(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

კარდიოლოგიური სამსახური

administrator 27-07-2016, 17:30 1 452 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / კარდიოლოგია

 

ქ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს

კარდიოლოგიური სამსახური:

კარდიოლოგიური განყოფილება ფუნქციონირებს 1980 წლიდან და არის ისტორიულად უძველესი არა მარტო რუსთავში, არამედ  მთელი ქვემოქართლის  მასშტაბით.

ამჟამად  გაშლილია 20 საწოლზე, აქედან კარდიოლოგიური ინტენსიური პალატის 20 საწოლი, რომლებიც აღჭურვილია ინდივიდუალური ჟანგბადის წერტილებით და სრული ინტენსიური მონიტორინგის მოწყობილობებით.

პალატები აღჭურვილია გათბობა-კონდიცირების სისტემებით, სველი წერტილებით და შეესაბამება უმაღლეს სახელმწიფო სტანდარტებს.

განყოფილების ბაზაზე ფუნქციონირებს: მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაციის ლაბორატორია და ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტი -ტრედმილზე ფიზიკური დატვირთვის სტრესს-ტესტი.

კარდიოლოგიურ სამსახურის ბაზაზე ხორციელდება ინტენსიური კარდიოლოგიური მომსახურების სრული სპექტრი 24/7 რეჟიმში,  მათშორის: გულის  ულტრასონოგრაფია, ტრედმილზე  დატვირთვის  სტრეს-ტესტი, გადაუდებელი და გეგმიური  ელექტრული  კარდიოვერსია, კორონარული  არტერიების  კანსგავლითი  ანუპერკუტანეული  ინტერვენციები  ბალონური  ანგიოპლასტიკითა  და კორონარული  სტენტების  იმპლანტაციით.

განყოფილება  დაკომპლექტებულია  შემდეგი  საშტატო  ერთეულებით:

სამსახურის  უფროსი-უფროსი  ორდინატორი: ძინძიბაძე  დავითი

ორდინატორი: დოქტორი-დანელია  ვადიმი

დღის  ორდინატორი  კარდიოლოგები: ცერცვაძე  იამზე, ჯოჯუა  გიტა, მულაძე  მაკა, ჯაფარიძე  თამარი.

მორიგე  ექიმები-კარდიოლოგები:  ბარბაქაძე  ხათუნა, ჩაგანავა  თამარი, გავაშელიშვილი  ლეილა, მირიანაშვილი  ია, მუსტაფაევი  მალიკი, ასიტაშვილი  ნათია, სეხნიაშვილი  ლია.

ფუნქციონალური  დიაგნოსტიკის  ექიმი,  კარდიოლოგი: მჭედლიძე  ნელი.

კათეტერიზაციის  ლაბორატორიის  უფროსი:  ბუგულიშვილი  ზურაბ.

კათეტერიზაციის  ლაბორატორიის  ექიმი-ინვაზიონისტები:  ლეკვეიშვილი  სპარტაკ, მაღლაკელიძე დურმიშხან, ძინძიბაძე  დავითი.

კარდიოლოგიური  განყოფილების  უმცროსი  ექიმები: ჩადუნელი  რუსუდან, გაგიძე  გიორგი, ნინუა  ირაკლი.

კარდიოლოგიური  სამსახურის  უფროსი  ექთანი: არბოლიშვილი  ლია

კათეტერიზაციის  ლაბორატორიის  უფროსი  მედდა: დვალიშვილი  ნინო

მორიგე  ექთნები: კომლაძე  მზია,  ავეტიკოვა  ციური, გაჩეჩილაძე  ლელა, ფერაძე  ნინო, გოქაძე  მანანა, გვრიტიშვილი  ბელა, თურმანაული  თამარი, გობეჯიშვილი  ნინო, მძელური  თეა, კობახიძე  ანა.










 
 

ნევროლოგია

administrator 25-07-2016, 22:12 1 105 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / ნევროლოგია

 

ნევროლოგია არის კლინიკური მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს, მათი განვითარების მექანიზმებს, დაავადებების სიმპტომატიკასა და დიაგნოსტიკურ მეთოდებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.

ნერვული სისტემის მრავალი სხვადასხვა გენეზის (სისხლძარგვოვანი, ნეიროდეგენერაციული, აუტოიმუნური, ინფექციური და სხვ.) დაავადება არსებობს, რომლებიც აზიანებენ ცენტრალურ (თავისა და ზურგის ტვინი) , პერიფერიულ , ავტონომიურ ნერვულ სისტემას.

ისინი ვლინდება მოტორული დისფუნქციით, მენტალური და კოგნიტიური დისფუნქციით, ქცევითი დარღვევებით, ვერტებრალური პათოლოგიით გამოწვეული ცნს დაზიანებით, მეტაბოლური დისფუნქციით გამოწვეული ცნს დაზიანებით და მრავალი სხვ.

თავის ტკივილი, კისრისა და ზურგის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, მოძრაობის დარღვევა (ტრემორი, სიარულის გაძნელება და სხვ.), მეხსიერების დაქვეითება, ასთენია, შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობა - ეს სიმპტომების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ნერვული სისტემის სხვადსხვა ნაკლებად საზიანო თუ მძიმე პათოლოგიაზე .

შესაბამისად ექიმთან დროული მიმართვა , საჭირო ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, ნეიროვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენება (რაც სრულიად ხელმისაწვდომია ჩვენ კლინიკაში) მთელი რიგი დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, პროფილაქტიკის და სწორი მართვის საშუალებას იძლევა.

