(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

პროსტატის კიბოს მკურნალობა

administrator 10-09-2016, 01:29 4 697 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ რთულია, გავაკეთოთ არჩევანი სადღეისოდ არსებულ მკურნალობის მეთოდებს შორის. მართალია, მონაცემები პროსტატის კიბოს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის ეფექტიანობის შესახებ დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე სულ რაღაც 10 წლის წინ, მაგრამ თითოეული მათგანის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის გეგმის შემუშავებისას ექიმები განასხვავებენ პროსტატის კიბოს სამ სახეს - ორგანოში ლოკალიზებულს (დაზიანებულია მხოლოდ პროსტატა), ადგილობრივად გავრცელებულს (პროსტატის დიდი სიმსივნე ან მხოლოდ ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნე) და მეტასტაზირებულს (სიმსივნე გავრცელებულია შორს ან ფართოდ). მხოლოდ ორგანოში ლოკალიზებული ან ადგილობრივად გავრცელებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიას, ჰორმონულ თერაპიას, კრიოთერაპიას, ზოგჯერ - რამდენიმე ამ მეთოდის კომბინაციას და ამასთან ერთად პაციენტზე დაკვირვებას. პროსტატის მეტასტაზირებული სიმსივნის განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მისი მკურნალობა, რომელიც ჰორმონული თერაპიითა და ქიმიოთერაპიით ხორციელდება, ფაქტობრივად პალიატიურია - მხოლოდ სიმსივნის ზრდის შეფერხებასა და დაავადების სიმპტომების შესუსტებას ემსახურება. ქირურგიული მკურნალობაპროსტატის კიბოს ქირურგიული მკურნალობისას ტარდება რადიკალური პროსტატექტომია - პროსტატის ამოკვეთა. სწორედ რადიკალურ პროსტატექტომიას მიმართავენ ყველაზე ხშირად ორგანოში ლოკალიზებული და ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის დროს. არსებული მონაცემებით, მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტიანობა 90%-ს უტოლდება. რადიკალური პროსტატექტომია შეიძლება ჩატარდეს როგორც ღია ქირურგიული ჩარევით, ისე ლაპაროსკოპიით. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ხვეწენ ოპერაციულ ტექნიკას და შეიმუშავებენ მეთოდებს, რომელთა წყალობითაც შესაძლებელი ხდება ოპერირება მცირე განაკვეთიდან სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით. მონაცემები ჯერჯერობით იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი ჩარევის შედეგები არ განსხვავდება ღია წესით ჩატარებული ოპერაციის შედეგებისგან, თუმცა, რასაკვირველია, ვერ უარვყოფთ, რომ რაც უფრო ნაკლებად ტრავმულია ჩარევა, მით უფრო ნაკლები სისხლი იკარგება და მით უფრო ნაკლებია ტკივილი ოპერაციის შემდგომ პერიოდში. სხივური თერაპიასხივური თერაპიის მიზანია სიმსივნური უჯრედების განადგურება და მათი გამრავლების შეჩერება. მკურნალობის ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სიმსივნური უჯრედები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან, გაცილებით ადვილად იშლებიან გამოსხივების ზემოქმედებით, ვიდრე მიმდებარე ნორმალური უჯრედები. კლინიკური კვლევების მონაცემების თანახმად, ორგანოში ლოკალიზებული პროსტატის კიბოს სხივური თერაპიის შედეგები მკურნალობიდან 10 წლის განმავლობაში ისეთივეა, როგორიც რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ. 10-წლიანი პერიოდის შემდეგ სხივური თერაპიის ეფექტურობის კვლევა გრძელდება. არ არის გამორიცხული მოგვიანებითი რეციდივი. არჩევანი ოპერაციულ მკურნალობასა და სხივურ თერაპიას შორის დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის - პაციენტის სურვილზე, ასაკზე, თანმხლებ დაავადებებზე და, რასაკვირველია, თავად სიმსივნის გავრცელებაზე. ორგანოში ლოკალიზებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში მოწინავე ქვეყნებში პაციენტთა 30%-ს სწორედ სხივური თერაპია უტარდება. ზოგჯერ ონკოლოგები სხივურ თერაპიას ატარებენ ქირურგიულ ან ჰორმონულ თერაპიასთან ერთად. ასეთი კომბინაციის მიზანი მკურნალობის შორეული შედეგების გაუმჯობესებაა. პროსტატის კიბოს ჰორმონული თერაპიამამაკაცის ორგანიზმში გამომუშავებული მამაკაცური ჰორმონი (ანდროგენი) ტესტოსტერონი პროსტატის სიმსივნური უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ჰორმონული მკურნალობა ტესტოსტერონის მიერ ამ სტიმულაციის დაქვეითებას ისახავს მიზნად. ჩვეულებრივ, ტესტოსტერონი სათესლე ჯირკვლებში გამომუშავდება. ამ პროცესს ასტიმულირებს მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონი. ეს ჰორმონი თავის ტვინში არსებულ ენდოკრინულ ჯირკვალში - ჰიპოთალამუსში გამომუშავდება და სისხლის