(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

ჯანსაღი კვება თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს

administrator 9-09-2016, 00:45 409 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ჩვენი თირკმელები საკმაოდ მძიმე და მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ: 1,5ლ შარდის (დღიური ნორმა) წარმოსაქმნელად აუცილებელია, თირკმლის გორგლებმა სისხლიდან 170ლ პირველადი შარდი გაფილტრონ, საიდანაც 168,5 ლიტრი უკან, სისხლშივე ბრუნდება. ამ ფილტრატის წარმოსაქმნელად თირკმელებში დღე-ღამეში ორ ტონამდე სისხლმა უნდა გაიაროს.შარდკენჭოვანი დაავადება (უროლითიაზი) ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად ვითარება. ამ დროს თირკმელებსა და შარდგამომტან გზებში წარმოიქმნება სხვადასხვა ქიმიური თვისების, ფორმისა და ზომის კენჭები. თუ შარდში ქვიშა ჩნდება და კენჭი ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული, ამ შემთხვევაში კვებით შესაძლებელია კენჭის ჩამოყალიბების თავიდან აცილება. ექიმები ავადმყოფს უნიშნავენ სამკურნალო დიეტას იმის მიხედვით, რომელი მარილი ჭარბობს მათ შარდში - ურატები, ოქსალატები, ფოსფატები თუ სამივე ჭარბადაა. ურატული კენჭები თირკმლებში პურინული ცვლის დარღვევის შედეგად წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში ინიშნება შემდეგი დიეტა: იკრძალება პურინების შემცველი საკვები - ტვინი, ღვიძლი, თირკმელები, შემწვარი და მოხრაკული ხორცი, ბულიონი, ძეხვეული, ხორცისა და თევზის კონსერვები, მწნილი, მარინადი, მჟაუნა, სატაცური, ლობიო, სოია, მუხუდო, ყავა, კაკაო, შოკოლადი, მაგარი ჩაი. ცოტაოდენი ხორცი შეიძლება, ოღონდ კარგად მოხარშული. სუფრის მარილი დღეში 10გ-მდე უნდა შეიზღუდოს. იმავდროულად უნდა გაიზარდოს გამატუტიანებელი პროდუქტების, მაგალითად, მცენარეული საკვებისა და რძის ნაწარმის, წილი. თუ პურს, ბურღულეულს, კვერცხს ბუნებრივი სახით მივიღებთ, ორგანიზმში გაცილებით ნაკლები მჟავას ეკვივალენტი წარმოიქმნება, ვიდრე დამუშავებული სახით მიღებისას, ამიტომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ყვითელ შაქარს, დაცეხვილი მარცვლეულის პურს, გაურჩეველ ბრინჯს, კანიანად მოხარშულ კარტოფილს და სხვა. შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს თეთრი შაქარი და მას უნდა ჩაენაცვლოს ჩირი და თაფლი. უმი ბოსტნეული, მათ შორის - კარტოფილი, კიტრი, ჭარხალი, ასევე ხილი, კენკრა, მათ შორის - საზამთრო, მსხალი, ატამი, შეიძლება მიიღოთ განუსაზღვრელი რაოდენობით. შეიძლება შავი ბოლოკის წვენი თაფლით (თანაფარდობით 1:2, ერთი სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 კვირას). ამ ნარევს აქვს შარდმდენი მოქმედება და ხელს უწყობს კენჭების გამოდევნას; რეკომენდებულია დიდი რაოდენობით (დღეში 2 ლ და მეტი) სითხის (მათ შორის - ვიტამინიზებული წვენების, ტუტე მინერალური წყლების) მიღება კვებიდან კვებამდე და უზმოდ. თუ შარდთან ერთად დიდხანს გამოიყოფა ურატები, აუცილებელია სპეციალური განსატვირთი დიეტა ხილით, კარტოფილით, კარტოფილ-ბოსტნეულით, რძის პროდუქტებით. ოქსალატური კენჭები მჟაუნმჟავას მარილებია. როცა ეს მარილები შარდში ჭარბადაა, ვითარდება ოქსალურია, რომლის  ძირითადი მიზეზია ორგანიზმში გლიცინისა და გლიოქსიდის მჟავას ცვლის დარღვევა. ასეთი ავადმყოფებისთვის რეკომენდებულია შემდეგი დიეტა: რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მჟაუნმჟავას შემცველი პროდუქტები: მჟაუნა, კაკაო, შოკოლადი, ისპანახი, ნატურალური ყავა, ხახვი, ოხრახუში და სხვა ფოთლოვანი მწვანილი და პომიდორი. მათ ნაცვლად მიირთვით: ბადრიჯანი, გოგრა, მუხუდო, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, სოკო, რომელშიც ეს მჟავა ცოტაა, ასევე ბ6 ვიტამინით და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები. ოქსალატების ორგანიზმიდან გამოძევებას ხელს უწყობს ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ყურძენი, კომში. თუ დიეტას დაიცავთ, ორგანიზმში ოქსალატების წარმოქმნა მედიკამენტების გარეშეც საგრძნობლად (40%-ით და მეტით) შემცირდება.ფოსფატურიის დროს (შარდში გამოიყოფა ფოსფორ-კალიუმის მარილები) იზღუდება გამატუტიანებელი მოქმედების და კალციუმით მდიდარი პროდუქტები, მიირთვით საკვები, რომელიც ცვლის შარდის რეაქციას მჟავიანობისკენ (პური და ფქვილის ნაწარმი, ბურღულეული, ხორცი და თევზი). იკრძალება: რძის, ბო­სტნეულის და ხილის წვ­ენები, შაშხი, დამარი­ლებული და შებოლილი თევზი, რძე და რძის ნაწარმი, კარტოფილი, ბო­სტნეულის სალათები, ვინეგრეტი და ბოსტნეულის კონსერვები, რძეზე მომზადებული ტკბილი კერძები. ხილის, კენკრის და ბოსტნეულის წვენები. რეკომენდებულია სითხის უხვად მიღება (უზმოზე და კვებიდან კვებამდე), რასაკვირველია, თუ უკუჩვენება არ აქვს; სუფრის მარილის დღიური ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 10 გრამს.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