(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

სეფსისი

administrator 12-08-2016, 15:31 1 237 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 
სეფსისი

სეფსისი პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარობაა, რომელიც ინფექციური დაავადების გართულების შედეგად ვითარდება. ინფექციასთან ბრძოლის მიზნით ორგანიზმის მიერ სისხლში გარკვეული ქიმიური ნივთიერებები გადმოისროლება. აღნიშნულმა ქიმიურმა ნივთიერებებმა ზოგიერთ შემთხვევაში ჭარბი ანთებით რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამ მდგომარეობას წარმოადგენს სეფსისი. ანთებითმა პროცესმა ცვლილებათა მთელი კასკადი შეიძლება ჩართოს, რასაც საბოლოო ჯამში ორგანოების მძიმე დაზიანება და მათი უკმარისობა მოყვება.  

 

ყველაზე ხშირად სეფსისი შემდეგი ინფექციური დაავაებების ფონზე ვითარდება:

  • პნევმონია
  • მუცლის ღრუს ორგანოების ინფექცია
  • თირკმლის ინფექცია
  • სისხლის ინფექცია (ბაქტერიემია).

 

სეფსისის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია:

  • მცირეწლოვან და ხადაზმულ პირებში
  • დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირებში
  • მძიმე დაავადების მქონე პირებში, განსაკუთრებით მათში, ვინც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გადიან მკურნალობას
  • ჭრილობებისა და დაზიანებების მქონე პირებში, მაგალითად დამწვრობა
  • პირებში, რომელთაც სამედიცინო ხელსაწყოები აქვთ მკურნალობის მიზნით ორგანიზმში ჩადგმული, მაგალითად: ინტრავენური კათეტერი ან სასუნთქი მილი.

 

სეფსისის მიმდინარეობაში 3 ეტაპი გამოიყოფა: სეფსისი, მძიმე სეფსისი და სეპტიური შოკი.

პირველი ეტაპისათვის - სეფსისისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • სხეულის მაღალი ან დაბალი ტემპერატურა
  • 90-ზე მაღალი გულისცემის სიხშირე
  • წუთში 20-ზე მეტი სუნთქვის სიხშირე
  • სავარაუდო ან დადასტურებული ინფექცია.

მეორე ეტაპი - მძიმე სეფსისი შემდეგი ნიშნებით ხასიათდება:

  • შარდის გამოყოფის შემცირება
  • ცნობიერების უეცარი შეცვლა
  • გაძნელებული სუნთქვა
  • მუცლის ტკივილი
  • ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკლვევებით აღინიშნება გულის კუმშვადი ფუნქციის დაქვეითება და თრომბოციტების (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის უჯრედები) რაოდენობის შემცირება

 

მესამე სტადიის ანუ სეპტიური შოკის შემთხვევაში მძიმე სეფსისისთვის დამახასითებელ სიმპტომებსა და ნიშნებს ემატება მკვეთრად დაქვეითებული არტერიული წნევა, რომელიც სითხეების გადასხმის ფონზე ნაკლებად იმატებს.

 

სეფსისის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ვინაიდან სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც სეფსისის დროს ვლინდება, სხვა პათოლოგიებსაც ახასიათებს. გამომწვევი ინფექციის გამოსავლენად ხშირად მრავალრიცხოვანი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება ხდება საჭირო.

 

სეფსისის მქონე პაციენტი აუცილებლად საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა მოთავსდეს, ვინაიდან ის ინტენსიურ ზედამხედველობასა და მკურნალობას საჭიროებს. 

ყელ-ყურის განყოფილება ემსახურება ყელის, ცხვირისა და ყურის არეში არსებული პრობლემებით დაავადებულ ასევე ოპერაციულ ნაწილში.

administrator 12-08-2016, 09:15 939 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / ყელ-ყური

  

ყელ-ყურის განყოფილება ემსახურება ყელის, ცხვირისა და ყურის არეში არსებული პრობლემებით დაავადებულ ასევე ოპერაციულ ნაწილში.

ყელ-ყურის განყოფილებაში ხორციელდება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა ფარინგიტი, კარინგიტი, ტონზილიტი, სფენოიდიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი, სფენოიდიტი, შუა ყურის ანთებითი დაავადებები  ოტიტები, ევსტაქიტები, ცხვირისა და ყურის ფურუნკულები, კოხლეალური ნევროტები. აქვე ხორციელდება წინა, უკანა ტამპონა და ცხვირიდან სისხლდენების დროს, ჰაიმორიტის ღრუს „კუკუშკა“ ამორეცხვები. გ.ს.მ-ის გოგირდ საცობების ამორეცხვები, პოლიტცერის ბალონით დაბერვები, ცხვირის, ხახისა და ხორხის უცხო სხეულების ამოღება, ცხვირის მოტეხილობის ჩასწორება ცხვირის ძვლების რეპოზიცია დახურული მეთოდით, პარატონზილარული აბსცესების გაკვეთა.

ყელ-ყურის საოპერაციო ბლოკში კი მიმდიარეობს ოპერაციები ზოგადი ანესთეზიით პირის ღრუს და ცხვირზე, კერძოთ: ტონზილექტომია, ადენოტომია, ოპერაცია ცხვირის ძგიდეზე სეპტოპლასტიკა, ნიჟარებზე ტირბინოპლასტიკა და ულტრაბგერითი დეზინტეგრაცია, ასევე ხორციელდება ცხვირის ფორმის შეცვლა რინოპლასტიკა.

ყელ-ყურის საოპერაციო ბლოკშივე მიმდინარეობს ოპერაციები ყბა-სახეზეც, რომელსაც ახორციელებენ ყბა-სახის ქირურგები.

ზამთრის ტრავმები და პირველი დახმარება

administrator 11-08-2016, 15:48 980 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / ტრამვატოლოგია


სტატისტიკურად, ზამთარში ტრავმის ძირითადი მიზეზი ბანალური სიჩქარეა. ბევრი უბრალოდ ვერ ამჩნევს თოვლით დაფარულ ყინულს, ეცემა და შავდება. შედარებით გავრცელებული ტრავმაა კიდურის მოტეხილობა, რაც იმის შედეგია, რომ დაცემისას ადამიანი ინსტინქტურად ხელს წინ სწევს და მთელი ტანით ეცემა მასზე. უხერხულად დადგმული ფეხი კი წვივის არეში ტყდება. ქალებთან ამას ხელს უწყობს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ხანდაზმული ადამიანები მეტწილად სხეულის ასაკობრივი თავისებურებების - მომატებული სიმყიფის, იოგებისა და კუნთური კარკასის ნაკლები ელასტიკურობის გამო შავდებიან. მათ ხშირად აღენიშნებათ ხერხემლისა და ბარძაყის ყელის მოტეხილობა. ხანდაზმულ ასაკში მცირე ტრავმამაც კი შეიძლება მოტეხილობა გამოიწვიოს. ასიდან 95 შემთხვევაში დაშავებული ქალია. ზოგიერთი შინაგანი და გარეგანი ფაქტორის შეცვლით ზამთრის ტრავმების თავიდან აცილება შესაძლებელია. თუ გარეგან ფაქტორებზე ზემოქმედება ჩვენს ძალებს აღემატება, შინაგანი ფაქტორების შეცვლა უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია. საკმარისია, დავიცვათ უსაფრთხო ცხოვრებისა და საგზაო მოძრაობის წესები.


როგორ დავეცეთ სწორად
თუ გრძნობთ, რომ ეცემით, შეეცადეთ ჩაჯდეთ - დაცემის სიმაღლე შემცირდება. ამასთან, შეეცადეთ მოახერხოთ სხეულის ერთგვარი შეჯგუფება - ნიკაპი გულმკერდზე მიიდეთ, ხელის მტევნები მუცლისკენ წაიღეთ, იდაყვები გვერდებზე მიიბჯინეთ. მხრები წინ წამოსწიეთ, ხოლო ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ. თუ მოცურებისას წონასწორობა დაკარგეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაეცეთ გამართული ხელებით. შეეცადეთ, გვერდზე შებრუნდეთ, რათა დაცემა სხეულის გვერდით ზედაპირზე მოხდეს. ამით ტრავმისგან დაიცავთ ხერხემალს, თეძოებსა და კიდურებს. ეს ილეთი რეკომენდებულია 50 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის. თუ ზურგზე ეცემით, ნიკაპი მკერდთან მიიტანეთ, ხელები რაც შეიძლება ფართოდ გაშალეთ - ეს ქალა-ტვინის ტრავმისგან დაგიცავთ. თუ მოყინული კიბიდან ვარდებით, მნიშვნელოვანია სახისა და თავის დაცვა. შეეცადეთ, ისინი ხელებით დაიფაროთ. ნუ ეცდებით დამუხრუჭებას ხელ-ფეხის გაშლით - ეს მხოლოდ მოტეხილობათა რაოდენობას გაზრდის.

