(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

სარძევე ჯირკვლის კიბო

administrator 4-09-2016, 14:52 1 363 საჭირო ინფორმაცია

 სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელიც ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი პათოლოგიაა, ქალთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად მიიჩნევა, თუმცა მამოლოგიის განვითარებამ საგრძნობლად გაზარდა კიბოთი დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა და განკურნების შესაძლებლობა. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, "new hospitals+"-ის წამყვანი ქირურგი-ონკოლოგი დავით ჯინჭველაძე. - ბატონო დავით, როგორია ამჟამად სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიურ დაავადებათა სტატისტიკა და რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? - სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების მატების ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. სამწუხაროდ, საქართველოში ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 4500 ახალ შემთხვევას აღემატება. - როგორია ქალებსა და მამაკაცებში ძუძუს კიბოს გადანაწილება, ვის უფრო ხშირად ემართება ეს დაავადება?- რა თქმა უნდა, ქალბატონებს, რადგან ეს პროცესი უმეტესად საკვერცხეების ჰორმონულ სტატუსზეა დამოკიდებული. ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. მის წილად მოდის ავთვისებიან სიმსივნეთა 19%. კარცინომის განვითარების ალბათობა ასაკის პირდაპირპროპორციულად იზრდება - დაავადებულთა მხოლოდ 4%-ია 30 წელზე ახალგაზრდა. სიკვდილიანობა ყველაზე ხშირია 40-50 წლის ასაკში. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა მეტი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის სტადიაში, ქალებს, რომლებსაც არასოდეს უმშობიარიათ ან პირველი შვილი გააჩინეს 30 წლის შემდეგ, ასევე - ქალებს, რომლებსაც აქვთ კიბოს ოჯახური ანამნეზი ან ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია. მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების კარცინომა ძალიან იშვიათად გვხვდება. - რა იწვევს ძუძუს კიბოს ან რა უწყობს ხელს მის განვითარებას?- რისკის ფაქტორი უამრავია: ადრეული მენსტრუაცია, გვიანი მშობიარობა... კიბოს განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, რომლებსაც თან სდევს ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის კერების გაჩენა. ასეთი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ენდოკრინულმა დარღვევებმა, რომლებსაც არცთუ იშვიათად განაპირობებს საკვერცხეების დაავადება, ხშირი აბორტი, ძუძუთი ბავშვის არასწორი კვება, ჩიყვი და სხვა. ძუძუს კიბოს განვითარების თვალსაზრისით განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება ანატომიურ-ემბრიოლოგიურ გადახრებს - ჯირკვლოვანი ქსოვილის დამატებითი წილებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის (სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომის) არსებობას. - ხომ არ შეინიშნება გაახალგაზრდავების ტენდენცია?