(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

პლასტიკური ოპერაციები

administrator 22-09-2016, 01:38 2 445 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / პლასტიკური ქირურგია

 

 პლასტიკური ოპერაციები

-ყველა სახის გამაახალგაზრდავებელი ოპერაციები სახეზე, მათ შორის;

-შუბლის ნაოჭების კორექცია და წარბების აწევა ენდოსკოპური ტექნოლოგიით;

-ყელისა და ღაბაბის პლასტიკა;

-სახის სრული პლასტიკა- ფეისლიფტინგი;

-ქუთუთოების პლასტიკა (ბლეფაროპლასტიკა);

-ფილამენტლიფტინგი- სახის პლასტიკა სპეციალური მეზოძაფებით;

ასევე:

-მკერდის გადიდება, დაპატარავება, ფორმის შეცვლა;

-რინოპლასტიკა;

-ოტოპლასტიკა;

-ლიპოპლასტიკა (ლოპოსაქცია, ლიპოფილინგი);

-აბდომონოპლასტიკა, სხეულის კონტურული პლასტიკა;

-ბრაქიოპლასტიკა(მკლავის პლასტიკა);

-ნაწიბურის პლასტიკა;

-მკერდის მოკვეთის შემდგომი მდგომარეობის ქირურგიული მკურნალობა;

-დამწვრობის შემდგომი მდგომარეობის მკურნალობა;

-ტუჩის კორექცია (ბიოგელი, ჰიალურონის მჟავა);

-მიმიკური  ნაოჭების კორექცია (ფილერი, ბოტოქსი) და სხვ.