ნაკადით აღწევს სათესლე ჯირკვლებამდე, სადაც ტესტოსტერონის გამომუშავებას ასტიმულირებს. ჰორმონული მკურნალობა ანუ ანდროგენული დეპრივაცია (პროსტატაზე ტესტოსტერონის ზემოქმედების აღკვეთა) შეიძლება ჩატარდეს როგორც ქირურგიული, ისე მედიკამენტური გზით. ქირურგიული მეთოდია სათესლე ჯირკვლების მოკვეთა - ამ ოპერაციას ორქიექტომიას ან კასტრაციას უწოდებენ. მედიკამენტური ჰორმონული მკურნალობისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ორი ტიპის პრეპარატები. ერთ ჯგუფს მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტს უწოდებენ. ეს მედიკამენტები ბლოკავენ მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის გამოთავისუფლებას თავის ტვინში. მედიკამენტთა მეორე ჯგუფს უწოდებენ ანტიანდროგენულ პრეპარატებს. ისინი მამაკაცური ჰორმონების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, კერძოდ, ბლოკავენ პროსტატაზე ტესტოსტერონის ზემოქმედებას. არსებული მონაცემებით, მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ მედიკამენტურ ჰორმონულ თერაპიას, რისი მიზეზიც კოსმეტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორია. ცნობილია, რომ მკურნალობის ამ ორი მეთოდის ეფექტურობა და გვერდითი ეფექტები თითქმის ერთმანეთის ანალოგიურია, ტესტოსტერონით სიმსივნური უჯრედების სტიმულაცია ეფექტურად ითრგუნება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სახის სიმსივნე მკურნალობის ამ მეთოდზე არ რეაგირებს. ასეთია მაგალითად ანდროგენნეგატიური პროსტატის კიბო. ჰორმონული მკურნალობის ორივე სახის გვერდითი ეფექტია სარძევე ჯირკვლების გადიდება, პერიოდული წამოხურება და იმპოტენცია. მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტები ინიშნება ინექციების სახით. ინექცია ტარდება თვეში ერთხელ. ანტიანდროგენულ პრეპარატებს იღებენ კაფსულების სახით, ჩვეულებრივ, მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტებთან ერთად. მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტები საკმაოდ ეფექტურია. ანტიანდროგენული პრეპარატები მხოლოდ მაშინ ემატება მკურნალობის სქემას, როცა პირველი ჯგუფის პრეპარატები ვერ აფერხებენ სიმსივნის პროგრესირებას. დადგენილია, რომ ჰორმონული თერაპია აძლიერებს სხივური თერაპიის ეფექტს. ჩვეულებრივ, ჰორმონული მკურნალობა ინიშნება ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული პროსტატის კიბოს დროს. მხოლოდ ორგანოში ლოკალიზებული სიმსივნის შემთხვევაში მკურნალობის ამ მეთოდს პაციენტთა სულ 10%-ს უნიშნავენ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჰორმონული მკურნალობა მხოლოდ პალიატიური მკურნალობაა, მისი მიზანია სიმსივნის ზრდის კონტროლი და არა განკურნება, რადგან ამგვარი მკურნალობით განკურნება შეუძლებელია. ქიმიოთერაპიაქიმიოთერაპიულ პრეპარატებს აქვთ სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი. ამ საშუალებებს იყენებენ ჰორმონრეზისტენტული პროსტატის კიბოს შემთხვევაში როგორც პალიატიური მკურნალობის მეთოდს, რომლის მიზანი სიმსივნის ზრდის შეფერხება და სიმპტომების შემსუბუქებაა. ქიმიოთერაპია არ წარმოადგენს არჩევის მეთოდს ლოკალური ან ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის დროს, ვინაიდან ამ შემთხვევებში ეფექტურია მკურნალობის სხვა მეთოდები. ქიმიოთერაპიის ჩვენებაა პროსტატის მეტასტაზირებული კიბო, რომელიც არ რეაგირებს სხვა მეთოდებით მკურნალობაზე. რასაკვირველია, ქიმიოთერაპიას თან ახლავს გვერდითი ეფექტები, რომლებიც პაციენტის ცხოვრების ხარისხს აუარესებს, მათ შორის - სისუსტე, გულისრევა, თმის ცვენა, ძვლის ტვინის დათრგუნვა, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს ანემია, ლეიკოციტების შემცველობის დაქვეითება და შედეგად ინფექციებისადმი მიდრეკილება, თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება და ამის გამო სისხლდენებისადმი მიდრეკილება. ჰორმონული თუ ქიმიოთერაპიის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ პროსტატის კიბოს ბუნებას. თუ კიბო ჰორმონმგრძნობიარეა, არჩევის თერაპიაა ჰორმონული თერაპია. თუ სიმსივნე ჰორმონრეზისტენტულია და ჰორმონული ფონით მანიპულირება მის ზრდაზე გავლენას ვერ ახდენს, რასაკვირველია, არჩევანს ქიმიოთერაპიაზე აჩერებენ. სამწუხაროდ, ქიმიოთერაპია, რომელიც ჰორმონული თერაპიის შემდეგ ინიშნება, არასოდეს არის ისეთი ეფექტური, როგორიც ჰორმონული თერაპია, ვინაიდან ამ შემთხვევაში სიმსივნე უფრო აგრესიული ხდება. როცა პროსტატის კიბო განიცდის ტრანსფორმაციას და ჰორმონმგრძნობიარედან ჰორმონრეზისტენტულად გარდაიქმნება, პროგნოზიც