(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

დიალიზის ისტორია

administrator 31-08-2016, 00:26 898 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

დიალიზი (ბერძნულად - დაშლა, გამოყოფა), კოლოიდური სისტემებიდან და მაღალმოლეკულური ნაერთების ხსნარებიდან ნახევრად შეღწევადი მემბრანების მეშვეობით დაბალმოლეკულური მინარევების გამოყოფას ნიშნავს. დიალიზს ძალზე საინტერესო და ხანგრძლივი ისტორია აქვს. ზოგადად სისხლის გაწმენდა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში წარმოადგენდა აქტუალურ სამედიცინო ამოცანას. ამ მეტად რთული ამოცანის გადაწყვეტის გზებს მეცნიერები და მკვლევარები ასეულობით წლის განმავლობაში ეძებდნენ. ძველად მიაჩნდათ, რომ მრავალი დაავადება ორგანიზმის სითხეთა შერევის გამო ვითარდება. აქედან გამომდინარე, ორგანიზმის გაწმენდის მიზნით სხვადასხვა მცენარისა და მინერალების ხსნარებს, ნახარშებს იყენებდნენ. თუმცა ყოველივე ეს ხშირ შემთხვევაში არათუ უეფექტო, მავნებელიც კი იყო ადამიანისთვის. შესაბამისად, სისხლის გაწმენდისადმი ინტერესი სულ უფრო მძაფრდებოდა და აქტუალურ პრობლემად რჩებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში სისხლის გაწმენდის პრობლემა სრულიად სხვაგვარი მიდგომითა და განსხვავებული კუთხით წამოიჭრა, რადგან, ბიოქიმიის განვითარებისდა კვალად, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესს მოეფინა ნათელი. ჰემოდიალიზის ფიზიოლოგიური საფუძვლები 1854 წლით თარიღდება, როდესაც შოტლანდიელმა სწავლულმა თომას გრეჰემმა გამოაქვეყნა ნაშრომი "კოსმოსური ძალა". ამ ნაშრომში პირველად აღიწერა სპეციალურად დამუშავებული პერგამენტისგან ნახევარგამტარი მემბრანების დამზადების მეთოდი. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელი გახდა კოლოიდური და კრისტალოიდური ხსნარების გაყოფა. თომას გრეჰემმა თავის ნაშრომებში ექსპერიმენტულად დაამტკიცა დიფუზიისა და ოსმოსის დღეს უკვე კლასიკურად აღიარებული და ცნობილი კანონები. პერგამენტით კრისტალოიდური ხსნარების დიფუზიის პროცესს შოტლანდიელმა სწავლულმა დიალიზი უწოდა. თავის ნაშრომებში მან აჩვენა აგრეთვე კავშირი დიფუზიის სიჩქარესა და მოლეკულათა ზომებს შორის: რაც უფრო დიდი ზომისაა მოლეკულა, მით უფრო დაბალია დიფუზიის სიჩქარე. 1913 წელს ამერიკელმა სწავლულმა ჯონ ჯეკობ აბელმა შექმნა ჰემოდიალიზის აპარატი, რომელიც ხელოვნური თირკმლის წინამორბედი გახლდათ. ამ აპარატით შესაძლებელი იყო სისხლიდან გარკვეული ნივთიერებების გამოყოფა. ექსპერიმენტები ტარდებოდა ძაღლებზე, რომელთაც თირკმელები ამოკვეთილი ჰქონდათ. ცდების მიმდინარეობისას დადასტურდა, რომ სისხლიდან შესაძლებელია ცილებთან დაკავშირებული აზოტოვანი შენაერთების ეფექტურად გამოყოფა. თუმცა აპარატის ფილტრირებადი მემბრანის მცირე ზედაპირი ადამიანთა სისხლის ეფექტურად გაწმენდის საშუალებას არ იძლეოდა. აპარატში გამავალი სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად გამოიყენებოდა ჰირუდინი - ანტიკოაგულანტი, რომელსაც წურბელებისგან იღებდნენ. პრეპარატის დაბალი ეფექტურობის გამო თრომბოემბოლიური გართულებები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ადამიანს პირველად ჰემოდიალიზი გერმანიაში, ექიმ გეორგ ჰაასის მიერ ჩაუტარდა 1924 წელს. ანტიკოაგულანტად გამოყენებულ იქნა გაწმენდილი (გასუფთავებული) ჰირუდინი, რომლის ანტიგენური თვისებებიც 30-60 წუთზე მეტხანს დიალიზის ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა. 1927 წელს ჰემოდიალიზის დროს ანტიკოაგულანტის სახით პირველად გამოიყენეს ჰეპარინი. ამგვარად, გეორგ ჰაასი გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც  წარმატებული ჰემოდიალიზისთვის საჭირო ყველა კომპონენტი  გააერთიანა და ყველაფერს ერთად მოუყარა თავი. მან გამოიყენა ეფექტური და უსაფრთხო ანტიკოაგულანტი, შექმნა დიდფართობიანი მემბრანის მქონე აპარატი, უზრუნველყო ფილტრირებად მემბრანაზე სისხლის ეფექტური მიწოდება და სხვა. ჰემოდიალიზის საშუალებით ურემიული კომიდან ადამიანის წარმატებით გამოყვანა პირველად 1945 წლის 3 სექტემბერს განხორციელდა. ჰოლანდიელმა მეცნიერმა და ექიმმა ვილიემ კოლფმა კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვისას კიდევ უფრო დახვეწა და სრულყო გეორგ ჰაასის მიერ შექმნილი დიალიზის აპარატი. პირველი წარმატებულად ოპერირებული პაციენტი გახლდათ 67 წლის ქალბატონი, რომელსაც ურემია ჰქონდა. ჰემოდიალიზს ხომ ურემიასთან საბრძოლველად  მიმართავდნენ (ურემია - ბერძ. ურონ - შარდი, ჰემა - სისხლი. პირდაპირი მნიშნელობით ის სისხლში შარდის არსებობას გულისხმობს, პათოლოგიური თვალსაზრისით კი ორგანიზმის თვითმოწამვლაა, რომელსაც ადგილი აქვს თირკმლის დაავადებათა დროს, თირკმელების მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო. განასხვავებენ ურემიის აზოტემიურ და ეკლამფსიურ ფორმებს). ჰემოდიალიზატორით სისხლის გაწმენდის შედეგად, შესაძლებელი იყო სისხლიდან შარდოვანას გამოდევნა და ავადმყოფის კომიდან გამოყვანა. ექიმმა ვილიემ კოლფმა ყოველივე ეს შეძლო. პაციენტის მდგომარეობა 1945 წლის 11 სექტემბერს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ამგვარად, კლინიკურ პრაქტიკაში პირველად დადასტურდა მეთოდის ეფექტურობა. 1946 წელს ვილიემ კოლფმა გამოსცა პირველი სახელმძღვანელო ურემიულ პაციენტთა ჰემოდიალიზით მკურნალობის საკითხებზე. რაც შეხება ქრონიკულ ჰემოდიალიზს, მისი დაწყების ეპოქად 1960 წელი მიიჩნევა. ამ წელს ბელდინგ სკრიბნერმა და ვეინ კვინტონმა ხანგრძლივვადიანი სისხლძარღვოვანი მიდგომის საკითხი გადაჭრეს. 1960 წლის 10 აპრილს ჩიკაგოში გაცხადდა ინფორმაცია ახალი მოწყობილობის შესახებ. ხანგრძლივვადიანი სისხლძარღვოვანი მიდგომა უზრუნველყოფილ იქნა სხივის არტერიასა და კანქვეშა ვენაში ორი თხელკედლიანი ტეფლონის მილაკის ჩანერგვით (ტეფლონი (პოლიტეტრაფტორეთილენი, ფტოროპლასტ-4) სპეციალურად მიღებული განსაკუთრებული თვისებების მქონე ხელოვნური მასალაა). შუნტის გარეთა ბოლოები ერთდებოდა ტეფლონის მილაკში, რომელსაც აშორებდნენ ჰემოდიალიზის ჩატარების დროს, შუნტებს კი ჰემოდიალიზატორს უერთებდნენ.    

