭიქა გარჩეული გოგრის თესლი, 2 უმი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ დილით უზმოზე, შემდეგ დაიდეთ მარჯვენა გვერდზე ცხელი სათბური და ასე უნდა იწვეთ 2 საათი. 10 დღის შემდეგ პროცედურა უნდა გაიმეოროთ, კიდევ 10 დღის შემდეგ გააკეთეთ იგივე მესამედ და საბოლოოდ. ცისტიტის საწინააღმდეგოდ: 200 გ თესლი დაფქვით ყავის საფქვავში, დაამატეთ 1/2 ლ ადუღებული წყალი, ღამით თერმოსში დატოვეთ, შემდეგ გააცივეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში, ჭამის წინ. თუთიით მდიდარი გოგრის თესლის ერთი მუჭი დაიცავს თქვენს საყვარელ მამაკაცს მამაკაცური პრობლემებისგან (კერძოდ, პროსტატიტისგან). ეს პროდუქტი ანელებს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის უჯრედების ზრდას, რაც ხელს უწყობს შარდის გამოყოფის გაძნელების თავიდან აცილებას. გოგრის ზეთი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აღადგენენ ნერვულ სისტემას, ამაღლებენ პოტენციას, ააქტიურებენ იმუნიტეტს. გოგრის ყუნწიც კი სასარგებლოა! მისი ნახარში შესანიშნავი სავლები საშუალებაა კბილის ტკივილის დროს. ხომ დარწმუნდით, რომ გოგრა ნამდვილი სასწაულია! გოგრის სადილი4 ულუფისთვის საჭიროა: 1 ცალი საშუალო ზომის გოგრა, 2 წიწილა, 50გ ბრინჯი, 500გ ვაშვლი და ქლიავი, 2-3 ხახვი, 100გ ნაღების კარაქი, ზეთისხილი და მწვანილი მოსართავად, მარილი. მწიფე გოგრას მოვხადოთ "სახურავი" (მივცეთ ღრმა ჯამის ფორმა), კოვზით მოვაცილოთ თესლი და რბილობის ნაწილი. წიწილები მოვამზადოთ, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, შევაშროთ, დავაყაროთ მარილი და შევწვათ 1 სუფრის კოვზ ნაღების კარაქთან ერთად, შეწითლებამდე. ხახვი გავასუფთაოთ, დავჭრათ და მოვთუშოთ მეორე ტაფაზე იმავე რაოდენობის კარაქში. ვაშლს ამოვაჭრათ გულები და ქლიავს გამოვაცალოთ კურკები, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. მოვხარშოთ ბრინჯი და შევურიოთ ხახვს. გოგრაში მოვათავსოთ ბრინჯი ხახვთან ერთად, შემდეგ - წიწილის ნაჭრები და ბოლომდე შევავსოთ ვაშლითა და ქლიავით, დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, დავახუროთ "სახურავი" (მოჭრილი გოგრის ნაწილი), დავამაგროთ ხის ჩხირებით. გოგრას მოვუსვათ დარჩენილი კარაქი, მოვათავსოთ ფორმაში და შევდგათ ჰაერღუმელში 2-3 საათით 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ მოვათავსოთ ლანგარზე და თავი მოვხადოთ. ერთი ულუფა - 606 კკალ. ცილები - 19 გ, ცხიმები - 11 გ, ნახშირწყლები - 44 გ.

ღვიძლი - მისი სასარგებლო თვისებები და მომზადება

administrator 9-09-2016, 00:38 1 208 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ამქვეყნად უამრავი გემრიელი და სასარგებლო საკებია. თეორიულად უპირატესობა მცენარეული წარმოშობისას ენიჭება, თუმცა პრაქტიკულად ცხოველურს უფრო მეტს მივირთმევთ, რადგან უმრავლესობას მათი გემო უფრო მოსწონს და უფრო სასარგებლოდაც მიაჩნია. საერთოდ, რაციონში ყოველგვარი საკვები უნდა შედიოდეს: როგორც ხილი და ბოსტნეული, ისე თევზეული, რძე და მისი ნაწარმი და, რაღა თქმა უნდა, ხორციც. მთავარია, ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარებამ ნორმას არ გადააჭარბოს და სწორად მომზადდეს. მცენარეული საკვები ნამდვილად უფრო მეტი უნდა მივირთვათ, თუმცა რაციონიდან ცხოველური პროდუქტების სულ მთლად ამოღებაც შეცდომა იქნება. უნდა ითქვას ისიც, რომ ცხოველური წარმოშობის ზოგიერთ პროდუქტს ადამიანები შედარებით იშვიათად მიირთმევენ. ხშირად არასწორადაც ამზადებენ მათგან კერძებს, ამიტომ სარგებლობის ნაცვლად მხოლოდ კალორიებს და კუჭის არეში დისკომფორტს იღებენ. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ღვიძლი. ის გემრიელია და საოცრად მაღალი კვებითი ღირებულებაც აქვს. მრავალ ქვეყანაში მას დელიკატესად მიიჩნევენ. ღვიძლი მდიდარია ცილებით, მასში შემავალ მინერალებსა და ვიტამინებს კი ადვილად ასათვისებელი ფორმა აქვს. ამიტომ არის, მედიკოსები და დიეტოლოგები დაჟინებით რომ ურჩევენ ქრონიკულად მოავადეებს, კვების რაციონში აუცილებლად ჩართონ ეს პროდუქტი. თუ ღვიძლს სწორად მოამზადებთ და  სხვა თავსებად პროდუქტებთან ერთად მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი ნორმალური ცხოველმყოფელობისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ყველა  ნივთიერებას მიიღებს. ღვიძლი სასარგებლოა ათეროსკლეროზითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ბავშვებისა და ორსულებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც თრომბოზისადმი მიდრეკილება და, საზოგადოდ, სისხლის შედედების დარღვევები აღენიშნება. თევზის ღვიძლითევზის ღვიძლი, განსაკუთრებით - ვირთევზასი, მეტად ღირებული პროდუქტია. ის უმთავრესად დაკონსერვებული იყიდება და ამ სახითაც კი მეტად კალორიულია (100 გრამში 600-ზე მეტი კილოკალორიაა), ამიტომ მისი დიდი რაოდენობით ჭამა არ არის რეკომენდებული. პროდუქტი უხვად შეიცავს თევზის ქონს, კერძოდ, ქოლესტერინსა და ცხიმოვან მჟავებს, აგრეთვე - ცილებსა და ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, A, PP, C, D, E და B  ჯგუფის ვიტამინებს, ნატრიუმს, ფოსფორს, ქლორს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, თუთიას, ქრომს, ფთორს, იოდს, ნიკელსა და მოლიბდენს. დადგენილია, რომ თუ დედა ორსულობისას რეგულარულად იკვებებოდა ვირთევზას ღვიძლით, შვილი იშვიათად ავადმყოფობს და ყოველგვარი ინფექცია ადვილად გადააქვს. ინფექციისგან ორგანიზმს იცავს ადვილად ასათვისებელი A ვიტამინი. ეს უკანასკნელი D ვიტამინსა და სხვა ნივთიერებებთან ერთად აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამახვილებს მხედველობას, აჯანსაღებს ძვლოვან ქსოვილს, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას, კბილების, კანისა და თმის სიჯანსაღეს. ღორის ღვიძლიღორის ღვიძლი ასევე მდიდარია ქოლესტერინით, მინერალებითა და ვიტამინებით. ის შეიცავს H ვიტამინსაც, რომელიც სილამაზის ვიტამინად არის აღიარებული. B ჯგუფიდან კი ღორის ღვიძლში რვა ვიტამინი შედის. 100 გრამი პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება 110 კილოკალორიაა. საქონლის ღვიძლისაქონლის ღვიძლი შემადგენლობით რამდენადმე წააგავს ღორისას, თუმცა სასარგებლო ნივთიერებებით მასზე მდიდარია, თანაც უფრო კალორიული - 130 კილოკალორია 100 გრამ პროდუქტზე. გარდა ვიტამინების სრული ნაკრებისა, საქონლის ღვიძლში არის ბეტა-კაროტინი, D და K ვიტამინები, ოცამდე მინერალი, სხვადასხვა ფერმენტი, ამინმჟავა და სხვა ნივთიერებები. ქათმის ღვიძლი ქათმის ღვიძლი ღორისაზე კალორიულია (100 გრამი 140 კილოკალორიას შეიცავს), თუმცა მას უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ქათმის ღვიძლი მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით, ფოლიუმის მჟავათი და A ვიტამინით, ამიტომ, ვირთევზას ღვიძლის დარად, ძალზე სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისთვის. მომზადების წესიღვიძლის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ფერსა და ფაქტურას. ახალი ღვიძლი გლუვია, ბაცი ყავისფერი ან ღია მოწითალო, გაჭრილი ზედაპირი კი მოწითალო-ყავისფერი ან ყავისფერი აქვს.  ღვიძლს უმეტესად წვავენ, თანაც არასწორად, ამიტომაც ბევრს ის არ უყვარს. სწორად შემწვარი ღვიძლი გემრიელი, არომატული და ნაზია. კარგად გარეცხილ საქონლის ან ღორის ღვიძლს აპკი უნდა მოაცილოთ, ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად დაჭრათ, დააყაროთ ცოტაოდენი სოდა და ერთი საათი გააჩეროთ, მერე გამდინარე წყალში კარგად გარეცხოთ,  გემოვნებისამებრ მოაყაროთ მარილი, წიწაკა და სანელებლები, ფქვილში ამოავლოთ, გავარვარებულ ტაფაზე დადოთ და ერბოში შეწვათ - დაახლოებით 3-4 წუთი თითოეულ მხარეს. ამ რეცეპტით შემწვარ ღვიძლს უხდება კარტოფილის პიურე, ბრინჯი, პომიდვრის სოუსი, თუმცა გარნირად ყველაფერს სჯობია ახალდაჭრილი მწვანილი და უცხიმო არაჟანი, სალათის ფურცლები, კიტრი, ყაბაყი, ბროკოლი. მათთან ერთად ღვიძლი უფრო გემრიელიც არის, სასარგებლოც და იოლი მოსანელებელიც. არ არის რეკომენდებული ღვიძლის ჭამა მაკარონთან და ცხიმიან სოუსთან ერთად. ღუმელში შემწვარი ღვიძლი უფრო იოლი ასათვისებელია, ვიდრე ტაფაზე შემწვარი.

