(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

პოლიპები - უცხონი ჩვენს სხეულში

administrator 4-09-2016, 14:41 1 625 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 გარეგნულად ყვავილოვანი კომბოსტოს თავებს ან ყურძნის მტევნებს ჰგვანან, სოკოებივით იზრდებიან და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ. უცხოპლანეტელებივით ჯერ ერთ ადგილზე ინერგებიან, იზრდებიან ლორწოვან გარსში, მერე კი ხელსაყრელ მომენტს ელიან, რათა ახალ-ახალი ტერიტორიები დაიპყრონ. ხან ერთეულ წარმონაქმნებად იზრდებიან, ხან კი კოლონიებად. მათი საყვარელი ადგილებია: ყელი, ყური, ცხვირი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, სასქესო ორგანოები. ყველაზე დიდი საშიშროება მათ უნარს - ავთვისებიან, სიმსივნურ ქსოვილად გადაგვარებას - უკავშირდება. ამიტომაც გვირჩევენ მათ დროულ მკურნალობასა და განადგურებას. ყელიყელში პოლიპები ძალზე იშვიათად ჩნდებიან, ჩვეულებრივ, ქრონიკული ფარინგიტის, ლარინგიტისა და ტონზილიტის ფონზე. ლოკალიზდებიან სახმო იოგებზე ან სახმო ნაპრალის ზევით. მოზრდილები ხმის ჩახლეჩას, გაუხეშებას და სუნთქვის გაძნელებას იწვევენ, რადგან კეტავენ სახმო ნაპრალს. მათ ძირითად სამიზნეს ლექტორები, მომღერლები და სხვა ის ადამიანები წარმოადგენენ, რომელთა პროფესიაც ხმის გადაძაბვას უკავშირდება. პოლიპებს ადგილობრივი ანესთეზიის თანხლებით ლაზერით აცილებენ. ოპერაციის შემდგომ აუცილებელია ქრონიკული ინფექციის კერის აღმოფხვრაც. ყურიყურში პოლიპები ქრონიკული ოტიტისა და მისი გამწვავების ფონზე ჩნდება. იზრდება დაფის აპკის ლორწოვანზე და ვლინდება სმენის მკვეთრი დაქვეითებით, ყურში ხმაურით. მკურნალობა პოლიპის ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ მოცილებას ითვალისწინებს. ცხვირილორ-სისტემის ორგანოებიდან პოლიპები ყველაზე ხშირად ცხვირში ლოკალიზდებიან. მათი საყვარელი ადგილი ცხავის ძვლის ლაბირინთია - წვრილი წიაღები, საიდანაც ისინი ისე იზრდებიან, რომ ჰაიმორის და შუბლის წიაღებამდეც კი აღწევენ. ნებისმიერი ფორმისა და ზომისანი, განლაგებულნი არიან როგორც ერთეულებად, ისე კოლონიების სახით, რომლებიც ძალიან ჰგავს ყურძნის მტევანს. ყველაზე ხშირად პოლიპების სამიზნენი ხდებიან ალერგიული პირები, როგორც სეზონურად, ისე ქრონიკულად მოავადენი. მათი ლორწოვანი გარსი ხომ მუდმივად გაღიზიანებულია, არასწორად ფუნქციონირებს და შესანიშნავ ნიადაგს ქმნის უცხოთა გასამრავლებლად. მეორე პოტენციური სამიზნენი დაქვეითებული იმუნიტეტის მქონენი არიან, რომლებმაც გადაიტანეს ვირუსული ინფექცია ან გრიპი, ანდა აქვთ ქრონიკული ბრონქიტი და რინიტი. ორგანიზმის თავდაცვითი ძალების დასუსტებისას ინფექცია, მიკროორგანიზმის ცხოველქმედების პროდუქტები კიდევ უფრო აღიზიანებს ლორწოვან გარსს და შედეგად ახალწარმონაქმნები ვითარდებიან. მესამე - პოტენციური სამიზნენი გახლავთ ცხვირის გამრუდებული ძგიდის მქონე ადამიანები, მათ დარღვეული აქვთ ცხვირის დანამატი წიაღების დრენაჟული ფუნქცია. ამ დროს, ჩვეული ფლორა ცხვირიდან წიაღებში ხვდება, აღიზიანებს ლორწოვანს და იწვევს ქრონიკულ სინუსიტს. მეოთხე პოტენციური სამიზნენი არიან პრობლემური კბილების მქონე ადამიანები. კბილები უშუალოდ ცხვირის დანამატი ღრუების ქვეშ მდებარეობს. ზოგჯერ მათი ფესვები წიაღის არეში ხვდება, ამიტომ როდესაც პირის ღრუში კარიესი, გინგივიტი, სტომატიტია, მავნე ფლორა ზედა ყბიდან ხვდება ცხვირის სინუსებში და პოლიპებს აჩენს. სად იმალება საფრთხეცხვირის