სისხლის გადასხმისა და დონორობის ისტორია

administrator 31-08-2016, 00:15 1 206 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ძველად სისხლი სასწაულმოქმედ სითხედ იყო აღიარებული. მიაჩნდათ, რომ მისი მიღება სიცოცხლეს ახანგრძლივებდა. ცნობილია, რომ ჰიპოკრატე ფსიქიკის დარღვევების მქონე პაციენტებს ჯანმრთელი ადამიანის სისხლის დალევას ურჩევდა. მკურნალობის ანალოგიური მეთოდის შესახებ ინფორმაცია ცელსიუსის ნაშრომებშიც მოიპოვება. თურმე ეპილეფსიით დაავადებულებსა და მოხუცებულებს მომაკვდავი გლადიატორების სისხლს ასმევდნენ. სისხლს გამაახალგაზრდავებელ უნარსაც მიაწერდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ მოხუცი რომის პაპი ინოკენტი VIII  სამი 10 წლის ბიჭუნას სისხლით მკურნალობდა, თუმცა ამან ვერ უშველა - მალე გარდაიცვალა. სამკურნალო მიზნით ცხოველთა სისხლს ბრძოლის დროსაც სვამდნენ, ამიტომ ეგვიპტელ მეომართა რაზმებს უკან ყოველთვის ცხვრის ფარა მისდევდა. ცხვრის სისხლით ეგვიპტელები დაჭრილებს მკურნალობდნენ. 1628 წელს ინგლისელმა სწავლულმა ჰარვიმ ცოცხალ ორგანიზმში სისხლის მოძრაობის პრინციპი აღმოაჩინა, რითაც სისხლის გადასხმის მეთოდის შემუშავებას ჩაუყარა საფუძველი. ერთი ძაღლისგან მეორისთვის სისხლის გადასხმის პირველი წარმატებული ექსპერიმენტები 1666 წელს ინგლისელმა ანატომმა რ. ლოუერმა განახორციელა, 1667 წელს კი ფრანგმა ექიმმა დ. ბ. დენიმ პირველად სცადა ცხოველისგან ადამიანისთვის სისხლის გადასხმა. მან ცხელებით მომაკვდავს ბატკნის ერთი ჭიქა სისხლი გადაუსხა. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფი სიკვდილს გადაურჩა, სხვა პაციენტები სისხლის გადასხმაზე არ თანხმდებოდნენ. მაშინ სწავლულმა განაცხადა, რომ ის, ვინც სისხლს გადაისხამდა, დიდ გასამრჯელოს მიიღებდა. უმალვე გამოჩნდა ერთი ხელმოკლე მუშა პარიზის ღატაკთა კვარტლიდან და ექიმს ცდებისთვის საკუთარი თავი შესთავაზა. სისხლის გადასხმის შემდეგ მუშამ თავი კარგად იგრძნო და საკუთარი სისხლი ახლა სხვებს შესთავაზა გადასასხმელად. ასე იქცა იგი პირველ დონორად კაცობრიობის ისტორიაში (დონორი გახლავთ პირი, რომელიც ნებაყოფლობით აძლევს ავადმყოფს საკუთარ სისხლს). დენის მიერ ჩატარებულ ყველა გადასხმას მშვიდობიანად არ ჩაუვლია - იყო გართულებები, სიკვდილის შემთხვევები, რის გამოც საფრანგეთში სისხლის გადასხმა აიკრძალა. მიზეზი, ცხადია, ის გახლდათ, რომ ცხოველისა და ადამიანის სისხლი შეუთავსებელია. ადამიანის ორგანიზმში ცხოველის სისხლი იშლება. თუმცა მომაკვდავი ადამიანისთვის ჯანმრთელის სისხლის გადასხმის აზრი ექიმებს მაინც არ ასვენებდა. 1832 წელს პეტერბურგელმა მეანმა გ. ვოლფმა პირველად განახორციელა ადამიანისგან ადამიანისთვის სისხლის გადასხმა. რეციპიენტი (ის,  ვისაც სისხლი გადაუსხეს) გახლდათ მშობიარე, რომელმაც ბევრი სისხლი დაკარგა. გადასხმამ წარმატებით ჩაიარა - ქალი გადარჩა. დონორობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. აღმავლობას დაცემა მოსდევდა, იყო პერიოდები, როდესაც სისხლის გადასხმა კანონით გახლდათ აკრძალული. ჯერ ერთი, ტექნიკური თვალსაზრისით მეტად რთული პროცედურა გახლდათ (არც არის გასაკვირი - მაშინ ხომ საინექციო ნემსები და თანამედროვე შპრიცები არ არსებობდა, 1656 წელს ქრისტოფერ რენი საინექციო ნემსად ფრინველის ნაკრტენს იყენებდა, შპრიცად კი ცხოველებისა და თევზის ბუშტს), მეორეც, ხშირად მძიმე გართულებებს იწვევდა. ზოგიერთი შემთხვევა სიკვდილითაც კი მთავრდებოდა. იმხანად ყოველივე ამის მიზეზი, ცხადია, არ იცოდნენ. ახლა უკვე ცნობილია, რომ გართულებები და სიკვდილი სისხლის შეუთავსებლობის ბრალი იყო, რომ ადამიანისთვის არათუ ცხოველის, არამედ ყველა ადამიანის სისხლის გადასხმაც არ შეიძლება. სისხლის ჯგუფობრიობის აღმოჩენამ სისხლის გადასხმის მეთოდის სრულყოფასა და დონორობის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა - ნათელი მოეფინა პოსტტრანსფუზიული გართულებების მიზეზსა და არსს, შესაძლებელი გახდა მათი თავიდან აცილება. სისხლის ჯგუფობრიობის გათვალისწინებით პირველი გადასხმები 1909 წელს ამერიკელმა ქირურგმა ჯ. კრაილიმ განახორციელა. მას შემდეგ სისხლის გადასხმის მეთოდი უფრო და უფრო დაიხვეწა და სრულყოფილი გახდა. დღეს დონორობის ინსტიტუტი სცდება ვიწრო სამედიცინო პრობლემის ჩარჩოებს, რომელიც სამკურნალო დაწესებულებათა სისხლით მომარაგებას გულისხმობს; დონორობა სოციალურად აქტუალურ პრობლემად მიიჩნევა, ვინაიდან ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას ასახავს და, აქედან გამომდინარე, მთელი საზოგადოების ინტერესებს ეხება.  

