(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

ჯანმრთელი საკვები

administrator 9-09-2016, 00:49 745 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 დიეტოლოგები გვირჩევენ, მხოლოდ შინ, საკუთარი ხელით მომზადებული კერძები მივირთვათ, თავი ვარიდოთ სწრაფი კვების ობიექტებში ჭამას, რადგან არ ვიცით, რას მივირთმევთ ამ დროს, რამდენად ჯანსაღია საკვები, რომელსაც იქ გვთავაზობენ, დაცულია თუ არა სანიტარიული ნორმები. შინ, საკუთარ სამზარეულოში, ამას უკეთ მოახერხებთ. საჭიროა მხოლოდ, პროდუქტების გონივრულად შერჩევა შეგეძლოთ. ჯანსაღი კვება არც ისე ძვირია. თუ მაცივარს ასეთი საკვებით ავავსებთ, ფულსაც დავზოგავთ და ჯანმრთელობასაც. სასურველია, შინ ყოველთვის გქონდეთ: ბურღულეული, ზეთი, ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, კვერცხი, თევზი, რძე და რძის ნაწარმი. ეს პროდუქტები ჯანმრთელიც არის და იაფიც. კომბოსტო, ჭარხალი, შვრია, ლობიო, ბარდა მინიმალური შემოსავლის მქონე ოჯახებისთვისაც ხელმისაწვდომია. თუ რეგულარულად მიირთმევთ ჩამოთვლილ პროდუქტებს, თქვენს ორგანიზმს არასოდეს მოაკლდება ვიტამინები. თუ უარს იტყვით მზა საკვებზე - ჰამბურგერებზე, კარტოფილის ჩხირებზე, ფუნთუშებზე, გაურკვეველი ხარისხის ტკბილეულზე და მათ ნაცვლად მიირთმევთ ხილს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, სალათებს, არა მარტო საკუთარ ბიუჯეტს გაუწევთ შეღავათს, არამედ მოხდენილობასა და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ. მინდა? არ მინდა!ბევრს სჩვევია საკვების მომარაგება, მაგრამ ყოველგვარი პროდუქტის დიდხანს შენახვა არ შეიძლება. ეს უნდა გახსოვდეთ, როცა მაღაზიაში წახვალთ სურსათის შესაძენად. მიეჩვიეთ იმდენის შეძენას, რამდენის ათვისებასაც შეძლებთ 2-3 დღის განმავლობაში. ხორცი და თევზი მომზადებისთანავე უნდა მიირთვათ. კერძის გაცხელებისას მასში არსებულ სასარგებლო ნივთიერებებს კარგავთ და ორგანიზმს წიდით ავსებთ. გამოდის, რომ სულ ტყუილად დახარჯეთ ფული. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: 1. შეიძინეთ ხილი და ბოსტნეული სეზონის მიხედვით; 2. როცა სურსათის მომარაგებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რამდენად მალფუჭებადია ესა თუ ის პროდუქტი, როგორ ტემპერატურაზე და რა სახით უნდა შეინახოთ. თუ გსურთ, ჯანსაღად იკვებოთ, სუფრაზე მუდამ უნდა გქონდეთ: ბურღულეული - ბრინჯი, წიწიბურა, შვრია. უკეთესი იქნება, თუ ფაფებს წყალზე მოამზადებთ - უფრო იოლია, იაფი და, რაც მთავარია, სასარგებლო. შეგიძლიათ დაამატოთ გარგარის ჩირი, სოკო. რჩევა: შეინახეთ ბურღული სპეციალურ კონტეინერებში. ზეთი. უპირატესობა მიანიჭეთ არარაფინირებულ ზეთს. ვიტამინები და მი­კროელემენტები მასში გაცილებით მეტია, ვიდრე რაფინირებულში; რჩევა: მცენარეულ ზე­თში მომზადებული ბოსტნეული უფრო ადვილი ასათვისებელია. ხილი. მას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. მდიდარია უჯრედისით, რომელიც ასე საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის. რჩევა: შეინახეთ ხილი მაცივარში, თუმცა დიდხანს არა - მაქსიმუმ ერთი კვირა. ნუ შეინახავთ ცელოფნის პარკით. ბოსტნეული. ის მთელი წელი უნდა იყოს თქვენს სუფრაზე. ეგზოტიკური ძვირად ღირებული ჯიშები მაინცდამაინც ნუ გაგიტაცებთ; ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, გოგრა არც ისე ძვირი ღირს და ძალიან სასარგებლოა. თითოეული მათგანი სავსეა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც გამუდმებით სჭირდება ჩვენს ორგანიზმს. რჩევა: ბოსტნეულისგან გემრიელი გარნირი მზადდება. მაგალითად, ჭარხალი გაფქცვნით, მოაყარეთ წიწაკა, მარილი, გაახვიეთ ფოლგაში და შედგით ღუმელში, ლითონის ბადეზე, 25 წუთით. მწვანილი - სალათა, ოხრახუში, ნიახური, კამა... ეცადეთ, მწვანილეული ყოველთვის იყოს თქვენს რაციონში. ზაფხულში და შემოდგომაზე მიირთვით ქორფა. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ მისი გახმობაც შეიძლება! რჩევა: ნურასოდეს შეიძენთ ბევრ მწვანილს, რადგან ის სწრაფად ფუჭდება. უმჯობესია შეინახოთ სპეციალური კონტეინერით ან ტენიან ტილოს ხელსაწმენდში გახვეული. კვერცხი. ეს ცილისა და ბ ჯგუფის ვიტამინების შესანიშნავი წყაროა. კვერცხის გული მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ლუტეინს, რომელიც ძალიან უხდება მხედველობას. რჩევა: მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ტკბილი წიწაკა, მარილი, დაასხით კარგად გათქვეფილი ორი კვერცხი, ტაფა 10-15 წუთით შედგით გახურებულ ღუმელში. თევზი - ის წყაროა ცილისა, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი. გაყინული თევზი ცოცხალზე არანაკლებ სასარგებლოა. რჩევა: თევზი და ხორცი მიირთვით მწვანილისა და ბოსტნეულის გარნირით. რძე და რძის ნაწარმი - სასარგებლოა და არც ისე ძვირი ღირს. პასტერიზებულს კი ცოცხალი პროდუქტი სჯობია. რჩევა: აუცილებლად შეამოწმეთ პროდუქტების ვადა.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