როგორ ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი ტრავმები
ზამთრის ტრავმების თავიდან ასაცილებლად უნდა დავიცვათ მარტივი წესები:

  • უნდა გვეცვას ბრტყელლანჩიანი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი კვადრატული ფორმის ქუსლით. უმჯობესია, ლანჩა მსხვილწიბოვანი იყოს, რათა არ ცურავდეს.
  • ყინულზე რაც შეიძლება ნელა, მოკლე ნაბიჯებით უნდა ვიაროთ.
  • ხანდაზმულმა ადამიანებმა, რეკომენდებულია, ფეხსაცმლის ლანჩაზე დაიმაგრონ ყინულსაწინააღმდეგო ზესადები.
  • სპორტის ექსტრემალური სახეობის მიმდევრებს უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა მოუწევთ. მათ უნდა გამოიყენონ ყველა დამცავი აქსესუარი - საიდაყვეები, სამუხლეები, ჩაფხუტი და სხვა.
  • ბავშვებს უნდა ვასწავლოთ უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა თხილამურებით, ციგურებითა და ციგით სრიალის დროს, უზრუნველვყოთ ისინი დამცავი საშუალებებით, ხოლო ტრავმის შემთხვევაში შეგვეძლოს პირველი დახმარების გაწევა.
როგორ გავუწიოთ პირველი დახმარება
სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ზამთრის ტრავმების დროს დაშავებულთა ნახევარზე მეტის პირველი დახმარება და სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება არასწორად ხდება, რაც ამძიმებს ტრავმას და ართულებს შემდგომ მკურნალობას. პირველი დახმარების მეთოდი ტრავმის სახეობაზეა დამოკიდებული. დაჟეჟილობა ყველაზე გავრცელებული ტრავმაა. ის მაგარ, ბლაგვ საგანზე დაცემისას წარმოიშობა. ტკივილი, ჩვეულებრივ, არც ისე ძლიერია, აღმოცენდება უშუალოდ დარტყმისას ან ტრავმიდან ცოტა ხნის შემდეგ. შეშუპება შედარებით სწრაფად ვითარდება, ხოლო სისხლჩაქცევა - რამდენიმე საათის შემდეგ. ღრმა ქსოვილების ტრავმისას შესაძლოა 2-3 დღის შემდეგაც კი იჩინოს თავი. დაჟეჟილი კიდურის ფუნქცია უმნიშვნელოდ ირღვევა. დაჟეჟილობის დროს პირველი დახმარება მიზნად ისახავს სისხლჩაქცევის შემცირებას და ტკივილის მოხსნას. დაჟეჟილ უბანს აგრილებენ (ყინულის ბუშტით, ცივი კომპრესით, სველი ხელსახოცით, ცივი ლითონის საგნით) და ასვენებენ: ხელს კისერზე ჩამოკიდებენ, სახსარს რვიანისმაგვარი ნახვევით ან არტაშნით აფიქსირებენ. სილურჯის გაწოვის დასაჩქარებლად უსვამენ ჰეპარინის ან ტროქსევაზინის მალამოს - ის შედედების საშუალებას არ აძლევს ჩაქცეულ სისხლს და ეს უკანასკნელიც სწრაფად, ტკივილისა და შეშუპების გარეშე გაიწოვება. კარგია კანზე იოდის ბადის წასმაც. თავის, გულმკერდის და მუცლის დაჟეჟილობას შესაძლოა თან ახლდეს ფარული დაზიანებები, ამიტომ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. დააკვირდით დაჟეჟილ ადგილას წარმოქმნილ სილურჯეს. თუ ის ფერს იცვლის და ბაცდება, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. თუ წითლდება და, ამასთან, შეშუპება და ტკივილიც იმატებს, შესაძლოა დაჩირქება იწყებოდეს. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ამოვარდნილობა (ნებისმიერი სახსრის შემადგენლობაში შემავალი ძვლების ბოლოების შეცილება) მოსალოდნელია დაცემის, დარტყმის, უხერხული მოძრაობის დროს. ტრავმის მომენტში გრძნობთ მკვეთრ და ინტენსიურ ტკივილს. სახსარში ჩვეულებრივი მოძრაობა შეუძლებელი ხდება. სახსარი დეფორმირდება, ფორმასა და კონფიგურაციას იცვლის. პირველი დახმარება ტკივილის შესამცირებლად და შეშუპების შესაჩერებლად უნდა იყოს გამიზნული. ამისთვის სახსარზე ცივს ადებენ, ხოლო კიდურს აფიქსირებენ. აუცილებელია დაშავებულის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ ამოვარდნილობის ჩასწორებას, თუ საამისო ცოდნა არ გაგაჩნიათ. მოტეხილობა შეიძლება იყოს და­ხურულიც (როცა კანის საფარი დაურ­ღვეველია) და ღიაც (როცა კანი გაგ­ლეჯილია). მოტეხილობაზე მიუთითებს დაშავებული კიდურის მწვავე ტკივილი, რომელიც მცირედი მოძრაობის დროსაც კი ძლიერდება. ეს მოძრაობას შეუძლებელს ხდის. კიდურს აქვს არაბუნებრივი ფორმა, რადგან მისი ღერძი იცვლება, ხოლო კუნთები იკუმშება. ღია მოტეხილობის დროს ჭრილობაში ზოგჯერ ჩანს მოტეხილი ძვლის ბოლო. პირველი დახმარება გულისხმობს მოტეხილი კიდურის ფიქსაციასა და მოსვენებას. არტაშნად გამოიყენეთ ნებისმიერი რამ, რაც ხელში მოგხვდებათ - ჯოხი, დაფა, მსხვილი ტოტები. შარფით ან ქამრით ისე დაამაგრეთ მასზე კიდური, რომ ორი მეზობელი სახსარი დააფიქსიროთ. მაგალითად, წვივის ძვლების მოტეხილობისას არტაშანი აუცილებლად უნდა ეხებოდეს მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრებს. ასე მოტეხილი ადგილი უძრავი დარჩება და ძვლის ნამტვრევები ერთმანეთს აღარ მოსცილდება, რითაც თავიდან ავიცილებთ ირგვლივ არსებული ქსოვილების ტრავმასა და ტკივილს. თუ შესაფერისი ვერაფერი იპოვეთ, ტრავმირებული ფეხი მიაბით ჯანსაღს, ხოლო ხელი - ტანს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეთ დაშავებული საავადმყოფოში. გახსოვდეთ, ყურადღება და სიფრთხილე ტრავმების პროფილაქტიკის საუკეთესო გზაა.

ღვიძლის ფუნქციური სინჯები

administrator 28-07-2016, 23:09 1 634 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ღვიძლის ფუნქციური სინჯები