გენი, რომელიც არავის ინდობს

administrator 31-08-2016, 00:04 819 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ალცჰაიმერის დაავადების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ:პოლიტიკოსებირონალდ რეიგანი (1911-2004) - ამერიკის მე-40 პრეზიდენტი და ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ამერიკელებმა პრეზიდენტად აირჩიეს. ალცჰაიმერის დაავადება სჭირდათ ასევე მის დედასა და ძმას.რ. საირუს ვენსი (1917-2000) - საერთაშორისო სამართლის უდიდესი სპეციალისტი, ამერიკის პრეზიდენტების კენედის, ჯონსონის, ნიქსონისა და კარტერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.მარგარეტ ტეტჩერი (1925) - მე-20 საუკუნის დიდი ბრიტანეთის ყველაზე გამორჩეული პრემიერ-მინისტრი, "რკინის ლედი". მან არჩევნები ზედიზედ სამჯერ მოიგო.  ჰაროლდ უილსონი (1916-1995) - ინგლისის პრემიერ-მინისტრი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში.ჰოლანდიის პრინცესა იულიანა (1910-2004) - ტახტზე იჯდა 1948-1980 წლებში. მას შემდეგ, რაც დაავადება აღმოაჩნდა, მთელ დროს ავადმყოფების, ინვალიდებისა და მოხუცებულების მოვლა-პატრონობაში ატარებდა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ოჯახისგან მოშორებით ცხოვრობდა და ოჯახის წევრებს ვეღარ ცნობდა.ო. ბენჯამინ დევის უმცროსი (1913-2002) - ამერიკის საჰაერო შეიარაღებული ძალების პირველი შავკანიანი მფრინავი, ლეგენდარული 332-ე გამანადგურებელი ჯგუფის ლიდერი. მან II მსოფლიო ომის დროს ევროპის თავზე 200 საჰაერო საბრძოლო გაფრენა განახორციელა. 1970 წლიდან მარშალის პროგრამის ფარგლებში ფედერალური ცის დაცვის პროგრამას ხელმძღვანელობდა.ექსპერტები დღემდე ვერ შეთანხმებულან, ჰქონდა თუ არა უინსტონ ჩერჩილს ალცჰაიმერის დაავადება. ზოგი ამტკიცებს, რომ დაავადებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სიმპტომი მას მართლაც სჭირდა. მეცნიერები და მწერლებიდენის ჰარტი (1930-2005) - ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის პროფესორი, თანამედროვე ფსიქიატრიის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი, თავისი დროის უდიდესი ფსიქიატრი.უილიამ კელი (1923-2006) - უდიდესი ქირურგი, კუჭქვეშა ჯირკვლის პირველი წარმატებული გადანერგვის ავტორი.უილიამ სომერსეტ მოემი (1874-1965) - ინგლისელი მწერალი, დრამატურგი და ნოველისტი. ჯონათან სვიფტი (1667-1745) - ინგლისელი სატირიკოსი და პოლიტიკური პამფლეტისტი, ინგლისური პროზის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ოსტატი. მისი ნაწარმოებები დღესაც იბეჭდება, ყველაზე ხშირად კი "გულივერის მოგზაურობა".აირის მერდოკი (1919-1999) - ინგლისელი მწერალი, რომანების "ველური ვარდისა" და "შავი პრინცის" ავტორი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი ლიტერატურული პრემიის ექვსგზის ნომინანტი. ხელოვნების მოღვაწენიჯორჯ ბალანჩინი (1904-1983) - ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის არანაკლებ ცნობილი ვაჟი, ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი. ჯორჯ გერშვინსა და რიჩარდ როჯერსთან ერთად მან მსოფლიოში ყველაზე მძლავრი საბალეტო დასი შექმნა.მორის რაველი (1875-1937) - ფრანგი კომპოზიტორი, ცნობილი "ბოლეროს" ავტორი. მსახიობებირიტა ჰეივორდი (1918-1987) - II მსოფლიო ომის წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სექსუალური მსახიობი. მსახიობის გარდაცვალების შემდეგ მისი ქალიშვილი ყოველწლიურად სოლიდურ თანხას ურიცხავს ალცჰაიმერით დაავადებულთა დამხმარე ასოციაციას.ჩარლტონ ჰესტონი (1924-2008) - ცნობილი ფილმების: "ათი მცნების", "ბენ გურის", "ელ სიდის" გმირი, ოსკარის ორგზის მფლობელი.ჩარლზ ბრონსონი (1921-2003) - "შესანიშნავი შვიდეულის", "დიდი გაქცევისა" და სხვა ფილმების გმირი. იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, თუმცა ალცჰაიმერით იყო დაავადებული.ბერჯეს მერედიტი (1908-1997) - პინგვინი ფილმში "ბეთმენი" და ჭაღარა მწვრთნელი ფილმში "როკი". ვინსენტ მინელი  (1903-1986) - ცნობილი კინორეჟისორი, ლაიზა მინელის მამა.უ. ჰორვარდ კოხი (1917-2001) - კინოსტუდია Paramount Pictures-ის პრეზიდენტი, ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი. სპორტსმენებიბეტი შვარცი (1911-1999) - პირველი ქალი, რომელმაც 1928 წელს  ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. სენდი შორნიკი - მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კრივში. 1990 წელს დაჯილდოვდა მსოფლიო კრივის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო.ფლოიდ პეტერსონი (1935-2006) - მძიმეწონოსანი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კრივში.რეი რობინსონი (1921-1989) - ყველა დროის საუკეთესო მოკრივე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი.ფერენც პუშკაში (1927-2006) - ცნობილი უნგრელი ფეხბურთელი.

გრიპის ისტორია

administrator 30-08-2016, 23:59 943 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