- სამწუხაროდ, ასეთი ტენდენცია არის. თუ წინათ დაავადება შედარებით ასაკოვან ქალებს ემართებოდათ, ამჟამად 20-30 წლის ასაკშიც კი გვხვდება. ბოლო დროს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე საქართველოშიც გახშირდა. ჩემი ყველაზე პატარა პაციენტი 26 წლის იყო, ამჟამად იგი 28 წლისაა. - ასრულებს თუ არა გენეტიკური ფაქტორი რაიმე როლს? - უდავოდ ასრულებს. ონკოლოგიაში ასეთი ტერმინიც კი არსებობს – სარძევე ჯირკვლის ოჯახური კიბო. ეს ძალიან საშიშია და მეთვალყურეობას საჭიროებს. - შესაძლებელია თუ არა, ტრავმის შემდეგ სარძევე ჯირკვლის კიბო განვითარდეს?- სავსებით შესაძლებელია, თანაც უფრო მეტად - ისეთი უმნიშვნელო, შემთხვევითი ტრავმის შემდეგ, რომელსაც ქალბატონები ხშირად ყურადღებას არც კი აქცევენ. ასეთი ტრავმიდან 2-3 წლის შემდეგ ასიდან 85 შემთხვევაში კიბო ვითარდება. - რას უჩივის ამ დროს ქალი?- თავდაპირველად - არაფერს, მაგრამ პროცესის წინსვლასთან ერთად თავს იჩენს ტკივილი, ჯირკვალი მაგრდება, შესივდება, წითლდება. კიბოს ტიპური სიმპტომებია: კანის ფიქსაცია; დანაოჭება და ჩაღრმავება სიმსივნური წარმონაქმნის ზემოთ; ძუძუსთავის დეფორმაცია და ჩაბრუნება. ძუძუს კიბოს, უწინარეს ყოვლისა, ახასიათებს სარძევე ჯირკვალში ისეთი სიმსივნური კვანძების წარმოქმნა, რომლებსაც მკვეთრი საზღვრები არ გააჩნია. ამასთან ერთად, ხშირია ჯირკვლის მდებარეობის შეცვლა - იგი დვრილთან ერთად ზემოთ არის აზიდული ან შესივებულია და დაბლაა დაშვებული. შედარებით გვიანდელ სტადიაში ვითარდება ლიმფოსტაზი - კანი ლიმონის ქერქს ემსგავსება და წყლულდება. ღრმად მდებარე სიმსივნე სწრაფად ჩაიზრდება მიმდებარე ფასციასა და კუნთებში. სარძევე ჯირკვლის კიბოს მიმდინარეობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში - ქალის ჰორმონულ სტატუსსა და ასაკზე. ახალგაზრდა ქალებში იგი სწრაფად მიმდინარეობს და ძალიან სწრაფად იძლევა შორეულ მეტასტაზებს, მოხუცებს კი სარძევე ჯირკვლის კიბო შესაძლოა 8-10 წელიც კი მეტასტაზირების გარეშე ჰქონდეთ, რაც ორგანიზმის დაბერებით აიხსნება. განასხვავებენ სარძევე ჯირკვლის კიბოს  რამდენიმე ფორმას: მასტიტის მსგავსს, წითელი ქარის მსგავსს, ჯავშნისებურს და პეჯეტის კიბოს. - რისი ბრალია დაგვიანებული მომართვა, დაუდევრობის?- ამ კითხვაზე ერთი სიტყვით გიპასუხებთ: შიშის. ქალებს სარძევე ჯირკვლის მოკვეთის შიში აიძულებს, დაგვიანებით მიმართონ ექიმს, არადა უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო ადრეულ სტადიაში აღმოვაჩენთ კიბოს, მით უფრო იოლად გავუმკლავდებით მას და მით უფრო მეტია სარძევე ჯირკვლის შენარჩუნების შანსი. მეორე მიზეზი ის არის, რომ ადრეულ სტადიაში კიბომ ტკივილი არ იცის. მესამე მიზეზია ყოველწლიური აუცილებელი სამედიცინო გასინჯვის უგულებელყოფა. - სად ჩნდება მეტასტაზები?- სიმსივნური უჯრედები ლიმფურ კვანძებში ლიმფის ნაკადის მეშვეობით ვრცელდება და მეტასტაზებს იწვევს. ყველაზე ადრე ზიანდება იღლიისა და ლავიწქვეშა ლიმფური კვანძები. შემდეგ ხდება ლავიწზედა, კისრის, მედიასტინური ლიმფური და საპირისპირო იღლიისქვეშა კვანძების მეტასტაზირება. ზოგჯერ ჯირკვალში სიმსივნის აღმოჩენაზე ადრე იღლიის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზებს აღმოაჩენენ. მეტასტაზები ვრცელდება ღვიძლში, ფილტვებში, ძვლებსა და თავის ტვინში. მათ შესაძლოა დააზიანონ ხერხემალი, მენჯის, ნეკნების, თავის ქალას, თეძოსა და ბეჭის ძვლები. დაზიანება თავდაპირველად გამოვლინდება ყრუ ტკივილით, რომელიც მოგვიანებით აუტანელ, მუდმივ ტკივილში გადაიზრდება. - როგორ სვამენ დიაგნოზს?- სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის პირველი საფეხურია პაციენტის დათვალიერება, სარძევე ჯირკვლების ხელით გასინჯვა და ჩივილების გაანალიზება. აუცილებლად უნდა გაისინჯოს ორივე სარძევე ჯირკვალი. იმის გამო, რომ ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია კიბოს ღვიძლში მეტასტაზირება, ისინჯება ღვიძლიც (ღვიძლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა). გამოკვლევის აუცილებელი კომპონენტია ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა. როდესაც კარცინომის სიმპტომები მკვეთრია, დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის, მაგრამ საწყის სტადიებში, როცა სიმსივნური წარმონაქმნი პატარაა, ღრმად მდებარეობს ან მეტასტაზები ჯერ კიდევ არ განვითარებულა, დამატებითი გამოკვლევა გარდაუვალია. ამ მიზნით ტარდება სარძევე ჯირკვლების რენტგენოგრაფია (უკონტრასტო მამოგრაფია), ექოსკოპია, სიმსივნური წარმონაქმნის პუნქცია და ციტოლოგიური კვლევა. აუცილებელია ბიოფსიის შედეგად აღებულ მასალაში ესტროგენებისა და პროგესტერონის რეცეპტორების განსაზღვრა. რეცეპტორპოზიტიური სიმსივნე ხშირად ჰორმონულ თერაპიას ექვემდებარება და უკეთესი პროგნოზი აქვს. ულტრაბგერით გამოკვლევას სოლიდური (ანუ მკვრივი) ან კისტოზური ხასიათის წარმონაქმნების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ. დაავადების გავრცელების ხარისხის დასადგენად, თუ პაცინეტი უჩივის "ძვლების ტკივილს", ტარდება ჩონჩხის სცინტიგრაფია (საჭიროების შემთხვევაში - ჩონჩხის რენტგენოგრაფია), ღვიძლის ექოსკოპიური გამოკვლევა, ფილტვების რენტგენოგრაფია და სხვა. - როგორ მკურნალობენ?- ონკოლოგიაში არსებობს შემდეგი მიმართულებები: ქიმიოთერაპია, ქირურგიული მკურნალობა, სხივური თერაპია. რასაკვირველია, არც ჰორმონული თერაპია უნდა დავივიწყოთ. უკეთესი შედეგისთვის, რასაკვირველია, ყველა კომპონენტის გამოყენებაა აუცილებელი. რაც უფრო ადრეულ სტადიაზე დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ, მაგრამ მკურნალობა ხანგრძლივია - 3-4 თვიდან 1 წლამდე, შესაძლოა 5 წლამდეც. საწყის სტადიაში, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი მცირე ზომისაა და რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები არ აღინიშნება, ტარდება ქირურგიული მკურნალობა, კერძოდ, რადიკალური ძუძუშემანარჩუნებელი მასტექტომია. როდესაც სიმსივნური წარმონაქმნის ზომა 5 სმ-ზე მეტია, კანის სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, აღინიშნება სარძევე ჯირკვლის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინფილტრაცია, ხოლო იღლიის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები შეიმჩნევა, ინიშნება კომბინირებული მკურნალობა. თავდაპირველად ტარდება ქიმიო- და სხივური თერაპია სარძევე ჯირკვლის არეზე და რეგიონული მეტასტაზების მიდამოში, შემდეგ კი ქირურგიული ჩარევა ხორციელდება. მაგრამ ყველა პაციენტს მკურნალობა ენიშნება ინდივიდუალურად. საოპერაციოდ სპეციალური მომზადება და ოპერაციის შემდგომი მოვლა საჭირო არ არის, აუცილებელია მხოლოდ ჭრილობის დამუშავება და ხელის ვარჯიშების ჩატარება ნაოპერაციებ მხარეს. თუ ქალს ძუძუს გავრცობილი კიბო აქვს, ინიშნება სხივური თერაპიის, ოპერაციის, ჰორმონული და ქიმიოთერაპიის კომბინაცია. სარძევე ჯირკვლის ჰორმონდადებითი კარცინომის დროს იკვეთება ორივე საკვერცხე (ან დასხივებით ითიშება მათი ფუნქცია, ანდა იმავე შედეგს იღებენ ქიმიო- ანუ მედიკამენტური კასტრაციით). ჰორმონული თერაპიის შეწყვეტა არ შეიძლება. მისი კურსი რამდენიმე წელიწადს გრძელდება. ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების ან გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში ნებადართულია დოზის შემცირება ან წამლის მიღებიდან მიღებამდე ინტერვალის გაზრდა. ქიმიო- და ჰორმონულ თერაპიას ფართოდ იყენებენ შორეული მეტასტაზების არსებობისას. ამ დროს ძირითად მკურნალობას ემატება მათი დასხივებაც, რაც დროებითი რემისიის მიღწევისა და ავადმყოფის სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას იძლევა. თუ სარძევე ჯირკვლის კიბო შორს არის წასული, განვითარებულია მრავალი მეტასტაზი, სიმსივნე დაწყლულებულია, - ტარდება პალიატიური ოპერაცია, რაც ჯირკვლის ამპუტაციას ითვალისწინებს. ასეთი ოპერაცია გამიზნულია არა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ ავადმყოფის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გულმკერდზე არსებული ნაწიბურის არხში სარძევე ჯირკვლის კიბოს რეციდივი იშვიათია. ამ შემთხვევაში ტარდება როგორც ადგილობრივი სხივური თერაპია, ისე ზოგადი ჰორმონო-ქიმიოთერაპია. რეციდივის დროულად აღმოსაჩენად საჭიროა ავადმყოფის დინამიკაში დაკვირვება. ამისათვის 3-4 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს სამედიცინო შემოწმება, ყოველწლიურად - მამოგრაფია, ძვლების სკანირება, გულმკერდის ყაფაზის რენტგენოგრაფია და ღვიძლის გამოკვლევა. თავად ავადმყოფმა უნდა აწარმოოს ყოველთვიური თვითგასინჯვა. - როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ თავიდან აიცილოს ან მინიმუმამდე მაინც შეამციროს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ალბათობა?- 20-25 წელს გადაცილებულმა ყოველმა ქალმა პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის ყოველწლიურად უნდა მიმართოს მამოლოგს. 35-40 წლამდე გამოკვლევის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია მამოლოგის მიერ პალპაციური (ხელით) გასინჯვა. ამის საფუძველზე ექიმი განსაზღვრავს, აუცილებელია თუ არა შემდგომი გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში ულტრასონოგრაფიულ (ექოსკოპიურ) კვლევას დანიშნავს. 40 წლის შემდეგ ამ მეთოდებს ემატება მამოგრაფია - ძუძუს რენტგენოლოგიური კვლევა. - როდის არის ყველაზე მიზანშეწონილი ექიმთან ვიზიტი და რამდენ ხანში ერთხელაა ის საჭირო?- მამოლოგთან ვიზიტისთვის საუკეთესოა მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდი, რომელიც მენსტრუაციის დასრულებიდან 1 კვირის შემდეგ იწყება და მომდევნო ციკლის დაწყებამდე 5-6 დღით ადრე სრულდება. ამ დროს სარძევე ჯირკვალი ყველაზე მეტად არის დასვენებული და პათოლოგიური პროცესი უფრო იოლი აღმოსაჩენია. ინსტრუმენტული გამოკვლევებიც მხოლოდ ამ პერიოდში ტარდება. ექიმთან ვიზიტის სიხშირე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას. თუ სისხლით ნათესავებს ეს დაავადება ჰქონდათ, ალბათობა გაცილებით მეტია. ამ შემთხვევაში ქალმა 6 თვეში ერთხელ უნდა მიმართოს ექიმს. თუ ოჯახური ანამნეზი ამ დაავადებით არ არის დატვირთული, სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა 40 წლამდე წელიწადში ერთხელაც საკმარისია. დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია ძუძუს თვითგასინჯვა. ძუძუს თვითგასინჯვა ტარდება ყოველთვიურად, სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან სიბერემდე. სარძევე ჯირკვლის შესამოწმებლად საუკეთესო დროა მენსტრუაციის შემდეგ მერვე-მეათე დღე. ამ დროს მკერდი არც მეტისმეტად მაგარია და არც მეტისმეტად რბილი. მენოპაუზის შემდეგ ძუძუს თვითგასინჯვა სასურველია ჩატარდეს ყოველი თვის პირველ რიცხვში. სარძევე ჯირკვლების გასინჯვა ხდება აბაზანაში, ოდნავ გასაპნული ხელით, რათა თითებმა კანზე ისრიალოს. მაღლა ასწიეთ მარცხენა მკლავი და მარჯვენა ხელით შეიმოწმეთ მარცხენა ძუძუ, შემდეგ - პირიქით. ძუძუ უნდა გაისინჯოს გაშლილი შუა სამი თითის ბალიშებით. ზედაპირული გასინჯვაროცა ძუძუს თითის ბალიშების მსუბუქი ზეწოლით ვსინჯავთ, ვლინდება ნებისმიერი მცირე ზომის კანქვეშა მოძრავი სიმსივნური წარმონაქმნი. ღრმა გასინჯვა ღრმა ზეწოლით გასინჯვისას ვლინდება შედარებით ღრმად მდებარე ქსოვილები და ნეკნების მიმდებარე არე. ლიმფური კვანძები გაივლის იღლიების ქვეშ და ლავიწის არეში. ვინაიდან ძუძუს კიბო შესაძლოა ლიმფური კვანძების გადიდებით გამოვლინდეს, ზედმიწევნით გამოიკვლიეთ იღლიისქვეშა და ლავიწის ძვლის გარშემო არსებული არე. არსებობს ძუძუს ხელით გამოკვლევის ორი ძირითადი მეთოდი: სპირალური და ბადისა. სპირალური მეთოდიგასინჯვა დაიწყეთ მკერდის ზედა არიდან და ხელის მოძრაობით შემოხაზეთ დიდი სპირალი ძუძუსთავამდე. პროცედურა გაიმეორეთ ორ-ორჯერ ჯერ მსუბუქი, შემდეგ - ღრმა ზეწოლით. ბადის მეთოდიმკერდი წარმოსახვით დაყავით კვადრატებად და გამოიკვლიეთ ყოველი კვადრატი ცალ-ცალკე თითების წრიული მოძრაობით. თითოეული კვადრატი გაისინჯეთ ჯერ მსუბუქი, შემდეგ კი ღრმა ზეწოლით. ცნობისათვის: ძუძუს კიბოს 50% ძუძუს ზედა გარეთა კვადრატში ვითარდება, 15% - ზედა შიგნითა კვადრატში, 6% - ქვედა შიგნითა კვადრატში, 11% - ქვედა გარეთაში, ხოლო 18% - ძუძუსთავზე. თუ დაშვებული ან მძიმე ძუძუ გაქვთ, გასინჯვისას შესაბამისი ხელით ქვემოდან დაიჭირეთ, საპირისპიროთი კი გაისინჯეთ. შხაპის შემდეგ დადექით სარკესთან და კარგად დააკვირდით მკერდს ხილული ცვლილებების აღმოსაჩენად (ზომა, ფორმა, ფერი, ძუძუსთავის ჩაბრუნება). შემდეგ ხელები მაღლა ასწიეთ და მკერდი ახლა ამ მდგომარეობაში დაითვალიერეთ. ხელები ნიკაპქვეშ ერთმანეთს გადააჭდეთ, მოადუნეთ მკერდის კუნთი, ასწიეთ მხრები და წინ გადაიხარეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ორივე ძუძუ თანაბრად არის დაკიდებული. ბოლოს ნაზად მოუჭირეთ ხელი ძუძუსთავებს - დააკვირდით, ხომ არ გაქვთ უჩვეულო, განსაკუთრებით - მოვარდისფრო ამ მოწითალო გამონადენი. სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვის უკანასკნელი საფეხურია მწოლიარე მდგომარეობაში გასინჯვა. ბეჭების ქვეშ ოთხად გაკეცილი პირსახოცი ამოიდეთ, მკერდზე ცოტაოდენი ლოსიონი წაისვით და დაიწყეთ მკერდის გასინჯვა სპირალურად ან უჯრედულად. არ დაგავიწყდეთ იღლიებისა და ლავიწის არეების შემოწმება. სარძევე ჯირკვლის კიბოს ტიპური სიმპტომებია სიმაგრე მკერდზე; ცალი ძუძუს უჩვეულო გადიდება; ცალი ძუძუს უჩვეულო ჩამოშვება; კანის დანაოჭება მკერდზე; ძუძუსთავის ჩაბრუნება; მკლავის უჩვეულო შესივება; ძუძუსთავის ნებისმიერი ცვლილება; ლიმფური კვანძების გადიდება; ნებისმიერი უჩვეულო გამონადენი დვრილებიდან.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