ენდოსკოპია

administrator 21-07-2016, 12:51 1 112 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / ენდოსკოპია / საჭირო ინფორმაცია

 

ენდოსკოპია - ღრუიანი ან მილოვანი ორგანოების გამოკვლევის მეთოდი სპეციალური ენდოსკოპის გამოყენებით. ენდოსკოპი შეყავთ ორგანოებსა და ღრუებში შემდეგი გზებით: კუჭში – პირის ღრუდან და საყლაპავიდან, ბრონქებსა და ფილტვებში – ხორხიდან, შარდის ბუშტში –შარდსაწვეთი მილიდან. საჭიროების შემთხვევაში ხდება ოპერაციული მიდგომა. (ლაპარასკოპია და სხვა)

 თანამედროვე მედიცინაში ენდოსკოპიური მეთოდები გამოიყენება, როგორც სადიაგნოსტიკოდ,  ასევე სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას. ენდოსკოპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებების ადრეული სტადიის გამოვლენაში, როგორიცაა მაგალითად სხვადასხვა ორგანოს ონკოლოგიური დაავადება.

 ენდოსკოპია გამოიყენება ბიოპსიისა და ზონდირების დროს, აგრეთვე წამლების შეყვანისას.

ენდოსკოპიის სახეები:

  • ბრონქოსკოპია – ბრონქების დათვალიერება
  • გასტროსკოპია – კუჭის დათვალიერება
  • ჰისტეროსკოპია – საშვილოსნოს ყელის დათვალიერება
  • კოლონოსკოპია – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის დათვალიერება
  • ლაპარასკოპია – მუცლის ღრუს დათვალიერება
  • ოტოსკოპია – გარეთა სასმენი მილის დათვალიერება
  • რექტორომანოსკოპია – სწორი ნაწლავისა და სიგმოიდური კოლინჯის დისტალური ნაწილის დათვალიერება
  • ურეთეროსკოპია – შარდსაწვეთის
  • ქოლანგოსკოპია – ნაღვლის სადინრების
  • ცისტოსკოპია-შარდის ბუშტის
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია-საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის
  • კარდიოსკოპია – გულის კამერების
  • ანგიოსკოპია – სისხლძარღვების
  • ართროსკოპია – სახსრების
  • ვენტრიკულოსკოპია – ტვინის პარკუჭების
 