მედიცინის ისტორიაში ცნობილია გრიპის A სეროვარიანტით გამოწვეული ეპიდემიები და პანდემიები:* 1889-1890, H2N8 - მძიმე ეპიდემია;* 1900-1903, H3N8 - ზომიერი ეპიდემია;* 1918-1920 H1N1 - მძიმე პანდემია (ისპანკა - ესპანური გრიპი);* 1933-1935, H1N1 - საშუალო სიმძიმის ეპიდემია;* 1946-1947, H1N1 - საშუალო სიმძიმის ეპიდემია;* 1957-1958, H2N2 - მძიმე პანდემია (აზიური გრიპი);* 1968-1969, H3N2 - ზომიერი პანდემია (ჰონკონგის გრიპი);* 1977-1978, H1N1 - საშუალო სიმძიმის პანდემია;* 1995-1996, H1N1 და H3N2  - მძიმე პანდემია;* 2006-2007, H5N1 - ზომიერი პანდემია (ფრინველის გრიპი);* 2009, H1N1 - ზომიერი პანდემია (ღორის გრიპი). ისპანკამდეისტორიულ წყაროებში გრიპის ეპიდემიის შესახებ პირველი ცნობები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 876 წელს ჩნდება, თუმცა უკვე დადგენილი გრიპის პირველი ეპიდემია 1173 წლით თარიღდება, როდესაც იტალია, გერმანია და ინგლისი ციებ-ცხელებით მიმდინარე კატარული დაავადების დიდმა ეპიდემიურმა ტალღამ მოიცვა. XIX საუკუნის ბოლომდე გრიპი კონტაგიოზურ (ერთი ადამიანისგან მეორეზე უშუალოდ გადამდებ) დაავადებად არ მიიჩნეოდა - ის, ვინაიდან ელვის სისწრაფით ედებოდა დიდ დასახლებულ პუნქტებს, მიაჩნდათ მიაზმურ პათოლოგიად, რომელიც ადამიანისთვის მავნე, უხილავი ობიექტებით - მიაზმებით ვრცელდებოდა. სახელწოდება "ინფლუენცა" სამედიცინო ნაშრომებში პირველად 1732-1738 წლებში გამოჩნდა, ხოლო "გრიპი" - 1742-1743 წლებში. ტერმინის წარმოშობის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს. პირველის თანახმად, იგი მომდინარეობს იმ მწერის ფრანგული სახელიდან ლა გრიპპე, რომლის მასობრივი შემოსევაც აღინიშნა ინგლისსა და საფრანგეთში ეპიდემიის დროს - სწორედ მას მიაწერეს დაავადების გადამტანის ფუნქცია. მეორე ვერსიით, იგი გერმანული "რეიფენ"-ისგან ან ფრანგული "აგრიპპერ"-ისგან წარმოდგება, რაც ხარბად დატაცებას, მიტაცებას ნიშნავს. XIX საუკუნემდე გრიპს ხშირად კატარულ ეპიდემიას, კონტაგიოზულ ცეფალგიას და კატარულ ცხელებას უწოდებდნენ. ისპანკაისპანკა 1918-1920 წლებში ესპანეთიდან წამოსული გრიპის უდიდესი პანდემიაა,  რომელმაც ოფიციალურად 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვზე ორჯერ მეტია. დღემდე ცნობილ ვირუსებს შორის ისპანკას გამომწვევი ყველაზე დაუნდობელი, მასშტაბური და მრისხანე აღმოჩნდა. შემოდგომის მიწურულს და ზამთრის დამდეგს,  როდესაც ესპანეთში გრიპის რამდენიმე შემთხვევა აღინიშნა, არავის გაჰკვირვებია - ზამთარი სურდოსა და სიცხის გარეშე ხომ არც არსებობს, მაგრამ ვირუსი განსაკუთრებული აღმოჩნდა... პირველი გარდაცვლილები ბავშვები და ქალები იყვნენ, ისინი უმთავრესად ფილტვების ანთებით, მენინგოენცეფალიტითა და ტვინის შეშუპებით იღუპებოდნენ. ესპანეთში მალე კარანტინი გამოცხადდა, დაწესდა მკაცრი კონტროლი საზღვრებსა და ქვეყანაში შემომავალ-გამავალ მგზავრებზე, მაგრამ უკვე გვიანი იყო - გრიპის ვირუსი მეზობელ ქვეყნებსაც მოედო. ესპანეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობა პირბადეებით დადიოდა, ჯიბით ხახვსა და ნიორს ატარებდა, დაავადებულთა ჭურჭლისა და ტანსაცმლის იზოლაცია და დეზინფექცია ყოველდღიურ აუცილებლობად იქცა, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს - ვირუსმა 2 წელიწადში დედამიწის მოსახლეობის 70% მოიცვა. მომაკვდინებელი ვირუსი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ქალებს ერჩოდა, განსაკუთრებით მათ, ვისაც მიზეზთა გამო დასუსტებული ჰქონდა ორგანიზმის დამცავი ძალები, შინაგანად დათრგუნული და დეპრესიული იყო. ისპანკა დაუნდობლად ანადგურებდა ფაბრიკა-ქარხნების მუშებს, რომლებიც დღეში 10-12 საათს შრომობდნენ და მძიმე ფიზიკური შრომისგან ისედაც ძლივს იდგნენ ფეხზე. უკანასკნელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ისპანკას პანდემიის დროს დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა რეალურზე ორჯერ ნაკლებია. რეალურად მის მსხვერპლთა რიცხვი 40-50 მილიონს აღწევს. სპეციალისტთა აზრით, გრიპის მორიგი პანდემიები გარდაუვალია, მაგრამ როდის იქნება ისინი, ზუსტად არავინ იცის. ამგვარი პანდემია საშუალოდ 30-40 წელში ერთხელ იჩენს თავს. მსოფლიოში 30 წელიწადზე მეტია აქტიურად ცირკულირებს A გრიპის H3N2 შტამი, ამიტომ მორიგ პანდემიას ნებისმიერ დროს უნდა ველოდოთ, თუმცა ახლა 1920 წელი არ არის და ვიმედოვნებთ,  არც გრიპის მორიგი პანდემიის შედეგები იქნება მაშინდელის მსგავსი.  

ცნობილი ფსიქოპათები

administrator 30-08-2016, 23:54 915 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ფსიქიკაშერყეული ადამიანები ზოგჯერ გაცილებით მეტს აღწევენ, ვიდრე გაწონასწორებული პიროვნებები - ასეთია ამერიკელ მეცნიერთა სამედიცინო დასკვნა. გაუწონასწორებელი ფსიქიკა ადამიანს თურმე ძლიერ ბიძგს აძლევს დასახული მიზნის მისაღწევად. გუნება-განწყობილების ხშირი ცვალებადობა, ემოციათა დაუფარავად გამოხატვის უნარი, სიჯიუტე და შრომისმოყვარეობა მათ დამატებითი ენერგიით აღავსებს და გასაოცარი საქმეების ჩადენის უნარს სძენს. ასეთი ადამიანები საკმაოდ ამბიციურნი არიან, მათ მშვენივრად იციან, რისი მიღწევა სურთ და თავდაუზოგავად იღვწიან მიზნის მისაღწევად. დასახულის მიღწევაში ფსიქოპათებს ეხმარება ისიც, რომ არაფრის წინაშე არ იხევენ უკან. სწორედ ასეთი თვისებების მატარებელი იყო ადოლფ ჰიტლერი. ასეთ ადამიანებს დღესაც ხშირად შეხვდებით. აბრამ ლინკოლნიის გახლდათ პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო, ქვეყანა ურთულესი ვითარებიდან ღირსეულად გამოეყვანა, თავად კი ცხოვრების დიდი ნაწილი დეპრესიის უმძიმესი ფორმით იტანჯებოდა. ისტორიკოსები მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დეპრესიულ პიროვნებად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიმპტომები ჰქონდა მის დედ-მამასაც, რაც ამგვარი ფსიქოემოციური მდგომარეობის გენეტიკურ ბუნებაზეც მიუთითებს. 1838 წელს ლინკოლნმა გამოაქვეყნა საკუთარი ლექსი "თვითმკვლელის მონოლოგი", რომელშიც სინანულით აღნიშნავს, რომ არ ეშინია ჯოჯოხეთის, რამდენადაც არასდროს უგემია ამქვეყნიური კმაყოფილება. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი1827 წელს კომპოზოტორი ღვიძლის უკმარისობით დაიღუპა. იგი მრავალი წლის განმავლობაში უმძიმესი სულიერი ტანჯვისგან თავის დასაღწევად, თუნდაც მცირედი შვებისთვის, ალკოჰოლურ სასმელებსა და ოპიუმს იყენებდა. ბეთჰოვენის ბიპოლარული დარღვევების შესახებ კარგად იცოდნენ მისმა ახლობლებმა და მეგობრებმა. მათი გადმოცემით, როდესაც სულიერი მდგომარეობა უმწვავდებოდა, სწორედ მაშინ ქმნიდა კომპოზიტორი ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს. მანიაკური ეპიზოდები ყველაზე უკეთ ასაზრდოებდა მის შემოქმედებას. ყველა თავისი საუკეთესო თხზულება მან ტანჯვისა და სულიერი მარტოობის დროს, ფსიქოზის სტადიაში შექმნა. აბსოლუტურად სმენადაკარგულ ლუდვიგს 12 წელი დასჭირდა, რათა თავისი უკანასკნელი, მე-8 სიმფონია დაესრულებინა. მას არაერთხელ უფიქრია თვითმკვლელობაზეც, რის შესახებაც მოგვიანებით წერილით აცნობა ძმებს. 1813 წლის დასაწყისში მას მდგომარეობა იმდენად გაუმწვავდა, რომ საკუთარ თავსაც კი აღარ უვლიდა. მთელი დღეების განმავლობაში  ბობოქრობდა, წერაზე ფიქრიც აღარ სურდა... ედვარდ მუნკიცნობილია, რომ თავისი ყველაზე ცნობილი ორი ნაწარმოები მან 1892 წლის იანვარში, ოსლოში განცდილი უდიდესი პანიკური შეტევის შემდეგ შექმნა. აღსანიშნავია, რომ მის ოჯახშიც იყო ფსიქიკის დარღვევის შემთხვევები. მიქელანჯელოცნობილი ადამიანების სამედიცინო ბიოგრაფიების შედგენისას ავტორებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ მიქელანჯელოს აუტისტური სპექტრის დარღვევა სჭირდა. სიქსტის კაპელის ჭერზე მიქელანჯელოს ნამუშევრების ნახვისას ბევრი გაოგნებულა და გაოცება ვერ დაუფარავს - როგორ შექმნაო ჩვეულებრივმა ადამიანმა ეს საოცრება.