უარესდება და ქიმიოთერაპია მკურნალობის ერთადერთ მეთოდად რჩება. მკურნალობის მეთოდის არჩევისას გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც: პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა, პაციენტის არჩევანი, სიმსივნის სტადია. გარდა ამისა, დახმარებას გვიწევს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) შემცველობა. მაგალითად, თუ პაციენტს პროსტატის კიბო აქვს და PSA 4-10-ჯერ არის მომატებული, სავარაუდოა, რომ სიმსივნე პროსტატაშია ლოკალიზებული. თუ სხვა გამოკვლევებიც ადასტურებს, რომ სიმსივნე ლოკალურია, არჩევის თერაპია შეიძლება იყოს ქირურგიული ჩარევა ან სხივური თერაპია. ძალიან მაღალი PSA-ს შემთხვევაში მეტასტაზირების ალბათობა მეტია. თუ ეს სხვა გამოკვლევებმაც დაადასტურა, ინიშნება ჰორმონული ან ქიმიოთერაპია. პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა პერიოდულად მკურნალობის პროცესშიც ხდება შედეგების შესაფასებლად. მაგალითად, მკურნალობის მიუხედავად მისი მატება სიმსივნის ზრდასა და გავრცელებაზე მეტყველებს, ხოლო კლება მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშანია. მკურნალობის შედეგად პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის მნიშვნელოვანი შემცირება სიმსივნის სრულ კონტროლსა და გამოჯანმრთელებაზე მიუთითებს. კრიოთერაპიაპროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაში მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტიანობას ჯერ მხოლოდ შეისწავლიან. სიმსივნურ უჯრედებს თხევადი აზოტითა და არგონით ყინავენ და ასე ანადგურებენ. ხსენებული ნივთიერებები უშუალოდ სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილას შეჰყავთ ნემსით. პროცედურა ტარდება ულტრაბგერის კონტროლით. მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებული ულტრაბგერაეს მეთოდი თავდაპირველად პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ იყო მოწოდებული. ამჟამად შეისწავლიან მის ეფექტიანობას სიმსივნის დროს.

რა იწვევს უროლოგიურ სიმსივნეებს

administrator 10-09-2016, 01:21 5 318 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 რა აჩენს უროლოგიურ სიმსივნეს? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ ძნელია, ხოლო კითხვაზე, რატომ გაუჩნდა ამა თუ იმ პაციენტს ამგვარი სიმსივნე - შეუძლებელი. მიუხედავად ამისა, არსებობს პირობები, როდესაც მეცნიერებს შეუძლიათ, მეტ-ნაკლები სიზუსტით ივარაუდონ მომავალში ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის შესაძლებლობა. მკითხველთა უკეთ ინფორმირებისთვის ეს სტატია სწორედ ამ თემას, ასეთ პირობებსა და რისკჯგუფებს მიეძღვნება.შარდის ბუშტის კიბო შარდის ბუშტის კიბოს წილად ყველა ლოკალიზაციის სიმსივნეთა 3% მოდის. რისკჯგუფში ხვდებიან ადამიანები, რომელთა ორგანიზმზე ხანგრძლივად ზემოქმედებს არომატული ამინები ან რომლებიც ქრონიკული ცისტიტით იტანჯებიან. შარდის ბუშტის კიბოს პროფილაქტიკისთვის, უპირველესად, უნდა გამოირიცხოს კონტაქტი ქიმიურ ნივთიერებებთან, მოხდეს ასეთი ადამიანების დისპანსერიზაცია, ქირურგიული თუ ელექტროკოაგულაციური მეთოდით რადიკალური მკურნალობა ჩაუტარდეს შარდის ბუშტის ყველა სახეობის კეთილთვისებიან პაპილომას. ასევე აუცილებელია ანთებითი პროცესების დროული მკურნალობა. კიდევ ერთი: ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა წარმოაჩინა შარდის ბუშტის კიბოს უშუალო კავშირი თამბაქოს წევასთან, ამიტომ მოწევაზე უარის თქმა აუცილებელია სხვადასხვა სიმსივნური დაავადების, მათ შორის - შარდის ბუშტის კიბოს, თავიდან ასაცილებლად.პროსტატის სიმსივნური დაავადებები პროსტატის კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკა ითვალისწინებს პროსტატიტის დროულ მკურნალობას და ექიმთან რეგულარულ ვიზიტს, რაციონალურ კვებას (შემწვარ-მოხრაკული, ცხიმიანი, შებოლილი, ცხარე და მლაშე საკვების ოდენობის შემცირებას, მცენარეულის წილის ზრდას), თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას, სხეულის მასისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს, ცხოვრების ჯანსაღ, მოძრავ წესს. პროსტატის სიმსივნეების გამომწვევთა შორის არცთუ უმნიშვნელო ადგილი უკავია იმ ნივთიერებების ორგანიზმზე ხანგრძლივ ზემოქმედებას, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ჰორმონულ ცვლილებებს იწვევს. განსაზღვრულ შემთხვევებში, შეუმოწმებელი ინფორმაციით, პროსტატის კიბო შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა ემულგატორმა, რომლებიც, მართალია, აკრძალულთა სიაში შედის, მაგრამ მაინც აქტიურად