ნარკომანია სოციალური პრობლემა

administrator 21-07-2016, 12:46 1 488 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 
მავნე ჩვევა მრავალგვარია, მაგრამ მნიშვნელობით ვერც ერთი ვერ შეედრება ნარკომანიას. რა საფრთხეს შეიცავს იგი სამედიცინო თუ სოციალური თვალსაზრისით, ამის შესახებ ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა თოდაძე გვესაუბრება. - ქალბატონო ხათუნა, რა ასაკიდან შეიძლება, ადამიანი ამ მავნე ჩვევის ტყვეობაში აღმოჩნდეს?- სხვადასხვა ნარკოტიკის მოხმარება სხვადასხვა ასაკში იწყება, მაგრამ, საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოზარდი ასაკი საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარების თვალსაზრისით ყველაზე სახიფათოა. სხვადასხვა გამოკვლევის მიხედვით, შედარებით ნაკლებსახიფათო ნარკოტიკებს, როგორიც არის, მაგალითად, მარიხუანა (რადგან მაინც მოწევასთან არის დაკავშირებული, არაინვაზიური მეთოდით მიიღება და არა ინექციით), 13-დან 15 წლამდე ასაკში სინჯავენ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც მას გასინჯავს, გააგრძელებს მის მიღებას ან გადავა უფრო მძიმე ნარკოტიკებზე, მაგრამ რისკის ფაქტორი ასეთ ბავშვებს მათზე მაღალი აქვთ, ვისაც ამ ტიპის ნარკოტიკები არ გაუსინჯავს. საქართველოში ჯერჯერობით ნაკლებად ხელმისაწვდომია მეტამფეტამინები და ამფეტამინები, რომლებიც ძალიან სწრაფად შეიძლება გავრცელდეს აქაც. ჩვენში ამ ჯგუფის ნარკოტიკებს ძირითადად კუსტარულად ამზადებენ აფთიაქში შეძენილი მედიკამენტების ტოქსიკური ნივთიერებებით დამუშავებით და ინექციური გზით იღებენ. მათი მომხმარებლები ხშირად არიან ახალგაზრდები. რაც შეეხება საინექციო ნარკოტიკებს, საქართველოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათ მოხმარებას ყველაზე ხშირად 16-დან 18 წლამდე იწყებენ. - რაკი მარიხუანა ახსენეთ, მინდა ვთქვა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თავს ამ სფეროში ექსპერტებად მიიჩნევენ, ყველას აქვს ჩამოყალიბებული აზრი მისი ლეგალიზაციის თაობაზე, მაგრამ რატომღაც არავინ უსმენს ექიმ ნარკოლოგებს, რომელთაც იციან, რა არის მარიხუანა, რას იწვევს და რამდენად საშიშია იგი ადამიანისთვის. ხშირად არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ მარიხუანა არ იწვევს "ლომკას" ანუ აბსტინენციას და, ამდენად, საშიში არ არის. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ამის თაობაზე პროფესიონალის მოსაზრება.- დღესდღეობით მარიხუანას თაობაზე დებატები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. მრავალ ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, დე ფაქტო ეს ნარკოტიკი ნაკლებად იდევნება, თუმცა დე იურე მისდამი მიდგომა მკაცრია. ყველა მეტ-ნაკლებად კულტურული და განვითარებული ქვეყანა უერთდება საერთაშორისო კონვენციებს, მათ შორის - კონვენციას ნარკოტიკული საშუალებების შესახებ, რომელიც გაეროს მიერ არის შემუშავებული. გაერო გვაძლევს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალს. არსებობს ყველაზე მკაცრად კონტროლირებადი საშუალებების სია, რომელთა მოხმარება აკრძალულია, სამედიცინო თვალსაზრისითაც კი. მეორეა იმ ნარკოტიკული საშუალებების სია, რომელთა ბრუნვაზე კონტროლი დიდია, მაგრამ ნებადართულია მოხმარება სამედიცინო მიზნით. ასეთია, მაგალითად, მორფიუმი, მეთადონი, კოდეინი. რაც შეეხება მარიხუანას, იგი შედის სწორედ იმ ნივთიერებათა ჩამონათვალში, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისითაც არ მოიხმარება, თუმცა ბოლო წლებში მრავალ ქვეყანაში ჩატარდა სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა დაავადების (შიდსის ბოლო სტადია, ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების შემცირება, გლაუკომა და ა.შ.) დროს მარიხუანას ან მისი აქტიური ინგრედიენტების გამოყენების თაობაზე. ჯერჯერობით მარიხუანასგან მიღებული მედიკამენტის უპირატესობა სხვა მედიკამენტებთან შედარებით არ არის დამტკიცებული. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ნიდერლანდებში, სადაც მაქსიმალური ლეგალიზაციაა, მარიხუანასთან დაკავშირებული ღონისძიებები ბოლო ხანს საკმაოდ გამკაცრდა. რამდენიმე ქალაქში საერთოდ აიკრძალა მისი გაყიდვა. ჰოლანდიაში, როგორც ცნობილია, ქუჩაში, სპეციალურად გამოყოფილ და ლიცენზირებულ კაფეებში, შეიძლება მიიღო მარიხუანა სხვადასხვა ფორმით. სწორედ ნიდერლანდების გამოცდილებამ მისცა დიდი ინფორმაცია მსოფლიოს. და, სხვათა შორის, ერთ-ერთი შედეგი, რაც მარიხუანას ლეგალიზაციამ გამოიღო, ის არის, რომ თავად ნიდერლანდების მოსახლეობაში შემცირდა მძიმე ნარკოტიკების - ჰეროინის, კოკაინის და სხვათა მოხმარება. მაგრამ ამას მაინც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, ვინაიდან მთელი მსოფლიოს ნარკომომხმარებლები ნიდერლანდებისკენ დაიძრნენ. ეს, ერთი მხრივ, ქვეყნის შემოსავლისათვის ცუდი არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრი უარყოფითი შედეგიც აქვს. ასე რომ, ადგილობრივი მოსახლეობა მაინცდამაინც არ არის მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე. - რითია მარიხუანა საშიში, გარდა იმისა, რომ მომავალში უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ უხსნის ადამიანს გზას?