ალუბალი

administrator 9-09-2016, 00:36 283 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ალუბალი ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა. ალუბლის გვარს მიეკუთვნება ბალიც. ალუბლის ნაყოფი წვნიანი და გემრიელია. ალუბლისა და ბლის ქიმიური შემადგენლობა ასეთია: წყალი - 80%, შაქარი - 10-17,3%, მჟავები - 0,8-2,4%, ნახშირწყლები - 20%, აზოტოვანი ნივთიერებები - 0,7%, უჯრედისი - 6%, მთრიმლავი ნივთიერება - 0,15-0,88%. იყენებენ ნედლსაც და გადამუშავებულსაც (მურაბა, ჯემი, კომპოტი, ნაყენი, საკონდიტრო ნაწარმი). ალუბლის ახალმოკრეფილი ნაყოფი ძვირფასი საკვები პროდუქტია. მას სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, ასევე B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს, მაგნიუმს და იოდს. ბალი შემადგენლობით ალუბლის მსგავსია, მაგრამ ვიტამინებითა და ორგანული მჟავებით შედარებით ღარიბია, თუმცა გაცილებით მდიდარია გლუკოზისა და პექტინების შემცველობით. ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ რკინის, მაგნიუმის, C ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობის გამო. ის აჩქარებს სისხლის წარმოქმნას და შეუცვლელია ბავშვებისა და ორსულებისთვის. ალუბალს ახასიათებს ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, ამიტომ ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს. ალუბლისა და ბლის შემადგენლობაში შემავალი A ვიტამინი საჭიროა მხედველობისთვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის. B ვიტამინი უცვლელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს. ფოლიუმის მჟავა და რკინა აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას. C ვიტამინი იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსული დაავადებებისგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს. ალუბლისა და ბლის მთავარი სიმდიდრეა კუმარინები. ეს ნივთიერებები საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. კუმარინებით მდიდარ ხილსა და კენკრას ურჩევენ ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დასუსტებულ ადამიანებს. ამ ნივთიერებათა შემცველობით ეს ხილი მხოლოდ მოცხარს, ჟოლოსა და ბროწეულს თუ ჩამოუვარდება. ალუბლისა და ბლის წვენი არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალებაა. ალუბალი დიეტური პროდუქტიცაა. სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი ხანგრძლივი მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს  თერმოგენეზს და ხელს უწყობს წონის კლებას. მიირთვით ალუბალი კოლიტის, ყაბზობისა და ბუასილის დროს. მისი ნაყოფი და წვენი კარგია პოდაგრის დროსაც. უმადობის დროს კი შეგიძლიათ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ ნახევარი ჭიქა უშაქრო ალუბლის წვენი. ის ასევე გამოიყენება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, კერძოდ, სტომატიტისა და გინგივიტის დროს, გარდა ამისა, აყუჩებს ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და ანთებას. ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ბალი და ალუბალი შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს. ალუბლის წვენში არსებული ბირთვაკი სასარგებლოა კენჭოვანი დაავადებების დროს. ყვავილებისგან გამოხდილი წყლით კარგია გაღიზიანებული თვალების ამობანა. ალუბლის წვენს აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისება, აქვეითებს სისხლში მჟავიანობას. რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის. ასევე ხელს უწყობს წონის კლებას. ალუბლის ყუნწების ნახარში სასარგებლოა კრიტიკულ დღეებში, სისხლდენისა და სახსრების ტკივილის დროს. ალუბალში შემავალი კუმარინი ხელს უშლის სისხლის შესქელებას, ათეროსკლეროზის განვითარებას. სასარგებლოა ანემიის დროს. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბალს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს: მას ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის პროფილაქტიკა შეუძლია. ალუბლის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ოსტეოართრიტის განვითარებას. ართრიტის ეს სახეობა ხელებს, ფეხებს, განსაკუთრებით - მუხლებს, და ხერხემალს აზიანებს. მეცნიერებმა ალუბლის ექსტრაქტზე დამზადებული სპეციალური სამკურნალო პრეპარატები შექმნეს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველაზე სასარგებლო მაინც ცოცხალი ხილია. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალუბლის ყოველდღიური მიღება ამცირებს არა მარტო ქოლესტერინის დონეს, არამედ დიაბეტისა და ართრიტის წარმოქმნის რისკსაც. ამასთან, ცოცხალი ალუბლის მიღება აუცილებელი არ არის - გამოდგება მისი მურაბა, კომპოტი და ჯემიც კი. რაც უფრო მუქი ფერისაა ალუბალი, მით უფრო სასარგებლოა. სამკურნალო ეფექტი განპირობებულია პიგმენტით, რომელიც ხილს წითელ ფერს აძლევს. ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბლის მჟავე ჯიშების წყალობით უფრო სწრაფად ხდება კუნთების აღდგენა მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ცნობილი დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ალუბალი - შესანიშნავი დამატებაა სპორტული ვარჯიშის დროს. ამასთან, ეს ხილი ხელმისაწვდომია წელიწადის ნებისმიერ დროს - ცოცხალი, გაყინული, ჩირი, წვენი... ჩირი შეგიძლიათ დაუმატოთ შვრიის ფაფას ან იოგურტს. ალუბალი შეიცავს მელატონინს, რომელიც ძილიანობას იწვევს. ასე რომ, ვისაც უძილობა ტანჯავს, შეუძლია ალუბალი სცადოს. ალუბლისგან მზადდება შესანიშნავი სასმელები (ლიქიორი), მას იყენებენ კულინარიაში.