გამოიყენება ეგრეთ წოდებული მესამე რიგის ქვეყნების კვების მრეწველობაში. რა აჩენს თირკმელების კიბოს? არსებობდა მონაცემები იმის შესახებ, რომ ადამიანებს, რომლებიც ანილინური საღებავების წარმოებაში იყვნენ დასაქმებულნი, თირკმლის კიბო უფრო ხშირად უჩნდებოდათ. ამის გამო ზოგიერთი კანცეროგენი, რომლებიც ანილინური საღებავების წარმოებისას წარმოიქმნება, თირკმელებთან დაკავშირებულ კანცეროგენულ ეფექტებში დაადანაშაულეს. ამავე კანცეროგენებს შარდის ბუშტის კიბოს გამოწვევასაც სდებენ ბრალად. დაავადების მაღალი რისკი აქვთ მათაც, ვინც დაავადებულია ჰიპელ-ლინდაუს დაავადებით, პოლიკისტოზით და შეძენილი კისტებით, რომლებსაც თან სდევს სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების მატება - ეს მდგომარეობა თირკმელების ფუნქციის უკმარისობის შედეგია. არსებობს დაავადებები, რომლებსაც კიბოსწინარე დაავადებებს უწოდებენ. ეს ისეთი დაავადებებია, რომლებიც შეიძლება კიბოდ გადაგვარდეს.კონდილომებიკონდილომა - ეს ადამიანის კანისა და ლორწოვანი გარსების ისეთი დვრილისებრი წანაზარდია, რომელსაც ანთებისკენ მიდრეკილება ახასიათებს. ჩვეულებრივ, კონდილომები იმ ადგილებზე ჩნდება, რომლებიც გამუდმებით განიცდის გაღიზიანებასა და ხახუნს. განასხვავებენ ბრტყელ კონდილომას, რომელიც ფართო საფუძველზე, ფეხზე ზის - ის ყველაზე ხშირად სიფილისის მეორე პერიოდის ან ფრამბეზიის (ტროპიკული სპიროქეტოზი) გამოვლინებაა - და მახვილწვერიან კონდილომას, რომელიც ვირუსული (პაპილომავირუსი) წარმოშობისაა. მას ნაწილაკოვანი აგებულება აქვს და ვიწრო ფეხზე ზის. წესისამებრ, კონდილომა ვითარდება გაღიზიანებულ, გამონაყოფებით დაბინძურებულ გარეთა სასქესო ორგანოების კანზე, დუნდულა კუნთებისა და საზარდულის ნაკეცებში, საშარდე არხის გარეთა ხვრელთან, სათესლე ჯირკვლების პარკზე, იშვიათად - ანუსის მიდამოში, ბოქვენზე, იღლიაში, პირის კუთხეში. შესახედავად შეიძლება ჰგავდეს მამლის ბიბილოს ან ყვავილოვან კომბოსტოს. კონდილომების ზედაპირი შეიძლება დაწყლულდეს. მახვილწვერიანი კონდილომა სქესობრივი გზით ვრცელდება და ქრონიკულად მიმდინარეობს. კონდილომა თავისთავად პრაქტიკულად არასდროს ქრება. ამჟამად არ არსებობს პრეპარატი, რომელსაც ძალუძს, ორგანიზმიდან განდევნოს ან გაანადგუროს სასქესო ორგანოების პაპილომავირუსული ინფექციის გამომწვევი, ამიტომ მკურნალობა შემოიფარგლება კონდილომების მოცილებით (კრიოთერაპიის მეთოდით ანუ თხევადი აზოტით, კონცენტრირებული მჟავებით, ელექტროდანითა და მაღალსიხშირიანი გამოსხივების წყაროთი მიღებული მაღალი ტემპერატურის საშუალებით, ლაზეროთერაპიით) და იმუნიტეტის მაკორეგირებელი თერაპიით. სასქესო ასოს კიბოსწინარე დაავადებებისასქესო ასოს კიბო შედარებით იშვიათია ევროპასა და აშშ-ში. მის წილად მოდის ყველა სახეობის სიმსივნური დაავადებების 1%. აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, ასევე ლათინურ ამერიკაში ეს დაავადება უფრო ხშირად გვხვდება. კითხვაზე, რატომ წარმოიქმნება სასქესო ასოს კიბო, პასუხი არ არსებობს. ცნობილია, რომ წინადაუცვეთელ მამაკაცებს ეს დაავადება უფრო მეტად ემართებათ, თუმცა არსებობს საპირისპირო მონაცემებიც, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ წინადაცვეთა არ ამცირებს სასქესო ასოს კიბოს წარმოშობის რისკს. ოქროს შუალედი, სავარაუდოდ, ის თეზისია, რომ წინადაუცვეთელობისა და პირადი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში სასქესო ასოს კიბოს განვითარების ალბათობა უფრო დიდია. ეს იმიტომ, რომ დაგროვილი სმეგმა აღიზიანებს სასქესო ასოს ლორწოვან გარსს, რასაც მოჰყვება ანთებითი პროცესები, კიბოსწინარე დაავადებები, ხოლო პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში - კიბო. არსებობს რამდენიმე კიბოსწინარე, ანუ ისეთი დაავადება, რომელიც შეიძლება სასქესო ასოს კიბოდ გადაიქცეს: მახვილწვერიან კონდილომაზე ზემოთ უკვე გესაუბრეთ. მაობლიტერირებელი ქსეროტოპიული ბალანიტი ვითარდება სმეგმის გამოყოფის დარღვევის შედეგად. ამ დაავადების მთავარი ნიშანია თეთრი ლაქები სასქესო ასოს თავსა და ჩუჩაზე. ამ წარმონაქმნებს არცთუ იშვიათად საშარდე არხის გარეთა ხვრელის შევიწროება მოსდევს. ლეიკოპლაკია - ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ასოს თავისა და ჩუჩის თანაბარზომიერი დაზიანება ასოს თავისა და ჩუჩის ეპითელიუმის გაძლიერებული გარქოვანების შედეგად. ლეიკოპლაკია წარმოიშობა ასოს ხსენებული ნაწილების მუდმივი გაღიზიანების დროს. კაპოშის სარკომა - ეს გახლავთ სასქესო ასოს კანზე გაჩენილი მუქი, სისხლმდენი, შეხებისას მგრძნობიარე პაპულები (პაპულა