ამ გამოკვლევის პასუხში რომ ჩაიხედოთ, შესაძლოა ვერც კი მიხვდეთ, რომელ ორგანოს ეხება საქმე. ძნელად თუ მოიძებნება სხვა გამოკვლევა, ამდენ უცნობ და ერთი შეხედვით უცნაურ მაჩვენებელს რომ მოიცავდეს: ალანინამინოტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა, გლუტამინამინოტრანსფერაზა...
მოკლედ, თუ ექიმმა ღვიძლის ფუნქციური სინჯების ჩატარება მოგთხოვათ, თქვენ კი გამოკვლევის შემდეგ იმაზე დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდით, ვიდრე მანამდე იყავით და ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუგებარი ტერმინების გამო უფრო ბუნდოვანი გეჩვენებათ, ჩვენ დაგეხმარებით. ერთად გავიგოთ, როდის ტარდება ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა, რაზე მიუთითებს ამა თუ იმ მაჩვენებელის ცვლილება და რა წესები უნდა დავიცვათ სინჯის აღებისას. გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ექიმი ლაბორანტი ნანა ხასია.
– რა დანიშნულება აქვს ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს, რას გვიჩვენებს ეს გამოკვლევა?
– ღვიძლი, მოგეხსენებათ, ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მას უამრავი სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქცია აკისრია – ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობა, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტების (მათ შორის – საჭმლის მომნელებელი ფერმენტების) წარმოქმნა და სხვა, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მთელ ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. სწორედ ამ ორგანოს ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად ტარდება ფუნქციური სინჯები.
– რა წესები უნდა დავიცვათ სინჯის აღებისას?
– სასურველია, ეს მოხდეს დილით, უზმოზე. მანამდე, 24 საათის განმავლობაში, პაციენტმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი, ერიდოს ცხიმიან საკვებს, ფიზიკურ დატვირთვას. სისხლის აღება შესაძლებელია კლინიკაშიც და ბინაზეც. ანალიზის პასუხი იმავე დღეს ხდება ცნობილი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ექსპრესდიაგნოსტიკაც, რაც სულ ერთ საათს მოითხოვს.
– სახელდობრ, რომელ დაავადებებზე ეჭვის შემთხვევაში ტარდება ეს გამოკვლევა?
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მრავალ დაავადებას შეუძლია. ესენია ღვიძლის მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები (სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტები), ღვიძლის ციროზი, სიმსივნური დაავადებები, სანაღვლე გზების პათოლოგიები (სანაღვლე გზების დახშობა – მექანიკური სიყვითლე), ორგანიზმის ინტოქსიკაცია (ალკოჰოლით, სხვადასხვა მედიკამენტით, ტოქსინებით), ღვიძლის თანდაყოლილი დაავადებები და სხვა. ამ დაავადებებზე ეჭვი, ცხადია, განსაზღვრული სიმპტომების საფუძველზე მიგვაქვს. ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომი, რომლის დროსაც აუცილებლად მიიჩნევა ღვიძლის ფუნქციური სინჯების აღება, კანისა და ლორწოვანის სიყვითლეა. გარდა ამისა, ექიმის გონივრული ეჭვის შემთხვევაში, პაციენტის ანამნეზის გათვალისწინებით, ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევის ჩატარება შესაძლოა საჭირო გახდეს ღებინების, ქავილის, სისუსტის, დაღლილობის შეგრძნების, შრომის უნარისა და მადის დაქვეითების, შარდის გამუქების, განავლის ფერის შეცვლის (ე.წ. აქოლიური განავლის) დროს.
– პირველი მაჩვენებლები, რომლებსაც გამოკვლევის პასუხში ვხვდებით, ალანინამინოტრანსფერაზა და ასპარტატამინოტრანსფერაზაა. რა არის ეს და რაზე მიუთითებს მათი დონის მომატება ან დაქვეითება?
– ალანინამინოტრანსფერაზა (ALT) და ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) ღვიძლის ფერმენტებია, რომლებიც სხვადასხვა ამინმჟავას სინთეზში მონაწილეობს. დიდი რაოდენობით გვხვდება როგორც ღვიძლის უჯრედებში, ასევე გულისა და ჩონჩჩხის კუნთებშიც. ნორმაში სისხლში მათი მაჩვენებელი დაბალია. როდესაც პათოლოგიური პროცესი ღვიძლის, ჩონჩხის ან გულის კუნთის უჯრედებს აზიანებს, სისხლში ამ ფერმენტების რაოდენობა იმატებს. სახელდობრ, ასე ხდება სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტების, ღვიძლის ციროზის, ღვიძლის პირველადი თუ მეტასტაზური სიმსივნეების, გამოხატული პანკრეატიტის, გულის უკმარისობის, მიოკარდიუმის გავრცობილი ინფარქტის, მიოკარდიტის, მიოზიტის, კუნთოვანი დისტროფიის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, მძიმე დამწვრობისა და ტოქსინებით მოწამვლის დროს.
პათოლოგიის შემთხვევაში, როგორც ითქვა, სისხლში იმატებს ორივე ფერმენტის დონე, მაგრამ ღვიძლის დაავადებების დროს უპირატესად ALT-ს მატება შეინიშნება, ხოლო მოკარდიუმის ინფარქტისა და ჩონჩხის კუნთების დაზიანების დროს – AST-სი. ეს ფაქტორი, ერთი მხრივ, ღვიძლის, მეორე მხრივ კი გულისა და ჩონჩხის კუნთების დაავადებათა დიფერენცირებაში გვეხმარება.
ALT-სა და AST-ს დონის შემცირებას ვიტამინ B6-ის უკმარისობა იწვევს, რაც ხშირად გვხვდება ორსულობის, ჰიპოვიტამინოზისა და ღვიძლის უკმარისობის დროს.
– რას გვეტყვით გამაგლუტამილტრანსფერაზაზე?
– გამაგლუტამილტრანსფერაზა ღვიძლის ყველაზე მაღალმგრძნობიარე ფერმენტია. ის საშუალებას გვაძლევს, ზოგიერთი დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვავლინოთ, მაშინ, როდესაც ღვიძლის სხვა ფერმენტების დონე ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებშია. მისი გამოკვლევა რეკომენდებულია ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. ამ ფერმენტის დონე იმატებს მწვავე ინფექციური და ტოქსიკური ჰეპატიტების, ღვიძლის ციროზის, ღვიძლშიდა და ღვიძლგარეთა სანაღვლე სადინარების დახშობის, ღვიძლის პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნური პროცესების, ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, გულისა და პანკრეასის ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში. გამაგლუტამილტრანსფერაზას მომატება შესაძლოა გამოწვეული იყოს ზოგიერთი პრეპარატის (ესტროგენების, კონტრაცეპტივების) მიღებითაც, რაც, ბუნებრივია, უნდა გავითვალისწინოთ ანალიზის პასუხის ინტერპრეტირებისას.
– ღვიძლის ფუნქციური სინჯებით ირკვევა ტუტე ფოსფატაზას რაოდენობაც. მას რა ფუნქცია აკისრია?
– ტუტე ფოსფატაზა ფერმენტია, რომელიც თითქმის ყველა ქსოვილში გვხვდება, უმთავრესად კი ღვიძლისა და სანაღვლე გზების უჯრედებსა და ძვლებში იყრის თავს და იქ მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს. ტუტე ფოსფატაზის კვლევა ტარდება ღვიძლისა და ძვლის დაავადებების სადიაგნოსტიკოდ. როდესაც მიზეზთა გამო ღვიძლი ზიანდება, სისხლში ტუტე ფოსფატაზის დონე იმატებს. მატება შეინიშნება სანაღვლე გზების დახშობის დროსაც.
ტუტე ფოსფატაზა ძვლის ზრდაში მონაწილეობს, ამიტომ მისი აქტივობა ბავშვის სისხლის შრატში უფრო მაღალია. მისი ფიზიოლოგიური მატება შეინიშნება ორსულობის, მოტეხილი ძვლის შეხორცების დროსაც. რაც შეეხება დააავადებებს, რომლებიც ტუტე ფოსფატაზის მატებას იწვევს, მათ ნუსხაში შედის ძვლოვანი სისტემის ზოგიერთი დაავადება, სანაღვლე გზების დახშობა, მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის სიმსივნური დაავადებები, ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლის დაზიანება. ფერმენტის დონე იკლებს ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების, მძიმე ანემიისა და კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენების დროს.
– ღვიძლის ფუნქციური სინჯებით განისაზღვრება საერთო და პირდაპირი, ე.წ. კონიუგირებული ბილირუბინი. რა არის ბილირუბინი, რა განსხვავებაა მის საერთო და კონიუგირებულ მაჩვენებლებს შორის და რომელ დაავადებაზე მიუთითებს მათი ცვლილება?
– ბილირუბინი ყვითელი პიგმენტია, რომელიც ნაღვლის შემადგენლობაში შედის. იგი ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტია. სისხლში ბილირუბინი ორი – არაპირდაპირი და პირდაპირი ანუ კონიუგირებული ფორმით გვხვდება. საერთო ბილირუბინი სუფთა სახით ორგანიზმში არ მოიპოვება, ეს პირდაპირი და არაპირდაპირი ბილირუბინის საერთო ოდენობაა. ჰემოგლობინის დაშლის შედეგად წარმოიქმნება არაპირდაპირი ბილირუბინი, რომელიც განსაზღვრული ბიოქიმიური პროცესების შედეგად გლუკურონის მჟავასთან რეაქციაში შედის. ასე წარმოიშობა პირდაპირი ანუ კონიუგირებული ბილირუბინი, რომელიც ნაკლებად ტოქსიკური და მეტად ხსნადია. პირდაპირი ბილირუბინი კარგად იხსნება ნაღველში, საიდანაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ხვდება და ბუნებრივი გზით ტოვებს ორგანიზმს.
საერთო ბილირუბინი უმთავრესად არაპირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე იმატებს. ასე ხდება ჰემოლიზური და პერნიციოზული ანემიების, ტრანსფუზიული რეაქციის, ღვიძლის ციროზის, ჟილბერის სინდრომის დროს. პირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე საერთო ბილირუბინის მატება კი დამახასიათებელია ვირუსული ჰეპატიტებისთვის, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებისთვის, ციროზისთვის, ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტებით ღვიძლის დაზიანებისთვის, სანაღვლე სადინარების დახშობისთვის.
ახალშობილებთან ბილირუბინის დონის მატება ფიზიოლოგიურია და რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ორ კვირაში, უბრუნდება ნორმას, მაგრამ თუ მისი დონე კრიტიკულ ზღვარზე მაღალია ან სწრაფად იმატებს, აუცილებელია მიზეზის დადგენა. მიზეზი შეიძლება იყოს რეზუსკონფლიქტი, თანდაყოლილი ინფექცია, ჰიპოქსია, ზოგიერთი გენეტიკური დაავადება, ღვიძლის პათოლოგია. ამ შემთხვევაში საერთო ბილირუბინი, წესისამებრ, არაპირდაპირის ხარჯზე იმატებს. პირდაპირი ბილირუბინის დონის მომატება იშვიათია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს სანაღვლე გზების ატრეზია და ნეონატალური ჰეპატიტი.
– შესაძლოა თუ არა, ტესტმა ცრუ შედეგი აჩვენოს?
– თანამედროვე ანალიზატორების მეშვეობით მარტივად განისაზღვრება სხვადასვა ფაქტორის გავლენა ტესტის შედეგზე. ცრუ შედეგი, პრაქტიკულად, გამორიცხულია, თუ არ ჩავთვლით პაციენტის პრეანალიზურ მომზადებას.
– თუ ტესტმა დარღვევები გამოავლინა, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის სხვა მეთოდების გამოყენებაც. ყველაზე ხშირად რომელი გამოკვლევა მოსდევს ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს?
– ცხადია, ნებისმიერი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს სპეციალისტს, რომელიც სხვა სიმპტომებისა და ანამნეზის გათვალისწინებით შეურჩევს დამატებით გამოკვლევებს. შესაძლოა, საჭირო გახდეს A,B,C ჰეპატიტების, ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებების გამორიცხვა. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური გამოკვლევა, ფიბროსკანი, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა.