პოლიპები ავთვისებიან სიმსივნედ ძალიან იშვიათად გადაგვარდება. მთავარი საშიშროება პოლიპის მიერ გამოწვეული ანოსმია - ყნოსვის დაკარგვაა. ხშირია ყლაპვის პროცესის დარღვევა, როდესაც მსხვილი პოლიპი ცხვირ-ხახიდან პირის ღრუში ვარდება, სუნთქვა ძნელდება, როდესაც იგი არღვევს წიაღის ძვლოვან კედელს და ცხვირის სინუსებიდან გამოდის. ყველაზე საშიშია ის მდგომარეობა, როდესაც პოლიპი თავის ტვინთან ახლოს იმყოფება. ამ შემთხვევაში პოლიპოზის სტანდარტული სიმპტომები: ყნოსვის დაკარგვა და სუნთქვის გაძნელება, ჩვეულებრივ, არ ვლინდება. პაციენტი უპირატესად უჩივის თავის ტკივილს, ქალასშიდა წნევის მატებას, ნევროლოგიურ მოშლილობებს და ვიდრე რეალური მიზეზი დგინდება, პოლიპი უკვე საკმაოდ დიდ ზომას აღწევს და ადვილად აღმოსაჩენია როგორც რენტგენის სურათზე, ისე ტომოგრაფიული კვლევისას. მკურნალობაპოლიპის აღმოსაჩენად აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი, რენტგენული, ტომოგრაფიული და ენდოსკოპიური კვლევები. პოლიპები ყოველთვის როდი ექვემდებარება ამოკვეთას. პატარა წარმონაქმნების ზრდის პროცესის შენელება შესაძლებელია კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით, მაგრამ მათი სრული გაქრობის ძალა არ შესწევთ, ამიტომ აუცილებელია დარჩენილებზე დაკვირვება, განსაკუთრებით ალერგიულ პირებში. რაც შეეხება უკვე გაზრდილ, დიდი ზომის პოლიპებს, აუცილებელია მათი ამოკვეთა. ერთეული პოლიპი ადვილად მოსაშორებელია ადგილობრივი ანესთეზიით, ენდოსკოპის დახმარებით. ამგვარი ოპერაცია ამბულატორიულად ტარდება და პაციენტს იმავე დღეს შეუძლია შინ დაბრუნდეს. თუ პოლიპი დიდია და, ამასთან, რამდენიმე, ტარდება ცხვირის პოლიპოტომია ცხავის ძვლის ლაბირინთის გაკვეთით. ამის შემდგომ პაციენტი კლინიკაში 1-2 კვირა ჩერდება. ერთი თვის განმავლობაში აკრძალულია ფიზიკური დატვირთვა, ცხვირის ტრავმა და ორთქლის აბანოში ყოფნა. გაითვალისწინეთ: როდესაც არ ხერხდება პოლიპის სრული მოცილება, ლორწოვან გარსზე რჩება პატარა ნაწილი, საიდანაც გარკვეული დროის შემდგომ ვითარდება რეციდივი და საჭირო ხდება განმეორებითი ოპერაცია. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, კუჭიკუჭში პოლიპების წარმოქმნა ყველაზე ხშირად ატროფიულ გასტრიტს უკავშირდება, როდესაც კუჭი აღარ გამოიმუშავებს მარილმჟავას, პეპსინს და კარგავს საჭმლის მონელების უნარს. ეს 40-60 წლის ასაკში ხდება, თანდათანობით თხელდება კუჭის ლორწოვანი გარსი, ვითარდება სეკრეტორული უკმარისობა და პოლიპებიც ჩნდებიან. ახალგაზრდობაში პოლიპების გაჩენა არარაციონალურ დიეტებს უკავშირდება. ისინი ყველაზე ხშირად ლოკალიზდებიან იმ ნაწილში, სადაც საყლაპავი მილი კუჭში გადადის. შესაძლოა იყვნენ როგორც ავთვისებიანები, ისე კეთილთვისებიანები. ორივე ტიპი ნეგატიურად მოქმედებს როგორც კუჭის, ისე მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციაზე. კეთილთვისებიან პოლიპებს ფეხი არ აქვთ, პირდაპირ სხედან ფუძეზე, პატარა ზომისანი სიმპტომატიკას არ იწვევენ, მაგრამ როცა 5 სმ-ს აჭარბებენ - კეტავენ კუჭის გასასვლელს, რის გამოც შესაძლოა განვითარდეს გულძმარვა, ღებინება, გულისრევა, შინაგანი სისხლდენა და პერიტონიტი. მკურნალობაპოლიპების გამოსავლენად ტარდება გასტროსკოპია, თუ მცირე ზომისანი არიან - ბიოფსია და დაკვირვება იმის დასადგენად, იზრდებიან თუ არა. თუ დიდი ზომისაა, გასტროსკოპიის დროს კვეთენ. ერთ ჯერზე შესაძლებელია 4-დან 7 მათგანის მოცილება. ოპერაციის შემდგომ პაციენტს მკაცრი სამკურნალო კვება ენიშნება. რეკომენდებულია ვიტამინოთერაპია. ავთვისებიანი პოლიპის არსებობისას, თუ სიმსივნეს არ გააჩნია მეტასტაზი, ტარდება კუჭის ნაწილობრივი რეზექცია, თუ იგი გავრცელებულია, მაშინ სრული რეზექცია. კუჭის გარეშე ადამიანები ცოცხლობენ, თუმცა მათი ცხოვრების ხარისხი რამდენადმე უარესდება. ნაწლავებინაწლავთა პოლიპოზი მემკვიდრეობითი დაავადებაა, ე.