ზღვის პროდუქტები

administrator 9-09-2016, 00:35 1 553 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ზღვის ნობათი ადამიანის ერთ-ერთი პირველი საკვებია, რომელსაც იგი ჯერ კიდევ გამოქვაბულში ცხოვრების პერიოდში მოიპოვებდა, თუმცა რამდენიმე ათწლეულია, რაც მის სასარგებლო თვისებებზე განსაკუთრებით აქტიურად ალაპარაკდნენ. იაპონელები, რომლებიც თითქმის ყველა სხვა ხალხზე მეტ ხანს ცოცხლობენ, ყოველდღიურად მიირთმევენ ზღვის პროდუქტებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთი რაციონის წყალობით არიან ისინი ჯანმრთელნი და საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტიც აქვთ. ზღვის ნობათად ბევრი მხოლოდ თევზს მიიჩნევს. სინამდვილეში მათ რიცხვს მიეკუთვნება ყველა ის უხერხემლო ცხოველი, რომელიც ზღვებსა და ოკეანეებში ბინადრობს - კიბორჩხალები, მიდიები, მოლუსკები, ლოკოკინები, რვაფეხები და, რაც მთავარია, უამრავი სასარგებლო ნივთიერებით გაჯერებული წყალმცენარეები. მაინც რა აქცევს სუპერპროდუქტად ზღვის ნობათს? ზღვის ცილაზღვის ხორცი უნიკალური პროდუქტია. ოკეანის დელიკატესები გამოირჩევა ცილის მაღალი შემცველობით და იმავდროულად 4-5-ჯერ უფრო დაბალკალორიულია, ვიდრე ხმელეთისა, ამიტომ თევზის ჭამა თითქმის შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება. ზღვის ცილას ორგანიზმი გაცილებით სწრაფად ითვისებს, ვიდრე საქონლის, ღორის ან ხმელეთის რომელიმე სხვა ცხოველის ცილას, რადგან იგი გაცილებით ნაზი და რბილია. მინერალები და მიკროელემენტებინებისმიერი სახის ზღვის პრიოდუქტი ორგანიზმს მინერალებითა და მიკროელემენტებით ამდიდრებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია რკინა, ფოსფორი, კალიუმი. მოლუსკები მდიდარია ნიკელითა და სპილენძით, მიდიებში კი ბევრია კობალტი. თევზის ხორცში დიდი რაოდენობითაა A, B, D, C და E ვიტამინები, გარდა ამისა, ის მდიდარია იოდით, თუთიით და მანგანუმით. თუ მენიუს ზღვის პროდუქტებით გაიმდიდრებთ, ეს დადებითად აისახება გულზე, რადგან მისი კარგი მუშაობისთვის აუცილებელია პოლიუჯერი მჟავები, რომლებიც ამ გასაოცარ პროდუქტებში უხვადაა. რა სახითაც არ უნდა მიირთვათ ზღვის პროდუქტი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საკმარისი რაოდენობით მიიღებთ კალციუმსა და იოდს, რომლებიც შეუცვლელია ადამიანის ორგანიზმისთვის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კალციუმი ამაგრებს ძვლებს, ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ზრდის ალერგიული რეაქციებისა და ინფექციების წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის უნარს. ადამიანისთვის ამ მინერალის აუცილებელი სადღეღამისო ოდენობა 1200 მგ-ია. ამასთან, 100 გრამი მოლუსკი შეიცავს 135 მგ კალციუმს, 100 გრამი კიბორჩხალა - 221 მგ-ს, ქაშაყი - 350 მგ-ს, კონსერვირებული ზუთხი - 300 მგ-ს. ადამიანის ინტელექტის დონეს განსაზღვრავს მის მიერ მოხმარებული იოდი, რომელიც არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. მისი დეფიციტი მავნეა ორსულებისთვის. მასზე სადღეღამისო მოთხოვნა 100-120 მგ-ია. 100 მგ ამ მიკროელემენტს შეიცავს 38 გრამი ზუთხი, 190 გრამი ქაშაყი, 200 გრამი თინუსი. იოდით მდიდარია რვაფეხები, მიდიები და მოლუსკებიც. ცხიმებიგანსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ზღვის პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ცხიმი, უფრო ზუსტად, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 და ომეგა-6. მათი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ ისინი ხელს უშლიან სისხლძარღვთა კედელზე ქოლესტერინის დალექვას, აძლიერებენ თვალის ბადურა გარსს, ნერვულ ქსოვილსა და ტვინის ფუნქციებს. ომეგა-3 აუცილებელია მომავალი დედებისთვის, განსაკუთრებით - ორსულობისას, რადგან ისინი ხელს უწყობენ ორსულობის ვადამდე მიყვანას, ბავშვის გონებრივ განვითარებას, ამცირებენ მომავალში ასთმითა და ალერგიით დაავადების რისკს. ზღვის კომბოსტოამ წყალმცენარის ყველაზე დიდი ღირსება იოდია. ამ ელემენტის გარეშე წარმოუდგენელია ნივთიერებათა ცვლის სწორად წარმართვა. იოდის შემცველი პროდუქტები აუცილებლად უნდა შედიოდეს დიდი ქალაქების მკვიდრთა ყოველდღიურ რაციონში, რადგან ამ ელემენტს შეუძლია ჩვენი ორგანიზმიდან იმ მავნე ნივთიერებების გამოდევნა, რომლებითაც ასე ძალიან არის დაბინძურებულ დიდი ქალაქების ჰაერი. ზღვის კომბოსტო სასარგებლოა მათთვისაც, ვინც გონებრივ შრომას ეწევა. იოდი აუცილებელია ყურადღების კონცენტრაციისა და კარგი მეხსიერებისთვის. ზღვის კომბოსტო უხვად შეიცავს A, ჩ, D და B ჯგუფის ვიტამინებს. მდიდარია E ვიტამინითაც, რომელიც აქვეითებს ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ზღვის კომბოსტო თამამად შეიძლება ჩართონ საკუთარ მენიუში მათაც, ვისაც წონის დაკლება სურს. დაბალკალორიული წყალმცენარე კუჭში ფუვდება და სწრაფად აჩენს დანაყრების შეგრძნებას. გარდა ამისა, იგი მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უშლის ჭარბი წონის დაგროვებას. ეს წყალმცენარე კარგია ქოლესტერინის სიჭარბის დროსაც, რამდენადაც შეიცავს ბეტა-სიტოსტერინს, რომლის მეოხებით სისხლძარღვთა კედლებზე ჩალაგებული ათეროსკლეროზული ფოლაქები იშლება. ზღვის კომბოსტო ყაბზობასთან ბრძოლაშიც გვეხმარება. დიდი ხანია, მას მსუბუქ საფაღარათო საშუალებად იყენებენ. მიუხედავად ამდენი ღირსებისა, ზღვის კომბოსტოს განუსაზღვრელი რაოდენობით ჭამა არ შეიძლება - მცენარეული უჯრედისით მდიდარმა პროდუქტმა შესაძლოა პრობლემები შეუქმნას საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ზღვის კომბოსტო აკრძალულია მათთვის, ვისაც აქვს იოდისადმი მომატებული მგრძნობელობა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე დაავადებები, თირკმლის დაზიანება, ჰემორაგიული დიათეზი, ჭინჭრის ციება, ფურუნკულოზი. სახიფათოა ორსულობის პერიოდშიც. ყველა ასაკოვანმა ადამიანმა კვირაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვას ზღვის რომელიმე პროდუქტი. იგი 34%-ით ამცირებს მოხუცებულთა ჭკუასუსტობისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკს. ზღვის პროდუქტები აუცილებელია ბავშვებისთვისაც. რეკომენდებულია, მათ კვირაში 400 გრამამდე სხვადასხვა სახის თევზი მიირთვან. ორსულმა კვირაში 360 გრამი ზღვის პროდუქტი მაინც უნდა მიირთვას - მათ შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები პატარას ორგანიზმს ნორმალური მხედველობითი, სივრცითი და მოძრაობითი უნარების ჩამოყალიბებაში ეხმარება. სიფრთხილეს თავი არ სტკივაამრიგად, ზღვის პროდუქტების მარგებლობაზე აღარავინ დავობს, მაგრამ სპეციალისტები მაინც სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს საკვებ ალერგიებსა და მძიმე მოწამვლებს. ზღვის ნობათი მალფუჭებად პროდუქტებს მოიცავს, ამიტომ არასწორი შენახვისა და ტრანსპორტირებისა პირობებში, ასევე - თერმული დამუშავების გარეშე მათში ადვილად მრავლდებიან დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმები. ზღვის თევზი, განსაკუთრებით - მტაცებელი ჯიშები, ხშირად შეიცავს სპილენძს. მოლუსკებსა და სხვა უხერხემლოებშიც შეიძლება იყოს ადამიანისთვის მეტად მავნე მძიმე ლითონები. მიდიები ზოგჯერ დარიშხანით არის გაჯერებული, რომელიც ორგანიზმის მძიმე მოწამვლას იწვევს. არანაკლებ მწვავე პრობლემაა მიკროსკოპული პარაზიტები. თუ პროდუქტები სათანადოდ არ დამუშავდა, მათში შესაძლოა პარაზიტულმა ჭიებმა დაიდონ ბინა. როგორ მოვიქცეთ?დაიხსომეთ რამდენიმე წესი: შეიძინეთ მხოლოდ და მხოლოდ ახალი და ხარისხიანი პროდუქტი. გაითვალისწინეთ, რომ იაპონიასა და იმ ქვეყნებში, სადაც ზღვის პროდუქტები რაციონის მთავარი კომპონენტია, ზღვის ნობათს პრაქტიკულად დაჭერიდან რამდენიმე საათში ამზადებენ. მოლუსკებსა და ლოკოკინებს მთელ მსოფლიოში ახალდაჭერილს მიირთმევენ, ჩვენ კი მხოლოდ გაყინულზე მიგვიწვდება ხელი, ეს კი ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ კვებითი ღირებულება კი არ აქვთ დაკარგული, არამედ შესაძლოა პარაზიტებსაც შეიცავდნენ. უვნებელია წელიწადის ცივ პერიოდში დაჭერილი მიდიები. საშიშია ბევრისთვის საყვარელი სუში - გარდა იმისა, რომ შესაძლოა პარაზიტით იყოს დაბინძურებული, მისი დიდი რაოდენობით ჭამისას, გამორიცხული არ არის, ღვიძლი გაგიღიზიანდეთ. ვიდრე მეგობრების მიერ დაჭერილ თევზს შეექცეოდეთ, აუცილებლად იკითხეთ, სად, რამდენად სუფთა წყალში დაიჭირეს იგი. მიირთვით მხოლოდ კარგად შენახული და თერმულად სათანადოდ დამუშავებული პროდუქტი.