ტკივილი გულის არეში

administrator 28-07-2016, 15:01 1 872 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 

ტკივილი გულის არეში

 ტკივილი გულის არეში - რაზე მეტყველებს ის?გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ანუ გულის არეში აღმოცენებული ტკივილი სასწრაფო დახმარების გამოძახების ყველაზე ხშირი მიზეზია. ტკივილი გულის არეში, წარმოშობის მიზეზების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

  • ანგინოზური ტკივილი, რომელიც ვითარდება გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა სტადიების დროს. მას იწვევს მიოკარდიუმის განსაზღვრულ უბნებში სისხლის მიდინების შემცირება (სტენოკარდია, ინფარქტი),
  • ტკივილი გულის არეში, გამოწვეული გულის ანთებითი დაავადებებით, გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით ან ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიით,
  • არაკარდიული პათოლოგიით გამოწვეული ტკივილები.

  • როგორ განვასხვავოთ, ტკივილი გულის პათოლოგიით არის გამოწვეული თუ არა?

თუ ტკივილი გულის იშემიური დაავადების (სტენოკარდია, ინფარქტი) გამოვლინებაა, ასეთი ტკივილებისათვის დამახასიათებელია ტკივილის აღმოცენება ან გაძლიერება სიარულის, ემოციური დაძაბულობის დროს (ფიზიკური დატვირთვის ან ემოციური დაძაბულობის დროს ხდება სისხლის მიმოქცევის გაძლიერებაზე მოთხოვნილების აღმოცენება), და მისი შესუსტება ან გაქრობა მოსვენებისას. ასეთი ტკივილი ხშირად იხსნება ნიტროგლიცერინის მიღების ფონზე. ძალიან ძლიერი, ზეწოლითი, მოჭერითი ხასიათის ტკივილი, მკერდის ძვლის უკან ან მისგან მარცხნივ, რომელიც განიცდის ირადიაციას (გადაცემას) ხელში, კისერში, მარცხენა ბეჭში, ზოგჯერ ქვედა ყბაში ან კბილშიც კი, შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს. ამასთან, ის შეიძლება აღარ მოიხსნას ნიტროგლიცერინით.

რევმატიული დაავადებით გულის დაზიანების ფონზე აღმოცენებული ტკივილის მიზეზი არის გულის გარეთა გარსში - პერიკარდიუმში განვითარებული ანთებითი ცვლილებები. ასეთი ტკივილები, როგორც წესი, ხანგრძლივია, ხშირია მკერდის ძვლის უკან ტკივილი, რომელიც ძლიერდება სუნთვის, ხველების დროს. ასეთი ტკივილი არ იხსნება ნიტროგლიცერინით, მაგრამ შეიძლება შესუსტდეს ტკივილდამაყუჩებელი პრეპარატების დანიშვნის შემდეგ.

თუ ტკივილი გულის არეში იცვლება წინ დახრის ან სხეულის შემობრუნების დროს, ასევე ღრმა შესუნთქვისას და ამოსუნთქვის, ხელების მოძრაობის დროს ასეთი ტკივილი გამოწვეულია გულმკერდის რადიკულიტით. ნიტროგლიცერინისა და ვალიდოლის მიღება პრაქტიკულად არ ცვლის ტკივილის ინტენსივობას.

ძლიერი ტკივილი ნეკნთაშუა არეების გასწვრივ, ჩვეულებრივ, ჰერპეს ზოსტერის ადრეული გამოვლინებაა, ხოლო გულის არეში აღმოცენებული გახანგრძლივებული, შემაწუხებელი ყრუ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ან ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი ნევროზის გამოვლინებაა.

სტრესი და დეპრესია გამოვლინდება ძირითადად ტკივილით კისრისა და მხრის ნაწილში. ასეთი ტკივილი უმეტესწილად კუნთოვანი წარმოშობისაა. ხშირად ქოშინი, მოჭერითი ან ჩხვლეტითი ტკივილი გულის არეში დაკავშირებულია ნაწლავების შებერილობასთან, რაც დიაფრაგმის გზით აწვება გულის მწვერვალს და ამით ახდენს მისი ფუნქციის გაუარესებას. თუკი ტკივილის აღმოცენება გარკვეულად უკავშირდება განსაზღვრული სახის საკვების მიღებას, შესაძლოა მისი მიზეზი სწორედ ეს არის და არა გულის დაავადება. ნაღვლის ბუშტის ანთებით ან ნაღველკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული ტკივილი ასევე შეიძლება გამოვლინდეს გულის არეში ან ბეჭის მიდამოში განვითარებული ჭვალის სახით.

ტკივილის მიზეზი შესაძლოა გახდეს ხერხემლის გულმკერდის მიდამოს სხვადასხვა დაზიანება, მაგ. ოსტეოქონდროზი, ხერხემლის გამრუდება, დისკოზი და სხვ.

გულის არეში ტკივილის დროს, საჭიროა გავერკვეთ, თუ რამდენად სახიფათოა ის ჩვენი ჯანმრთელობისათვის და რამდენად საჭიროა სასწრაფოს გამოძახება. ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ტკივილის ხასიათი.

 გულის დაავადებების დიაგნოსტიკა ტკივილის ხასიათის გათვალისწინებით

დიაგნოზის დასმისათვის საჭიროა არამარტო ტკივილის ხასიათის გათვალისწინება და სწორი ინტერპრეტაცია, არამედ  საკმაოდ გულდასმითი გამოკვლევა, მათ შორის კარდიოლოგის კონსულტაციის აუცილებელი ჩართვა.

გულის დაავადების სიმპტომებია გულმკერდის მარცხენა ნახევარში აღმოცენებული ტკივილი, გულის ფრიალი, გულისცემისა და ”გამოვარდნების” შეგრძნება, ქოშინი, შეშუპება, გულის წასვლა, გონების უეცარი გაკარგვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალების 43% საერთოდ ვერ გრძნობს ტკივილს გულმკერდში და უჩივის ტკივილს ძირითადად ხერხემლის მიდამოში ან გულმკერდის ზედა ნაწილში. ქალებში გულის დაავადებების ნიშანი შეიძლება იყოს სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე, ცივი ოფლი და თავბრუსხვევა.