პროსტატის კიბოს მკურნალობა

administrator 10-09-2016, 01:29 1 770 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ რთულია, გავაკეთოთ არჩევანი სადღეისოდ არსებულ მკურნალობის მეთოდებს შორის. მართალია, მონაცემები პროსტატის კიბოს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის ეფექტიანობის შესახებ დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე სულ რაღაც 10 წლის წინ, მაგრამ თითოეული მათგანის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის გეგმის შემუშავებისას ექიმები განასხვავებენ პროსტატის კიბოს სამ სახეს - ორგანოში ლოკალიზებულს (დაზიანებულია მხოლოდ პროსტატა), ადგილობრივად გავრცელებულს (პროსტატის დიდი სიმსივნე ან მხოლოდ ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნე) და მეტასტაზირებულს (სიმსივნე გავრცელებულია შორს ან ფართოდ). მხოლოდ ორგანოში ლოკალიზებული ან ადგილობრივად გავრცელებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიას, ჰორმონულ თერაპიას, კრიოთერაპიას, ზოგჯერ - რამდენიმე ამ მეთოდის კომბინაციას და ამასთან ერთად პაციენტზე დაკვირვებას. პროსტატის მეტასტაზირებული სიმსივნის განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მისი მკურნალობა, რომელიც ჰორმონული თერაპიითა და ქიმიოთერაპიით ხორციელდება, ფაქტობრივად პალიატიურია - მხოლოდ სიმსივნის ზრდის შეფერხებასა და დაავადების სიმპტომების შესუსტებას ემსახურება. ქირურგიული მკურნალობაპროსტატის კიბოს ქირურგიული მკურნალობისას ტარდება რადიკალური პროსტატექტომია - პროსტატის ამოკვეთა. სწორედ რადიკალურ პროსტატექტომიას მიმართავენ ყველაზე ხშირად ორგანოში ლოკალიზებული და ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის დროს. არსებული მონაცემებით, მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტიანობა 90%-ს უტოლდება. რადიკალური პროსტატექტომია შეიძლება ჩატარდეს როგორც ღია ქირურგიული ჩარევით, ისე ლაპაროსკოპიით. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ხვეწენ ოპერაციულ ტექნიკას და შეიმუშავებენ მეთოდებს, რომელთა წყალობითაც შესაძლებელი ხდება ოპერირება მცირე განაკვეთიდან სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით. მონაცემები ჯერჯერობით იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი ჩარევის შედეგები არ განსხვავდება ღია წესით ჩატარებული ოპერაციის შედეგებისგან, თუმცა, რასაკვირველია, ვერ უარვყოფთ, რომ რაც უფრო ნაკლებად ტრავმულია ჩარევა, მით უფრო ნაკლები სისხლი იკარგება და მით უფრო ნაკლებია ტკივილი ოპერაციის შემდგომ პერიოდში. სხივური თერაპიასხივური თერაპიის მიზანია სიმსივნური უჯრედების განადგურება და მათი გამრავლების შეჩერება. მკურნალობის ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სიმსივნური უჯრედები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან, გაცილებით ადვილად იშლებიან გამოსხივების ზემოქმედებით, ვიდრე მიმდებარე ნორმალური უჯრედები. კლინიკური კვლევების მონაცემების თანახმად, ორგანოში ლოკალიზებული პროსტატის კიბოს სხივური თერაპიის შედეგები მკურნალობიდან 10 წლის განმავლობაში ისეთივეა, როგორიც რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ. 10-წლიანი პერიოდის შემდეგ სხივური თერაპიის ეფექტურობის კვლევა გრძელდება. არ არის გამორიცხული მოგვიანებითი რეციდივი. არჩევანი ოპერაციულ მკურნალობასა და სხივურ თერაპიას შორის დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის - პაციენტის სურვილზე, ასაკზე, თანმხლებ დაავადებებზე და, რასაკვირველია, თავად სიმსივნის გავრცელებაზე. ორგანოში ლოკალიზებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში მოწინავე ქვეყნებში პაციენტთა 30%-ს სწორედ სხივური თერაპია უტარდება. ზოგჯერ ონკოლოგები სხივურ თერაპიას ატარებენ ქირურგიულ ან ჰორმონულ თერაპიასთან ერთად. ასეთი კომბინაციის მიზანი მკურნალობის შორეული შედეგების გაუმჯობესებაა. პროსტატის კიბოს ჰორმონული თერაპიამამაკაცის ორგანიზმში გამომუშავებული მამაკაცური ჰორმონი (ანდროგენი) ტესტოსტერონი პროსტატის სიმსივნური უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ჰორმონული მკურნალობა ტესტოსტერონის მიერ ამ სტიმულაციის დაქვეითებას ისახავს მიზნად. ჩვეულებრივ, ტესტოსტერონი სათესლე ჯირკვლებში გამომუშავდება. ამ პროცესს ასტიმულირებს მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონი. ეს ჰორმონი თავის ტვინში არსებულ ენდოკრინულ ჯირკვალში - ჰიპოთალამუსში გამომუშავდება და სისხლის ნაკადით აღწევს სათესლე ჯირკვლებამდე, სადაც ტესტოსტერონის გამომუშავებას ასტიმულირებს. ჰორმონული მკურნალობა ანუ ანდროგენული დეპრივაცია (პროსტატაზე ტესტოსტერონის ზემოქმედების აღკვეთა) შეიძლება ჩატარდეს როგორც ქირურგიული, ისე მედიკამენტური გზით. ქირურგიული მეთოდია სათესლე ჯირკვლების მოკვეთა - ამ ოპერაციას ორქიექტომიას ან კასტრაციას უწოდებენ. მედიკამენტური ჰორმონული მკურნალობისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ორი ტიპის პრეპარატები. ერთ ჯგუფს მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტს უწოდებენ. ეს მედიკამენტები ბლოკავენ მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის გამოთავისუფლებას თავის ტვინში. მედიკამენტთა მეორე ჯგუფს უწოდებენ ანტიანდროგენულ პრეპარატებს. ისინი მამაკაცური ჰორმონების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, კერძოდ, ბლოკავენ პროსტატაზე ტესტოსტერონის ზემოქმედებას. არსებული მონაცემებით, მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ მედიკამენტურ ჰორმონულ თერაპიას, რისი მიზეზიც კოსმეტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორია. ცნობილია, რომ მკურნალობის ამ ორი მეთოდის ეფექტურობა და გვერდითი ეფექტები თითქმის ერთმანეთის ანალოგიურია, ტესტოსტერონით სიმსივნური უჯრედების სტიმულაცია ეფექტურად ითრგუნება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სახის სიმსივნე მკურნალობის ამ მეთოდზე არ რეაგირებს. ასეთია მაგალითად ანდროგენნეგატიური პროსტატის კიბო. ჰორმონული მკურნალობის ორივე სახის გვერდითი ეფექტია სარძევე ჯირკვლების გადიდება, პერიოდული წამოხურება და იმპოტენცია. მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტები ინიშნება ინექციების სახით. ინექცია ტარდება თვეში ერთხელ. ანტიანდროგენულ პრეპარატებს იღებენ კაფსულების სახით, ჩვეულებრივ, მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტებთან ერთად. მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტები საკმაოდ ეფექტურია. ანტიანდროგენული პრეპარატები მხოლოდ მაშინ ემატება მკურნალობის სქემას, როცა პირველი ჯგუფის პრეპარატები ვერ აფერხებენ სიმსივნის პროგრესირებას. დადგენილია, რომ ჰორმონული თერაპია აძლიერებს სხივური თერაპიის ეფექტს. ჩვეულებრივ, ჰორმონული მკურნალობა ინიშნება ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული პროსტატის კიბოს დროს. მხოლოდ ორგანოში ლოკალიზებული სიმსივნის შემთხვევაში მკურნალობის ამ მეთოდს პაციენტთა სულ 10%-ს უნიშნავენ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჰორმონული მკურნალობა მხოლოდ პალიატიური მკურნალობაა, მისი მიზანია სიმსივნის ზრდის კონტროლი და არა განკურნება, რადგან ამგვარი მკურნალობით განკურნება შეუძლებელია. ქიმიოთერაპიაქიმიოთერაპიულ პრეპარატებს აქვთ სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი. ამ საშუალებებს იყენებენ ჰორმონრეზისტენტული პროსტატის კიბოს შემთხვევაში როგორც პალიატიური მკურნალობის მეთოდს, რომლის მიზანი სიმსივნის ზრდის შეფერხება და სიმპტომების შემსუბუქებაა. ქიმიოთერაპია არ წარმოადგენს არჩევის მეთოდს ლოკალური ან ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის დროს, ვინაიდან ამ შემთხვევებში ეფექტურია მკურნალობის სხვა მეთოდები. ქიმიოთერაპიის ჩვენებაა პროსტატის მეტასტაზირებული კიბო, რომელიც არ რეაგირებს სხვა მეთოდებით მკურნალობაზე. რასაკვირველია, ქიმიოთერაპიას თან ახლავს გვერდითი ეფექტები, რომლებიც პაციენტის ცხოვრების ხარისხს აუარესებს, მათ შორის - სისუსტე, გულისრევა, თმის ცვენა, ძვლის ტვინის დათრგუნვა, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს ანემია, ლეიკოციტების შემცველობის დაქვეითება და შედეგად ინფექციებისადმი მიდრეკილება, თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება და ამის გამო სისხლდენებისადმი მიდრეკილება. ჰორმონული თუ ქიმიოთერაპიის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ პროსტატის კიბოს ბუნებას. თუ კიბო ჰორმონმგრძნობიარეა, არჩევის თერაპიაა ჰორმონული თერაპია. თუ სიმსივნე ჰორმონრეზისტენტულია და ჰორმონული ფონით მანიპულირება მის ზრდაზე გავლენას ვერ ახდენს, რასაკვირველია, არჩევანს ქიმიოთერაპიაზე აჩერებენ. სამწუხაროდ, ქიმიოთერაპია, რომელიც ჰორმონული თერაპიის შემდეგ ინიშნება, არასოდეს არის ისეთი ეფექტური, როგორიც ჰორმონული თერაპია, ვინაიდან ამ შემთხვევაში სიმსივნე უფრო აგრესიული ხდება. როცა პროსტატის კიბო განიცდის ტრანსფორმაციას და ჰორმონმგრძნობიარედან ჰორმონრეზისტენტულად გარდაიქმნება, პროგნოზიც უარესდება და ქიმიოთერაპია მკურნალობის ერთადერთ მეთოდად რჩება. მკურნალობის მეთოდის არჩევისას გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც: პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა, პაციენტის არჩევანი, სიმსივნის სტადია. გარდა ამისა, დახმარებას გვიწევს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) შემცველობა. მაგალითად, თუ პაციენტს პროსტატის კიბო აქვს და PSA 4-10-ჯერ არის მომატებული, სავარაუდოა, რომ სიმსივნე პროსტატაშია ლოკალიზებული. თუ სხვა გამოკვლევებიც ადასტურებს, რომ სიმსივნე ლოკალურია, არჩევის თერაპია შეიძლება იყოს ქირურგიული ჩარევა ან სხივური თერაპია. ძალიან მაღალი PSA-ს შემთხვევაში მეტასტაზირების ალბათობა მეტია. თუ ეს სხვა გამოკვლევებმაც დაადასტურა, ინიშნება ჰორმონული ან ქიმიოთერაპია. პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა პერიოდულად მკურნალობის პროცესშიც ხდება შედეგების შესაფასებლად. მაგალითად, მკურნალობის მიუხედავად მისი მატება სიმსივნის ზრდასა და გავრცელებაზე მეტყველებს, ხოლო კლება მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშანია. მკურნალობის შედეგად პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის მნიშვნელოვანი შემცირება სიმსივნის სრულ კონტროლსა და გამოჯანმრთელებაზე მიუთითებს. კრიოთერაპიაპროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაში მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტიანობას ჯერ მხოლოდ შეისწავლიან. სიმსივნურ უჯრედებს თხევადი აზოტითა და არგონით ყინავენ და ასე ანადგურებენ. ხსენებული ნივთიერებები უშუალოდ სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილას შეჰყავთ ნემსით. პროცედურა ტარდება ულტრაბგერის კონტროლით. მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებული ულტრაბგერაეს მეთოდი თავდაპირველად პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ იყო მოწოდებული. ამჟამად შეისწავლიან მის ეფექტიანობას სიმსივნის დროს.

