(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკა ნერწყვით

administrator 25-07-2016, 14:03 1 977 მედიცინის სიახლეები

 

ტეხასელმა მეცნიერებმა მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტირების ახალი, არაინვაზიური მეთოდი შეიმუშავეს - დიაგნოზის დასასმელად საკმარისია სპეციალური მიკროსქემით ნერწყვის გამოკვლევა. მიოკარდიუმის ინფარქტი განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. წესისამებრ, ამ დროს გულმკერდის არეში ინტენსიური, მძაფრი ტკივილი იჩენს თავს. მაგრამ გვხვდება უმტკივნეულო ფორმაც, რომელიც ინფარქტისთვის დამახასიათებელი სტანდარტული კლინიკური სურათით არ მიმდინარეობს.

ამ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაზიანების გამოვლენა ჰოსპიტალიზაციამდე ძნელია, ამიტომ სამედიცინო დახმარებაც გვიანდება. ინფარქტის დიაგნოსტირების ახალი ტესტი კი გაცილებით მარტივი, სწრაფი და ზუსტია. ამერიკელმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ზოგიერთ ცილას, რომელთა შემცველობის მატება სისხლის პლაზმაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მეტყველებს, შეიძლება ნერწყვიც შეიცავდეს და მიკრობიოჩიპის მეშვეობით მათი აღმოჩენა სცადეს. მოლეკულების დონეზე დაპროგრამებულ მოწყობილობას ნერწყვში 32 ცილის შემცველობის განსაზღვრის უნარი შესწევს. გამოკვლევამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 56-მა პაციენტმა მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით და 59-მა ჯანმრთელმა ადამიანმა, გამოგონების ეფექტიანობა დაადასტურა. ექსპერიმენტის შედეგების თანახმად, ინფარქტგადატანილების ნერწყვში ინფარქტის ცილა-მარკერების კონცენტრაცია მომატებული იყო, ხოლო ჯანმრთელ ადამიანებში ნორმის ფარგლებში რჩებოდა. გარდა ამისა, ნერწყვსა და სისხლში ცილების დონე ერთმანეთს შეესაბამებოდა. დიაგნოსტიკის ახალ მეთოდს გამოიყენებენ სტაციონარის გარეთ. ანალიზის პასუხი 15 წუთში გახდება ცნობილი. თუმცა ახალი მოწყობილობა ჯერჯერობით კლინიკურ კვლევას გადის.