ნევროზების, გულის მანკების, ხერხემლის კისრისა და გულმკერდის ნაწილის, ასევე მთელი რიგი შინაგანი ორგანოების დაავადებებით გამოწვეული ტკივილი ძალიან ხშირად ემგვანება სტენოკარდიულ შეტევას, ამიტომ დიაგნოზის დადგენა შეუძლია მხოლოდ ექიმ-კარდიოლოგს.  

გამოკვლევის აუცილებელ ნაწილს შეადგენს ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), ტრედმილ-ტესტი (ეკგ-ს ჩაწერა ფიზიკური დატვირტვის დროს) და ჰოლტერის მონიტორირება ( ეკგ-ს დღე-ღამური ჩაწერა).

გულის აუსკულტაციის (მოსმენის) დროს გამოვლენილი შუილების ჩაწერა და ანალიზი ხდება ფონოკარდიოგრაფიის მეთოდით.

ექოკარდიოგრაფიის მეთოდით ხდება ულტრაბგერის საშუალებით გულის კუნთისა და სარქველების მდგომარეობის შესწავლა, ასევე გულის ღრუებში სისხლის მოძრაობის ხასიათისა და სისწრაფის შეფასება.

კორონაროგრაფიის მეთოდი გამოიყენება კორონარული სისხლძარღვების მდგომარეობის გამოსაკვლევად. სისხლძარღვების სანათურის შევიწროების დასადგენად ასევე გამოიყენება სცინტიგრაფიის მეთოდი.

გულის არეში ტკივილის არაკარდიული მიზეზების გამოსარიცხად აუცილებელია რენტგენოგრაფიის ჩატარება, ზოგჯერ ხერხემლის კომპიუტერული და ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება.

საინტერესოა კარდიოლოგების დაკვირვებით, თუკი ადამიანი დაწვრილებლით და ხატოვნად აღწერს გულის არეში ტკივილს, ან აკეთებს ჩანაწერს, მაშინ როცა ტკივილი ყოველ ჯერზე სვადასხვაა და გრძელდება ხანგრძლივად, ეს უხშირესად გულის პათოლოგიით გამოწვეული ტკივილი არ არის და კარდიოლოგები მის მიზეზს სხვაგან ეძებენ.

თუკი აღწერილობა მწირია, ზედმეტი სიტყვების გარეშე, პაციენტს კარგად ახსოვს მტკივნეული შგრძნებების ხასიათი, ეს მეტყველებს გულის სერიოზულ დაავადებაზე.

მიუხედავად ამისა, მაინც საჭიროა ნებისმიერი ზ.ა. ხასიათის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, რათა სწრაფად გავარკვიოთ, რამდენად სერიოზულია სიტუაცია.

ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული ტკივილი

თუ ტკივილი:

 

  • აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან მოსვენების დროს,
  • შეტევითი ხასიათისაა, უმეტესად ლოკალიზდება მკერდის ძვლის უკან (შეიძლება ტკივილი გადაეცემოდეს მარცხენა ხელში, კისერში, ქვედა ყბაში, ბეჭში),
  • აღიქმება, როგორც წვა, ზეწოლა, მოჭერა,

უხშირესად ეს არის გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ფორმის, სტენოკარდიით გამოწვეული ტკივილი.

რჩევა:

·         არ გადადოთ დიდხანს ვიზიტი ექიმთან (უმჯობესია კარდიოლოგთან);

·         აუცილებლად გაიკეთეთ ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), სტრეს-ეკგ (ეს არის ეკგ, ჩაწერილი ფიზიკური დატვირთვის ფონზე) და ჩაიტარეთ ეკგ-ს სადღეღამისო მონიტორირება ჰოლტერის მიხედვით.

 

 

გაცივების ფონზე აღმოცენებული ტკივილი

ასეთი ტკივილი ასევე არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. ის შეიძლება იყოს აგრეთვე როგორც რეაქცია მიკრობულ ტოქსინებზე, ასევე რევმატიზმის და ენდოკარდიტის პირველი გამოვლინება.

მიზეზის დაზუსტება შეუძლიათ კარდიოლოგსა და რევმატოლოგს, გულის ტონების ყურადღებით მოსმენისა და სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზების, ასევე ეკგ, გულის ულტრაბგერითი გამოკვლევის (ულტრასონოსკოპია) და სხვა დამხმარე გამოკვლევების საფუძველზე.

 

ტკივილი მოსვენების დროს

ხანგრძლივი, ყრუ, შემაღონებელი ტკივილი, გულმკერდის მთელ მარცხენა ნახევარში, რომელიც აღმოცენდება მოსვენების დროს, უფრო ხშირად აღელვების ფონზე. ხშირად მას ნერვული ბუნება აქვს. ყველაზე ხშირად სავარაუდოდ მას იწვევს დეპრესია ან ვეგეტატიური დისფუნქცია.

რჩევა:

ასეთ შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ ფსიქო-ნევროლოგის კონსულტაცია. მკურნალობა საჭიროა არამარტო გუნებ-განწყობის გასაუმჯობესებლად, არამედ ჯანმრთელობისათვის შემდგომი ზიანის თავიდან ასაცილებლად.

 

ტკივილი მოძრაობის დროს

თუ ტკივილი ძლიერდება ღრმა სუნთქვისას, სხეულის მოძრაობის დროს ან ზედა კიდურების ზევით აწევის დროს ვითარდება ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულის არეში, ნუ მიაკუთვნებთ თქვენს თავს გულით ავადმყოფების რიცხვს. არასასიამოვნო შეგრძნებების მიზეზი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატში უნდა ვეძებოთ. პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს გულმკერდის მიდამოს ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, ნეკნთაშუა ნევრალგია და მიოზიტი (კუნთების ანთება).

რჩევა:

·         ასეთ შემთხვევაში მიაკითხეთ ნევროლოგს ან ორთოპედს;

·         ტკივილის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, მანუალური თერაპია.

 საკვების მიღებასთან დაკავშირებული ტკივილი

ზოგჯერ გული იწყებს ”ღრღნას” საკვების გადაჭარბებული მიღების, ცხიმიანი ან ცხარე საკვენის მიღების ან შიმშილის ფონზე. ასეთი ტკივილი აღმოცენდება გულისა და მუცლის ღრუს ორგანოების საერთო ინერვაციის არსებობის გამო. ის შეიძლება იყოს გასტრიტის, კუჭის წყლულოვანი დაავადების, პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის ან ნაწლავების შებერილობის გამოვლინება

რჩევა:

ტკივილის წყაროს აღმოჩენა შეუძლია თერაპევტს, შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს გასტროენტეროლოგის კონსულტაციაც.


ტკივილი გამონაყართან ერთად

მკვეთრი ტკივილი გულმკერდის არეში, განსაკუთრებით ნეკნთაშუა მიდამოებში კანზე არსებულ გამონაყართან ერთად გამოვლინდება ჰერპეს ზოსტერის ფონზე. ძირითადად ავადდებიან მოზრდილები, ვინაიდან ბავშვებში იგივე გამომწვევი ვირუსი ჩუტყვავილას მიზეზი ხდება.

რჩევა:

მიმართეთ ინფექციონისტს, დერმატოლოგს ან ნევროპათოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ ანტივირუსულ პრეპარატებს და ტკივილდამაყუჩებლებს.

 

როდის ხდება სპერმა მოწითალო

administrator 28-07-2016, 14:52 1 021 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 სპერმაში სისხლის არსებობას ჰემოსპერმიას უწოდებენ. იგი უხშირესად კეთილთვისებიანი ხასიათისაა, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული უროლოგიური დაავადებების (მაგალითად, პროსტატიტის, ეპიდიდიმიტის, ვეზიკულიტის, პროსტატის ადენომის, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების, შარდის ბუშტის დაავადებების და სხვ.) სიმპტომიც, ამიტომ აუცილებელია უროლოგთან ვიზიტი და სათანადო გამოკვლევების ჩატარება. ჰემოსპერმია შეიძლება იყოს ორგვარი: ჭეშმარიტი და ცრუ.

ჭეშმარიტი ჰემოსპერმია ცრუსთან შედარებით უფრო საშიშია. ამ დროს სპერმას აქვს მუქი წითელი ან თითქმის შოკოლადის ფერი. სისხლი შეიძლება სპერმას შეერიოს რამდენიმე გზით - პროსტატიდან, სათესლე პარკიდან, შარდასდენი არხიდან, თესლის გამომტანი არხიდან და ა.შ. ამგვარად, ჭეშმარიტი ჰემოსპერმია შეიძლება იყოს წინამდებარე ჯირკვლის, სათესლე პარკის ან შარდის ბუშტის ანთების ნიშანი. მოხუცებულთა ასაკში ჰემოსპერმია უფრო სერიოზული დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს.