რა იწვევს უროლოგიურ სიმსივნეებს

administrator 10-09-2016, 01:21 2 215 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 რა აჩენს უროლოგიურ სიმსივნეს? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ ძნელია, ხოლო კითხვაზე, რატომ გაუჩნდა ამა თუ იმ პაციენტს ამგვარი სიმსივნე - შეუძლებელი. მიუხედავად ამისა, არსებობს პირობები, როდესაც მეცნიერებს შეუძლიათ, მეტ-ნაკლები სიზუსტით ივარაუდონ მომავალში ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის შესაძლებლობა. მკითხველთა უკეთ ინფორმირებისთვის ეს სტატია სწორედ ამ თემას, ასეთ პირობებსა და რისკჯგუფებს მიეძღვნება.შარდის ბუშტის კიბო შარდის ბუშტის კიბოს წილად ყველა ლოკალიზაციის სიმსივნეთა 3% მოდის. რისკჯგუფში ხვდებიან ადამიანები, რომელთა ორგანიზმზე ხანგრძლივად ზემოქმედებს არომატული ამინები ან რომლებიც ქრონიკული ცისტიტით იტანჯებიან. შარდის ბუშტის კიბოს პროფილაქტიკისთვის, უპირველესად, უნდა გამოირიცხოს კონტაქტი ქიმიურ ნივთიერებებთან, მოხდეს ასეთი ადამიანების დისპანსერიზაცია, ქირურგიული თუ ელექტროკოაგულაციური მეთოდით რადიკალური მკურნალობა ჩაუტარდეს შარდის ბუშტის ყველა სახეობის კეთილთვისებიან პაპილომას. ასევე აუცილებელია ანთებითი პროცესების დროული მკურნალობა. კიდევ ერთი: ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა წარმოაჩინა შარდის ბუშტის კიბოს უშუალო კავშირი თამბაქოს წევასთან, ამიტომ მოწევაზე უარის თქმა აუცილებელია სხვადასხვა სიმსივნური დაავადების, მათ შორის - შარდის ბუშტის კიბოს, თავიდან ასაცილებლად.პროსტატის სიმსივნური დაავადებები პროსტატის კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკა ითვალისწინებს პროსტატიტის დროულ მკურნალობას და ექიმთან რეგულარულ ვიზიტს, რაციონალურ კვებას (შემწვარ-მოხრაკული, ცხიმიანი, შებოლილი, ცხარე და მლაშე საკვების ოდენობის შემცირებას, მცენარეულის წილის ზრდას), თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას, სხეულის მასისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს, ცხოვრების ჯანსაღ, მოძრავ წესს. პროსტატის სიმსივნეების გამომწვევთა შორის არცთუ უმნიშვნელო ადგილი უკავია იმ ნივთიერებების ორგანიზმზე ხანგრძლივ ზემოქმედებას, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ჰორმონულ ცვლილებებს იწვევს. განსაზღვრულ შემთხვევებში, შეუმოწმებელი ინფორმაციით, პროსტატის კიბო შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა ემულგატორმა, რომლებიც, მართალია, აკრძალულთა სიაში შედის, მაგრამ მაინც აქტიურად გამოიყენება ეგრეთ წოდებული მესამე რიგის ქვეყნების კვების მრეწველობაში. რა აჩენს თირკმელების კიბოს? არსებობდა მონაცემები იმის შესახებ, რომ ადამიანებს, რომლებიც ანილინური საღებავების წარმოებაში იყვნენ დასაქმებულნი, თირკმლის კიბო უფრო ხშირად უჩნდებოდათ. ამის გამო ზოგიერთი კანცეროგენი, რომლებიც ანილინური საღებავების წარმოებისას წარმოიქმნება, თირკმელებთან დაკავშირებულ კანცეროგენულ ეფექტებში დაადანაშაულეს. ამავე კანცეროგენებს შარდის ბუშტის კიბოს გამოწვევასაც სდებენ ბრალად. დაავადების მაღალი რისკი აქვთ მათაც, ვინც დაავადებულია ჰიპელ-ლინდაუს დაავადებით, პოლიკისტოზით და შეძენილი კისტებით, რომლებსაც თან სდევს სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების მატება - ეს მდგომარეობა თირკმელების ფუნქციის უკმარისობის შედეგია. არსებობს დაავადებები, რომლებსაც კიბოსწინარე დაავადებებს უწოდებენ. ეს ისეთი დაავადებებია, რომლებიც შეიძლება კიბოდ გადაგვარდეს.კონდილომებიკონდილომა - ეს ადამიანის კანისა და ლორწოვანი გარსების ისეთი დვრილისებრი წანაზარდია, რომელსაც ანთებისკენ მიდრეკილება ახასიათებს. ჩვეულებრივ, კონდილომები იმ ადგილებზე ჩნდება, რომლებიც გამუდმებით განიცდის გაღიზიანებასა და ხახუნს. განასხვავებენ ბრტყელ კონდილომას, რომელიც ფართო საფუძველზე, ფეხზე ზის - ის ყველაზე ხშირად სიფილისის მეორე პერიოდის ან ფრამბეზიის (ტროპიკული სპიროქეტოზი) გამოვლინებაა - და მახვილწვერიან კონდილომას, რომელიც ვირუსული (პაპილომავირუსი) წარმოშობისაა. მას ნაწილაკოვანი აგებულება აქვს და ვიწრო ფეხზე ზის. წესისამებრ, კონდილომა ვითარდება გაღიზიანებულ, გამონაყოფებით დაბინძურებულ გარეთა სასქესო ორგანოების კანზე, დუნდულა კუნთებისა და საზარდულის ნაკეცებში, საშარდე არხის გარეთა ხვრელთან, სათესლე ჯირკვლების პარკზე, იშვიათად - ანუსის მიდამოში, ბოქვენზე, იღლიაში, პირის კუთხეში. შესახედავად შეიძლება ჰგავდეს მამლის ბიბილოს ან ყვავილოვან კომბოსტოს. კონდილომების ზედაპირი შეიძლება დაწყლულდეს. მახვილწვერიანი კონდილომა სქესობრივი გზით ვრცელდება და ქრონიკულად მიმდინარეობს. კონდილომა თავისთავად პრაქტიკულად არასდროს ქრება. ამჟამად არ არსებობს პრეპარატი, რომელსაც ძალუძს, ორგანიზმიდან განდევნოს ან გაანადგუროს სასქესო ორგანოების პაპილომავირუსული ინფექციის გამომწვევი, ამიტომ მკურნალობა შემოიფარგლება კონდილომების მოცილებით (კრიოთერაპიის მეთოდით ანუ თხევადი აზოტით, კონცენტრირებული მჟავებით, ელექტროდანითა და მაღალსიხშირიანი გამოსხივების წყაროთი მიღებული მაღალი ტემპერატურის საშუალებით, ლაზეროთერაპიით) და იმუნიტეტის მაკორეგირებელი თერაპიით. სასქესო ასოს კიბოსწინარე დაავადებებისასქესო ასოს კიბო შედარებით იშვიათია ევროპასა და აშშ-ში. მის წილად მოდის ყველა სახეობის სიმსივნური დაავადებების 1%. აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, ასევე ლათინურ ამერიკაში ეს დაავადება უფრო ხშირად გვხვდება. კითხვაზე, რატომ წარმოიქმნება სასქესო ასოს კიბო, პასუხი არ არსებობს. ცნობილია, რომ წინადაუცვეთელ მამაკაცებს ეს დაავადება უფრო მეტად ემართებათ, თუმცა არსებობს საპირისპირო მონაცემებიც, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ წინადაცვეთა არ ამცირებს სასქესო ასოს კიბოს წარმოშობის რისკს. ოქროს შუალედი, სავარაუდოდ, ის