სტრეპტოკოკური ინფექცია

administrator 20-08-2016, 01:05 3 168 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 
სტრეპტოკოკური ინფექცია ანუ სტრეპტოკოკოზი გულისხმობს ფართო სპექტრის კლინიკურ გამოვლინებებს, რომელთა გამომწვევია სტრეპტოკოკი. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია, კანისა თუ კანქვეშა ქსოვილების მსუბუქი დაზიანებიდან დაწყებული, მძიმე გენერალიზებული ფორმებით (სეპტიცემია, სეპტკოპიემია) დამთავრებული. სტრეპტოკოკურ ინფექციას მიეკუთვნება ქუნთრუშა, წითელი ქარი, რევმატიზმი, მწვავე გლომერულონეფრიტი, ოსტეომიელიტი. ყველა აღნიშნულ ფორმას შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი ბავშვისას. ამდენად, მნიშვნელოვანია დაავადების დროული ამოცნობა და სწორი მკურნალობა. გვესაუბრება ინფექციონისტი მაკა შარაშენიძე.- ცნობილია, რომ არსებობს სტრეპტოკოკების რამდენიმე ჯგუფი. რომელი მათგანია ადამიანისთვის ყველაზე საშიში? - ყველაზე საშიშია ა ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი - GAS და B ჯგუფის სტრეპტოკოკი - GBS, რომლებიც ახალშობილებში ადგილობრივ ინფექციებსა და მძიმე გენერალიზებულ დაავადებას იწვევს. სხვა ჯგუფის სტრეპტოკოკები უმთავრესად ცხოველთა ორგანიზმში ცირკულირებს, თუმცა ბოლო დროს ზოგიერთი მათგანიც იწვევს ადამიანის პათოლოგიას. სტრეპტოკოკები ძლიერ მგრძნობიარენი არიან ანტიბიოტიკების, განსაკუთრებით - პენიცილინის, ერითრომიცინის მიმართ, მალე იხოცებიან სადეზინფექციო ნივთიერებების ზემოქმედებით, სამაგიეროდ, კარგად უძლებენ დაბალ ტემპერატურას, გამომშრალ ჩირქში ან სისხლში სიცოცხლის უნარს კვირაობითა და თვეობით ინარჩუნებენ.  - როგორ ვრცელდება დაავადება?- ინფექციის წყაროა ნებისმიერი კლინიკური გამოვლინების მქონე ინფიცირებული, მათ შორის - ბაქტერიამატარებელიც, ამიტომ თუ ბავშვს ხახის ნაცხის ბაქტერიული გამოკვლევისას სტრეპტოკოკი ამოეთესა, საჭიროა მკურნალობა, განურჩევლად იმისა, გამოვლენილია თუ არა ინფექცია კლინიკურად. GAS-ის გადაცემის მექანიზმი ჰაერწვეთოვანია. ხველის, ცემინების, ლაპარაკის დროს გამოყოფილი რესპირატორული სეკრეტი გამოშხეფებისას მტვერს ერევა და ჰაერში ცირკულირებს. ამის გამო და ახლომახლო ადგილებში, მათ შორის - სკოლაში, ბაგა-ბაღში, ინტერნატში. ხელების ჩირქოვანი დაზიანების შედეგად შესაძლოა ბაქტერიებით დაბინძურდეს რძე, რძის პროდუქტები, ასევე - კრემი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი. საკვებში სტრეპტოკოკი მრავლდება, რაც საბოლოოდ კვებით ტოქსიკოინფექციას (საკვებისმიერ ინტოქსიკაციას) განაპირობებს. არ არის გამორიცხული ინფექციის გადაცემა ინფიცირებული ნივთების, სათამაშოების მეშვეობით. მესამე პირის საშუალებით დაავადება ნაკლებად ვრცელდება. სტრეპტოკოკური ინფექციის მიმართ მიდრეკილება ყველა ასაკის ადამიანს ახასიათებს, თუმცა დაავადებათა უდიდესი წილი ბავშვებზე მოდის. ყელის ინფექცია, ფარინგიტი, უმთავრესად 6-დან 12 წლამდე შეინიშნება, ხოლო კანის ინფექცია - სკოლამდელ ასაკში. დამახასიათებელია სეზონურობაც: ფარინგიტი წლის ცივ პერიოდში ხშირდება, ხოლო კანის დაავადებები - გვიან ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე. გადატანილი ინფექციის შედეგად ორგანიზმი ანტიბაქტერიულ და ანტიტოქსიკურ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. GBS ქალების შარდსასქესო და კუჭ-ნაწლვის ტრაქტის ბინადარია. ორსულებში ინფექცია უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, იშვიათად კი შარდსასქესო სისტემის, საშვილოსნოს გარსების ანთებით ცვლილებებს იწვევს. ასეთი ქალები, როგორც წესი, ინფიცირებულ ბავშვებს შობენ. ინფექციის გადაცემა შესაძლებელია ჰორიზონტალური გზითაც: მეორე ახალშობილისგან, სხვა მელოგინისგან, სამედიცინო პერსონალისგან. ადრეული ინფექციის პირველი ნიშნები სიცოცხლის პირველ 5 დღეში ვლინდება, მოგვიანებითისა კი სიცოცხლის მეორე კვირიდან და მშობიარობის შემდგომ შეძენილ ინფექციაზე მეტყველებს. - რა ნიშნებით იჩენს თავს სტრეპტოკოკური ინფექცია?- GAS-ს ახასიათებს მრავალფეროვანი გამოვლინება, ძლიერ მსუბუქი ფორმებიდან დაწყებული, მძიმე სეფსისური მიმდინარეობით დამთავრებული. კლინიკური სურათი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ასაკი და იმუნური სტატუსი. რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, მით უფრო ადვილია მისი დიაგნოსტიკა. საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 7 დღემდე გრძელდება. სტრეპტოკოკური ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს როგორც ადგილობრივი, ასევე გენერალიზებული ფორმებით. ადგილობრივ ფორმებს მიეკუთვნება ანგინა, რინიტი, ფარინგიტი, ოტიტი, სინუსიტი, ადენოიდიტი და სხვა. ეს ფორმები ვითარდება სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების ფონზე და მათ გართულებად მიიჩნევა, ისევე, როგორც ლარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პიელიტი, ნეფრიტი და სხვა. დაავადების ყველა ფორმისთვის დამახასიათებელია სწრაფი გამოვლინება პირველადი ანთებითი კერების ლოკალიზაციით, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდებით, სხვადასხვა ინტენსივობის ტემპერამენტული რეაქციით და სისხლში მიმდინარე ცვლილებებით - ლეიკოციტების, ედს-ის მომატებით. - დამოკიდებულია თუ არა სტრეპტოკოკური ინფექციის გამოვლინება ბავშვის ასაკზე?- სტრეპტოკოკური ინფექცია 6 თვემდე, ჩვეულებრივ, ვლინდება ნაზოფარინგიტის სახით. ამ დროს აღინიშნება: ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან; ნესტოების ირგვლივ კანის აქერცვლა; არარეგულარული ტემპერატურული რეაქციები. მწვავე პერიოდი ერთ კვირამდე გრძელდება, მაგრამ ცხვირის გაღიზიანებამ და ცხვირით სუნთქვის გაძნელებამ (გაგუდვა) შესაძლოა რამდენიმე კვირა გასტანოს. სამიდან თორმეტ წლამდე დაავადება სუბფებრილური ტემპერატურით იწყება. საერთო ინტოქსიკაციის ნიშნები საშუალოდ არის გამოხატული. ზოგჯერ ვითარდება ნაზოფარინგიტი ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენით. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია, რბილი. სტრეპტოკოკური ანგინისთვის (ტონზილოფარინგიტისთვის) დამახასიათებელია მოთეთრო ნადები ნუშურებზე ალისფერი ხახის ფონზე. შესაძლოა, გართულდეს სინუსიტით, ოტიტით და სხვა. დაავადება გრძელდება 4-დან 8 კვირამდე, ზოგჯერ იღებს მორეციდივე ხასიათს. იმპეტიგოს ახასიათებს კანის ზედაპირული ჩირქოვანი დაზიანება, ფუფხი. შესაძლოა ჰიპერემიული კანის ფონზე გაჩნდეს მრგვალი, მწებავი ქარვისფერი ფუფხის მქონე 1-2მმ დიამეტრის გარდამავალი ვეზიკულური (შიგთავსიანი) გამონაყარი. შეინიშნება მახლობელი ლიმფური ჯირკვლების გადიდება. - განსხვავდება თუ არა GBS-ის კლინიკა GAS-ისგან?- GBS, როგორც აღვნიშნე, ახალშობილებში ადგილობრივ ინფექციასა და მძიმე გენერალიზებულ დაავადებას (სეფსისს) იწვევს. ამდენად, უფრო მძიმედ მიმდინარეობს. დაავადების პირველი ნიშნები დაბადებიდან 6 საათში იჩენს თავს. ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ინფიცირებისას ვითარდება ასფიქსია, კომა ან შოკი. სასუნთქი სისტემის ცვლილებები გამოიხატება ციანოზით, აპნოეთი, ტაქიპნოეთი, მკვნესარე სუნთქვით, ქოშინით. ათიდან 3-4 შემთხვევაში ვითარდება სეფსისი რომელიმე ორგანოს თვალსაჩინო დაზიანების გარეშე. ახალშობილებში დაავადების ადრეული გამოვლინებისას ათიდან 1 შემთხვევაში ვითარდება მენინგიტი, რომელიც მიმდინარეობს კრუნჩხვით, ძილიანობით, კომით, ყიფლიბანდის პულსაციით, იშვიათად - უსიმპტომოდაც. GBS-ის მოგვიანებით, დაბადების II კვირიდან გამოვლინებისას ათიდან 6 შემთხვევა მენინგიტის სახით მიმდინარეობს. - დიაგნოსტიკის დროს, გარდა გასინჯვისა, რომელი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს?- ყელის სტრეპტოკოკური ინფექციის მქონე ბავშვთა მხოლოდ 30%-ს ამოეთესება ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგად A ჯგუფის სტრეპტოკოკი და მხოლოდ 50%-ს აღენიშნება ანტისხეულების პროდუქცია, ამიტომ თუ 5 წელს გადაცილებულ ბავშვს აღენიშნება ყელის სიწითლე, თეთრი ექსუდატი, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება, უნდა ვიეჭვოთ სტრეპტოკოკური დაავადება და დავიწყოთ ანტიბიოტიკით მკურნალობის 10-დღიანი კურსი. იმავდროულად, საჭიროების მიხედვით, გამოვრიცხოთ დიფტერია, ინფექციური მონონუკლეოზი და სხვა დაავადებები. GBS-ინფექციისას საჭიროა სისხლის, თავზურგტვინის სითხის, პლევრული სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. კუჭის შიგთავსი და კანი არ შეიძლება დაავადების გამომწვევის დასადგენად გამოვიყენოთ. ბაქტერიოლოგიურთან ერთად ტარდება სისხლის იმუნოლოგიური გამოკვლევაც. - დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა. რომელი ჯგუფის ანტიბიოტიკები ითვლება არჩევის პრეპარატებად?- სტრეპტოკოკური ინფექციის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით ათდღიანი მკურნალობა. გახსოვდეთ: 10 დღე საჭიროა სტრეპტოკოკის სრული განადგურებისთვის, ამიტომ კურსი ნაადრევად არ უნდა შეწყდეს, კლინიკური გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი, რათა არ მოხდეს რეციდივი და საბოლოოდ რევმატიზმი არ ჩამოყალიბდეს. ქირურგიული ჩარევა შეიძლება პიოდერმიული (ჩირქოვანი) კერების არსებობის დროს. ინიშნება აგრეთვე ვიტამინთერაპია, სრულფასოვანი კვება. - შესაძლებელია თუ არა სტრეპტოკოკური ინფექციისგან თავის დაცვა? არსებობს თუ არა პროფილაქტიკის სპეციფიკური ხერხები? როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახში სტრეპტოკოკით ინფიცირებული ავადმყოფი გვყავს?- თუ ბავშვს სტრეპტოკოკური დაავადება აქვს, ამან არ უნდა შეაშინოს ოჯახის სხვა წევრები - ბავშვები თუ მოზრდილები. არც ბაღსა თუ სკოლაში უნდა ატყდეს პანიკა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას, ადრეულ დიაგნოსტიკას, ავადმყოფის იზოლაციას (ჰოსპიტალიზაციას) და სანიტარულ-ჰიგიენურ ღონისძიებებს. თუ მშობიარე რისკის ჯგუფშია, ახალშობილის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ენიშნება ამპიცილინი. ინფიცირებული დედისგან დაბადებულ ბავშვს უკეთებენ სპეციალურ იმუნოგლობულინს. სტრეპტოკოკური ინფექციის ვაქცინოპროფილაქტიკა დღეისთვის არ არსებობს. - სტრეპტოკოკური ინფექციის ერთ-ერთი კლინიკური ფორმაა ქუნთრუშა, რომელიც უმთავრესად სამიდან რვა წლამდე გვხვდება. რას გვეტყვით ამ დაავადების შესახებ?- ქუნთრუშას იწვევს A ჯგუფის (GAS) ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი. მას აქვს მკაფიო, დამახასიათებელი კლინიკური სურათი, მიმდინარე ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციით (შემცივნება, თავის ტკივილი, უძილობა, მადის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება, პირღებინება), მკაფიოდ გამოხატული ანგინით, რეგიონული ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, კანის წვრილწინწკლოვანი გამონაყარითა და ფირფიტისებური აქერცვლით. ინფექციის წყაროა სტრეპტოკოკური ინფექციის ამა თუ იმ კლინიკური გამოვლინების მქონე, უპირატესად - თვით ქუნთრუშით დაავადებული პირი. დაავადების გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია წაშლილი კლინიკური ფორმის მქონე ადამიანი. გარემოში სტეპტოკოკები გამოიყოფა ლორწოვანი გარსების სეკრეტით ხახიდან (ხველებით), ცხვირიდან (სურდოთი), აგრეთვე სხვა (ოტიტის, სინუსიტის, ლიმფადენიტის) ღია ჩირქოვანი კერებიდან. გამომწვევი აგენტის გადაცემის მთავარი მექანიზმი ჰაერწვეთოვანია. თუმცა დაავადება გადაეცემა მცირე მანძილზე მჭიდრო კონტაქტით. დიდ მანძილზე, კერძოდ, მეზობელ ბინებში (როგორც წითელასა და ჩუტყვავილას დროს), დაავადება არ ვრცელდება. ინფექციის გადაცემა შესაძლებელია დაინფიცირებული სათამაშოებით, ჭურჭლით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, თუმცა ეს გზა ეპიდემიოლოგიურ საშიშროებას არ ქმნის. ინფექცია გადაეცემა საჭმლის დაინფიცირებით, ძირითადად რძისა და მისი ნაწარმის (ნაყინი, კრემი და სხვა) მეშვეობით. ეს გზა იშვიათია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული დაავადების მნიშვნელოვანი ეპიდაფეთქება. პენიცილინით ნამკურნალევი ავადმყოფი კლინიკურ ეფექტთან ერთად სტრეპტოკოკებისგანაც თავისუფლდება და ბავშვთა კოლექტივისთვის საშიში აღარ არის, მაგრამ თუ აქვს ქრონიკული ანთებითი კერა - ქრონიკული ტონზილიტი, რინოფარინგიტი ან სხვა, ესე იგი, სტრეპტოკოკის ხანგრძლივი მატარებელია და ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ქუნთრუშის გადატანის შემდეგ ორგანიზმს მყარი იმუნიტეტი უვითარდება. 15 წლიდან დაავადება იშვიათია, რაც გადატანილი ინფექციის, მათ შორის - მსუბუქი, ატიპური ფორმებითა და მიკრობების მატარებლობით მოსახლეობის ფარული, ბუნებრივი იმუნიზაციის შედეგია. წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან იშვიათად. ეს განსაკუთრებით ეხება 6 თვემდე ასაკს, რაც აიხსნება დედისგან იმუნიტეტის ტრანსპლაცენტური გზით გადაცემითა და ამ ასაკში თვითონ ბავშვთა ფიზიოლოგიური რეაქტიულობით ტოქსინის მიმართ. დაავადებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა. ხშირდება ზამთრის პერიოდში (სექტემბერი-იანვარი), ცივი, ნესტიანი კლიმატის მქონე ქვეყნებში. ცხელ და მშრალ ადგილებში ავადობა დაბალია, ხოლო ტროპიკულ ქვეყნებში თითქმის არ შეინიშნება. პერიოდულად, ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ, აღნუსხავენ ავადობის მაჩვენებელთა ზრდასა და კლებას. ქუნთრუშას აქვს იმდენად დამახასიათებელი სურათი: გამონაყარი, აქერცვლა, პირის ღრუს ცვლილებები, ანგინა, - რომ წარმოუდგენელია, სხვა დაავადებაში აგერიოთ. მშობლებს ვურჩევ: თუ თქვენს პატარას აქვს ქრონიკული ჩირქოვანი კერა, ყელიდან ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისას სტრეპტოკოკი (სტრეპტოცოცუს პუოგენეს) ამოეთესა, უნდა ჩაიტაროთ ანტიბიოტიკით მკურნალობის სრული კურსი, ხოლო თვით ჩირქოვანი კერა უნდა მოშორდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სტრეპტოკოკურმა ინფექციამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ორგანიზმს ისეთი გართულებების სახით, როგორიც არის რევმატიზმი, ნეფრიტი. ასე რომ, გირჩევთ, საქმეს გართულებამდე ნუ მიიყვანთ. 