ცრუ ჰემოსპერმიის დროს სპერმაში სისხლი ხვდება შარსადენი არხიდან. იგი ალისფერია და ბოლომდე ვერ ასწრებს შერევას ეაკულატთან (შეიმჩნევა ძაფისებრი კოლტები). მისი მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა და ურეთრის დაავადება. დიაგნოსტირებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს უროლოგს.

მამაკაცის უხერხული პრობლემები

administrator 28-07-2016, 14:49 1 507 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ხშირად, მამაკაცებს ეუხერხულებათ იმის აღიარება, რომ ასოს თავი სტკივათ. ამას ერთვის მისი სიწითლე, შესაძლოა, ნახეთქები და გამონადენიც კი. ეს სიმპტომები (ჩივილები) უყურადღებოდ არ დატოვოთ და არ იფიქროთ, რომ ჰიგიენის გაძლიერებით პრობლემა მოგვარდება! რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. მამაკაცის სასქესო ორგანოზე ასეთი უხერხულობის გაჩენა შეიძლება სულ უბრალო და ადვილად მოსაგვარებელმა მიზეზმა - ჰიგიენის ნაკლებობამაც გამოიწვიოს და საკმაოდ სერიოზულმა, აუცილებლად და დროულად სამკურნალო, მაგალითად, ვენერიულმა თუ სხვა სახის ინფექციურმა დაავადებებმაც.


მამაკაცის სასქესო ორგანოს თავის (ასოს თავის) ანთებით დაავადებას ექიმები ბალანიტს უწოდებენ. მას თითქმის ყოველთვის თან ახლავს ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება. ასეთ შემთხვევაში დაავადება ბალანოპოსთიტად იწოდება. 

ანატომიური თავისებურების გამო ბალანიტი და ბალანოპოსთიტი გვხვდება მხოლოდ მამაკაცებში, შესაძლოა დაავადდეს როგორც ზრდასრული მამაკაცი, ისე ბავშვი.

ბალანიტისა და ბალანოპოსთიტის დროს მამაკაცს აწუხებს არა მარტო ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება სასქესო ორგანოების მიდამოში, შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს მისი ინტიმური ცხოვრების ხარისხიც. დაავადების დიაგნოსტირების დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს სიფილისი და გონორეა. 

რა იწვევს ბალანოპოსთიტს?
გამომწვევ მიზეზთა მიხედვით, ბალანიტის და/ან ბალანოპოსთიტის რამდენიმე ფორმა არსებობს: ინფექციური ბალანიტის და/ან ბალანოპოსთიტის მიზეზი შეიძლება გახდეს ინფექცია: სოკო, ბაქტერია, ვირუსი; ასოს თავის ანთება შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციამ (სგგი) (გონორეა, სიფილისი, ტრიქომონიაზი, ქლამიდია და სხვა). ასეთ შემთხვევაში ბალანოპოსთიტის სიმპტომები და მიმდინარეობა დამოკიდებულია მისი გამომწვევი ინფექციის სახეობაზე. 

  • კანდიდოზური ბალანიტი და/ან ბალანოპოსთიტი ბალანიტის ყველაზე ხშირი ფორმაა. მისი გამომწვევია კანდიდას ტიპის სოკო და ვითარდება ამ სოკოვანი ინფექციით ინფიცირებულ პარტნიორთან სქესობრივი კავშირის შემდგომ. დაავადების გამოვლინების ხარისხი დამოკიდებულია პაციენტის იმუნურ მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებზე (მაგ. დიაბეტზე). კანდიდოზურ ბალანიტს ახასიათებს ასოს თავზე თეთრი ნადების წარმოქმნა, ქავილი, პუსტულური (ბუშტუკოვანი) გამონაყარი. შესაძლებელია ასოს თავზე ნაპრალების გაჩენა. შეიძლება ფიბროზი და სკლეროზიც განვითარდეს;
  • ჰერპესულ ბალანიტს და/ან ბალანოპოსთიტს იწვევს სასქესო ორგანოს ქრონიკული ჰერპესინფექციის არსებობა;
  • ირიტაციულ ბალანიტს და/ან ბალანოპოსთიტს იწვევს არასათანადო ჰიგიენა (ან ჰიგიენაა დარღვეული, ან სასქესო ასოდან საპონი კარგად არ ჩამოიბანება, ან კარგად არ მშრალდება), შეიძლება მჭიდრო ტანსაცმელიც მუდმივად აღიზიანებდეს ასოს თავს;
  • ტრავმული (ფრიქციული ტრავმები, შემთხვევითი ჭრილობები, ეროზიები, პოსტკოიტალური ეროზიები) ბალანიტი და/ან ბალანოპოსთიტი ვითარდება ასოს თავის ტრავმული დაზიანების გამო. ტრავმირებულ კანში ადვილად აღწევენ ბაქტერიები და ვირუსები. ასოს თავზე ტრავმით გამოწვეული ნახეთქები წითლდება, ვითარდება ანთებითი პროცესი და ტკივილის შეგრძნება;
  • ალერგიულ ბალანიტს და/ან ბალანოპოსთიტს იწვევს სასქესო ასოს ალერგიული რეაქცია ჰიგიენურ ან სხვა საშუალებებზე;
  • პრემალიგნანტური, მალიგნანტური და იდიოპათიური ბალანიტი და/ან ბალანოპოსთიტი.
ბალანიტი და ან ბალანოპოსთიტი შეიძლება განპირობებული იყოს ზოგიერთი ქრონიკული დაავადებით: 

  • კეირის ერითროპლაზია - სასქესო ასოს საფარველის კიბოსწინარე დაზიანებაა. იგი გვხვდება საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ მამაკაცებში. მიზეზი უცნობია;
  • ექსტრემალური პეჯეტის დაავადება - სიმსივნური დაავადება;
  • ზუნის ბალანიტი - ამ დაავადების მიზეზი უცნობია, სარაუდოდ, კეირის ერითროპლაზიის ნაირსახეობაა და კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. მეტწილად ავადდებიან საშუალო ასაკისა და ხანდაზმული მამაკაცები.
ბალანიტისა და/ან ბალანოპოსთიტის პროვოცირება შეუძლია:

  • სხვადასხვა ინფექციას (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა);
  • ქრონიკულ დაავადებებს (დიაბეტი, ფსორიაზი, ანემია, სებორეული დიათეზი);
  • გრძელ ან მოკლე ლაგამს;
  • ფიმოზს - ჩუჩის შევიწროებას.
რას უჩივის მამაკაცი ბალანიტის დროს?
ნებისმიერი სახის ბალანიტისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: ასოს თავის სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი. თუ ასოს თავის ანთება (ბალანიტი) არ განიკურნება ადრეულ სტადიაზე, მაშინ ანთებითი პროცესი გადავა ჩუჩის შიდა ფურცელზე (ბალანოპოსთიტი), რაც შეიძლება პროგრესირდეს და გართულდეს.

ბალანოპოსთიტის განვითარების სამი სტადია არსებობს:

1. მარტივ ბალანოპოსთიტს ახასიათებს სასქესო ასოს თავის და ჩუჩის სიწითლე, შეშუპება და ჩირქოვანი გამონადენი. დაავადებული უჩივის წვისა და ქავილის შეგრძნებას.
2. ეროზიული ბალანოპოსთიტისთვის დამახასიათებელია სასქესო ორგანოს თავზე ერთეული იზოლირებული ან ერთმანეთში შერწყმული ეროზიების გაჩენა, რქოვანა ეპიდერმისის დიფუზური აქერცვლა და ჭარბი გამონადენი. დაავადება მომდევნო ეტაპზე შეიძლება გართულდეს რეგიონული ლიმფანგიტით და საზარდულის მწვავე ლიმფადენიტით.
3. განგრენული ბალანოპოსთიტი - დაავადების ეს სტადია, როგორც წესი, მიმდინარეობს ცხელებით (ტემპერატურის მატება) და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით. სასქესო ასო იფარება მტკივნეული ჩირქოვან-ნეკროზული წყლულებით, ამასთან, ასოს თავი და ჩუჩა მკვეთრად წითელია და ძლიერაა შეშუპებული, ჭარბ ჩირქოვან გამონადენს აქვს ძალიან ცუდი სუნი. წყლულების შეხორცება ნელა ხდება და მათ ადგილზე ჩნდება ნაწიბურები.

