(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

ზამთრის ტრავმები და პირველი დახმარება

administrator 11-08-2016, 15:48 1 162 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / ტრამვატოლოგია


სტატისტიკურად, ზამთარში ტრავმის ძირითადი მიზეზი ბანალური სიჩქარეა. ბევრი უბრალოდ ვერ ამჩნევს თოვლით დაფარულ ყინულს, ეცემა და შავდება. შედარებით გავრცელებული ტრავმაა კიდურის მოტეხილობა, რაც იმის შედეგია, რომ დაცემისას ადამიანი ინსტინქტურად ხელს წინ სწევს და მთელი ტანით ეცემა მასზე. უხერხულად დადგმული ფეხი კი წვივის არეში ტყდება. ქალებთან ამას ხელს უწყობს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ხანდაზმული ადამიანები მეტწილად სხეულის ასაკობრივი თავისებურებების - მომატებული სიმყიფის, იოგებისა და კუნთური კარკასის ნაკლები ელასტიკურობის გამო შავდებიან. მათ ხშირად აღენიშნებათ ხერხემლისა და ბარძაყის ყელის მოტეხილობა. ხანდაზმულ ასაკში მცირე ტრავმამაც კი შეიძლება მოტეხილობა გამოიწვიოს. ასიდან 95 შემთხვევაში დაშავებული ქალია. ზოგიერთი შინაგანი და გარეგანი ფაქტორის შეცვლით ზამთრის ტრავმების თავიდან აცილება შესაძლებელია. თუ გარეგან ფაქტორებზე ზემოქმედება ჩვენს ძალებს აღემატება, შინაგანი ფაქტორების შეცვლა უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია. საკმარისია, დავიცვათ უსაფრთხო ცხოვრებისა და საგზაო მოძრაობის წესები.


როგორ დავეცეთ სწორად
თუ გრძნობთ, რომ ეცემით, შეეცადეთ ჩაჯდეთ - დაცემის სიმაღლე შემცირდება. ამასთან, შეეცადეთ მოახერხოთ სხეულის ერთგვარი შეჯგუფება - ნიკაპი გულმკერდზე მიიდეთ, ხელის მტევნები მუცლისკენ წაიღეთ, იდაყვები გვერდებზე მიიბჯინეთ. მხრები წინ წამოსწიეთ, ხოლო ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ. თუ მოცურებისას წონასწორობა დაკარგეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაეცეთ გამართული ხელებით. შეეცადეთ, გვერდზე შებრუნდეთ, რათა დაცემა სხეულის გვერდით ზედაპირზე მოხდეს. ამით ტრავმისგან დაიცავთ ხერხემალს, თეძოებსა და კიდურებს. ეს ილეთი რეკომენდებულია 50 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის. თუ ზურგზე ეცემით, ნიკაპი მკერდთან მიიტანეთ, ხელები რაც შეიძლება ფართოდ გაშალეთ - ეს ქალა-ტვინის ტრავმისგან დაგიცავთ. თუ მოყინული კიბიდან ვარდებით, მნიშვნელოვანია სახისა და თავის დაცვა. შეეცადეთ, ისინი ხელებით დაიფაროთ. ნუ ეცდებით დამუხრუჭებას ხელ-ფეხის გაშლით - ეს მხოლოდ მოტეხილობათა რაოდენობას გაზრდის.

როგორ ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი ტრავმები
ზამთრის ტრავმების თავიდან ასაცილებლად უნდა დავიცვათ მარტივი წესები:

  • უნდა გვეცვას ბრტყელლანჩიანი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი კვადრატული ფორმის ქუსლით. უმჯობესია, ლანჩა მსხვილწიბოვანი იყოს, რათა არ ცურავდეს.
  • ყინულზე რაც შეიძლება ნელა, მოკლე ნაბიჯებით უნდა ვიაროთ.
  • ხანდაზმულმა ადამიანებმა, რეკომენდებულია, ფეხსაცმლის ლანჩაზე დაიმაგრონ ყინულსაწინააღმდეგო ზესადები.
  • სპორტის ექსტრემალური სახეობის მიმდევრებს უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა მოუწევთ. მათ უნდა გამოიყენონ ყველა დამცავი აქსესუარი - საიდაყვეები, სამუხლეები, ჩაფხუტი და სხვა.
  • ბავშვებს უნდა ვასწავლოთ უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა თხილამურებით, ციგურებითა და ციგით სრიალის დროს, უზრუნველვყოთ ისინი დამცავი საშუალებებით, ხოლო ტრავმის შემთხვევაში შეგვეძლოს პირველი დახმარების გაწევა.
როგორ გავუწიოთ პირველი დახმარება
სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ზამთრის ტრავმების დროს დაშავებულთა ნახევარზე მეტის პირველი დახმარება და სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება არასწორად ხდება, რაც ამძიმებს ტრავმას და ართულებს შემდგომ მკურნალობას. პირველი დახმარების მეთოდი ტრავმის სახეობაზეა დამოკიდებული. დაჟეჟილობა ყველაზე გავრცელებული ტრავმაა. ის მაგარ, ბლაგვ საგანზე დაცემისას წარმოიშობა. ტკივილი, ჩვეულებრივ, არც ისე ძლიერია, აღმოცენდება უშუალოდ დარტყმისას ან ტრავმიდან ცოტა ხნის შემდეგ. შეშუპება შედარებით სწრაფად ვითარდება, ხოლო სისხლჩაქცევა - რამდენიმე საათის შემდეგ. ღრმა ქსოვილების ტრავმისას შესაძლოა 2-3 დღის შემდეგაც კი იჩინოს თავი. დაჟეჟილი კიდურის ფუნქცია უმნიშვნელოდ ირღვევა. დაჟეჟილობის დროს პირველი დახმარება მიზნად ისახავს სისხლჩაქცევის შემცირებას და ტკივილის მოხსნას. დაჟეჟილ უბანს აგრილებენ (ყინულის ბუშტით, ცივი კომპრესით, სველი ხელსახოცით, ცივი ლითონის საგნით) და ასვენებენ: ხელს კისერზე ჩამოკიდებენ, სახსარს რვიანისმაგვარი ნახვევით ან არტაშნით აფიქსირებენ. სილურჯის გაწოვის დასაჩქარებლად უსვამენ ჰეპარინის ან ტროქსევაზინის მალამოს - ის შედედების საშუალებას არ აძლევს ჩაქცეულ სისხლს და ეს უკანასკნელიც სწრაფად, ტკივილისა და შეშუპების გარეშე გაიწოვება. კარგია კანზე იოდის ბადის წასმაც. თავის, გულმკერდის და მუცლის დაჟეჟილობას შესაძლოა თან ახლდეს ფარული დაზიანებები, ამიტომ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. დააკვირდით დაჟეჟილ ადგილას წარმოქმნილ სილურჯეს. თუ ის ფერს იცვლის და ბაცდება, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. თუ წითლდება და, ამასთან, შეშუპება და ტკივილიც იმატებს, შესაძლოა დაჩირქება იწყებოდეს. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ამოვარდნილობა (ნებისმიერი სახსრის შემადგენლობაში შემავალი ძვლების ბოლოების შეცილება) მოსალოდნელია დაცემის, დარტყმის, უხერხული მოძრაობის დროს. ტრავმის მომენტში გრძნობთ მკვეთრ და ინტენსიურ ტკივილს. სახსარში ჩვეულებრივი მოძრაობა შეუძლებელი ხდება. სახსარი დეფორმირდება, ფორმასა და კონფიგურაციას იცვლის. პირველი დახმარება ტკივილის შესამცირებლად და შეშუპების შესაჩერებლად უნდა იყოს გამიზნული. ამისთვის სახსარზე ცივს ადებენ, ხოლო კიდურს აფიქსირებენ. აუცილებელია დაშავებულის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ ამოვარდნილობის ჩასწორებას, თუ საამისო ცოდნა არ გაგაჩნიათ. მოტეხილობა შეიძლება იყოს და­ხურულიც (როცა კანის საფარი დაურ­ღვეველია) და ღიაც (როცა კანი გაგ­ლეჯილია). მოტეხილობაზე მიუთითებს დაშავებული კიდურის მწვავე ტკივილი, რომელიც მცირედი მოძრაობის დროსაც კი ძლიერდება. ეს მოძრაობას შეუძლებელს ხდის. კიდურს აქვს არაბუნებრივი ფორმა, რადგან მისი ღერძი იცვლება, ხოლო კუნთები იკუმშება. ღია მოტეხილობის დროს ჭრილობაში ზოგჯერ ჩანს მოტეხილი ძვლის ბოლო. პირველი დახმარება გულისხმობს მოტეხილი კიდურის ფიქსაციასა და მოსვენებას. არტაშნად გამოიყენეთ ნებისმიერი რამ, რაც ხელში მოგხვდებათ - ჯოხი, დაფა, მსხვილი ტოტები. შარფით ან ქამრით ისე დაამაგრეთ მასზე კიდური, რომ ორი მეზობელი სახსარი დააფიქსიროთ. მაგალითად, წვივის ძვლების მოტეხილობისას არტაშანი აუცილებლად უნდა ეხებოდეს მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრებს. ასე მოტეხილი ადგილი უძრავი დარჩება და ძვლის ნამტვრევები ერთმანეთს აღარ მოსცილდება, რითაც თავიდან ავიცილებთ ირგვლივ არსებული ქსოვილების ტრავმასა და ტკივილს. თუ შესაფერისი ვერაფერი იპოვეთ, ტრავმირებული ფეხი მიაბით ჯანსაღს, ხოლო ხელი - ტანს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეთ დაშავებული საავადმყოფოში. გახსოვდეთ, ყურადღება და სიფრთხილე ტრავმების პროფილაქტიკის საუკეთესო გზაა.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