- მარიხუანა იწვევს ცნობიერების, შეგრძნებების ცვლილებას, როგორც წესი, გამძაფრებას. ამ დროს ხმებიც უფრო სხვანაირად ესმით, ფერებსაც განსხვავებულად ხედავენ. რატომ ხდება ასე? მექანიზმი ფიზიოლოგიურია: თავის ტვინს აქვს დამცველობითი ფუნქცია; როდესაც ორი ან სამი განსხვავებული, მაგრამ ახლოს მდგარი გამღიზიანებლის, მაგალითად, ბგერის ან მხედველობითი ტალღის რამდენიმე სტიმული ერთდროულად მოდის, ამ შემოტევისგან თავის დასაცავად ტვინი მსგავს ან ახლოს მყოფ სტიმულებს აერთიანებს და ატარებს როგორც ერთს, რათა არ გადაიტვირთოს. მარიხუანა ფილტრაციის ზღურბლს აქვეითებს, ამიტომ თავის ტვინს გაცილებით მეტი სტიმულის მიღება შეუძლია. მაგალითად, თუ, ჩვეულებრივ, ერთი ტონალობის მწვანეს ვხედავთ, მარიხუანას ზემოქმედებით ადამიანს რამდენიმე ელფერის აღქმა შეუძლია.Aასევეა მუსიკისა და კინოფილმების შემთხვევაშიც. ამიტომაც არის, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ უყვართ მუსიკის მოსმენა ან რამის ყურება და აქვთ განცდა, რომ სხვანაირად ხედავენ და აღიქვამენ. გარდა ამისა, ხდება აზროვნებითი პროცესების აჩქარებაც. ეს სულაც არ არის კარგი, იმიტომ რომ სწრაფად მიმდინარეობს აზროვნებითი ასოციაციების ცვლა და თრობის პერიოდში ჰგონიათ, საინტერესო, მნიშვნელოვანი, გენიალური მიგნებები და იდეები მოსდით, მაგრამ აზრისა და იდეის ჩამოყალიბებამდე, გადმოცემამდე საქმე ვეღარ მიდის. მარიხუანას მოხმარებას ჰალუცინაციებიც ახასიათებს. ამ ნარკოტიკის მოხმარებისას წამყვანია აღქმის ცვლილება, ჰალუცინაციები კი აღქმის პათოლოგიის ყველაზე მძაფრი გამოვლინებაა. ჰალუცინაციების განვითარების სიხშირე დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე, წინასწარ განწყობაზე, ფსიქოზისკენ მიდრეკილებაზე. თავისთავად, ეს სახიფათოა, რადგან ადამიანი არაადეკვატური ხდება, რაც მის ქცევაშიც პოვებს ასახვას. გარდა ამისა, ხშირად ყალიბდება პარანოიდული ანუ ბოდვითი განწყობა, რასაც მომხმარებელთა ენაზე "იზმენა" ჰქვია. ეს არის პარანოიდული განწყობა, რომელიც უმრავლესობას განცდილი აქვს და უმთავრესად უარყოფითად არის შეფერილი. მარიხუანას ზემოქმედებისას, განსაკუთრებით - ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, ხშირად ჰგონიათ, რომ მათ ვიღაც უთვალთვალებს, მისდევს, აკონტროლებს... თუ ეს მძაფრად და ძლიერადაა გამოხატული, ადამიანიც შესაბამისად იქცევა: იმალება, გარბის. მისი ფსიქოტიპიც მეტად მნიშვნელოვანია - შესაძლოა სხვას თავს დაესხას თავდაცვის მიზნით. ამ მდგომარეობას "მდევნელის დევნას" ვეძახით, თუმცა ასეთ მძაფრ დარღვევამდე საქმე იშვიათად მიდის. მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სახიფათოა ისეთი ქმედება, რომელიც მოითხოვს ჩამოყალიბებულ, კოორდინირებულ მოძრაობებს, მაგალითად, მანქანის მართვა. ამ დროს ხდება დროისა და სივრცის აღქმის გაუკუღმართება. ხშირად ადამიანი თრობის მდგომარეობაში ვერ აფასებს მანძილს, ეცვლება დროის აღქმაც. ამიტომ თრობის შემთხვევაში მომხმარებლები თვითონაც ერიდებიან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას, თუმცა კონტროლი ყოველთვის ვერ ხერხდება. - მარიხუანაზე დამოკიდებულება თუ ყალიბდება?- სხვა ძლიერმოქმედ ნარკოტიკებთან შედარებით ნელა. გააჩნია, რამდენად ინტენსიურია მისი მიღება, რა ასაკისაა მომხმარებელი. თავიდან ჩნდება ჯგუფური ფსიქოლოგიური დამოკიდებულება - ნარკოტიკული საშუალების იმ სიტუაციაში მიღების სურვილი, როგორშიც მიჩვეულები არიან. შემდგომი სტადია უფრო მძიმეა - ყალიბდება ინდივიდუალური ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში ადამიანი მარტოც იღებს ნარკოტიკულ საშუალებას,  ბოლოს კი ყალიბდება ფიზიკური დამოკიდებულება, რასაც, ჩვეულებრივ, წლები სჭირდება და ე.წ. "ლომკით" ანუ აღკვეთის სინდრომით გამოიხატება. ბოლო ხანს დასავლეთში კომერციული თვალსაზრისით დაიწყეს ისეთი ჯიშების გამოყვანა, რომლებშიც გაცილებით მეტია ტეტრაჰიდროკანაბინოლი - ის აქტიური ნარკოტიკური ინგრედიენტი, რომელიც თრობის ეფექტს იწვევს. საქმე ის არის, რომ ჰოლანდიაში თავდაპირველად დააწესეს მარიხუანას გაყიდვის ნორმა - 30 გრამი კაცზე. შემდგომ ეს ნორმა ნელ-ნელა შეამცირეს, რადგან მომხმარებლები თრობის პერიოდში ხშირად არაადეკვატურად იქცეოდნენ და საზოგადოებას დისკომფორტს უქმნიდნენ. გარდა ამისა, იქ ნებადართულია მარიხუანას მცირე რაოდენობით სახლში კულტივირებაც, მაგრამ ესეც მკაცრად არის განსაზღვრული და ნებადართულზე მეტი თუ აღმოაჩინეს, ითვლება, რომ გასაყიდად არის განკუთვნილი, რეალიზაციის მიმართ კი აღარ არიან ისეთი ლიბერალურები. ამიტომ მომხმარებლებმა დაიწყეს ისეთი ჯიშების გამოყვანა, სადაც მეტია ნარკოტიკი, რის შედეგადაც ნარკოტიკული თრობაც და თავის ტვინზე მისი ზემოქმედებაც უფრო გამძაფრდა, ამიტომ ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად საუბრობენ ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომზე ანუ აღკვეთის სინდრომზე, რომელიც, მართალია, ისეთი მძიმე არ არის, როგორიც, მაგალითად, ჰეროინის შემთხვევაში, მაგრამ საკამოდ უსიამოვნოა და, როგორც წესი, ისევ ნარკოტიკული საშუალების მიღებით მთავრდება. 2015 წლისთვის უნდა გამოიცეს დაავადებათა ახალი საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს. ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი წინადადება ის გახლავთ, რომ ახალ დამატებაში კანაბინოიდებით ანუ მარიხუანათი გამოწვეული აღკვეთის სინდრომი შეტანილ იქნეს როგორც სპეციფიკური სინდრომი, იმის ხაზგასასმელად, რომ ეს მდგომარეობა უკვე საკმაოდ გავრცელებულია და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. - საბოლოოდ რას იწვევს მარიხუანას მოხმარება? - რა თქმა უნდა, პიროვნების დეგრადაციას, როგორც ყველა ნარკოტიკი. როდესაც დამოკიდებულება ძლიერია, მარიხუანა იწვევს დამახასიათებელ სინდრომს, რომელსაც ამოტივაციურ სინდრომს უწოდებენ. სახელწოდებაც მიუთითებს, რა მდგომარეობაშია ამ დროს ადამიანი. მას არ აქვს რამის კეთების, საქმიანობის მოტივაცია, სურვილი. მისი ერთადერთი მიზანია მარიხუანას მიღება, რომელიც უკვე ძალიან ხშირად, 2-3 საათში ერთხელ სჭირდება, რათა გახდეს აქტიური, შეეძლოს მოძრაობა, კვება. ხშირი მოხმარების შემთხვევაში მარიხუანას მეტაბოლიზმი ჩქარდება - ორგანიზმში იგი უფრო სწრაფად იშლება, ამიტომ მისი ხელახალი მიღების სურვილიც მალ-მალე ჩნდება. მძიმე ფორმების მკურნალობა ძალიან ძნელია. ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული პირებისთვის დამახასიათებელია თავიანთი მდგომარეობის გაუცნობიერებლობა. ბევრი დრო სჭირდებათ, ვიდრე მკურნალობის საჭიროებას გააცნობიერებენ. ხშირად პაციენტს თავად არ სურს მკურნალობა, მაგრამ ოჯახის წევრებს მოჰყავთ კლინიკაში. ამ შემთხვევაში მკურნალობა უშედეგოა. თუ ადამიანი თავს ავადმყოფად არ მიიჩნევს, მისი მკურნალობა შეუძლებელია. როცა გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მდგომარეობა, მკურნალობა მაშინაც კი რთულია, იმიტომ, რომ ეს არის რეციდივებით, ანუ გამწვავებებით მიმდინარე ქრონიკული დაავადება. ზოგჯერ შეიძლება რეციდივის ფორმა არც ჰქონდეს და გაბმულად მიმდინარეობდეს ნარკოტიკის მოხმარება, სანამ ორგანიზმი საბოლოოდ არ დაუძლურდება. ამის შემდეგ მიმართავენ ხოლმე სამედიცინო დაწესებულებებს. იგივე მდგომარეობაა ჰეროინის, ოპიოიდების, სტიმულატორების, ალკოჰოლის შემთხვევაში. - შედეგებს მეტ-ნაკლებად ყველა იცნობს, მაგრამ მაინც იწყებენ მოხმარებას, რადგან არავის ჰგონია, რომ ნარკოდამოკიდებული გახდება. სოციალური ასპექტის შესახებაც მინდა გკითხოთ: გაგვიგონია, რომ ერთი მომხმარებელი კიდევ 4-5 ადამიანს უხსნის გზას ამ მიმართულებით. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?- ნარკოტიკებს ძალიან დიდი ზიანი მოაქვს როგორც მიკროსაზოგადოებისთვის, ისე ქვეყნისთვის. ის ოჯახი, სადაც ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი ცხოვრობს, პრაქტიკულად თვითონაც ავადდება. ნევროზები, შფოთვითი სინდრომები, ფსიქოლოგიური და ფსიქიკური აშლილობები აღენიშნებათ ოჯახის წევრებს, ვინაიდან გამუდმებით სტრესის ქვეშ იმყოფებიან. ვინაიდან ნარკოტიკი არ არის ლეგალური, მისი ყოველდღიური გამოყენება მოითხოვს საკმაოდ დიდ თანხებს, რის გამოც ნარკოტიკების მომხმარებლების უმრავლესობა კრიმინალთან არის დაკავშირებული, ანუ ადრე თუ გვიან სამართალდამრღვევი ხდება. წესისამებრ, იწყებენ საკუთარ სახლში ქურდობით, შემდგომ, როცა აღარაფერი აქვთ მოსაპარი და გასაყიდი, ქუჩაში გადიან სხვისთვის ქონების წასართმევად. აღკვეთის მდგომარეობაში ადამიანმა შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც საკუთარ თავს, ისე სხვასაც - ოჯახის წევრს ან სრულიად უცხო ადამიანს. ნარკოდამოკიდებულება ფინანსურადაც დიდი ზიანის მომტანია საზოგადოებისთვის. წესისამებრ, ნარკოტიკის მომხმარებლები არიან შრომისუნარიანი ასაკის ადამიანები, რომელთაც შრომის უნარი არ აქვთ, ან არ სურთ მუშაობა. ამასთან, თუ ადამიანი შემჩნეულია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაში, აღარავის სურს მისი დასაქმება. ასე რომ, მაშინაც კი, როცა მუშაობა სურთ, სამუშაოს პოვნა უჭირთ, რაც ძალიან ცუდია ქვეყნის ეკონომიკისათვის. შრომისუნარიანი ადამიანი, იმის მაგივრად, რომ დოვლათი შექმნას, პრაქტიკულად ზარალის მომტანია. ამას ემატება საკმაოდ მძიმე დაავადებები, რომლებიც სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს და დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, საქართველოში და ევროპის მრავალ ქვეყანაში ძირითადი გამავრცელებლები ისეთი უმძიმესი დაავადებებისა, როგორიც არის აივ-ინფექცია/შიდსი,C და B ჰეპატიტები, ნარკოტიკების მომხმარებლები არიან. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, ზიარი საინექციო საშუალებების მოხმარება და მეორე მხრივ, დაუცველი სექსუალური აქტივობა. სამწუხაროდ, მრავალ ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, თავდაცვის საშუალებების გამოყენების კულტურა დაბალია... ტუბერკულოზიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარებასთან, უმთავრესად იმიტომ, რომ ნარკოტიკები აქვეითებს იმუნიტეტს და გზას უხსნის ინფექციას. ციხეში, განსაკუთრებით - იმ ქვეყნებში, სადაც ნარკოტიკების მოხმარება კრიმინალად ითვლება, ისე როგორც დღესდღეობით საქართველოში, ნარკომომხმარებლების თავშეყრა ძალიან დიდია და ტუბერკულოზის, შიდსის, ჰეპატიტის გავრცელების რისკი იმატებს. - უმთავრესად რა ნარკოტიკებს მოიხმარენ საქართველოში?- ჩვენს ქვეყანაში ნარკოსცენა ძალიან შეიცვალა. საქართველოში ყველაზე პოპულარული და გავრცელებული იყო ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკები: ჰეროინი, ნედლი ოპიუმი (ე.წ. "შავი"), სუბუტექსი. ბოლო ხანს სამართალდამცავმა ორგანოებმა სერიოზული ღონისძიებები გაატარეს, რის გამოც შავ ბაზარზე ეს ნარკოტიკული საშუალებები ძალიან ძნელი საშოვნელი გახდა და გაძვირდა. ნარკოტიკის მოპოვების შეუძლებლობა ზოგისთვის მკურნალობის მოტივად იქცა, მაგრამ არა ყველასათვის; ბევრი გადავიდა სხვა ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებზე ან ალკოჰოლზე. ახლა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა ე.