რა საჭიროა ადენოიდების ამოკვეთა

administrator 20-08-2016, 00:39 1 380 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

რა საჭიროა ადენოიდების ამოკვეთა
 
 

კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ადენოიდები ვითარდება, უფრო სწორად, ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილი განიცდის ჰიპერპლაზიას (გადიდებას სტრუქტურული ელემენტების ინტენსიური გამრავლების გამო), ჯერ კიდევ უცნობია. სამაგიეროდ, კარგად არის ცნობილი ის გართულებები, რომლებიც არანამკურნალებ ადენოიდებს ახასიათებს. ბევრი უფრთხის მათ ამოკვეთას (ადენოტომიას). ამას თავისი საფუძველი აქვს. ასეა თუ ისე, ადენოიდების პრობლემა ფართოდ გავრცელებული და აქტუალურია.

- ცხვირ-ხახის ადენოიდები ცხვირ-ხახაში მდებარეობს. ისინი უნდა განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი რგოლი იმუნური სისტემისა, რომელიც შედგება ნუშურა ჯირკვლებისგან, ენისქვეშა ნუშურებისა და ცხვირ-ხახის ადენოიდებისგან. ეს ერთიანი სისტემა ასრულებს დამცველობით ფუნქციას, რაც ორგანიზმში შეჭრილი ვირუსების, ბაქტერიებისა და სხვა მიკრობების უვნებელყოფით გამოიხატება. ცხვირ-ხახის ადენოიდები შედგება პოხიერი უჯრედებისგან, რომლებიც გამოირჩევა განსხვავებული აგებულებითა და ფუნქციობით. ისინი ძლიერ სენსიტიურნი არიან ალერგენების მიმართ.

ალერგენსპეციფიკური IგE ანტისხეულები სისხლიდან აღწევს ქსოვილებში, სადაც პოხიერი უჯრედების ზედაპირზე იბოჭება. პოხიერი უჯრედები აქტიურდება მაშინ, როცა ალერგენის მოლეკულა ფიზიკურ კონტაქტში შედის მათ ზედაპირზე არსებულ IგE ანტისხეულებთან, რომლებსაც ამ ალერგენის ამოცნობის უნარი აქვთ და იწყება ალერგიული რეაქცია. 

პოხიერი უჯრედებისგან გამოთავისუფლდება ისეთი მედიატორები, როგორებიცაა ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები, ციტოკინები. ამ ნივთიერებების გამოთავისუფლებას მოსდევს ქსოვილებში, ადგილობრივად, ანთებითი ცვლილებების განვითარება. სწორედ ჩამოთვლილი ნივთიერებები იწვევს ქრონიკული დაავადებებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს: შეშუპებასა და ლორწოვანის ჰიპერსეკრეციას. თუმცა ასეთი რეაქციები ყველა ადამიანს არ უვლინდება - აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ განწყობას.

- რა ასაკში ვითარდება ადენოიდები ყველაზე ხშირად?
- ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფია უმეტესად 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებთან გვხვდება, თუმცა იშვიათად სიცოცხლის პირველ წლებში და სქესობრივი მომწიფების შემდეგაც შეინიშნება. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ბავშვთა ინფექციები, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული და მიკრობული დაავადებები, ალერგია და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მემკვიდრეობითი ფაქტორი. 

ზომის მიხედვით, განასხვავებენ ადენოიდების ჰიპერტროფიის სამ ხარისხს.

- უმეტესად რა სიმპტომებით ვლინდება ადენოიდები?
- ადენოიდების ჰიპერტროფია კლინიკურად შეიძლება სხვადასხვა სიმპტომით გამოვლინდეს. პაციენტებს ძირითადად აღენიშნებათ ცხვირით სუნთქვის გაძნელება და უხვი ლორწოვანი გამონადენი, რის გამოც ბავშვებს პირღიას სძინავთ და ხვრინავენ.

- რა გართულებებს აძლევს დასაბამს არანამკურნალები ადენოიდები?
- ადენოიდების ჰიპერტროფიის ხშირი გართულებაა შუა ყურის დაავადებები: ექსუდაციური ოტიტი და შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთება, რაც გამოწვეულია ადენოიდების მიერ ევსტაქის მილის დახშობით და შუა ყურის ნორმალური ვენტილაციის მოშლით. ასევე ხშირია თავის ტკივილი. პირი მუდმივად ღიაა, ქვედა ყბა დაშვებულია, მოგვიანებით სტადიებზე ბავშვებს სახის გამომეტყველებაც ეცვლებათ. ეს მათ აძლევს თავისებურ შესახედაობას, რომელსაც “ადენოიდური სახე” ეწოდება. ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ არასწორი თანკბილვა. ანთებითი პროცესები შესაძლოა გავრცელდეს ცხვირის დანამატ წიაღებშიც. 

- რას გულისხმობს ადენოიდების მკურნალობა?
- ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფიის კონსერვატიული მკურნალობა უმთავრესად სიმპტომურია, ანუ გართულებების მკურნალობას გულისხმობს. ძირითადი დაავადების კონსერვატიული მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია.