თეზისია, რომ წინადაუცვეთელობისა და პირადი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში სასქესო ასოს კიბოს განვითარების ალბათობა უფრო დიდია. ეს იმიტომ, რომ დაგროვილი სმეგმა აღიზიანებს სასქესო ასოს ლორწოვან გარსს, რასაც მოჰყვება ანთებითი პროცესები, კიბოსწინარე დაავადებები, ხოლო პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში - კიბო. არსებობს რამდენიმე კიბოსწინარე, ანუ ისეთი დაავადება, რომელიც შეიძლება სასქესო ასოს კიბოდ გადაიქცეს: მახვილწვერიან კონდილომაზე ზემოთ უკვე გესაუბრეთ. მაობლიტერირებელი ქსეროტოპიული ბალანიტი ვითარდება სმეგმის გამოყოფის დარღვევის შედეგად. ამ დაავადების მთავარი ნიშანია თეთრი ლაქები სასქესო ასოს თავსა და ჩუჩაზე. ამ წარმონაქმნებს არცთუ იშვიათად საშარდე არხის გარეთა ხვრელის შევიწროება მოსდევს. ლეიკოპლაკია - ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ასოს თავისა და ჩუჩის თანაბარზომიერი დაზიანება ასოს თავისა და ჩუჩის ეპითელიუმის გაძლიერებული გარქოვანების შედეგად. ლეიკოპლაკია წარმოიშობა ასოს ხსენებული ნაწილების მუდმივი გაღიზიანების დროს. კაპოშის სარკომა - ეს გახლავთ სასქესო ასოს კანზე გაჩენილი მუქი, სისხლმდენი, შეხებისას მგრძნობიარე პაპულები (პაპულა მცირე ზომის წარმონაქმნია, რომელის წამოწეულია კანის ზედაპირიდან და არ შეიცავს სითხეს). ჩვეულებრივ, კაპოშის სარკომა უჩნდებათ აივ ინფექციის მატარებელ პაციენტებს შიდსის სტადიაში. კანის რქა - ის ასოს თავისა და ჩუჩის მფარავი ეპითელიუმის გაძლიერებული გარქოვანების შედეგია. ხშირად კანის რქა დაზიანებულ ადგილებზე წარმოიქმნება და გარეგნულად წარმოადგენს მკვრივ (ფრჩხილის სიმკვრივის მქონე) 2-3-სანტიმეტრიან გამონაზარდს, რომელსაც ყვითელი ან მოთეთრო ფერი აქვს. ბუშკე-ლევინშტეინის სიმსივნე ანუ გიგანტური კონდილომა გარეგნულად მახვილწვერიან კონდილომას ჰგავს, თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მან შეიძლება სასქესო ასოს ეპითელიუმის სიღრმეში შეაღწიოს. კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობასასქესო ასოს ამ დაავადებების მკურნალობის ძირითად მეთოდად მათი მოცილება მიიჩნევა. ამ წარმონაქმნების მოშორება პენისის კიბოს თავიდან აცილებაში გვეხმარება. კიბოსწინარე დაავადებების მოცილება სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი: ჩვეულებრივი ამოკვეთით, ჩუჩის მოკვეთით, წინადაცვეთით, ელექტროკოაგულაციით, ლაზერით, ქიმიურად აქტიური ნივთიერებებით (პოდოფილინით, ტრიქლორძმარმჟავათი). ყველა შემთხვევაში მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა, წარმონაქმნის სახეობისა და დაზიანების გათვალისწინებით.სათესლე ჯირკვლების სიმსივნეებისხვა სასქესო ორგანოებისგან განსხვავებით, სათესლე ჯირკვლების სიმსივნე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მამაკაცებში გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების 2%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, სიმსივნეების თითქმის 99% ავთვისებიანია. ავთვისებიანი სიმსივნეების მაქსიმალური სიხშირე, მაქსიმალური გამოვლენა თანხვდება სქესობრივი აქტიურობის კულმინაციურ პერიოდს (20-40 წელს), თუმცა დაავადება შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც და ხანდაზმულებშიც. სათესლე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაში დიდი როლი ეკისრება ორ ფაქტორს. ერთი მათგანი კრიპტორქიზმია (ამ დროს სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოშვებული). სათესლე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულთა თითქმის 25%-ს ეს პათოლოგია აქვს. ხშირად სწორედ კრიპტორქიზმის გართულებაა სემინომა (სათესლე ჯირკვლის სიმსივნე). სხვა გართულებათაგან უნდა დავასახელოთ სათესლე ჯირკვლის ტრავმა და სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა. მეორე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ავთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებას, სათესლე ჯირკვლის ატროფია და მამაკაცის ორგანიზმში მასთან დაკავშირებული ჰორმონული ძვრებია. მკვლევართა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ანომალიურად განვითარებულ სათესლე ჯირკვლებში სიმსივნე 20-35-ჯერ უფრო ხშირად წარმოიშობა, ვიდრე ნორმალურში. ბავშვობის ასაკში სიმსივნემ შესაძლოა გამოიწვიოს ანდროგენების, მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ჰიპერპროდუქცია (ჭარბი გამოყოფა), რაც ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნებით ვლინდება. ბავშვებში სათესლე ჯირკვლების სიმსივნე იშვიათად გვხვდება. ორიოდე სიტყვით ქალების პრობლემებსაც შევეხოთ. მათ კიბოსწინარე დაავადებად შეიძლება ჩაითვალოს საშვილოსნოს ყელის პოლიპი. ის იშვიათად გარდაიქმნება კიბოდ, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი შემთხვევები, როცა საქმე გვაქვს საშვილოსნოს ყელის პოლიპების ხშირ რეციდივსა და დაწყლულებასთან. პოლიპების მოშორების შემდეგ აუცილებელია მათი ჰისტოლოგიური გამოკვლევა. მორეციდივე პოლიპების დროს რეკომენდებულია ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა. სამედიცინო პრაქტიკაში არცთუ იშვიათია ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ლორწოვანის) და საშვილოსნოს სხეულის პოლიპიც. პროფილაქტიკა გინეკოლოგთან რეგულარულ გამოკვლევას გულისხმობს. დაავადების პირველივე ნიშნებზე, ასევე - ციკლის დარღვევის, სუნიანი ან შეფერილი გამონადენის დროს ჯობია რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ გინეკოლოგს. დაბოლოს, თუ ადამიანი მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, რომელშიც ნორმალური კვება, ზომიერი ფიზიკური თუ სქესობრივი ცხოვრება და, რა თქმა უნდა, ჰიგიენაც შედის, მას არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები, არამედ სხვა პრობლემებიც აუვლის გვერდს.