წ. სააფთიაქო ნარკოტიკული საშუალებები, ანუ ის ნარკოტიკები, რომლებიც შეიძლება კუსტარულად დამზადდეს აფთიაქებში ლეგალურად ან არალეგალურად ნაყიდი მედიკამენტებისგან. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება გახლავთ კუსტარულად დამზადებული სტიმულატორები: ე.წ. ვინტი და ჯეფი, რომლებიც ძალიან მოკლე ხანში იწვევს გამოხატულ ნევროლოგიურ ცვლილებებს და დარღვევებს, რომელთა უკუგანვითარება ძალიან რთულია და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი. ხანგრძლივი და ინტენსიური მოხმარების შემთხვევაში საბოლოო შედეგი ისეთია, როგორიც ახასიათებს ორ პრაქტიკულად უმძიმეს ნევროლოგიურ დაავადებას: ალცჰაიმერის დაავადებასა და პარკინსონიზმს. აღნიშვნის ღირსია ე.წ. ნიანგის მოხმარება, რომელიც მზადდება კოდეინის შემცველი აბებისგან ტოქსიკური საშუალებებით დამუშავების შედეგად - მიიღება უფრო ძლიერი ნარკოტიკი დეზომორფინი. სწორედ ეს ტოქსიკური მინარევები მოქმედებს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემაზე, მათ შორის - თავის ტვინზეც. "ნიანგის" ვენაში შეყვანის შედეგად კიდურებზე ჩნდება აბსცესები - დაჩირქებული ადგილები, რის გამოც შემდგომში კანი ნიანგის ტყავს ემსგავსება. მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. თუ სხვა ოპიოიდების შემთხვევაში უშუალო ანტიდოტი ძალიან ეფექტურია და ზედოზირებისას სწრაფად გამოჰყავს ადამიანი კომური მდგომარეობიდან, ნიანგის შემთხვევაში სპეციფიკური საშუალებები ხშირად უეფექტოა - ოპიოიდებით მოწამვლას ემატება ტოქსიკური ინგრედიენტების ზემოქმედებით განპირობებული დარღვევებიც და ხშირად ადამიანის გადარჩენა ვეღარ ხერხდება. ახალგაზრდებში მოდურია ფსიქოტროპული, სედაციური საშუალებების, ანტიდეპრესანტების მიღება. ამიტომ საჭიროა, დაინერგოს რეცეპტის გამოყენების პრაქტიკა და გამკაცრდეს სასჯელი იმ აფთიაქებისთვის, რომლებიც არალეგალურად, ურეცეპტოდ ყიდიან ამ საშუალებებს. - როგორ მკურნალობენ?- ამ მხრივ სერიოზული პროგრესია. 2005 წლის ბოლოს დაიწყო ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა ჩანაცვლებითი თერაპია, რომლის დროსაც გამოიყენება მეტადონი ან ბუპრენორფინი. გლობალური ფონდის დახმარებით დავიწყეთ პილოტური პროგრამები, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაძლევს რეკომენდაციას, ოპიოიდების მკურნალობის შემთხვევაში ადამიანს პირველ რიგში ჩანაცვლებითი თერაპია ანუ აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია შევთავაზოთ, თუმცა პაციენტს სხვა ტიპის მკურნალობის არჩევანიც უნდა ჰქონდეს. ამ პროგრამის წყალობით აშკარაა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რესოციალიზაცია, დეკრიმინილიზაცია, შეუდარებლად მცირდება შიდსის და სისხლით გადამდები სხვა მძიმე დაავადებების გავრცელების რისკი. ამ შედეგის გამო 2008 წლიდან ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამებიც დაინერგა. მეტ წილს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ პაციენტსაც აქვს შესატანი ფინანსური წვლილი - თვეში 150 ლარი. წელს ძალიან კარგი პრეცედენტი განახორციელა თბილისის მერიამ - სოციალურად დაუცველ ფენას და ინვალიდებს ამ თანხას უხდის. გარდა ჩანაცვლებითი თერაპიისა არსებობს დეტოქსიკაცია-რეაბილიტაციის კურსი, რომელიც დაახლოებით ერთთვიან მკურნალობას მოიცავს. აქედან ორ კვირას ადამიანი ატარებს კლინიკაში, სადაც მას უფასოდ უტარდება დეტოქსიკაცია, ხოლო შემდგომ - ინტენსიური სარეაბილიტაციო ღონისძიებები, მედიკამენტური მკურნალობა, რადგან აღკვეთის მდგომარეობის კუპირების შემდგომ ხშირად რჩება ნარჩენი მოვლენები. ამას ემატება ფსიქოთერაპიული და სხვა დამხმარე ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს რემისია. ამჟამად ციხეებში ორი პროგრამა მოქმედებს. პირველი 2008 წლის ბოლოდან ამოქმედდა #8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში - გლდანის საპყრობილეში, ხოლო მეორე - წელს, გლობალური ფონდის დაფინანსებით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში - ქუთაისის ციხეში. ორივე არის წინასწარი დაკავების დაწესებულება, სადაც მოკვლევის პერიოდში გადაჰყავთ ადამიანები.Eეს სწორედ ის ადგილებია, სადაც მათ ეწყებათ მძიმე "ლომკა". თუ პაციენტი იყო მეთადონის პროგრამაში, აღკვეთის სინდრომი იწყება V-VI დღეს, დიდხანს გრძელდება და ძალიან მძიმეა. არანამკურნალევი აღკვეთის სინდრომი წამების ტოლფასია, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მკურნალობა. ჩვენი პროგრამები მოიცავს მეტადონით 2-3-თვიან თერაპიას, რაც ძალიან მოხერხებულია - მიღება ხდება დღეში ერთხელ, პერორალურად, ნელ-ნელა, საფეხურებრივად მცირდება დოზა. პაციენტი კმაყოფილია, რადგან არ აქვს აბსტინენციის მდგომარეობა. ეს ძალიან კარგია თავად სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისთვისაც, ვინაიდან პატიმარი მშვიდადაა, სხვას არ აწუხებს, აგრესიული ან სუიციდური მცდელობები აღარ აქვს და, რაც მთავარია, არ ცდილობს ფსიქოტროპული ნივთიერებების არალეგალურად შემოტანას, რადგან უზრუნველყოფილია საჭირო მკურნალობით. თუმცა ეს ეხება მხოლოდ ოპიოიდებზე დამოკიდებულ პატიმრებს. სამწუხაროდ, დღეს პენიტენციალურ სისტემაში ადეკვატური დახმარება არ უტარდებათ სხვა ნარკოტიკების, იმავე ვინტისა და ჯეფის მომხმარებლებს, რომელთაც უმძიმესი დარღვევები აღენიშნებათ და დროული მკურნალობა სჭირდებათ. იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს მომავალში მდგომარეობა გამოსწორდება და შესაბამისი მკურნალობა ასეთი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. 