- გამოდის, რომ ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა... რა უკუჩვენებები აქვს ადენოტომიას?
- როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხვირ-ხახის ადენოიდები ორგანიზმის დამცველობითი სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია, ამიტომ საჭიროა, ზუსტად და დროულად განისაზღვროს ქირურგიული მკურნალობის ჩვენება. ექიმმა უნდა შეაფასოს პაციენტის საერთო მდგომარეობა, გართულების რისკი და ქირურგიული მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტურობა. ადენოტომიის უკუჩვენებებია სისხლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, ასევე - რბილი სასის პათოლოგია, ცხვირისა და ხახის მწვავე დაავადებები.

- რამდენად ხშირია რეციდივი?
- ლიმფოიდურ ქსოვილს პროლიფერაციის უნარი აქვს, ამიტომ ოპერაციის შემდეგ ზოგჯერ მოსალოდნელია რეციდივიც, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხვირ-ხახაში თუნდაც უმნიშვნელო ოდენობის ქსოვილი დარჩა. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რეციდივი ტექნიკურად უნაკლოდ ჩატარებული ოპერაციის შემდეგაც განვითარდეს.

Е ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა ემბრიონში ნევროლოგიური და ფიზიოლოგიური გადახრები გამოიწვიოს

administrator 19-08-2016, 23:30 1 323 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

Е ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა ემბრიონში ნევროლოგიური და ფიზიოლოგიური გადახრები გამოიწვიოს
 

რაციონში Е ვიტამინის ნაკლებობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. მეცნიერების აზრით, Е ვიტამინის ნაკლებობისას ვეღარ ხერხდება დეკოზაჰექსაენის მჟავას კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ომეგა-3 ცხიმოვანი მაჟავაა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტვინისა და უჯრედების განვითარებისათვის.

Е ვიტამინის დეფიციტისას, ემბრიონებს ფიზიკური ანომალიები განაყოფიერებიდან უკვე ორი დღის შემდეგ აღენიშნებოდა. დეკოზაჰექსაენის მჟავას დონის დაქვეითებასთან არის დაკავშირებული მეხსიერების შესუსტება და ინტელექტის დაქვეითება. ორსულ ქალებში Е ვიტამინის დეფიციტი იწვევს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას. მეცნიერების აზრით, Е ვიტამინის დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის 15 მგ-ს შეადგენს.

იცით თუ არა, რისთვის სჭირდება ადამიანს ბრმა ნაწლავი?

administrator 19-08-2016, 23:26 2 500 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

იცით თუ არა, რისთვის სჭირდება ადამიანს ბრმა ნაწლავი?
 

გასულ საუკუნეში, ზოგიერთ ქვეყანაში, ყველა ბავშვს, აპენდიციტის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, იძულებით აჭრიდნენ აპენდიქსს. თუმცა აღმოჩნდა, რომ აპენდიქსი სულაც არ არის რუდიმენტი. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის იმუნურ სისტემაში და წარმოადგენს მიკროორგანიზმების ერთგვარ თავშესაფარს. როდესაც ნაწლავში, დაავადების შედეგად, იღუპება ბუნებრივი ფლორა, სწორედ აპენდიქსიდან ხდება მისი აღდგენა.

მწვავე მუცლის ტკივილი გასტროენტეროლოგია

administrator 19-08-2016, 23:19 2 314 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

მწვავე მუცლის ტკივილი გასტროენტეროლოგია

მუცლის  ტკივილი    ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე  ხშირი, მაგრამ
არასპეციფიური სიმტომია.  მუცლის ტკივილით გამოვლინდება მუცლის ღრუს გასტროენტეროლოგიური და არაგასტროენტეროლოგიური პათოლოგია, ექსტრაამდომინური, მათ შორის ინფექციური დაავადებები, ზოგჯერ სისტემური დაავადებები.
       მუცლის ტკივილი  მანიფესტაცია შესაძლებელია იყოს მწვავე და   ქრონიკული ( მორეციდივე). მუცლის ტკივილს მწვავე ეწოდება , თუ ის გრძელდება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში    ( არაუმეტეს 7 დღისა) და მნიშვნელოვნად აისახება  
    ბავშვებისთვის ჩვეულ   ფიზიკურ აქტივობაზე. თუ ტკივილი გრძელდება 6 საათზე მეტ ხანს , მიზეზი დიდი ალბათობით მწვავე ქირურგიული  პათოლოგიაა. შემთხვევების 22 % იდენტიფიცირდება როგორც „მწვავე მუცელი“
ანამნეზის შეკრების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ

           მონაცემებზე

·         ასაკი- სხვადახვა ასაკში ტკივილის გამოხატვა სხვადასხვაგვარია.
·         სქესი- მოზარდ გოგონებში უნდა დაზუსტდეს ბოლო მენსტრუაციის ვადა და სქესობრივი აქტივობა.
·         მითითება ტრავმაზე. მუცლის დახურული ტრავმა უკავშირდება უბედურ შემთხვევებს , ავტოკატასტროფას, დაცემას ან ძალადობას.
·         ქირურგიული ჩარევის ფაქტი წარსულში. ეჭვს ბადებს შეხორცებით გაუვალობაზე, ჰირშპრუნგის დაავადების გართულებებზე ( ობსტრუქცია, ფულმინანტური ენტეროკოლიტი;

მუცლის ტკივილი


მუცლის ტკივილის თავისებურებები.

·         ტიპი ( მუდმივი, ეპიზოდური, შეტევითი)
·         ხასიათი ( ყრუ, მჭრელი, მჩხვლეტავი, მფეთქავი)
·         ლოკალიზაცია და ირადიაცია
·         დაწყების დრო, ხანგრძლივობა და ინტენსიობა
·         ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ტკივილის ტკივილის გაძლიერებას ან შესუსტებას.

  პერიოტონეუმის გაღიზიანების დროს ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც ცვლის მუცლის პრესის   დაჭიმულობის ხარისხს (მანქანით მგზავრობა, სიარული) ტკივილს აძლიერებს, იგივე სიტუაციაში ვისცერული ორგანოებიდან წამოსული ტკივილი მხოლოდ დისკომფორტად აღიქმება. ღებინების შემდეგ ინტენსიობის შემცირება უფრო მეტად კუჭის და წვრილი  ნაწლავების პათოლოგიას ახასიათებს, დეფეკაციის შემდეგ კი- მსხვილი ნაწლავის.
   
             ასოცირებული მდგომარეობები და სიმპტომები

ცხელება (64%) უხშირესად ინფექციურ დაავადებაზე მეტყველებს. აბდომინური სინდრომით მანიფესტირდება: სტრეპტოკოკური ფარინგიტი, ვირუსული ფარინგიტი, საშარდე გზების ინფექცია, ქვედა წილის ლობალური პნევმონია, მენჯის ანთებითი დაავადება.
ღებინება (42%) მუცლის ტკივილი და ღებინება დიარეის გარეშე უფრო ქირურგიული დაავადებას ახასიათებს ( გაუვალობა, ინვაგინაცია, წვრილი ნაწლავების ობსტრუქცია, აპენდიციტი)
დიარეა   მუცლის ტკივილი და დიარა უხშირესად ასოცირებულია ინფექციურ გასტროენტერიტთან, საშარდე გზების ინფექციასთან, ჰემოლიზურ – ურემიული სინდრომთან, ნაწლავის ანთებით დაავადებასთან. ინვაგინაციას ახასიათებს სისხლიანი დიარეა. დიარეა შესაძლებელია ახლდეს აპენდიციტს.
   ფონური დაავადებები. ნამგლისებრ –ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოოკლუზიური კრიზი,    ნამგლისებური ანემიის და ცისტური ფიბროზის დროს ხშირია ქოლეცისტიტის  განვითარება. დიაბეტით დაავადებულებში მუცლის მწვავე ტკივილის დროს უნდა გამოირიცხოს დიაბეტური კეტოაციდოზი. ნეფროზული სინდრომით დაავადებულებში მუცლის მწვავე ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს პირველად ბაქტერიული პერიტონიტი.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