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა

administrator 10-09-2016, 01:16 1 966 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 UICC-ის (The Union for International Cancer Control) მონაცემებით, კიბოს დიაგნოზით მსოფლიოში ყოველთვე კვდება 600 ათასი კაცი, რომელთა დაავადების პრევენცია ან მკურნალობა სწორი სკრინინგსტრატეგიის შემთხვევაში შესაძლებელია. საქართველოში სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმატა კიბოს შემთხვევებმა; უბრალოდ, გამოკვლევები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შეძლეს, სკრინინგცენტრებისთვის მიემართათ, ადრე გამოევლინათ პათოლოგია და ემკურნალათ, ეს კი ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო იარაღია ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლისას. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ გვესაუბრება ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა. - ბატონო რემა, რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგს კიბოს პრევენცისთვის?- ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა პირველ-მეორე სტადიებში ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ რაღაც სჭირს. სიმპტომების უმეტესობა მე-3, მე-4 სტადიაში იჩენს თავს, ამ დროს კი კიბოსთან ბრძოლა ხშირად დაგვიანებულია. თუმცა კიბო აღარ წარმოადგენს უკურნებელ სენს, თუ მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაში მოხდა. სკრინინგის (screen - ინგლ. გადარჩევა, გამოხშირვა) პროგრამებიც სწორედ იმისთვის დაინერგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომ კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესები ადრეულ სტადიაში იქნეს გამოვლენილი - ამ შემთხვევაში განკურნების ალბათობა 100%-მდე იზრდება, ხოლო მკურნალობის ხარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კიბოს შორს წასული ფორმების მკურნალობისას. თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, მას შეუძლია, დროული და თანმიმდევრული გამოკვლევებით: მშვიდად განაგრძოს ჯანმრთელობის კონტროლი; არ მისცეს დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება; სიმსივნის ადრეული გამოვლენის შემთხვევაში სავსებით განიკურნოს. ამდენად, ადრეული დიაგნოსტიკა კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს და უფასოა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ეკუთვნის შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებს: ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის (2 წელიწადში ერთხელ); საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის (3 წელიწადში ერთხელ); პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის (წელიწადში ერთხელ); მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის (წელიწადში ერთხელ). საქართველოს რეგიონებში კიბოს სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგცენტრი 27 ქვეკონტრაქტორთან ერთად (33 სამედიცინო დაწესებულებაში) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით. თბილისში სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგცენტრი 10 ქვეკონტრაქტორთან ერთად (12 სამედიცინო დაწესებულებაში) თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაფინანსებით.- რა გამოკვლევები ტარდება კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით?- კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა 10-მდე უფასო გამოკვლევას მოიცავს:სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა- თუ ხართ 40-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები: მამოლოგის კონსულტაცია; მამოგრაფია; ექოსკოპია (საჭიროებისამებრ). - რა არის მამოგრაფია?- მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ: სიმსივნური წარმონაქმნი ძუძუში ან იღლიის ფოსოში; ძუძუს კანის სიწითლე ან სიმხურვალე; ლიმონის ქერქისებური კანი; ძუძუს კანის შეჭმუხვნა; უჩვეულო ტკივილი ძუძუში; წვა და სიწითლე დვრილის არეში; დვრილის ჩაბრუნება; სისხლიანი ან სხვა სახის გამონადენი დვრილიდან. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა- თუ ხართ 25-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები: PAP-ტესტი; კოლპოსკოპია (საჭიროებისამებრ). - რა არის PAP-ტესტი და კოლპოსკოპია?- PAP-ტესტი საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს, კოლპოსკოპია კი საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერებას. კვლევის ამ მეთოდებით ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კი კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი! დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო ნიშნის შემჩნევისთანავე, საშვილოსნოდან სისხლდენა იქნება ეს, სხვა პათოლოგიური გამონადენი თუ მენსტრუალური ციკლის დარღვევა.მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის პროგრამა- თუ ხართ 50-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები: განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტი; კოლონოსკოპია (საჭიროებისამებრ). - რა დანიშნულება აქვს განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტს?- უჯრედების შეჯგუფება მსხვილ ნაწლავში ზოგჯერ პოლიპებს წარმოქმნის, წლების განმავლობაში კი ეს პოლიპები შესაძლოა კიბოდ გადაგვარდეს. პოლიპებსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ახასიათებს სისხლდენა, სკრინინგტესტს კი უნარი შესწევს, განავალში სისხლის უმნიშვნელო შემცველობაც გამოავლინოს.- რა არის კოლონოსკოპია?- თუ სკრინინგტესტმა სისხლდენა გამოავლინა, აუცილებელია კოლონოსკოპია. კოლონოსკოპიით ხდება მსხვილი ნაწლავის შიდა ზედაპირის დათვალიერება. გამოკვლევის ეს მეთოდი ავლენს პოლიპებსაც. პოლიპი არ არის ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა შეიძლება კიბოდ გარდაიქმნეს. პოლიპების მოშორება საგრძნობლად ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ: კუჭის მოქმედების დარღვევა, განსაკუთრებით - გახშირება, ანდა ფაღარათი, რომელიც რამდენიმე კვირაა გრძელდება; სისხლდენა უკანა ტანიდან აშკარა მიზეზის გარეშე; გამკვრივება მუცლის არეში. პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა- თუ ხართ 50-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, პროსტატის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, გეკუთვნით უფასო გამოკვლევა PSA ტესტის მეთოდით.- რა არის PSA ტესტი?- PSA ტესტი პროსტატის კიბოს განვითარების რისკის მართვის მეთოდია, რომლითაც განისაზღვრება სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე. PSA-ს დონის მკვეთრი მომატება შესაძლოა მიანიშნებდეს პროსტატის კიბოს არსებობის მაღალ რისკზე, თუმცა სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული (მაგალითად, პროსტატის ჯირკვლის გადიდებით, პროსტატიტით, საშარდე გზების ინფექციით). მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ: გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით - ღამით); შარდვის გაძნელება ან გახანგრძლივება; ტკივილი შარდვის დროს. ამ სიმპტომების არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ კიბო გაქვთ, თუმცა პროსტატის კიბო ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რომ არ გამოგეპაროთ, დროულად უნდა ჩაიტაროთ PSA ტესტი. დროული გამოვლენის შემთხვევაში წარმატებული მკურნალობა შესაძლებელია.- როგორ ხდება სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა?- სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა დარეკოს ნომერზე (0 32) 220 35 35, რომელზეც მიიღებს ინფორმაციას იმ კლინიკების შესახებ, სადაც მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა. მოქალაქეს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, შეუძლია აირჩიოს ტერიტორიულად ხელსაყრელი სამედიცინო დაწესებულება და გამოკვლევები იქ ჩაიტაროს.