10 დაავადება, რომელსაც მარიხუანა კურნავს

administrator 21-07-2016, 12:37 1 359 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 

მარიხუანასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ასოციაცია ჩნდება  – მოწევა. მას ნარკოტიკად მიიჩნევენ და ამიტომ ასოციალურ პროდუქტად ითვლება, პროდუქტად რომლის სასარგებლო თვისებებზე საუბარი არ ღირს. არადა ისიც მცენარეა, მცენარე, რომელსაც ბუნება გვაძლევს და შესაბამისად შეუძლებელია რამე სასარგებლო თვისებები არ ჰქონდეს. კანაფი ბევრ დაავადებას კურნავს.  სწორედ ამის გამო ზოგიერთ ქვეყანაში იგი ლეგალურია და მეტიც, მისი ყიდვა აფთიაქში არის შესაძლებელი.

 

1.ალცჰეიმერი


ეს თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით ხასიათდება და საბოლოოდ ჭკუასუსტობას იწვევს. მის სიმპტომებად მეხსიერების დაკარგვა და კოგნიტური დისფუნქცია ითვლება. სამწუხაროდ, მისი წამალი ჯერ-ჯერობით არ გამოუგონიათ და არსებობს მოლოდინი, რომ 2050 წლისათვის 13 მილიონზე მეტი ადამიანი იქნება დაავადებული მისით. ანუ რიცხვი 68 პროცენტამდე გაიზრდება. სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კანაფი ამ დაავადების პროგრესს უშლის ხელს, აჩერებს და სამკურნალო ძალა კი აქვს. ისინი იმასაც კი ამტკიცებენ, რომ კანაბინოიდები მომავალში წამლად მოგვევლინება.

 

2. ეპილეფსია


ეს დაავადება ხასიათდება კრუნჩხვებითა და გულყრებით, რაც თავის ტვინის ნეირონული ჯგუფების პროქსიმალური სინქრონული განტვირთვის შედეგია. იგი ყველაზე გავრცელებულ ნევროლოგიურ დაავადებებს შორის მეოთხე ადგილზეა. კანაბიდიოლს, რომელსაც გაუსუფთავებელ მარიხუანასთან შედარებით ნაკლებად გამოხატული თვისებები აქვს, 54 %-ით ამცირებს შეტევების რიცხვს.

 

3. გაფანტული სკლეროზი


მას მეორენაირად ენცეფალომიელიტს უწოდებენ. ეს ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც თავის და ზურგის ტვინის ნერვული უჯრედები კვდება და იწყება ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები. კვლევებმა აჩვენეს რომ კანაბინოიდი ექიმებს ეხმარება აკონტროლონ პაციენტის სპაზმები.

 

4. სიმსივნე


ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესში კანაბინოიდი ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტიურად ერთვება. თავდაპირველად ექსპერიმენტები ცხოვრელბზე მიმდინარეობდა და დადებითი შედეგები მივიღეთ. მას ყოველდღიურად იყენებენ კანის, ფილტვების და ა.შ. კიბოთი დაავდებული ადამიანები. აშშ-ს ზოგიერთ შტატში მას ოფიციალურად იყენებენ სიმსივნით დაავადებულების სამკურნალოდ პროცესის შესაჩერებლად, მადის გასაუმჯობესებლად და უძილობისგან თავის დასაღწევად.

 

5. შიზოფრენია


მარიხუანა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება თავად იწვევს შიზოფრენიის მსგავს ეფექტს, შიზოფრენიას კურნავს. ამაზე კვლევები და ექსპერიმენტები წლებია უკე მიმდინარეობს და შედეგები დადებითია. კანაბიდიოლი შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოიყენება.

 

6. II ტიპის შაქრიანი დიაბეტი


ეს პირველი ტიპის დიაბეტისგან იმით განსხვავდება, რომ ინსულინზე დამოკიდებული არ არის. ორგანიზმში ინსულინი წარმოიშობა, მაგრამ ორგანიზმს არ შეუძლია მისი ეფექტური გამოყენება. მეცნიერები აქაც წლებია ატარებენ კვლევებს და მივიდნენ დასკვნებამდე, რომ მარიხუანა ორგანიზმში შაქრის დონეზე დადებითად მოქმედებს. მარიხუანისგან დამზადებული წამლების ოფიციალურმა მწარმოებელმა – ლიცენზირებულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ,  ამ ტიპის დიაბეტიკებისთვის წამალიც კი შექმნა – GW42004

 

7. ასთმა 

ტრადიციულად მიიჩნევა, რომ მარიხუანას მოწევა ფილტვების პათოლოგიებს იწვევს. New England Journal-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად სულ სხვა რამე გაირკვა – კანაფი ასთმატიკებზე დადებითად მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში სრულიად კურნავს ამ დაავდებას.

