(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

აპენდიციტის მკურნალობა ანტიბიოტიკებით

administrator 25-07-2016, 14:01 1 019 მედიცინის სიახლეები

 

ნოტინჰემის სამეფო სამედიცინო ცენტრის (დიდი ბრიტანეთი) ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლოა, აპენდიციტის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ქირურგიულ ჩარევაზე უმჯობეს მეთოდად იქნეს მიჩნეული. სტატისტიკის თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის 7%-ს აპენდიციტის ქირურგიული წესით მოშორება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ანთებადი აპენდიქსი მანამდე უნდა ამოიკვეთოს, სანამ გასკდება, რადგან მის გახეთქვას პოტენციურად სასიკვდილო ინფექციური პროცესი მოსდევს.

ბრიტანელ მედიკოსთა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში პაციენტების დაახლოებით 66%-ს ოპერაცია აღარ დასჭირვებია. ამრიგად, ანტიბიოტიკებით მკურნალობა ეფექტიანია, მაგრამ ექსპერტები აქვე გვაფრთხილებენ, რომ კონსერვატიული ჩარევის შემთხვევაში შესაძლოა დაავადებამ რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ იჩინოს თავი. იმ 900 პაციენტიდან, რომლებსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი ჩაუტარეს, 68-ს შემდგომში მაინც მოუხდა ოპერაციის გაკეთება. ამასთან, მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდგება, როდესაც აპენდიციტი გაურთულებელია, ანუ არის ანთების ნიშნები, მაგრამ არ დასტურდება პერფორაცია, განგრენა ან დაჩირქება. თავად მკვლევრებიც აღიარებენ მათ მიერ მოწოდებული მეთოდის სერიოზულ ნაკლს - ანტიბიოტიკებით ნამკურნალები პაციენტების დაახლოებით 20%-ს შემდგომში დაავადების რეციდივის გადატანა მოუწევს, მათ 20%-ს კი შესაძლოა განუვითარდეს გართულებაც - პერფორაცია ან განგრენა. ბრიტანეთის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს მიაჩნით, რომ მიუხედავად ახალი მეთოდის მომხიბვლელობისა, რისკი დაუშვებელია. ყოველივე ამასთან ერთად, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ანტიბიოტიკებით ჩატარებულმა თერაპიამ ქალებში შესაძლოა ფერტილობის პრობლემები და უნაყოფობაც კი გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, აპენდიციტის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ფართოდ გავრცელებას ალბათ ვერ პოვებს, თუმცა მეცნიერები არ კარგავენ იმედს, რომ მის დახვეწას მოახერხებენ.

სხეულის მასის ინდექსი წონის შეფასების არაადეკვატური მეთოდი აღმოჩნდა

ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფორმულა, რომლითაც სიმსუქნის ხარისხის დასადგენად სხეულის მასის ინდექსს გამოთვლიან, არც ისე ზუსტია. მაგალითად, ამ ფორმულის თანახმად, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 39%-ს სიმსუქნის პრობლემა აქვს. მაგრამ ვეილ კორნელის სამედიცინო სკოლის დოქტორი ერიკ ბრეივერმანი და დოქტორი ნირავ შახი გვარწმუნებენ, რომ რეალური სტატისტიკა სხვაგვარია. ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ექსპერტებმა დაახლოებით 1400 ადამიანზე გამოსცადეს ინდექსის სიზუსტე და შედეგები სკანირებისას შეადარეს (სკანირებით ადგენენ ცხიმის ზუსტ მოცულობას, კუნთოვან მასას და ძვლის სიმკვრივეს). აღმოჩნდა, რომ ყოველ მეორე ქალსა და ყოველ მეოთხე მამაკაცს ფორმულამ მცდარი პასუხი გასცა. ჭარბი წონის მქონე ადამიანთა ჯგუფში, ინდექსის მიხედვით, ტესტირებულთა მხოლოდ 26% მოხვდა, ხოლო სკანირების შედეგების მიხედვით - 65%. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასაკთან ერთად ადამიანი კარგავს კუნთოვან მასას, სმი-ს გამოსათვლელი ფორმულა კი ცხიმსა და კუნთებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს. მეცნიერები გვირჩევენ, ზუსტი შედეგის მისაღებად სკანირებასთან ერთად გამოვიყენოთ სისხლში ჰორმონ ლეპტინის დონის განსაზღვრის მეთოდი - ტრადიციულად, ამ ჰორმონის დონე ცხიმოვან ქსოვილთან კავშირში განიხილება.

ქრონიკული სტრესი ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი მიზეზია

კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს სამედიცინო სკოლის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ხშირი სტრესი პროვოცირებას უწევს უხსნელი ტაუ-პროტეინის გამომუშავებასა და დაგროვებას. დაგროვილი პროტეინი ემსგავსება ნეიროფიბრილების გორგლებს, რომლებიც ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს იწვევს. მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სტრესი ნეირონებში ტაუ-პროტეინის ფოსფორილირებას (ფოსფორის მჟავის ნარჩენების მიერთებას) იწვევს და მის ხსნადობას ცვლის, ამ პროცესებს კი ალცჰაიმერის დაავადების განვითარებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მეცნიერებმა, ასევე, დაადგინეს, რომ საშიშია მხოლოდ განმეორებადი სტრესი. ერთეული შემთხვევები ასეთ დამანგრეველ გავლენას არ ახდენს. ქრონიკული სტრესი კი ტვინის ყველაზე სახიფათო მტერია. სპეციალისტები ამბობენ, რომ სტრესის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება რეალურად შევამციროთ მისი გავლენა.

საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