გულისთვის სასარგებლო საკვები

administrator 9-09-2016, 00:32 1 478 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანის გულს ნორმალურად, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე, 150 წლის განმავლობაში შეუძლია ფუნქციობა. ეს ცნობა ზოგს გააოცებს, ზოგს კი ღიმილს მოჰგვრის. გასაგებია, რომ თანამედროვე ადამიანს სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივობა არარეალური ეჩვენება. არადა, თურმე ამაზე მეტხანსაც შეიძლება ვიცოცხლოთ! მთავარია, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ხელი შევუწყოთ გულს (მოგეხსენებათ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს სიკვდილიანობის მიზეზთა ნუსხაში უწინდებურად პირველი ადგილი უკავია). ამ დაუღალავ ორგანოს სიჯანსაღე რაც შეიძლება  მეტხანს რომ შევუნარჩუნოთ, ბევრი რამ არის საჭირო: სპორტი, სუფთა ჰაერი, სრულფასოვანი დასვენება, მშვიდი და ჰარმონიული გარემო, მხიარულება, დადებითი ემოციები და, რაც მთავარია, სასარგებლო საკვებით რაციონალური კვება. ამჯერად, თქვენს ყურადღებას სწორედ საკვებზე შევაჩერებთ. გულისთვის  სასარგებლო პროდუქტები თევზი. ხორცსა და ხორცის პროდუქტებს ადამიანის საკვებ რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ზოგს ხორცი ისე უყვარს, რომ უხორცოდ უბრალო წვნიანსაც კი არ შეჭამს. ხორცთან ერთად ხშირად მიირთმევენ ყველს, კვერცხსა და სხვა არათავსებად პროდუქტებს. ჩვენს გულს კი ხორცზე მეტად თევზი სჭირდება, თანაც რაც შეიძლება ხშირად - კვირაში 2-3-ჯერ მაინც. გულისთვის ყველაზე სასარგებლოა ზღვის ცხიმიანი თევზი - ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, სარდინი, თინუსი. მართალია, ტბებსა და მდინარეებში ბინადრობს, მაგრამ ასევე სასარგებლოა გულისთვის კალმახი. ყველა ჩამოთვლილი სახეობის თევზი აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, რითაც აფერხებს გულის დაავადებათა განვითარებას. მარცვლეული აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესებისა და იშემიური დაავადების განვითარებას. განსაკუთრებით სასარგებლოა საღი, დაუმუშავებელი ხორბალი, მურა ბრინჯი, შვრია, ქერი, სიმინდი, წიწიბურა. ეს უკანასკნელი მარცვლოვან კულტურებს არ მიეკუთვნება, თუმცა ენათესავება მათ. წიწიბურა მდიდარია რუტინით, რომელიც უზრუნველყოფს კაპილარების და, საზოგადოდ, წვრილი სისხლძარღვების ელასტიკურობასა და სიმტკიცეს, რითაც ხელს უშლის მათ დაცობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ქერი მდიდარია სასარგებლო საკვები ბოჭკოებით, რომლებიც ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს. სიმინდი ორგანიზმს საჭირო ამინმჟავებითა და ანტიოქსიდანტებით ამარაგებს. გულისთვის მეტად სასარგებლოა ბარდა და სხვა პარკოსნებიც, მათ შორის - ოსპი. ეს კულტურები უხვად შეიცავს მცენარეულ ცილას, უჯრედისს და, რაც მთავარია, კალიუმს, რომელიც გულისთვის აუცილებელია. დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ სავსებით შესაძლებელია, რაციონში ხორცი პარკოსნებით შევცვალოთ - ისინი, ხორცისგან განსხვავებით, არ შეიცავენ მავნე ცხიმებს; სამაგიეროდ გაჯერებულნი არიან ფლავონოიდებით, ფოლიუმის მჟავათი და რკინით, რომელთა ნაკლებობაც, უწინარეს ყოვლისა, სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურაზე აისახება. პარკოსნების რეგულარული მიღება, ისევე როგორც მარცვლოვნებისა, გულს ინფარქტისგან იცავს. ბოსტნეული საჭიროა არა მხოლოდ გულის, არამედ მთელი ორგანიზმის, მისი ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ჯანმრთელობისთვის. გამორჩევით სასარგებლოა ზოგიერთი სახეობა. მათ მეცნიერები ბუნების განსაკუთრებულ საჩუქრებს უწოდებენ. ასეთია, მაგალითად, ბროკოლი. ის კომბოსტოს ყველაზე ძვირფასი ჯიშია - ისეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომ ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკო საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. გარდა ამისა, ეს მკვეთრი მწვანე ფერის კომბოსტო პრაქტიკულად სავსებით ანეიტრალებს ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ ყველა კანცეროგენს - სიმსივნის გამომწვევ მავნე აგენტს. გოგრა მდიდარია კალიუმით, ჩ ვიტამინით, ბეტა კაროტინით, სხვადასხვა ვიტამინითა და მინერალით. გოგრის მოყვარულებს სისხლძარღვები იდეალურად სუფთა აქვთ, არტერიული წნევა - ნორმის ფარგლებში, ორგანიზმში არასოდეს უგროვდებათ ზედმეტი სითხე, მათი გული უპრობლემოდ ფუნქციობს, ისინი თავისუფლად მოძრაობენ და თავს მუდამ მსუბუქად გრძნობენ. ნიორი. ყველამ იცის, ნიორი სოკოებისა და ვირუსების საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ჰიპერტონიის სამკურნალო ეფექტური საშუალებაც არის. მაღალი არტერიული წნევის მქონე პირებმა ნიორი ყოველდღე უნდა მიირთვან. მასში შემავალი ნივთიერებები წმენდს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ ტონუსს, რითაც ხელს უწყობს მომატებული წნევის დაქვეითებას. ჯანმრთელ ადამიანს წნევის ნორმაზე მეტად დაწევა არ ემუქრება, ჯანმრთელობის განმტკიცებაში კი ნიორი ძალიან დაეხმარება, რადგან მას მძლავრი ანტიკანცეროგენული თვისებებიც აქვს. ძალზე სასარგებლოა გულისთვის ნიგოზიც. მასში იმდენი ცილაა, რომ თუ რეგულარულად მიირთვით, თამამად შეგიძლიათ, რაციონში ხორცის ოდენობა შეამციროთ. ნიგოზი მდიდარია ცხიმით, რომელიც ორგანიზმისთვის ძნელად ასათვისებელ ცხოველურ ცხიმს კი არ ჰგავს, არამედ მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით - ლინოლის, ლინოლენის, ოლეინის, პალმიტინის, სტეარინის მჟავებით და სხვა. ხილი და კენკრა. ხილიდან გულისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ვაშლი, ბროწეული, ალუბალი, ბალი და გრეიპფრუტი, კენკრიდან - ჟოლო, წითელი და შავი მოცხარი, მარწყვი. ხილისა და კენკრის ეს სახეობები აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს წნევისა და წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნებას, რითაც გულ-სიხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ორგანიზმს სიმსივნური პროცესების განვითარებისგან იცავს და ბევრი სხვა სამკურნალო ეფექტიც აქვს.

ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად

administrator 9-09-2016, 00:26 742 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ჰემოგლობინი რკინის შემცველი რთული ცილაა. მას სისხლის წითელი უჯრედები - ერითროციტები შეიცავს. ჰემოგლობინის მთავარი ფუნქცია ჟანგბადის შეკავშირება და ქსოვილებისთვის მისი მიწოდებაა. ფილტვების კაპილარებში შეკავშირებულ ჟანგბადს ჰემოგლობინი ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და უჯრედს აწვდის. სამაგიეროდ იქიდან ჟანგვითი და სხვა მეტაბოლური პროცესების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი გამოაქვს. სისხლში ჰემოგლობინის დონე ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანს უსიამოვნო შეგრძნება აქვს, ზოგად სისუსტეს, ადვილად დაღლას, თავბრუხვევასა და თავის ტკივილს უჩივის. იმისთვის, რომ სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა აიმაღლოთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოთ მისი დაქვეითების მიზეზი. ამისთვის გამოცდილ ექიმ სპეციალისტს უნდა მიმართოთ და სათანადო გამოკვლევები ჩაიტაროთ. თუ ადამიანს სისხლში ჰემოგლობინი დიდხანს დარჩა დაბალი, მის ნორმაში მოსაყვანად მედიკამენტების მიღება დასჭირდება, მაგრამ თუ ჰემოგლობინის დაქვეითება უმნიშვნელოა და პერიოდულად იჩენს თავს, მისი ამაღლება რაციონალური კვებითაც შესაძლებელია. რომელი პროდუქტები მივიღოთ ამისთვის? ფაფაფაფა ბევრს არ უყვარს. არადა ის მეტად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, აუცილებელიც კი. ჰემოგლობინის მოსაწესრიგებლად განსაკუთრებულად კარგია წიწიბურას და ხორბლის სრულმარცვლოვანი ფაფები. ისინი წყალში მოხარშული, უშაქროდ უნდა მიირთვათ. ასეთი საკვების მიღება ტანჯვად რომ არ გექცეთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ის, რაც გიყვართ. მაგალითად, ქიშმიში, გოგრა, კარაქი, თაფლი. ბოსტნეულის სალათებიდაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებმა მთელი წლის განმავლობაში უნდა მიირთვან ცოცხალი ბოსტნეულის სალათები. განსაკუთრებით სასარგებლოა სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ბულგარული წიწაკა, მწვანილებიდან - ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი. ნუ დაგავიწყდებათ გოგრაც. მოხარშულ გოგრას შეგიძლიათ ცოტაოდენი თაფლი მოასხათ და ისე მიირთვათ. გოგრის ფაფას თაფლთან ერთად ხშირად ნიგოზსაც ამატებენ. ეცადეთ, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული შეიძინოთ და გამოყენების წინ მაქსიმალურად მოაცილოთ ის ნაწილები, რომლებშიც ყველაზე ინტენსიურად გროვდება ნიტრატები. ახალგამოწურული წვენებიჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად რეკომენდებულია ახალგამოწურული წვენებიც - სტაფილოსი, ვაშლისა და ჭარხლისა. შეგიძლიათ, ერთმანეთში აურიოთ და ისე მიირთვათ, ოღონდ ნარევში სტაფილოს წვენის შემცველობა ორჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე ჭარხლისა და ვაშლის, ანუ სასურველია დაიცვათ ასეთი თანაფარდობა - 2:1:1. ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად სასარგებლოა ასეთი ნარევიც - 270 გრამ სტაფილოს წვენს პლუს 30 გრამი კამის წვენი. გახსოვდეთ, ბოსტნეულისა თუ ხილის გამონაწური უმალვე უნდა დალიოთ. ღირებულ კომპონენტთა დაშლის, ჰაერზე დაჟანგვის, რეაქციაში შესვლისა და სხვა ფაქტორების გამო რამდენიმე საათის შემდეგ და, მით უფრო, მეორე დღისთვის ის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს. სტაფილოს შემცველ წვენებს აუცილებლად დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასში შემავალ კაროტინს ორგანიზმი ვერ აითვისებს. ზოგიერთი სტაფილოს წვენის მიღების წინ ცხიმიან არაჟანს მიირთმევს. არც ეს არის ურიგო. მიირთვათ ერთი-ორი კოვზი და სტაფილოს ახალგამოწურული წვენი დააყოლეთ. სხვა პროდუქტებიჰემოგლობინის დონის მოსაწესრიგებლად კარგია მწიფე ქლიავი. მან, ვისაც დაბალი ჰემოგლობინი აქვს, ეს ხილი მთელი სეზონის განმავლობაში უნდა მიირთვას. გარდა ამისა, უნდა გაყინოს და ზამთარშიც გამოიყენოს. ეფექტიანია ნიგვზის, ქიშმიშისა და თაფლის ნარევი. ქიშმიშის ნაცვლად ნიგოზსა და თაფლს ზოგჯერ შტოშს უმატებენ. საკმარისია დღეში 1-2 სადილის კოვზი ნარევის მიღება. რა უნდა გვახსოვდეს რეგულარულად უნდა სვათ წყალი; დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მისი მიღების ბალანსი (1-1,5 ლიტრი). რკინის შემცველი პროდუქტები - თევზი, კვერცხის გული, შავი პური, პარკოსნები, სოია, კამა, სალათის ფურცლები, ოხრახუში, ატამი, ვაშლი და სხვა - არ უნდა მიირთვათ შეუთავსებელ პროდუქტებთან ერთად. მით უფრო, არ უნდა დააყოლოთ ჩაი, ყავა და ტანინის შემცველი სხვა სასმელები, რადგან ტანინი რკინის შეწოვას აფერხებს. რკინის შეწოვას ხელს უწყობსC ვიტამინი, ამიტომ ამ ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული თქვენი საკვები რაციონის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. რკინითა და სპილენძით (ეს უკანასკნელი არანაკლებ მნიშვნელოვანია სისხლის წარმოქმნის პროცესისთვის) მდიდარია მარცვლოვნები და პარკოსნები, თუმცა მათში ბევრია ფიტატებიც - ფოსფორის შემცველი ნაერთები, რომლებიც ტანინის მსგავსად აფერხებს რკინის შეწოვას (სამაგიეროდ, ფიტატების წყალობით გამოდის ორგანიზმიდან წიდა). ფიტატების შემცველობის შესამცირებლად საჭიროა მარცვლეულის გაღივება და დაფქვა, პარკოსნების წინასწარ დალბობა.  