სწორი ნაწლავის პოლიპი

administrator 10-09-2016, 01:14 2 871 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 რა არის სწორი ნაწლავის პოლიპისწორი ნაწლავის პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ნაწლავის კედლიდან სანათურისკენ იზრდება. იგი ამოზიდულია ლორწოვანი გარსის დონეზე ბურთისებრი, სოკოსებრი ან დატოტვილი წანაზარდის სა­ხით და ფეხზე ან ფართო ფუ­ძეზე დგას. ფე­რი მორუხო-მოწითალო აქვს, ზოგჯერ - მუქი წითელი ან მოყვითალო; მისი ზედაპირი ყოველთვის დაფარულია ლორწოთი, ხოლო კონსისტენცია რბილია. თუ სწორ ნაწლავში რამდენიმე პოლიპია, სწორი ნაწლავის პოლიპოზზე საუბრობენ. ნებისმიერი პოლიპი უნდა განვიხილოთ როგორც კიბოსწინარე დაავადება, თუმცა ხანგრძლივად არსებულ პოლიპს უფრო დიდი შანსი აქვს, ტრანსფორმირდეს ავთვისებიან სიმსივნედ - კოლორექტალურ კიბოდ. ამ სიმსივნის მატარებელი შეიძლება იყოს როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი.რა აჩენსნაწლავის პოლიპისა და პოლიპოზის წარმოშობის მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი. მათი გამომწვევი უშუალო ფაქტორი უცნობია. პოლიპი პრაქტიკულად არასოდეს ვითარდება ჯანმრთელ ქსოვილში, თუმცა დადგენილია, რომ ქრონიკული ანთებითი დაავადებები ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის დაბერებას და ლორწოვან გარსზე კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნის გაზრდას. ამის ხელშემწყობ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება წყლულოვანი კოლიტი, ენტერიტი, დიზენტერია, მუცლის ტიფი, წყლულოვანი პროქტოსიგმოიდიტი. ხშირად პოლიპის განვითარებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის ყაბზობა და ნაწლავის დისკინეზია, თუმცა ბავშვებში რამდენადმე განსხვავებული ვითარებაა - პოლიპები შესაძლოა წარმოიშვას სავსებით ჯანსაღი ნაწლავის ფონზე, ამიტომ არსებობს სხვა თეორიაც - პოლიპების წარმოქმნა იმ უბნებიდან, რომლებიც გენეტიკურად არანორმალურადაა დაპროგრამებული. ამას გენეტიკურ წინაგანწყობას ვუწოდებთ.კლინიკური ნიშნებისწორი ნაწლავის პოლიპი კლინიკურად უმეტესად არაფრით მჟღავნდება. მას აღმოაჩენენ შემთხვევით, სხვა პათოლოგიის გამო ჩატარებული ენდოსკოპიური გამოკვლევისას ან სკრინინგული კვლევისას. ასიდან 78-ზე მეტ შემთხვევაში პაციენტი 50 წელს გადაცილებულია. სწორი ნაწლავის ერთეული პოლიპი შესაძლოა დიდხანს უჩინარი დარჩეს. თანდართული ანთება, ასევე - პოლიპის მთლიანობის დარღვევა ხელს უწყობს ჭარბი ლორწოსა და სისხლის გამოყოფას, რაზეც მეტყველებს ფაღარათი ლორწოსა და სისხლის მინარევით. გავრცობილი პოლიპოზის დროს, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა, ლორწოს გამოყოფა, კუჭის მოქმედების გახშირება, თანდათანობით ვითარდება სისხლნაკლებობა, გამოფიტვა. სწორი ნაწლავის გამოსავალთან არსებული პოლიპი, განსაკუთრებით - ფეხიანი, დეფეკაციის დროს შესაძლოა გარეთ გამოვიდეს, გამოიწვიოს სისხლდენა ან სფინქტერში ჩაიჭედოს.გართულებებიპოლიპი რთულდება ავთვისებიანი გადაგვარებით, სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებებით, სწორი ნაწლავის ნახეთქით, პარაპროქტიტით, ამიტომ არ შეიძლება მკურნალობის დახანება - დროულად უნდა მიმართოთ პროქტოლოგს. პროფილაქტიკაუსიმპტომოდ მიმდინარე პოლიპების დროული გამოვლენა და მოშორება, განსაკუთრებით - უფროსი ასაკის პირებთან, სწორი ნაწლავის კიბოს საპროფილაქტიკო ძირითადი ღონისძიებაა. სწორი ნაწლავის პოლიპის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა: რაციონში უხეში უჯრედისის ჩართვა (კომბოსტო, ჭარხალი, ბოლოკი, ვა­შლი, გოგრა); უპირატესად მცენარეული ზეთის გამოყენება; ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების შეზღუდვა - მათი მოხმარება ზრდის ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს. როგორ სვამენ დიაგნოზსსწორი ნაწლავისა და ანალური არხის პოლიპის დიაგნოსტიკას ახდენს პროქტოლოგი. სწორი ნაწლავის პოლიპსა და პოლიპოზს ზოგჯერ თითით გასინჯვით აღმოაჩენენ. უკანა ხვრელიდან 10 სმ მანძილზე არსებული პოლიპების არსებობისას შეიძლება დადგინდეს მათი არა მხოლოდ არსებობა, არამედ რაოდენობა, ზომა, კონსისტენცია, ფეხის არსებობა-არარსებობაც. დამატებით მონაცემებს გვაწვდის კვლევის სპეციალური მეთოდი - რექტორომანოსკოპია, რომელიც იმავდროულად დაზიანების დინამიკაზე დაკვირვების საშუალებასაც იძლევა. თითით გასინჯვისას პოლიპოზის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია მთელი მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რადგან სწორი ნაწლავის პოლიპოზს ხშირად ერთვის მთელი მსხვილი ნაწლავის პოლიპოზი. რენტგენოლოგიურ კვლევასთან ერთად, უნდა ჩატარდეს კოლონოსკოპია და, საჭიროებისამებრ, კომპიუტერული ტომოგრაფიაც. ცალკეულ შემთხვევებში სწორი და მსხვილი ნაწლავის პოლიპოზი ერთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა სეგმენტების პოლიპოზს, ამიტომ ნაჩვენებია კუჭის კვლევაც.როგორ მკურნალობენპოლიპოზის მკურნალობის რადიკალური მეთოდია პოლიპის მოშორება. ვინაიდან სწორი ნაწლავის პოლიპი კიბოსწინარე დაავადებაა, მისი მოშორების შემდეგ პა­ციენტს სჭირდება დინამიკური დაკვირვება რექტომანოსკოპითა და კოლონოსკოპით. თუ პოლიპოზი მეორეულია, მაგალითად, წყლულოვანი კოლიტის, პროქტოსიგმოიდიტის, დიზენტერიის შედეგი, საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა. რა მოეთხოვება პაციენტსთუ შეამჩნიეთ სისხლის ან ლორწოს მინარევი განავალში ან დისკომფორტი დეფეკაციის აქტის დროს ან დეფეკაციის მოთხოვნის გახშირება, აუცილებლად მიმართეთ პროქტოლოგს კონსულტაციისთვის. ხშირად სწორი ნაწლავის პოლიპი ჰემოროიში ერევათ. არადა, ეს დაავადებები კარდინალურად განსხვავებულ მკურნალობას მოითხოვს. სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ სპეციალისტს, ექიმ პროქტოლოგს შეუძლია.