რით შეიძლება გართულდეს ბალანიტი?
თუ ბალანიტის დროს არ ჩატარდება მკურნალობა, მაშინ შეიძლება გართულდეს და გამოიწვიოს:

ნ ლიმფანგიტი (სასქესო ორგანოს ლიმფური ძარღვების ანთება);
ნ საზარდულის ლიმფადენიტი (საზარდულის ლიმფური კვანძების ანთება);
ნ სასქესო ორგანოს განგრენა.

როგორ დგინდება ეს პათოლოგია?
დაავადების დიაგნოსტიკა გამომწვევის გამოვლენას გულისხმობს. ამისთვის ატარებენ ლაბორატორიულ კვლევას (ნაცხის ბაქტერიოლოგიურ ანალიზს), რომელიც დაავადების მიზეზისა და ფორმის დადგენის საშუალებას იძლევა. სწორედ ამ კვლევის საფუძველზე შეირჩევა მკურნალობა.

რას გულისხმობს ბალანიტის მკურნალობა?
ბალანიტის და ბალანოპოსთიტის მკურნალობა პროფესიონალურ და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

ადრეულ, გაურთულებელ სტადიაში დაავადების მკურნალობა ძნელი არ არის, თუმცა აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა და ჰიგიენური პროცედურების რეგულარული ჩატარება საპონხსნარით, ფურაცილინის ხსნარით, წყალბადის ზეჟანგით ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით. 

შედარებით შორს წასულ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგადი ან ადგილობრივი მოქმედების ანტიბიოტიკებით ანტიმიკოზური (თუ სოკოვანი წარმოშობისაა) მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა. 

ოპერაციულ პროცედურებს მიმართავენ ბალანოპოსთიტის ქრონიკული ფორმის დროს და ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და ორ ეტაპად ახორციელებენ. თავდაპირველად ხდება ჩუჩის ჩაჭრა, შემდეგ კი, დაავადების მწვავე სიმპტომების ჩაცხრობისთანავე - ჩუჩის მოკვეთა.

ბალანოპოსთიტის მკურნალობის შემდეგ, ანთების ხელახალი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ავადმყოფმა უნდა შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები, ზედმიწევნით დაიცვას პირადი ჰიგიენა (განსაკუთრებით - ინფექციური დაავადებების შემთხვევაში) და პერიოდულად გაესინჯოს ექიმს.

ზოგადი რჩევები

მკურნალობის დასაჩქარებლად ექიმის დანიშნულ მკურნალობასთან ერთად შეგიძლიათ ხალხურ მედიცინასაც მიმართოთ, მაგრამ ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენება უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან. ასე თავიდან აიცილებთ მდგომარეობის დამძიმებას.

ბალანიტისა და ბალანოპოსთიტის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ხალხური საშუალებები:

  • სასქესო ასოს თავი და ჩუჩა დაიბანეთ კამის ფესვების ნახარშით. ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა წვრილად დაჭრათ 50 გ კამის ფესვები, დაასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ხარშოთ 10-15 წუთი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 1 საათი, შემდეგ გაფილტრეთ და გამოიყენეთ დასაბანად;
  • სასქესო ორგანოზე სალბის ფოთლების ნახარშის საფენები და აბაზანა ამცირებს ქავილის შეგრძნებას და აცხრობს ანთებას. ნახარშის მოსამზადებლად - 2 სუფრის კოვზ გამომშრალ და დაქუცმაცებულ სალბის ფოთლებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ადურეთ 10 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 30-40 წუთი, გაფილტრეთ და ამის შემდეგ გამოიყენეთ.
  • წყლულის გაჩენის შემთხვევაში რეკომენდებულია ალოეს ახალგამოწურული წვენის წასმა. ალოეს წვენს აქვს მიკრობსაწინააღმდეგო, ჭრილობისა და წყლულის შეხორცების დამაჩქარებელი თვისებები.
  • ბალანიტის ნებისმიერი ფორმის დროს შეგიძლიათ ასოს თავსა და ჩუჩაზე წაისვათ ქაცვის ან ასკილის ზეთი. მათ აქვს ჭრილობის შემახორცებელი და ანთების ჩამცხრობი თვისებები.

გულის დაავადებებში ყველაზე ხშირი და სახიფათო დაავადების – მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა 10% პაციენტის გარდაცვალებით სრულდება, ამიტომ ინფარქტის ად

administrator 28-07-2016, 14:43 1 445 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია


 

გულის დაავადებებში ყველაზე ხშირი და სახიფათო დაავადების – მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა 10% პაციენტის გარდაცვალებით სრულდება, ამიტომ ინფარქტის ადრეული ნიშნების ცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების ამოცნობასა და დროულ მკურნალობაში.

 


 

ინფარქტის განვითარების რისკი 50 წლის შემდეგ იზრდება. იგი გულის კუნთოვანი ქსოვილის ნეკროზია, რაც ჟანგბადის დეფიციტით არის განპირობებული, ანუ ამ დროს გულის კუნთს საკმარისი რაოდენობის სისხლი არ მიეწოდება, რის გამოც გულის კუნთი ზიანდება.
ინფარქტამდე რამდენიმე დღით ადრე პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს საერთო სისუსტე და უსიამო შეგრძნება გულის არეში. დასაწყისში პაციენტს ტკივილი აწუხებს ფიზიკური დატვირთვის დროს, “შესაძლოა ტკივილი გადაეცემოდეს მხრებში, მკლავებსა და ყბაში. რა თქმა უნდა, ყველა ტკივილი სტენოკარდია არ არის და ტკივილის დიფერენცირებისთვის პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს კარდიოლოგს”, – ამბობს ექიმი კარდიოლოგი ნაირა კობალაძე. მისივე თქმით, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები, რადგანაც ხშირად მათთან ინფარქტი უმტკივნეულო ფორმით ვითარდება.

კარდიოლოგის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად და სწორად იქნეს შეფასებული სიტუაცია. “ადამიანებს ჰგონიათ, რომ ნამდვილი ტკივილი, რომელიც საშიშროებას უქმნის მათ ჯანმრთელობას, ლოკალიზებულია უშუალოდ გულის არეში. სინამდვილეში კი რეალური კარდიალური, სტენოკარდიული ტკივილი მკერდის ძვლის უკან აღმოცენდება. ეს არის მოჭერითი ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება. იშვიათად ინფარქტის დროს პაციენტს ტკივილი აღენიშნება კუჭის არეშიც“, – ამბობს ის.

გარდა ამისა, თუ პაციენტს აღენიშნება ინფარქტისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნებიც: ზოგადი სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, სიკვდილის ან/და გადაადგილების შიში. კარდიოლოგის რეკომენდაციით, პირველი, რაც შეიძლება მოვიმოქმედოთ, არის პაციენტისათვის წნევის გასინჯვა. მაღალი წნევის შემთხვევაში მიეცით მას ნიტროგლიცერინის აბი (ენის ქვეშ). თუ არის საშუალება, ტკივილის მოსახსნელად გაუკეთეთ პაციენტს ტკივილგამაყუჩებელი ინექცია კუნთში ან ვენაში, შემდეგ კი დაელოდეთ სასწრაფო დახმარებას, რათა სწრაფად და უსაფრთხოდ მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.
კიდევ ერთი, გავრცელებული დაავადება იშემიური ინსულტია, რომლის დროსაც ინფარქტისგან განსხვავებით პირველადი დახმარების აღმოჩენა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა. ნევროპათოლოგ ეთერ მარგალიტაძის თქმით, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სიმპტომების დროულად ამოცნობას და სასწრაფო დახმარების გამოძახებას, რადგანაც დაგვიანებული დახმარების შემთხვევაში ხშირია პაციენტის სიკვდილი ან ინვალიდობა – შესაძლოა პაციენტს დარჩეს ხელის, ფეხის ან სახის მძიმე პარეზი (დამბლა).

ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელიც შეიძლება იყოს იშემიური, როცა სისხლძარღვი იკუმშება, რის გამოც ტვინს სისხლი არ მიეწოდება და ჰემორაგიული, როცა სისხლძარღვი სკდება და სისხლი ტვინში ჩაქცევა.

ეთერ მარგალიტაძის თქმით, იშემიური ინსულტის შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე ჰემორაგიული – “ხუთი ერთთან, ასეთია სტატისტიკა. ჰემორაგიული ინსულტის ყველაზე ხშირი მიზეზი ტრავმაა, იშემიური ინსულტის მიზეზი კი შეიძლება გულსისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადება გახდეს”.
იშემიური ინსულტი ძირითადად ხანშიშესულ, 50-60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ, თუმცა თანამედროვე სტატისტიკით იგი საკმაოდ გაახალგაზრდავდა და შესაძლოა 25 წელს გადაცილებულ ახალგაზრდებშიც შეგვხვდეს.