 

8. იმპოტენცია


ქოლესტერინის მაღალი დონე ძალიან ცუდად მოქმედებს მამაკაცის ერექტიულ ფუნქციონირებაზე, ჟურნალ – Clinical and Developmental Immunology-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კი – კანაფი ქოლესტერინის დონეს ამცირებს სისხლში. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ კანაბინოიდი ამცირებს ჰიპერქოლესტერინემიის ნეგატიურ ეფექტს, რაც ერექციული დისფუნქციის, იმპოტენციის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა.

 

9. ართრიტი და ძვლის მოტეხილობები


ძვლოვანი დაავდებებისა და მოტეხილობების მკურნალობა მარიხუანას ერთ-ერთი უმთავრესი დადებითი თვისებაა. კვლევებიმა აჩვენეს, რომ მარიხუანაში არის კომპონენტი, რომელიც ძვლების აღდგენის პროცესს აჩქარებს და ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზებას ახდენს, რაც მას მომავალი დაზიანებისგან იცავს. მას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს და ირკვევა, რომ ამ დროს მოწევა უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე სხვა ფორმით მიღება. კანადის კონსორციუმის მონაცემებით, კანადელების 36 პროცენტი ართრიტის ტკივილს მარიხუანას მოწევით იხსნის. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი მოხმარების დროს არსებობს მიჩვევის და დამოკიდებულების გაჩენის საფრთხეც.

 

10. C ჰეპატიტი


ვაიომინგსის ინსტიტუტში (აშშ), სადაც  მარიხუანას სამკურნალო თვისებებს სწავლობენ  შეიმუშავეს c ჰეპატიტის განკურნების სქემა. კლინიკური კვლევების შედეგად გაირკვა, რომ პაციენტების 99.8 % სრულიად განიკურნა.

 

არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ მარიხუანას მოწევა ძალიან სასარგებლო და ჯანსაღი ჩვევაა. იგი წამალია და ყველა წამალს აქვს გვერდითი ეფექტები. მაგალითად, მისი ხშირი მოხმარება უარყოფითად მოქმედებს რესპირატორულ ორგანოებზე, ნერვულ სისტემაზე და იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, თუმცა შედარებისთვის რომ ავიღოთ ნაკლებად მავნეა ვიდრე ალკოჰოლური სასმელი და მის მიმართ დამოკიდებულება, აშკარად გადახედვას საჭიროებს.

წამლები, რომლებმაც შეიძლება მარიხუანას ტესტის ცრუ დადებითი შედეგი მოგვცეს

administrator 21-07-2016, 12:25 1 071 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ზოგიერთმა წამალმა შესაძლებელია მარიხუანაზე ტესტის დადებითი შედეგი მოგვცეს, ამიტომ მნიშვნელოვანია სრული წარმოდგენა გვქონდეს ამ წამლების ჩამონათვალზე.
იბუპროფენი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული პრეპარატია, რომელმაც შეიძლება მარიხუანას ტესტის დადებითი შედეგი მოგვცეს.
Advil, Aleve, Anaprox, Ansaid, Apo-ნაპროქსენი, Atripla, В2 ვიტამინი, Clinoril, Cramp End, Datril, Dolobid, დრონაბინოლი (Marinol), Edecrin ეფავირენზი, Excedrin IB, Feldene, Fenoprofin, ფლურბიპროფენი, Genpril, Haltran, კანაფის ზეთი, Ibuprin, Indocin, ლიზურიდი/ Dopergin, Lodine, Marinol ® , Meclomen, Mediprim, Medipren, Midol, Motrin, Nalfon, Naprosyn, ნაპროქსენი (Aleve), Navonaprox, Nuprin, Orudis KT, Oxaprozin, Pamprin და პანტოპრაზოლი, Phenergan, დიპრაზინი, Promethegan, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები,  Protonix, რიბოფლავინი, Relafen,  რუფინი, კანაფის შემცველი შამპუნი, სტოკრინი (Efanirenz), Tolectin, ვოლტარენი და სხვა სამკურნალო პრეპარატები, რომელიც მარიხუანას ტესტის დადებით შედეგს იძლევა.
ცრუ დადებითი შედეგის გამოსარიცხად, რეკომენდებულია ტესტირების წინ, სპეციალისტებს უთხრათ ამ პრეპარატების მიღების შესახებ.
ტესტირებამდე 2 დღით ადრე მოერიდეთ ცხიმოვანი მჟავების, შაქრის, ენერგეტიკული სასმელების მიღებას.

განახლებული ნევროლოგიური განყოფილება ამოქმედდა.

administrator 20-07-2016, 15:53 1 218 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / ნევროლოგია / კლინიკის სიახლეები

  

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განახლებული ნევროლოგიური განყოფილება ამოქმედდა. სამედიცინო დაწესებულებაში ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციას, მედპერსონალთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე დაესწრნენ. 

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერეს და მედპერსონალსაც გაესაუბრნენ. ,,რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო ცოტა ხნის წინ გარემონტდა. გვიხარია, რომ მენეჯმენტმა შეძლო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უახლესი აპარატურაც შეიძინა. აღნიშნული აპარატურით ჩვენს მოსახლეობას სრული გამოკვლევის ჩატარება ამიერიდან რუსთავშიც შეეძლება," - განაცხადა დავით ჯიქიამ. 

თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ განყოფილებაში ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს სხვადასხვა სამედიცინო - მათ შორის ანგიოგრაფიული, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის კურსის გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