არის თუ არა რძე დიეტური პროდუქტი

administrator 9-09-2016, 01:33 2 420 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

რძე და მისი ნაწარმი მეტად სასარგებლოა, განსაკუთრებით - მათთვის, ვისაც ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა თუ გარემოს არასასურველმა ფაქტორებმა ჯანმრთელობა შეურყია. ამ საკითხზე თავის ორიგინალურ, ტრადიციულისგან განსხვავებულ შეხედულებებს გვიზიარებს საერო სამედიცინო უნივერსიტეტ "საქართველოს" გინეკოლოგიური განყოფილების ექიმი თერაპევტი, დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი: - როგორ გავლენას ახდენს ზრდასრული ადამიანის ორგანიზმზე რძე და მისი ნაწარმი?- რძისა და მისი პროდუქტების ავკარგიანობით მრავალი ადამიანია დაინტერესებული. შესაბამისად, ისმის მრავალი შეკითხვა, რომელთა პასუხიც ხშირად არაერთგვაროვანია. დიეტოლოგიის ტრადიციული შეხედულებების მიმდევრები მიიჩნევენ, რომ რძე და რძის ნაწარმი ყველასთვის სასარგებლოა. არსებობს განსხვავებული აზრიც, რომლის თანახმადაც ეს საკვები მხოლოდ ბავშვებისთვის არის სასურველი, ზოგიერთ დიეტოლოგს კი თითოეული პროდუქტის შესახებ ცალკე მოსაზრება აქვს. ისევე, როგორც ნებისმიერ საკვებს, რძესა და მის ნაწარმს აქვს ღირსებებიც და ნაკლოვანებებიც, ასე რომ, ზრდასრული ადამიანის ორგანიზმზე მათი ზემოქმედება სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარი იყოს.- ესე იგი, შესაძლოა, რძემ და მისმა ნაწარმმა გვავნოს?- მოგეხსენებათ, რძე ცილოვანი პროდუქტია, ცილა კი ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება, ვინაიდან უჯრედთა საშენ მასალას წარმოადგენს. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მედიცინაში გაბატონე-ბული იყო შეხედულება, რომლის თანახმადაც ჭარბი ცილა ორგანიზმიდან თირკმელების მეშვეობით გამოიდევნებოდა. დღეისთვის დადასტურებულია, რომ ჭარბი ოდენობით მიღებისას ცილა უჯრედებში გროვდება და დამანგრეველ პროცესებს იწვევს. ასე რომ, ცილების ჭარბი მოხმარება არცთუ უსაფრთხოა.- ბევრს მიაჩნია, რომ ადამიანის ორგანიზმზე სასიკეთო ზემოქმედებას მხოლოდ ძროხის ახალი რძე ახდენს. ერთნაირად მარგებელია თუ არა ყოველგვარი რძე? აქვს თუ არა სასარგებლო თვისებები ფხვნილისგან ან შესქელებული რძისგან მომზადებულ სასმელს? ხომ არ კარგავს ამ თვისებებს რძე ადუღების ან პასტერიზაციის დროს?- იყო დრო, როდესაც ძროხის რძეს ჩვილებს დედის რძის ნაცვლად ასმევდნენ. საბედნიეროდ, პედიატრიამ ამ შეხედულებაზე უარი თქვა, შედარებით მოზრდილ ბავშვებს კი ძროხის რძისგან ფაფებს დღესაც ხშირად უმზადებენ. დროა, დიასახლისებმა შეიცვალონ დამოკიდებულება ამ ერთი შეხედვით უწყინარი პროდუქტის მიმართ. ძროხის რძე მხოლოდ ხბოსთვის არის მისაღები, ისიც - სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე. მოგეხსენებათ, ხბო სწრაფად იზრდება, რის გამოც მისი კუნთები და ძვლოვანი სისტემა მაღალი კონცენტრაციის ცილებს მოითხოვს. სწორედ ასეთ ცილებს შეიცავს ძროხის რძე. კუნთებისა და ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ ხბო ინსტინქტურად თავს ანებებს მაღალი კონცენტრაციის ცილებით მდიდარი ამ საკვების მიღებას. შედარებით ნაკლებია ასეთი ცილების შემცველობა თხის რძეში - თიკანი ხბოზე ნელა იზრდება და ცილებსაც უფრო ნაკლებს მოითხოვს. ბავშვის ზრდის ტემპი, ბუნებრივია, ჩამოუვარდება თიკნისას, ასე რომ, მისთვის კიდევ უფრო ნაკლები კონცენტრაციის ცილებია მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე, ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს სულაც არ სჭირდება მაღალი კონცენტრაციის ცილებით მდიდარი ძროხის რძე. ჭარბ ცილას ორგანიზმი მთლიანად ვერ ითვისებს, მისი აუთვისებელი ნაწილისგან კი ტოქსიკური ცილოვანი მჟავები წარმოიქმნება, რომლებმაც, თავის მხრივ, შესაძლოა სათავე დაუდოს ალერგიას, ფილტვების ანთებას, ქრონიკულ რინიტს, ნუშურა ჯირკვლების ანთებას (ტონზილიტს), ადენოიდებს, რევმატულ დაავადებებს, გასტრიტს, კოლიტს, სიმსივნურ პათოლოგიას. რძის ფხვნილი, რომელსაც ნატურალური ძროხის რძის ალტერნატივად განიხილავენ, მიუღებელ პროდუქტად მიმაჩნია, ვინაიდან მასში მაღალია არაორგანული ნივთიერებების, მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ფერმენტების შემცველობა. ასევე მოკლებულია სასარგებლო თვისებებს რძე თერმული დამუშავებისა და პასტერიზაციის შემდეგ. არსებობს ნაშრომები ორგანიზმზე პასტერიზებული რძის არასასურველი გავლენის შესახებ. ვერც შესქელებული რძის სასარგებლო თვისებების შესახებ გეტყვით რამე სასიკეთოს – ის კონსერვირებული პროდუქტია და კადმიუმს შეიცავს.თუ ყოველივე ზემოთქმულს შევაჯამებთ, თამამად შეიძლება დავასკვნათ: ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, რძე საერთოდ არ არის დიეტური პროდუქტი. ის უნდა განვიხილოთ როგორც უძვირფასესი ნედლეული, რომლისგანაც რძის ნაწარმი მზადდება.- რამდენად მისაღებია დიეტოლოგიის თვალსაზრისით რძიანი ფაფა და რძიანი ყავა ან კაკაო?- ამ კუთხით გაცილებით მისაღებია წყალზე მომზადებული ფაფები, რომლებიც შეიძლება კარაქით თუ ზეთით შევაზავოთ. კაკაოს რძით განეიტრალება საერთოდ არ სჭირდება. ის მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, შეიცავს მაგნიუმს, რომლის ნაკლებობასაც მრავალი ჩვენგანი განიცდის. ეს ძვირფასი პროდუქტი, უმჯობესია, რძის გარეშე მივიღოთ. უნალექო ყავას, რომელიც დიეტოლოგიის თვალთახედვით ქიმიური ნაერთია და არა ნატურალური პროდუქტი, რძის დამატება სასარგებლო თვისებებს ვერ შესძენს. ნატურალური გახლავთ ნალექიანი ყავა, რომელსაც რძეს არ ამატებენ.