ინსულტის ნიშნები შესაძლოა პაციენტს აღენიშნოს იშემიის დადგომამდე პირველ, ანუ პროგრამულ პერიოდში, რომელიც  რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. ამ პერიოდში პაციენტს აქვს მოვლითი (პაროქსიზმული) თავის ტკივილი, ლოყის, ხელის ან ფეხის მგრძნობელობის დარღვევა. შესაძლოა მოტორიკის (მოძრაობის) დარღვევა, თავბრუხვევა, არითმია, მეტყველების ან მხედველობის დარღვევა, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს როგორც თვალების დაბნელებით, ისე გაორებული მხედველობით.

სიმპტომები დღითითდე უფრო მდგრადი ხდება. თუ თავიდან ისინი რამდენიმე წუთს გრძელდება, შემდეგ მათ გაქრობას რამდენიმე საათი სჭირდება. თუმცა, ნევროპათოლოგის თქმით, ინსულტი ყოველთვის ამ სცენარით არ ვითარდება და სისხლძარღვის იშემია შესაძლოა ყოველგვარი წინასწარი სიმპტომის გარეშე ჩამოყალიბდეს. ამ დროს იშემიური ინსულტის ამოცნობა შესაძლებელია რამდენიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომით, რომელსაც შესაძლოა თავად პაციენტი ვერ ამჩნევდეს:

ჩამოკიდებული ლოყა – ამ დროს შეიმჩნევა სახის კუნთის მოშვება და მისი ქვემოთ ჩამოქცევა. სახის ნაწილი დაბუჟებული და მოდუნებულია, ადამიანი ვერ იღიმის თანაბრად.

კიდურის სისუსტე – პაციენტს თავიდან დაბუჟების შეგრძნება უჩნდება რომელიმე კიდურში, შემდეგ კი საერთოდ ვერ იმორჩილებს და ვეღარ ამოძრავებს მას.

მეტყველების დარღვევა – სავალდებულო არ არის პაციენტი საერთოდ ვერ ლაპარაკობდეს, იგი შეიძლება მეტყველებდეს გაუგებრად, ენის მოჩლექით და მარტივ წინადადებასაც კი ვერ იმეორებდეს გამართულად.

აუცილებელი არ არის პაციენტს ყველა სიმპტომი ერთდროულად აღენიშნებოდეს.

ნევროპათოლოგის თქმით, პირველივე სიმპტომის შემჩნევისას, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის სასწრაფო დახმარების გამოძახება. “პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, ოღონდ ეს მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა, ასეთი პაციენტის გაქანება არ შეიძლება, მთავარია, დროულად ამოვიცნოთ სიმპტომები და დავრეკოთ სასწრაფოში”, – ამბობს ეთერ მარგალიტაძე. -“მას შემდეგ, რაც სასწრაფოს გამოიძახებთ, შეგიძლიათ პაციენტს გაუზომოთ წნევა და დროის მოგების მიზნით, სასწრაფო დახმარების ექიმს პაციენტის შესახებ რაიმე ინფორმაცია დაახვედროთ”.

რეანიმაციის დეპარტამენტი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო

administrator 27-07-2016, 18:14 1 092 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / რეანიმაცია




 

ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო

administrator 27-07-2016, 18:05 2 383 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / ბაქ. ლაბორატორია


ლაბორატორია

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურ დიაგნოსტიკური ლაბორატორია, განთავსებულია საავადმყოფოს პირველ სართულზე და მოიცავს ლაბორატორიის მისაღებ და სამუშაო ოთახებს.

ლაბორატორია დაკომპლექტებულია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით, რითაც განპირობებულია ლაბორატორიის გამოკვლევების: კლინიკური, ბიოქიმიური და იმუნოფერმენტული მაღალი ხარისხის შედეგებით.

კლინიკური გამოკვლევების მიმართულებით ლაბორატორიაში მუშაობს კლინიკური ანალიზატორი გერმანული ფირმა Humana-ს მიერ მოწოდებული humacount  30ts. ანალიზატორი მრავალპარამატრიანია (22) და უზრუნველყოფს სისხლის საერთო ანალიზის სიზუსტეს.

გარდა კლინიკური ანალიზატორისა სისხლის საერთო ანალიზისათვის ლაბორატორიაში არსებობს თანამედროვე ნიკონის ტიპის ბიმონოკულიალური მიკროსკოპები.

კლინიკურ დიაგნოსტიკური კვლევებიდან ლაბორატორიაში კეთდება:

სისხლის საერთო ანალიზი.

შარდის საერთო ანალიზი.

განავლის საერთო ანალიზი.

განავლის გამოკვლევა ჰელმინთებზე.

განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე.

პლევრის პუნქტატის კლინიკური და ციტოლოგიური კვლევა.

ლიქვორის კლინიკური და ციტოლოგიური კვლევა.

ასციტური სითხის კლინიკური და ციტოლოგიური კვლევა.

ნახველის საერთო ანალიზი.

სისხლის გამოკვლევა ჰელიკობაქტერიაზე.

სისხლის სქელი წვეთის გამოკვლევა (მალარიაზე)

სისხლის გამოკვლევა მგლურას უჯრედებზე.

ლაბორატორიაში მუშაობს Humana-ს ფირმის ბიო-ქიმიური ანალიზატორი Huma lyzer primus .

აპარატით სრულდება შემდეგი გამოკვლევები :

ღვიძლის ფუნქციური სინჯები

გამა გლუტამინ ტრანსფერაზა

ტუტეფოსფატაზა

AST ტრანსამინაზას განსაზღვრა

ALT  ალანინ ამინო ტრანსფერაზას განსაზღვრა

ბილირუბინი და მისი ფრაქციები

საერთო ცილის განსაზღვრა

ლიპიდური ცვლა

HDL ქოლესტერინის განსაზღვრა

საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა

ტრიგლიცერიდების განსაზღვრა

თირკმლის ფუნქციური სინჯები

კრეატინინის განსაზღვრა

შარდოვანას განსაზღვრა

ნარჩენი აზოტის განსაზღვრა

დიასტაზის განსაზღვრა შარდში

პანკრეასული (P) ამილაზას განსაზღვრა სისხლში

შარდმჟავას განსაზღვრა

კრეატინფოსფოკინაზა MB

Na განსაზღვრა სისხლში

K განსაზღვრა სისხლში

Ca განსაზღრა  სისხლში

Mg  განსაზღვრა სისხლში

ლიპაზას განსაზღვრა სისხლში

ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში

ლაბორატორიაში სრულდება გამოკვლევა D-დიმერ- ზე (ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტი)  და ტროპონინზე (კარდიო მარკერი) ანალიზის სიზუსტეს უზრუნველყობს roshe-ს მიერ მოწოდებული აპარატი Cobas  H232

გაზთა ცვლის აპარატი ასევე Humana-ს მიერ მოწოდებული. Medical blood gas. გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ სისხლში მჟავა ტუტოვანი წონასწორობა.

იმუნოფერმენტული აპარატი Humana- ს ფირმის Humareader singler   გვაძლევს საშუალებას გამოვიკვლიოთ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

პროლაქტინი  PRL

თავისუფალი თიროქსინი FT4

თირეოტროპული ჰორმონი TSH

ტრიიოდ თირონინი თავისუფალი FT3

ციტომეგალო ვირუსის განსაზღვრა მწვავე CMV-M

ციტომეგალო ვირუსის განსაზღვრა ქრონიკული CMV-G

ტოქსოპლაზმა M

ტოქსოპლაზმა G

ქლამიდიის ვირუსის განსაზღვრა მწვავე M

ქლამიდიის ვირუსის განსაზღვრა ქრონიკული G

მარტივი ჰერპეს ვირუსი M

მარტივი ჰერპეს ვირუსი G

ტესტოსტერონი

პროსტიტას სპეციფიკური ანტიგენის გამოკვლევა

პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი PSA

გარდა ზემო ჩამოთვლილი ანალიზებისა სწრაფი ტესტებით სრულდება:

ვასერმანის რეაქცია RW

აივ-ინფექცია (HIV)

ჰეპატიტი B

ჰეპატიტი C

იმუნოსეროლოგიური კვლევა:

ანტისტრეპტოლიზინი ASO

რევმო ფაქტორი (RF)

C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა

სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი

ლაბორატორიას ემსახურება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმი ლაბორანტები.












საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