მცირე ზომის წარმონაქმნია, რომელის წამოწეულია კანის ზედაპირიდან და არ შეიცავს სითხეს). ჩვეულებრივ, კაპოშის სარკომა უჩნდებათ აივ ინფექციის მატარებელ პაციენტებს შიდსის სტადიაში. კანის რქა - ის ასოს თავისა და ჩუჩის მფარავი ეპითელიუმის გაძლიერებული გარქოვანების შედეგია. ხშირად კანის რქა დაზიანებულ ადგილებზე წარმოიქმნება და გარეგნულად წარმოადგენს მკვრივ (ფრჩხილის სიმკვრივის მქონე) 2-3-სანტიმეტრიან გამონაზარდს, რომელსაც ყვითელი ან მოთეთრო ფერი აქვს. ბუშკე-ლევინშტეინის სიმსივნე ანუ გიგანტური კონდილომა გარეგნულად მახვილწვერიან კონდილომას ჰგავს, თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მან შეიძლება სასქესო ასოს ეპითელიუმის სიღრმეში შეაღწიოს. კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობასასქესო ასოს ამ დაავადებების მკურნალობის ძირითად მეთოდად მათი მოცილება მიიჩნევა. ამ წარმონაქმნების მოშორება პენისის კიბოს თავიდან აცილებაში გვეხმარება. კიბოსწინარე დაავადებების მოცილება სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი: ჩვეულებრივი ამოკვეთით, ჩუჩის მოკვეთით, წინადაცვეთით, ელექტროკოაგულაციით, ლაზერით, ქიმიურად აქტიური ნივთიერებებით (პოდოფილინით, ტრიქლორძმარმჟავათი). ყველა შემთხვევაში მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა, წარმონაქმნის სახეობისა და დაზიანების გათვალისწინებით.სათესლე ჯირკვლების სიმსივნეებისხვა სასქესო ორგანოებისგან განსხვავებით, სათესლე ჯირკვლების სიმსივნე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მამაკაცებში გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების 2%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, სიმსივნეების თითქმის 99% ავთვისებიანია. ავთვისებიანი სიმსივნეების მაქსიმალური სიხშირე, მაქსიმალური გამოვლენა თანხვდება სქესობრივი აქტიურობის კულმინაციურ პერიოდს (20-40 წელს), თუმცა დაავადება შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც და ხანდაზმულებშიც. სათესლე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაში დიდი როლი ეკისრება ორ ფაქტორს. ერთი მათგანი კრიპტორქიზმია (ამ დროს სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოშვებული). სათესლე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულთა თითქმის 25%-ს ეს პათოლოგია აქვს. ხშირად სწორედ კრიპტორქიზმის გართულებაა სემინომა (სათესლე ჯირკვლის სიმსივნე). სხვა გართულებათაგან უნდა დავასახელოთ სათესლე ჯირკვლის ტრავმა და სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა. მეორე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ავთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებას, სათესლე ჯირკვლის ატროფია და მამაკაცის ორგანიზმში მასთან დაკავშირებული ჰორმონული ძვრებია. მკვლევართა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ანომალიურად განვითარებულ სათესლე ჯირკვლებში სიმსივნე 20-35-ჯერ უფრო ხშირად წარმოიშობა, ვიდრე ნორმალურში. ბავშვობის ასაკში სიმსივნემ შესაძლოა გამოიწვიოს ანდროგენების, მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ჰიპერპროდუქცია (ჭარბი გამოყოფა), რაც ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნებით ვლინდება. ბავშვებში სათესლე ჯირკვლების სიმსივნე იშვიათად გვხვდება. ორიოდე სიტყვით ქალების პრობლემებსაც შევეხოთ. მათ კიბოსწინარე დაავადებად შეიძლება ჩაითვალოს საშვილოსნოს ყელის პოლიპი. ის იშვიათად გარდაიქმნება კიბოდ, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი შემთხვევები, როცა საქმე გვაქვს საშვილოსნოს ყელის პოლიპების ხშირ რეციდივსა და დაწყლულებასთან. პოლიპების მოშორების შემდეგ აუცილებელია მათი ჰისტოლოგიური გამოკვლევა. მორეციდივე პოლიპების დროს რეკომენდებულია ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა. სამედიცინო პრაქტიკაში არცთუ იშვიათია ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ლორწოვანის) და საშვილოსნოს სხეულის პოლიპიც. პროფილაქტიკა გინეკოლოგთან რეგულარულ გამოკვლევას გულისხმობს. დაავადების პირველივე ნიშნებზე, ასევე - ციკლის დარღვევის, სუნიანი ან შეფერილი გამონადენის დროს ჯობია რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ გინეკოლოგს. დაბოლოს, თუ ადამიანი მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, რომელშიც ნორმალური კვება, ზომიერი ფიზიკური თუ სქესობრივი ცხოვრება და, რა თქმა უნდა, ჰიგიენაც შედის, მას არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები, არამედ სხვა პრობლემებიც აუვლის გვერდს.