ქიშმიშის სასარგებლო თვისებები

administrator 9-09-2016, 00:25 1 520 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 "ქიშმიში" სპარსული სიტყვაა და გამომშრალ, დაჩირებულ ყურძენს ნიშნავს. ის იგივე ჩამიჩია, ყურძნის ჩირი. უკეთ, ისეთი ჩირი, რომელშიც არ არის კურკა. ქიშმიშის ცალკეულ სახეობათა სავაჭრო სახელწოდება ხშირად იცვლება და, შესაბამისად, მეტად მრავალფეროვანია, თუმცა თავად ჩამიჩის სახეობები უკანასკნელი 2500 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. განასხვავებენ მის ოთხ ძირითად სახეობას: წვრილი, ღია ფერის უკურკო ჩამიჩი. მიიღება ყურძნის ტკბილი მწვანე და თეთრი (ან მორუხო) ჯიშებისაგან. ქიშმიშს, ჩვეულებრივ, სწორედ ამ სახეობას უწოდებენ. ეს კულინარიული სახელწოდებაა, თანამედროვე სავაჭრო სახელწოდება კი საბზაა; მუქი ფერის, ლურჯი ან თითქმის შავი ჩამიჩი, უფრო ხშირად - შინდისფერი, ბორდოსფერი, უკურკო ქიშმიში. ცნობილია მისი ორი ძირითადი სახესხვაობა: ძალიან ტკბილი და ოდნავ ტკბილი, მშრალი კონსისტენციისა; ბაცი ზეითუნისფერი, საშუალო ზომის, ჩვეულებრივი ქიშმიში ერთი კურკით; მსხვილი, ხორცოვანი, ძალიან ტკბილი, სასიამოვნო გემოს მქონე ქიშმიში ორი-სამი დიდი ზომის კურკით. განასხვავებენ ფაბრიკული წარმოების და ხელით დამუშავებულ ქიშმიშს. ფაბრიკული წარმოების ქიშმიში გაცილებით უკეთ არის გასუფთავებული მინარევებისგან, თუმცა ნაკლებად არომატული, ვიდრე ხელით დამუშავებული. შემადგენლობა და სასარგებლო თვისებებიქიშმიში ერთ-ერთი სასარგებლო და ფართოდ მოთხოვნადი ჩირია. ის ინარჩუნებს ყურძნის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო თვისებას, ვიტამინებს - 70-80%-ით, მიკროელემენტებს კი 100%-ით. ვიტამინებიდან ქიშმიშში უხვადაა B1, B5, B6, B12, P, PP, C, მინერალებიდან - კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა. ყურძნის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, კაროტინს,  შაქრებს (79,5-87,5%), აზოტოვან ნივთიერებებს (2,1-2,9%), ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს. ყურძნის ჩირი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი სასარგებლო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ოდითგან ფასდება ყურძნის ჩირის განსაკუთრებული უნარი, განამტკიცოს და დაამშვიდოს ნერვული სისტემა. ქიშმიში მეტად სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს დაქვეითებული არტერიული წნევა, ანემია, დაბალი ჰემოგლობინი. ექიმები მის მიღებას გვირჩევენ ცხელების, საერთო სისუსტის, გულისა და თირკმლის დაავადებების დროს. წარმატებით იყენებენ კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროსაც. ქიშმიში, გარდა იმისა, რომ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის განმტკიცებას, არბილებს ნაწლავებს. ქიშმიში რეკომენდებული არ არის შაქრიანი დიაბეტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. სხვა უკუჩვენებებია პირის ღრუს წყლულოვანი პროცესები, ენტეროკოლიტები, ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმა და გამოხატული გაცხიმოვნება. რეცეპტები ფურუნკულებისა და დაავადებული ფრჩხილების სამკურნალოდაიღეთ 30 გრამი უკურკო ქიშმიში და 30 გრამი გამდნარი ღორის ქონი. ქიშმიში კარგად გაავლეთ ცხელ წყალში, დაასხით ცივი, გააჩერეთ 30 წუთი, ამის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ქიშმიში გასრისეთ (ჩაჭყლიტეთ) ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შეურიეთ გამდნარი ღორის ქონი. მიღებული მასისგან ერთგვარი კვერი გააკეთეთ და პლასტირივით დაიკარით ფურუნკულზე, დაავადებულ ან არასწორად მზარდ ფრჩხილზე, რომლის მოცილებაც გსურთ. კანის ნახეთქებისა და ჩირქოვანი პროცესების სამკურნალოდაიღეთ ერთი კვერცხის გული, 30 გრამი ქიშმიში და ცოტაოდენი (დანის წვერით) ზაფრანა. ყურძნის ჩირი კარგად გარეცხეთ ცხელ წყალში, დაასხით ცივი წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ, შეურიეთ კვერცხის გული და ზაფრანა. მიღებული მასა დაიდეთ დაზიანებულ კანზე და შეიხვიეთ.  

ჯანსაღი კვების მნიშვნელობა

administrator 9-09-2016, 00:23 107 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 (გაგრძელება. დასაწყისი იხ. “ოჯახის მკურნალი” N13)4. რძის პროდუქტები: რძე, კეფირი (ან მაწონი), იოგურტი, ხაჭო, ყველი (2-3 ერთეული დღეში). წარმოადგენს ცილებისა და კალციუმის წყაროს, რომლებიც უზრუნველყოფს ძვლის სიმტკიცეს. რეკომენდებულია რძე და რძის ნაწარმი ცხიმისა და მარილების ნაკლები შემცველობით. 1 ერთ = 1 ჭიქა (250 მლ) მოხდილი რძე, რძე ან იოგურტი 1%-იანი ცხიმიანობით. 1ერთ = 1 ნაჭერი ყველი (30 გ) 20%-იანი ცხიმიანობით. 5. ცხიმები, ზეთები (2-3 ერთეული დღეში) წარმოადგენს ენერგიის, A და E ვიტამინების წყაროს, რეკომენდებულია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მცენარეული ზეთების (ზეითუნის, მზესუმზირას, სიმინდის, სოიის) გამოყენება და ცხოველური (ნაჯერი) ცხიმების (კარაქი, მარგარინი და სხვა) მოხმარების შეზღუდვა. ამისთვის აუცილებელია: იკვებოთ ნაკლებცხიმიანი პროდუქტებით (უცხიმო რძე, მოხარშული კარტოფილი, უცხიმო ხორცი). მოამზადოთ საკვები ორთქლზე, მიკროტალღოვან ღუმელში ან მოშუშოთ, მოხარშოთ და შემდეგ ოდნავ დაბრაწოთ. ნაკლები დაამატოთ ცხიმი (მარგარინი, კარაქი, ქონი, ზეთი). 1ერთ = 1 ს.კ. მცენარეულ ზეთს (ჩვეულებრივ, მარგარინს). 1ერთ = 1 სუფ. კოვზ მაიონეზს. 6. პროდუქტები, რომელთა მიღება უნდა შეიზღუდოს: მარილი, რომლის საერთო რაოდენობა (პურსა და სხვა პროდუქტებში მისი შემცველობის გათვალისწინებით) არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 ჩაის კოვზს (6 მგ-ს). რეკომენდებულია იოდიანი მარილის გამოყენება. ალკოჰოლი (არა უმეტეს 2-3 ერთეულისა დღეში) და შაქარი (ტკბილეულში, ტკბილ სასმელებში, დამტკბარ პროდუქტებში მისი შემცველობის გათვალისწინებით). ეს პროდუქტები არ შეიცავს ვიტამინებსა და სასარგებლო მინერალურ ნივთიერებებს, საკმაოდ კალორიულია და ხელს უწყობს სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტისა და კარიესის განვითარებას. ალკოჰოლის მოხმარება უნდა იყოს ეპიზოდური. 1 ერთ = 30 გ (1 სირჩა) არაყი. 1 ერთ = 110-120 გ (1 ბოკალი) წითელი ღვინო. 1ერთ = 330 მლ (1 პატარა ქილა) ლუდი. ერთდღიანი მენიუს მაგალითისაუზმე: 1 თეფში ბრინჯის ფაფა (1 ერთ) მომზადებული დაბალცხიმიან (0,5%) რძეზე (1/2 ერთ). 1 ნაჭერი პური (1 ერთ). 1 ნაჭერი ყველი (1 ერთ). ჩაი ან ყავა. სადილი: 1 საჩაროზე თეფში ბოსტნეულის სალათა (1 ერთ) მზესუმზირას ზეთით (1 ერთ). 1 საჩაროზე თეფში ბარდის წვნიანი (1 ერთ). 1 ნაჭერი უცხიმო ხორცი (1 ერთ). 1/2 საჩაროზე თეფში წიწიბურას ფაფა (1 ერთ). 2 ნაჭერი პური (2 ერთ). 1 ჭიქა წვენი (2 ერთ). ვახშამი: 1 ნაჭერი პური (1 ერთ). 1 საჩაროზე თეფში ბოსტნეულის წვნიანი (1 ერთ) ზეითუნის ზეთით და მოხარშული კარტოფილით  (1 ერთ). 1 ულუფა თევზი (1 ერთ). ძილის წინ: 1/2 ჭიქა კეფირი (1/2 ერთ). გახსოვდეთ, ჯანსაღი კვება თქვენი ფიზიკური და სულიერი აქტივობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია! ყველამ იცის, რომ ბევრი საკვები ამარცხებს დაავადებებს, ბევრი კი თვითონვე იქცევა სხვადასხვა მათგანის მიზეზად. სურათის დაყოფა მავნე და სასარგებლო ჯგუფებად წარმოუდგენელია. ამის გადაწყვეტა ინდივიდუალურად ხდება. ჩვენი ორგანიზმი თავად გადაწყვეტს, რომელი პროდუქტია მისთვის სასარგებლო და რომელი - ზიანის მომტანი. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, დავიცვათ კვების რეჟიმი. საკვები ორგანიზს უნდა  მიეწოდოს რეგულარულად. ჯანსაღი კვება გულისხმობს შემდეგს: მივირთვათ 3-6-ჯერ დღეში. დავიწყოთ დღე საუზმით. ვერიდოთ დაკონსერვებულ საკვებს. მივიღოთ მრავალფეროვანი საკვები. ნაკლებად მივირთვათ ტკბილეული. სწორად ვაბალანსოთ ნახშირწყლები, ცილები და ცხიმები. ვაკონტროლოთ კალორიები, რათა თავიდან ავიცილოთ წონის მატება. ვერიდოთ წითელ ხორცს. დღეში სულ ცოტა 5-ჯერ მივირთვათ ხილი და ბოსტნეული. ნაკლებად მივიღოთ მარილი. ნაკლებად მივიღოთ ალკოჰოლი. კერძები მოვამზადოთ ახალი ინგრედიენტებით.