ფირფიტა ინფარქტის დროს დაზიანებულ კუნთს აღადგენს

HealthDay News-ის ცნობით, შექმნილია სპეციალური ფირფიტა, რომელიც მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულის კუნთის უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ფირფიტა, რომელიც წარმატებით გამოიცადა ვირთაგვებზე, გულის დაზიანებული ქსოვილის აღდგენის საუკეთესო მეთოდია და ზოგიერთი პაციენტისთვის შესაძლოა გულის ტრანსპლანტაციის ალტერნატივადაც კი იქცეს. ჩვეულებრივ პირობებში ზრდასრული ადამიანის გულის კუნთს ინფარქტის შემდეგ რეგენერაციის უნარი აღარ აქვს და დაზიანებულ უბანს ნაწიბუროვანი ქსოვილი ენაცვლება, რაც გულის შეკუმშვის უნარს აქვეითებს. მეცნიერთა ჯგუფი, რომელსაც ბერნარდ კუნი ხელმძღვანელობს, ცდილობს, გულის ქსოვილში ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირების მეთოდიკა შეიმუშაოს. ამისთვის მეცნიერებმა ადსორბციის უნარის მქონე ჟელატინისგან შექმნეს ფირფიტა, რომელიც პერიოსტინით არის გაჟღენთილი. პერიოსტინი, იგივე ოსტეობლასტსპეციფიკური ფაქტორი 2, ცილაა, რომელსაც ძვლისსაზრდელა და პაროდონტი შეიცავს. მისი ფუნქცია ოსტეობლასტების დაყოფის სტიმულაცია და ძვლოვანი ნივთიერების პროდუქცია გახლავთ. პერიოსტინის მოქმედებით გულის უჯრედებიც დაიწყებენ დაყოფას, რაც დაზიანებულ უბანში გულის ნორმალური ქსოვილის ზრდას გამოიწვევს. ფირფიტა ჩაუდგეს ვირთაგვებს ხელოვნურად გამოწვეული მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. 12 კვირის შემდეგ ამ ვირთაგვების გულის კუმშვითი ფუნქცია 1%-ით გაუმჯობესდა, ხოლო საკონტროლო ჯგუფის ვირთაგვებისა უცვლელი დარჩა. გარდა ამისა, ფირფიტის გამოყენების შედეგად დაზიანებული უბნის ზომა შემცირდა და გულის უჯრედების რაოდენობა 100-ჯერ გაიზარდა. ახალი მეთოდიკის უპირატესობა ის არის, რომ იგი არ მოითხოვს ღეროვანი ან სხვა უჯრედების გამოყენებას გულის უჯრედების ზრდის სასტიმულაციოდ და არც ადამიანის გენურ სისტემაზე ზემოქმედებას გულისხმობს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ფირფიტა გულის სხვა მძიმე დაავადებების სამკურნალოდაც გამოდგება, მაგრამ კლინიკურ პრაქტიკაში მის დანერგვამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ექსპერიმენტების სერია ადამიანის მიოკარდის უჯრედულ კულტურებზე, მერე კი მოხალისეებზეც განხორციელდეს კლინიკური კვლევა.

ყავის მოყვარულებს ინფარქტი უკეთ გადააქვთ

ის, ვინც ინფარქტამდე ყოველდღიურად სვამდა ყავას, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ მათზე მეტხანს ცოცხლობს, ვინც იშვიათად ან საერთოდ არ მიირთმევდა ამ სასმელს. ბოსტონის ისრაელის სამედიცინო ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა იმ 1369 პაციენტის ავადმყოფობის ისტორია, რომლებმაც 1992-1994 წლებში მიღებული მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეს. გამოკვლევის მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი, რომლის ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: რამდენ ყავას სვამდნენ ინფარქტამდე 12 თვის განმავლობაში. კვლევის მონაწილეებს 7-10 წელი აკვირდებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში 289 პაციენტი გარდაიცვალა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ დღეში 1-3, 5-7 და 7 ფინჯანზე მეტი ყავის მსმელებს ინფარქტით გარდაცვალების რისკი 32%, 44% და 47%-ით ნაკლები აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, ვინც დღეში 1 ფინჯან ყავასაც არ სვამდა.

C ვიტამინი იცავს გულს

ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ცენტრისა და აშშ-ის დიაბეტის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თუ სისხლში C ვიტამინის კონცენტრაცია მაღალია, ინფარქტის განვითარების რისკი მცირდება. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 40-79 წლის 20 ათასმა ჯანმრთელმა ადამიანმა. მეცნიერებმა გაითვალისწინეს ინფარქტის რისკფაქტორები - სქესი, სხეულის მასის ინდექსი, არტერიული წნევა, ქოლესტერინის დონე სისხლში, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობა, მოწევა და ფიზიკური აქტიურობა - და დაასკვნეს, რომ C ვიტამინი საგრძნობლად აქვეითებს გულის ნორმალური მუშაობის შეფერხების რისკს. მაგრამ ექიმები ვარაუდობენ, რომ გულის ჯანმრთელობისთვის მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის ჭამა არ არის საკმარისი - C ვიტამინის, ამ ძლიერი ანტიოქსიდანტის, სასარგებლო თვისება შესაძლოა ვლიდნებოდეს სხვა საკვებ ნივთიერებებთან მისი კომბინაციის დროს.

საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