წ. დიფუზური ოჯახური პოლიპოზი, როდესაც პოლიპები მთელ ნაწლავშია მოდებული და თითქმის ყოველთვის კიბოდ გადაგვარდებიან. დაავადება ვლინდება 10, 20 და 30 წლის ასაკში. არსებობს ვერსია, რომ პროცესი დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე იწყება. ავთვისებიანი პოლიპები გარეგნულად სოკოს წააგვანან, რომლებიც ფეხზე იზრდებიან. დასაწყის სტადიაზე პირველი ნიშანია: მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, შემდგომ კი სისხლიანი განავალი, დიარეა, ღებინება, მეტაბოლური ცვლილებები. გენეტიკური მიზეზის გარდა, პოლიპოზი შესაძლოა განვითარდეს მსხვილი ნაწლავის დაზიანებისას ან წყლულოვანი კოლიტის ფონზე. ეს კეთილთვისებიანი პოლიპებია, რომელთა ზრდაც არღვევს ნაწლავის პერისტალტიკას, ამიტომ სიფრთხილე მათთანაცAარის საჭირო. მკურნალობაპოლიპების აღმოსაჩენად ტარდება კოლონოსკოპია, შემდგომ - ბიოფსია. სამწუხაროდ,  ავთვისებიან პოლიპთა კოლონიები ისე აზიანებენ ნაწლავს, აუცილებელი ხდება მისი სრული ამოკვეთა. კეთილთვისებიანი პოლიპების მოცილება კი შესაძლებელია ლაპაროსკოპიულად. ოპერაცია არ აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, ორგანიზმი მრავალი წლის განმავლობაში აგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას. ქალის სასქესო ორგანოებიყველაზე ხშირად ჩნდებიან საშვილოსნოს ყელსა და საშვილოსნოს ლორწოვან გარსში. მათ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ანთებითი დაავადებები და მეტაბოლური მოშლილობები, რომლებიც მენსტრუალური ციკლის არევას იწვევენ. სახეობის მიხედვით ცნობილია: ფიბროზულ-ჯირკვლოვანი, ფიბროზული, პლაცენტური, ჯირკვლოვანი, ადენომური პოლიპები, ეს უკანასკნელნი ყველაზე ხშირად მალიგნიზდებიან კიბოდ. საშვილოსნოს ყელის პოლიპებს ახასიათებს სქესობრივი აქტის დროს ტკივილი შემდგომი სისხლდენით, გახანგრძლივებული მენსტრუაცია - 7 დღეზე მეტხანს. გაითვალისწინეთ! პოლიპები შესაძლოა იქცნენ უშვილობის მიზეზად, რადგან ისინი სპერმატოზოიდების გადაადგილებისთვის სერიოზულ წინაღობას ქმნიან. ისინი უპირატესად ფარულად არსებობენ - მათი აღმოჩენა შემთხვევით ხდება, ამიტომ აუცილებელია ყველა ქალისთვის წელიწადში ორჯერ ვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა. პოლიპები ხშირია 30 წელს გადაცილებულ, არანამშობიარებ ქალებში. მკურნალობამოცილება ხდება რეზექტომიით. შემდგომ ტარდება ბიოფსია. პოსტოპერაციული მკურნალობა ჰისტოლოგიური კვლევის შედეგის და პაციენტის თავისებურებათა გათვალისწინებით განისაზღვრება. შარდის ბუშტიპოლიპები შესაძლოა განვითარდნენ შარდის ბუშტის ზედაპირზე და გამოიწვიონ სისხლდენა, გახშირებული და მტკივნეული შარდვა. განსაკუთრებით მამაკაცებში. მათი აღმოჩენა ხდება ცისტოსკოპიით. მკურნალობა40 წლის შემდგომ ჭარბობს ავთვისებიანი წარმონაქმნები. ოპერაციის შემდგომ საჭიროა ბიოპტატის ჰისტოლოგიური გამოკვლევა. შარდის ბუშტის პოლიპებს ყველაზე ხშირად ახასიათებს რეციდივები, ამიტომ ოპერაციის შემდგომ აუცილებელია ექიმის მუდმივი და რეგულარული კონტროლი.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