სამკურნალო კვება სხვადასხვა დაავადების დროს

administrator 9-09-2016, 00:19 1 237 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 სხვადასხვა დაავადების დროს მნიშვნელოვანია სამკურნალო კვება. არსებობს სხვადასხვაგვარი დიეტა, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ დაავადების შემთხვევაში კვებით რაციონს.სამკურნალო კვება ჰიპერტონიული დაავადების დროსჰიპერტონიის დროს უმნიშვნელოვანესია საკვების შერჩევა სამკურნალო დანიშნულებით. სამკურნალო დიეტა ორგანიზმის დაზიანებული ფუნქციების ნორმალიზებას, მაღალი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს, არეგულირებს ნერვულ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელების ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე. ჰიპერტონიული დაავადების მქონე პაციენტთა დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი, დაბალანსებული, უნდა შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას. დიეტაში მნიშვნელოვნად შეზღუდულია სუფრის მარილის, ცხოველური ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა. რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს კალიუმის, მაგნიუმის მარილებით, ჩ, P და B ჯგუფის ვიტამინებით, ლიპოტროპული ნივთიერებებით (მეთიონინი, ქოლინი), უჯრედისით, ზღვის პროდუქტებით, სხვადასხვა მინერალური ნივთიერებითა და მიკროელემენტებით, მათ შორის ორგანული იოდით. კვების მნიშვნელოვანი პირობაა ზომიერება. დღის განმავლობაში მისაღები საკვები უნდა გაანაწილოთ ტოლ ულუფებად (არანაკლებ 4-5 კვება დღეში), ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ დაძინებამდე არაუგვიანეს 2 საათით ადრე. საკვები მზადდება უმარილოდ, მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით, შესაძლებელია დღეში 3-5 გრამი სუფრის მარილის მიღება. დღის განმავლობაში მისაღები თავისუფალი სითხის საერთო რაოდენობა (წვნიანი კერძების ჩათვლით) 1,5 ლიტრია. პროდუქტები იხარშება ან მზადდება ჰაერღუმელში, უცხიმოდ. ნებადართულია შემდეგი პროდუქტები და კერძები:პური და ცომეული ნებადართულია ჭვავის პური, უხეშად დაფქვილი ფქვილით გამომცხვარი პური, უცხიმო ნამცხვარი (“პეჩენია”) (ჭარბი წონისკენ მიდრეკილებმა უნდა შეამცირონ ცომეულის მიღება). წვნიანები მიირთვით ძირითადად ვეგეტარიანული, ბოსტნეულის (კომბოსტოს, ჭარხლის წვნიანი), ბურღულეულისა და რძის პროდუქტებისგან დამზადებული წვნიანი. უცხიმო ხორცსა და თევზის სუსტ ნახარშზე დამზადებული წვნიანი შეიძლება მიირთვათ მხოლოდ 2-3-ჯერ კვირაში. ხორცი რეკომენდებულია საქონლის, ხბოს, ბატკნის, ღორის, ქათმის, ინდაურის უცხიმო ხორცი, მოხარშული ან ჰაერღუმელში უცხიმოდ მომზადებული. თევზეული ნებადართულია ყველა სახის თეთრი, უცხიმო თევზი. კვერცხი შეგიძლიათ მიირთვათ დღეში მხოლოდ 1 კვერცხი ნებისმიერი სახით. ბოსტნეული და მწვანილი მიირთვით სხვადასხვა სახის ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, გოგრა, პომიდორი, ბადრიჯანი), ნებადართულია აგრეთვე ხახვი, ნიორი, კამა, ოხრახუში, შეზღუდეთ კიტრი, მჟავე კიტრი, ლობიო, ბარდა, მუხუდო, თალგამი, ბოლოკი, მჟაუნა, სოკო, ისპანახი. ხილის წვენები და ხილი მიირთვით ნებისმიერი ხილი. შეზღუდეთ ყურძნისა და მისი წვენის მიღება. ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი რეკომენდებულია შვრიის (“ჰერკულესის”), წიწიბურას, მაკარონის და ვერმიშელის ფაფები და პუდინგები. ჭარბი წონისაკენ მიდრეკილების შემთხვევაში ამ პროდუქტების მიღება უნდა შეიზღუდოს. რძე და რძის პოდუქტები უცხიმო ნატურალური რძე, ხაჭო, კეფირი, მაწონი, უმარილო ყველი. შეზღუდეთ არაჟანი, ნაღები, ნაყინი. ცხიმები რეკომენდებულია ძირითადად მცენარეული წარმოშობის ცხიმები (30 გრამი დღეში). ნებადართულია კარაქი ან ერბო, დღეში მხოლოდ 20 გრამი. ტკბილეული ნებადართულია შაქარი (50 გრამი დღეში), თაფლი, მურაბა, ჯემი შაქრის ნაცვლად; ჭარბი წონის შემთხვევაში ეს პროდუქტები უნდა შეიზღუდოს. სასმელები ნებადართულია სუსტი ჩაი, ჩაი რძით, ყავა, ხილის და ბოსტნეულის წვენები, განსაკუთრებით რეკომენდებულია ასკილის ნაყენი, მინერალური უგაზო სასმელი ექიმის რჩევით. ჰიპერტონიული დაავადების მქონე ავადმყოფებისთვის განსაკუთრებით რეკომენდებულია: უმი ხილი (ბანანი, ანანასი, გარგარი, ატამი, ასკილი, ქიშმიში, გარგარის და შავი ქლიავის ჩირი) და ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო), კალიუმის მარილებითა და მაგნიუმის მარილებით მდიდარი პროდუქტები (შვრია, წიწიბურა, ნიგოზი, ნუში), ზღვის პროდუქტები, რომლებიც, გარდა ზემოთ ნახსენები მარილებისა, შეიცავენ ორგანულ იოდს (ზღვის კომბოსტო და მიდიები). ჰიპერტონიული დაავადების დროს რეკომენდებული დიეტის ერთი დღემთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ: თეთრი პური - 150გ, ჭვავის პური - 150გ, შაქარი - 50გ, კარაქი - 10გ.საუზმემოხარშული ხორცი - 55გ.ზეთზე დამზადებული “ვინეგრეტი” - 180გ.ჩაი რძით - 189გ.მეორე საუზმემოხარშ­ული ქათმის ხორცი ბრინჯით.ბოსტნეულის სა­ლათა.ჩაი, პური.სადილივეგეტარიანული წვნიანი მაწვნით - 500გ.მოხარშული ხორცის კერძი და მოხარშული კარტოფილი - 55-100გ.ჟელე - 10გ.სამხარი ჰაერღუმელში უცხიმოდ მომზადებული თევზი - 85გ.ფლავი ხილით - 180გ.ჩაი რძით - 180გ.ვახშამიმაწონი - 200გ.როდესაც ჰიპერტონიულ დაავადებას თან ერთვის ათ­ეროსკლეროზი, კუჭ-ნაწლავისა და სხვა თანმხლები დაავადებები, დიეტის კორექცია ექიმმა უნდა მოახდინოს. სასურველია სხვადასხვა სა­ხის განტვირთვის დღეების ჩა­რთვა.ხაჭოს დღე: 500გ ხაჭო, 2 ჭიქა მაწონი, გაანაწილეთ 5 ულუფად. მაწვნის დღე: 1,5ლ მაწონი გაანაწილეთ 5 ულუფად.საზამთროს დღე: 1,5კგ საზამთრო გაყავით 5 ულუფად. გარგარის ჩირის დღე: 500გ გარგარი დაალბეთ წყალში და გაყავით 5 ულუფად. 3 ჭიქა ასკილის ნაყენი, სუსტი ჩაი.რძის დღე: მთელი დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ 5 ჭიქა რძე;სალათის დღე: 2-1,5კგ უმი ბოსტნეული (უმარილოდ) და ხილი მცენარეული ზეთის დამატებით, 2 ჭიქა სუსტი ჩაი - გაანაწილეთ 4-5 მიღებად. ძირითადი და თანმხლები დაავადებების მიხედვით, აგრეთვე ინდივიდუალური თავისებურების, ნაციონალური სამზარეულოს გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლებელია შესწორებები და დამატებები შეიტანოს დიეტაში, განსაკუთებით, როცა პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება.