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა

administrator 10-09-2016, 01:16 4 753 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 UICC-ის (The Union for International Cancer Control) მონაცემებით, კიბოს დიაგნოზით მსოფლიოში ყოველთვე კვდება 600 ათასი კაცი, რომელთა დაავადების პრევენცია ან მკურნალობა სწორი სკრინინგსტრატეგიის შემთხვევაში შესაძლებელია. საქართველოში სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმატა კიბოს შემთხვევებმა; უბრალოდ, გამოკვლევები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შეძლეს, სკრინინგცენტრებისთვის მიემართათ, ადრე გამოევლინათ პათოლოგია და ემკურნალათ, ეს კი ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო იარაღია ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლისას. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ გვესაუბრება ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა. - ბატონო რემა, რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგს კიბოს პრევენცისთვის?- ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა პირველ-მეორე სტადიებში ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ რაღაც სჭირს. სიმპტომების უმეტესობა მე-3, მე-4 სტადიაში იჩენს თავს, ამ დროს კი კიბოსთან ბრძოლა ხშირად დაგვიანებულია. თუმცა კიბო აღარ წარმოადგენს უკურნებელ სენს, თუ მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაში მოხდა. სკრინინგის (screen - ინგლ. გადარჩევა, გამოხშირვა) პროგრამებიც სწორედ იმისთვის დაინერგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომ კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესები ადრეულ სტადიაში იქნეს გამოვლენილი - ამ შემთხვევაში განკურნების ალბათობა 100%-მდე იზრდება, ხოლო მკურნალობის ხარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კიბოს შორს წასული ფორმების მკურნალობისას. თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, მას შეუძლია, დროული და თანმიმდევრული გამოკვლევებით: მშვიდად განაგრძოს ჯანმრთელობის კონტროლი; არ მისცეს დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება; სიმსივნის ადრეული გამოვლენის შემთხვევაში სავსებით განიკურნოს. ამდენად, ადრეული დიაგნოსტიკა კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს და უფასოა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ეკუთვნის შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებს: ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის (2 წელიწადში ერთხელ); საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის (3 წელიწადში ერთხელ); პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის (წელიწადში ერთხელ); მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის (წელიწადში ერთხელ). საქართველოს რეგიონებში კიბოს სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგცენტრი 27 ქვეკონტრაქტორთან ერთად (33 სამედიცინო დაწესებულებაში) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით. თბილისში სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგცენტრი 10 ქვეკონტრაქტორთან ერთად (12 სამედიცინო დაწესებულებაში) თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაფინანსებით.- რა გამოკვლევები ტარდება კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით?- კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა 10-მდე უფასო გამოკვლევას მოიცავს:სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა- თუ ხართ 40-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები: მამოლოგის კონსულტაცია; მამოგრაფია; ექოსკოპია (საჭიროებისამებრ). - რა არის მამოგრაფია?- მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ: სიმსივნური წარმონაქმნი ძუძუში ან იღლიის ფოსოში; ძუძუს კანის სიწითლე ან სიმხურვალე; ლიმონის ქერქისებური კანი; ძუძუს კანის შეჭმუხვნა; უჩვეულო ტკივილი ძუძუში; წვა და სიწითლე დვრილის არეში; დვრილის ჩაბრუნება; სისხლიანი ან სხვა სახის გამონადენი დვრილიდან. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა- თუ ხართ 25-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები: PAP-ტესტი; კოლპოსკოპია (საჭიროებისამებრ). - რა არის PAP-ტესტი და კოლპოსკოპია?