როგორ ვიკვებოთ ზაფხულის მცხუნვარე დღეებში

administrator 9-09-2016, 00:12 1 111 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ზაფხულის სიცხე ხშირად უწევს პროვოცირებას საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა პრობლემებს, ამიტომ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ კვების რაციონს. როგორ ვიკვებოთ ზაფხულის ცხელ დღეებში, ამის შესახებ გვესაუბრება შპს “ამტელ ჰოსპიტლის I კლინიკურის” ექიმი, მედიცინის დოქტორი ლია მინდიაშვილი. - ქალბატონო ლია, რა თავისებურებები ახასიათებს კვების რაციონს წელიწადის ცხელ პერიოდში? - სიცხეში ადამიანის ორგანიზმი გაძლიერებულად კარგავს სითხეს. ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბად გამოიყოფა ვიტამინები და მიკროელემენტები (განსაკუთრებით წყალში ხსნადი ვიტამინები C, B1, B2, B6 და პპ). შედეგად ორგანიზმი ეშვება, დაქვეითებულია იმუნიტეტიც. ამიტომ აუცილებელია, დროულად შევავსოთ მისი მარაგი. ამაში დაგვეხმარება სასმელები. ყველაზე უკეთ წყურვილს კლავს Cვეულებრივი წყალი ან დაუტკბობელი მწვანე ჩაი. ძლიერ სიცხეში რეკომენდებულია მიიღოთ 100-200 მლ გრილი (18-200C) სითხე ყოველ 40-50 წუთში. ოღონდ ძალიან ცივ წყალს არ გირჩევთ - იგი წყურვილს არ კლავს. ნუ იტყვით უარს წვნიან კერძებზე - სუპებზე, რომელსაც არა მარტო ტონუსში მოჰყავს ორგანიზმი, არამედ ამარაგებს აუცილებელი სითხით. ამიტომ, როგორც სპეციალისტი გირჩევთ, თქვენს მაგიდაზე სიცხეში რაც შეიძლება მეტი წვნიანი და თხევადი კერძი იყოს. თუმცა არის ერთი “მაგრამ”: არ შეიძლება ბევრი სითხე მათთვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰი­პერტონია, სიმსუქნე და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები.- თქვენ სითხე და თხევადი საკვები ახსენეთ. კერძოდ, რომელ სასმელებს უნდა ვერიდოთ და რომელი ვსვათ თამამად?- ერიდეთ შავ ჩაის და ყავას. ტკბილი წვენები და გაზიანი სასმელები წყურვილს ძნელად კლავს. უპირატესობა მიანიჭეთ მინერალურ წყალს და როგორც უკვე აღვნიშნე, მწვანე ჩაის. პიტნის ჩაი წყურვილის დაკმაყოფილების შესანიშნავი საშუალებაა და ამას გარდა ვიტამინების წყაროა. პიტნით შეგიძლიათ შეაზავოთ სხვადასხვა კერძიც - სიცხეში ეს შვების მომგვრელია. პიტნის ფოთლებით მოდუღებული კოჭას ჩაი ცხელ ამინდში ტონუსს შემატებს ორგანიზმს. ხილის ჭამას დილაობით გირჩევთ. სადილის შემდეგ ან საღამოს მიღებული ხილი ახდენს კუჭში დუღილის პროცესის პროვოცირებას, რაც სრულიად მიუღებელია. ფორთოხალს, ქლიავს, გარგარს, მსხალს, ატამს, ნესვს, საზამთროს და ნებისმიერ სხვა ხილს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ამასთან, საზაფხულო სუფრის შესანიშნავი კომპონენტია, ავსებს რა ორგანიზმს ვიტამინებით. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ მჟავე ხილს, მაგალითად, მოცხარს, ხურტკმელს. ახალი ბოსტნეული ნებისმიერი სახით, სალათის ფურცლების Cათვლით, წელიწადის ამ დროს შეუცვლელია. ისინი თითქმის არ უწყობენ ხელს დუღილის პროცესს. სიცხეში Cვენს მოთხოვნილებებს ხილთან ერთად პრაქტიკულად სავსებით დააკმაყოფილებს კიტრი, ყაბაყი, ტურნეფსი, ბოლოკი, მიწამხალი (თალგამურა). არ უნდა დაგვავიწყდეს მწვანილი: მწვანე სალათა, ქინძი, ოხრახუში, კამა არა მარტო აგემრიელებს საჭმელს, არამედ ოფლის საშუალებით ორგანიზმიდან გამოძევებული მიკროელემენტებისა და მარილების შემავსებლის ფუნქციასაც ასრულებს.- საკვების კალორიულობის თაობაზე რას გვირჩევდით?- ალბათ იცით, რომ სიცხე მნ­იშვნელოვნად აქვეითებს შრომისუნარიანობას. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ენერგიის მოთხოვნილ­ება მაღალ ტემპერატურაზე 5%-ით იკლებს. შესაბამისად, Cვენს ორ­განიზმს ზაფხულში ნაკლებად კალორიული საკვები სჭირდება. მძიმე და ცხიმიანი საკვები არასასურველია. ცხიმიანი თევზი და ხორცი ჯობს მჭლეთი შევცვალოთ, ვერიდოთ საკონდიტრო ნაწარმს, პურს, პარკოსნებს, უარი ვთქვათ ბუტერბროდებსა და სწრაფი კების პროდუქტებზე. სიცხე ორგანიზმისთვის ნამდვილი განსაცდელია. ბევრს მადაც არ აქვს, ხოლო ჭამის შემდეგ მუცელში სიმძიმის შეგრძნება აწუხებს. ექსტრემალური სიცხის პირობებში ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის უნდა გადავიდეთ კვების შერეულ რეჟიმზე, როდესაც ძირითადი საკვების მიღება გადაგვაქვს დღის შედარებით გრილ პერიოდში. მაგალითად: საუზმე - დილის 7-8 საათზე; სადილი - შუადღის სიცხის დადგომამდე 11-11.30 საათზე; ვახშამი 18-19 საათზე; ასევე შეიძლება 20 საათზე მსუბუქი წახემსება. დღე-ღამის კალორაჟი სასურველია ასე გადანაწილდეს: საუზმე - 35%; სადილი - 25%; ვახშამი - 25%; გვიანი ხემსი - 15%. - რძის ნაწარმზე რას გვეტყვით?- აქაც სიფრთხილე გვმართებს. მაღალი ტემპერატურა პროვოცირებას უწევს მიკროორგანიზმების გამრავლებას. უმჯობესია, ავირჩიოთ რძის მჟავე პროდუქტები, მაგალითად, უშაქრო კეფირი კარგად მოგვიკლავს წყურვილს, დაგვანაყრებს და აღგვიდგენს რიგი მიკროელემენტების უკმარისობას. მაგრამ ეს პროდუქტები უნდა შევინახოთ არა უმეტეს +40ჩ-ზე. ოთახის ტემპერატურაზე მათი შენახვა მიუღებელია. წელიწადის ცხელი პერიოდი შესანიშნავი დროა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ზაფხულში ეს უფრო ადვილად გამოგვდის. ხილი და ბოსტნეული ამცირებს მენიუს კალორიულობას, ხოლო ფიზიკური აქტივობის გაზრდა აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე ცვლით პროცესებს.- კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულში?- წელიწადის ცხელ პერიოდში განსაკუთრებით ხშირდება ნაწლავური ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, ამიტომ აუცილებელია, გულდასმით და კარგად გავრეცხოთ ხილი, მწვანილი და ბოსტნეული. მალფუჭებადი პროდუქტები შევინახოთ მაცივარში. თავი ვარიდოთ კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის შეძენას, რადგანაც მაცივრის გარეთ მასში ბაქტერიები სწრაფად იწყებენ გამრავლებას. ვეცადოთ, მივირთვათ ახალმომზადებული კერძები, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ბაქტერიები სწრაფად მრავლდება ხორცში, მაიონეზში, არაჟანში. თავი ვარიდოთ კონსერვებს, მწნილებს, მარინადებს. წინასწარ ნუ შევაზავებთ სალათებს მაიონეზითა და არაჟნით. მკაცრად დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური წესები საკვების მომზადების, შენახვის დროს, პირადი ჰიგიენა. ამ შემთხვევაში ზაფხულის სიცხე მხოლოდ სიამოვნებასა და კმაყოფილებას მოგგვრით.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