- PAP-ტესტი საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს, კოლპოსკოპია კი საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერებას. კვლევის ამ მეთოდებით ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კი კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი! დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო ნიშნის შემჩნევისთანავე, საშვილოსნოდან სისხლდენა იქნება ეს, სხვა პათოლოგიური გამონადენი თუ მენსტრუალური ციკლის დარღვევა.მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის პროგრამა- თუ ხართ 50-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები: განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტი; კოლონოსკოპია (საჭიროებისამებრ). - რა დანიშნულება აქვს განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტს?- უჯრედების შეჯგუფება მსხვილ ნაწლავში ზოგჯერ პოლიპებს წარმოქმნის, წლების განმავლობაში კი ეს პოლიპები შესაძლოა კიბოდ გადაგვარდეს. პოლიპებსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ახასიათებს სისხლდენა, სკრინინგტესტს კი უნარი შესწევს, განავალში სისხლის უმნიშვნელო შემცველობაც გამოავლინოს.- რა არის კოლონოსკოპია?- თუ სკრინინგტესტმა სისხლდენა გამოავლინა, აუცილებელია კოლონოსკოპია. კოლონოსკოპიით ხდება მსხვილი ნაწლავის შიდა ზედაპირის დათვალიერება. გამოკვლევის ეს მეთოდი ავლენს პოლიპებსაც. პოლიპი არ არის ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა შეიძლება კიბოდ გარდაიქმნეს. პოლიპების მოშორება საგრძნობლად ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ: კუჭის მოქმედების დარღვევა, განსაკუთრებით - გახშირება, ანდა ფაღარათი, რომელიც რამდენიმე კვირაა გრძელდება; სისხლდენა უკანა ტანიდან აშკარა მიზეზის გარეშე; გამკვრივება მუცლის არეში. პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა- თუ ხართ 50-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, პროსტატის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, გეკუთვნით უფასო გამოკვლევა PSA ტესტის მეთოდით.- რა არის PSA ტესტი?- PSA ტესტი პროსტატის კიბოს განვითარების რისკის მართვის მეთოდია, რომლითაც განისაზღვრება სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე. PSA-ს დონის მკვეთრი მომატება შესაძლოა მიანიშნებდეს პროსტატის კიბოს არსებობის მაღალ რისკზე, თუმცა სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული (მაგალითად, პროსტატის ჯირკვლის გადიდებით, პროსტატიტით, საშარდე გზების ინფექციით). მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ: გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით - ღამით); შარდვის გაძნელება ან გახანგრძლივება; ტკივილი შარდვის დროს. ამ სიმპტომების არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ კიბო გაქვთ, თუმცა პროსტატის კიბო ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რომ არ გამოგეპაროთ, დროულად უნდა ჩაიტაროთ PSA ტესტი. დროული გამოვლენის შემთხვევაში წარმატებული მკურნალობა შესაძლებელია.- როგორ ხდება სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა?- სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა დარეკოს ნომერზე (0 32) 220 35 35, რომელზეც მიიღებს ინფორმაციას იმ კლინიკების შესახებ, სადაც მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა. მოქალაქეს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, შეუძლია აირჩიოს ტერიტორიულად ხელსაყრელი სამედიცინო დაწესებულება და გამოკვლევები იქ ჩაიტაროს.

სწორი ნაწლავის პოლიპი

administrator 10-09-2016, 01:14 6 177 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 რა არის სწორი ნაწლავის პოლიპისწორი ნაწლავის პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ნაწლავის კედლიდან სანათურისკენ იზრდება. იგი ამოზიდულია ლორწოვანი გარსის დონეზე ბურთისებრი, სოკოსებრი ან დატოტვილი წანაზარდის სა­ხით და ფეხზე ან ფართო ფუ­ძეზე დგას. ფე­რი მორუხო-მოწითალო აქვს, ზოგჯერ - მუქი წითელი ან მოყვითალო; მისი ზედაპირი ყოველთვის დაფარულია ლორწოთი, ხოლო კონსისტენცია რბილია. თუ სწორ ნაწლავში რამდენიმე პოლიპია, სწორი ნაწლავის პოლიპოზზე საუბრობენ. ნებისმიერი პოლიპი უნდა განვიხილოთ როგორც კიბოსწინარე დაავადება, თუმცა ხანგრძლივად არსებულ პოლიპს უფრო დიდი შანსი აქვს, ტრანსფორმირდეს ავთვისებიან სიმსივნედ - კოლორექტალურ კიბოდ. ამ სიმსივნის მატარებელი შეიძლება იყოს როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი.რა აჩენსნაწლავის პოლიპისა და პოლიპოზის წარმოშობის მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი. მათი გამომწვევი უშუალო ფაქტორი უცნობია. პოლიპი პრაქტიკულად არასოდეს ვითარდება ჯანმრთელ ქსოვილში, თუმცა დადგენილია, რომ ქრონიკული ანთებითი დაავადებები ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის დაბერებას და ლორწოვან გარსზე კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნის გაზრდას. ამის ხელშემწყობ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება წყლულოვანი კოლიტი, ენტერიტი, დიზენტერია, მუცლის ტიფი, წყლულოვანი პროქტოსიგმოიდიტი. ხშირად პოლიპის განვითარებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის ყაბზობა და ნაწლავის დისკინეზია, თუმცა ბავშვებში რამდენადმე განსხვავებული ვითარებაა - პოლიპები შესაძლოა წარმოიშვას სავსებით ჯანსაღი ნაწლავის ფონზე, ამიტომ არსებობს სხვა თეორიაც - პოლიპების წარმოქმნა იმ უბნებიდან, რომლებიც გენეტიკურად არანორმალურადაა დაპროგრამებული. ამას გენეტიკურ წინაგანწყობას ვუწოდებთ.კლინიკური ნიშნებისწორი ნაწლავის პოლიპი კლინიკურად უმეტესად არაფრით მჟღავნდება. მას აღმოაჩენენ შემთხვევით, სხვა პათოლოგიის გამო ჩატარებული ენდოსკოპიური გამოკვლევისას ან სკრინინგული კვლევისას. ასიდან 78-ზე მეტ შემთხვევაში პაციენტი 50 წელს გადაცილებულია. სწორი ნაწლავის ერთეული პოლიპი შესაძლოა დიდხანს უჩინარი დარჩეს. თანდართული ანთება, ასევე - პოლიპის მთლიანობის დარღვევა ხელს უწყობს ჭარბი ლორწოსა და სისხლის გამოყოფას, რაზეც მეტყველებს ფაღარათი ლორწოსა და სისხლის მინარევით. გავრცობილი პოლიპოზის დროს, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა, ლორწოს გამოყოფა, კუჭის მოქმედების გახშირება, თანდათანობით ვითარდება სისხლნაკლებობა, გამოფიტვა. სწორი ნაწლავის გამოსავალთან არსებული პოლიპი, განსაკუთრებით - ფეხიანი, დეფეკაციის დროს შესაძლოა გარეთ გამოვიდეს, გამოიწვიოს სისხლდენა ან სფინქტერში ჩაიჭედოს.გართულებებიპოლიპი რთულდება ავთვისებიანი გადაგვარებით, სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებებით, სწორი ნაწლავის ნახეთქით, პარაპროქტიტით, ამიტომ არ შეიძლება მკურნალობის დახანება - დროულად უნდა მიმართოთ პროქტოლოგს. პროფილაქტიკაუსიმპტომოდ მიმდინარე პოლიპების დროული გამოვლენა და მოშორება, განსაკუთრებით - უფროსი ასაკის პირებთან, სწორი ნაწლავის კიბოს საპროფილაქტიკო ძირითადი ღონისძიებაა. სწორი ნაწლავის პოლიპის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა: რაციონში უხეში უჯრედისის ჩართვა (კომბოსტო, ჭარხალი, ბოლოკი, ვა­შლი, გოგრა); უპირატესად მცენარეული ზეთის გამოყენება; ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების შეზღუდვა - მათი მოხმარება ზრდის ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს. როგორ სვამენ დიაგნოზსსწორი ნაწლავისა და ანალური არხის პოლიპის დიაგნოსტიკას ახდენს პროქტოლოგი. სწორი ნაწლავის პოლიპსა და პოლიპოზს ზოგჯერ თითით გასინჯვით აღმოაჩენენ. უკანა ხვრელიდან 10 სმ მანძილზე არსებული პოლიპების არსებობისას შეიძლება დადგინდეს მათი არა მხოლოდ არსებობა, არამედ რაოდენობა, ზომა, კონსისტენცია, ფეხის არსებობა-არარსებობაც. დამატებით მონაცემებს გვაწვდის კვლევის სპეციალური მეთოდი - რექტორომანოსკოპია, რომელიც იმავდროულად დაზიანების დინამიკაზე დაკვირვების საშუალებასაც იძლევა. თითით გასინჯვისას პოლიპოზის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია მთელი მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რადგან სწორი ნაწლავის პოლიპოზს ხშირად ერთვის მთელი მსხვილი ნაწლავის პოლიპოზი. რენტგენოლოგიურ კვლევასთან ერთად, უნდა ჩატარდეს კოლონოსკოპია და, საჭიროებისამებრ, კომპიუტერული ტომოგრაფიაც. ცალკეულ შემთხვევებში სწორი და მსხვილი ნაწლავის პოლიპოზი ერთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა სეგმენტების პოლიპოზს, ამიტომ ნაჩვენებია კუჭის კვლევაც.როგორ მკურნალობენპოლიპოზის მკურნალობის რადიკალური მეთოდია პოლიპის მოშორება. ვინაიდან სწორი ნაწლავის პოლიპი კიბოსწინარე დაავადებაა, მისი მოშორების შემდეგ პა­ციენტს სჭირდება დინამიკური დაკვირვება რექტომანოსკოპითა და კოლონოსკოპით. თუ პოლიპოზი მეორეულია, მაგალითად, წყლულოვანი კოლიტის, პროქტოსიგმოიდიტის, დიზენტერიის შედეგი, საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა. რა მოეთხოვება პაციენტსთუ შეამჩნიეთ სისხლის ან ლორწოს მინარევი განავალში ან დისკომფორტი დეფეკაციის აქტის დროს ან დეფეკაციის მოთხოვნის გახშირება, აუცილებლად მიმართეთ პროქტოლოგს კონსულტაციისთვის. ხშირად სწორი ნაწლავის პოლიპი ჰემოროიში ერევათ. არადა, ეს დაავადებები კარდინალურად განსხვავებულ მკურნალობას მოითხოვს. სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ სპეციალისტს, ექიმ პროქტოლოგს შეუძლია.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