- რა ადგილი უნდა ეკავოს რძის ნაწარმს ასაკოვანი ადამიანების კვების რაციონში?- ასაკოვანმა პირებმა რძის პროდუქტები ზომიერად უნდა მიიღონ. ზრდასრული, მით უფრო - ხანში შესული ადამიანის ორგანიზმში მათი სიჭარბე, როგორც უკვე მოგახსენეთ, არამც და არამც არ არის სასურველი. სამაგიეროდ, მაწონი ნებისმიერ ასაკში დასაშვებია.- მიიჩნევენ, რომ რძისა და მისი ნაწარმის მიღება ყოველგვარ საკვებთან ერთად არ შეიძლება. ამ მოსაზრებას თუ აქვს საფუძველი?- ეს შეხედულება საფუძველს მოკლებული არ გახლავთ. მაგალითად, მაწონი შეუთავსებელია შაქართან, თაფლთან, ორცხობილასთან, პურთან, ხილთან...- კარაქზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, მის არასასურველ ზემოქმედებასა და ათეროსკლეროზზე ამახვილებენ ყურადღებას. რამდენად აუცილებელია ეს პროდუქტი და რა ადგილი უნდა ეკავოს ადამიანის კვების რაციონში? როდის უნდა შეიზღუდოს კარაქის მიღება?- რძის ნაწარმიდან ყველაზე სკეპტიკურად რატომღაც კარაქს უყურებენ და მთელ იმ მავნე ზემოქმედებას, რომელსაც რძის ზოგიერთი პროდუქტი ახდენს ორგანიზმზე, მას მიაწერენ. კარაქის ასეთი ცალმხრივი შეფასება არასწორია. მას, ისევე როგორც მაწონს, ყველსა და ხაჭოს, უდავოდ აქვს სასარგებლო თვისებებიც, კარაქი ენერგიის წყაროა. მას ევალება ორგანიზმში სითბოს რეგულაცია, დიდი რაოდე-ნობით შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, მათ შორის - მხედველობისთვის აუცილებელ A ვიტამინსა და მინერალურ მარილებს. შეხედულება, რომ კარაქი ქოლესტერინის მატების მიზეზია, უსაფუძვლოა. სინამდვილეში მიზეზი კარაქი კი არა, მისი არასწორი მომზადება და ტექნოლოგიური გამოყენებაა. თუ არასწორად გამოვიყენებთ, ნებისმიერი პროდუქტი გვავნებს. ეკოლოგიურად და ტექნოლოგიურად სწორად მომზადებული კარაქი დღეში 1 ან 2 ჩაის კოვზი ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს. - ბოლო ხანს პოპულარული გახდა იოგურტი...- დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ის კომერციული პროდუქტია, რომელიც ესენციების, ემულგატორების, გაურკვეველი არაორგანული დანამატების ერთობლიობას წარმოადგენს.- ბევრი მიიჩნევს, რომ ხაჭოს მხოლოდ სარგებლობა მოაქვს, განსაკუთრებით - მაშინ, როდესაც საქმე წონის დაკლებას ან ღვიძლის დაავადებას ეხება. გადაჭარბებით ხომ არ ვაფასებთ მას?- უცხიმო ხაჭო დიეტური პროდუქტია. გარდა ცილებისა, ის შეიცავს სასარგებლო ნივთიერებას - კალციუმს. ამ თვისების გამო ხაჭო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის - ამ ასაკში ხომ ძვლოვანი სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. ზრდასრულმა ადამიანმა კი ეს პროდუქტი ზომიერად უნდა მიიღოს. ხაჭო დიეტური რაციონის მნიშვნელოვანი კომპონენტია ჭარბი წონის, შაქრიანი დიაბე-ტის, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების დროს.- ხაჭოსგან განსხვავებით, არაჟანს უმეტესად უარყოფით კონტექსტში იხსენიებენ. აქვს თუ არა ამ პროდუქტს რაიმე სასარგებლო თვისება?- არაჟანი საკმაოდ მძიმედ მოსანელებელი პროდუქტია, რომელიც ცილების მაღალ კონცენტრაციას შეიცავს. ძლიერი ცხიმიანობის გამო ის თრგუნავს ღვიძლის ფუნქციას და შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის დაავადებებსაც შეუწყოს ხელი. თუ ჯანსაღ კვებაზე ვართ ორიენტირებულნი, არაჟანს სასურველი პროდუქტების რიცხვს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ.- ქართული სამზარეულო ყველის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ამ პროდუქტს სხვადასხვანაირად ამზადებენ. ბოლო ხანს ჩვენს ბაზარზე სხვადასხვა სახეობის შვეიცარიული, ჰოლანდიური და ფრანგული ყველიც გამოჩნდა. ყოველგვარი ყველი სასარგებლოა? ზოგიერთი დაავადებისას უარი ხომ არ უნდა ვთქვათ მის მიღებაზე?- ყველი ძნელად მოსანელებელი პროდუქტია. ის საკმაოდ მაღალკალორიულია, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ზომიერად აუცილებელიც კია ორგანიზმისთვის. ჯანსაღი კვების თვალსაზრისით მარგებელია ახალამოყვანილი უმარილო ყველი. რაც შეეხება ჩვენს ბაზარზე ფართოდ ფეხმოკიდებულ უცხოური ყველის ნაირსახეობებს, მათ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ დიეტურ პროდუქტს. უფრო მეტიც - შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი თირკმლის ფუნქციაზე, ძვალსახსროვან სისტემაზე, ლიმფურ სისტემასა და წონაზე უარყოფითი გავლენის გამო დაავადების სათავედაც კი იქცეს. ალბათ, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ ყველს ორგანიზმზე არასასურველი გავლენის მოხდენაც შეუძლია და ამიტომაც დაამკვიდრეს მისი ღომთან ან მჭადთან ერთად მიღება - ეს პროდუქტები ანეიტრალებს ყველში შემავალ მარილს, ცილებსა და ცხიმებს. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით პურსა და ფენოვანი თუ საფუვრიანი ცომისგან მომზადებულ ხაჭაპურზე.- რძის პროდუქტების შესახებ საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ქართულ ნაწარმს - მაწონსა და ნადუღს. რა ადგილი უკავია მათ დიეტურ რაციონში?- მაწონი ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო პროდუქტია. ის შეიძლება ჩავრთოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანის რაციონში, განურჩევლად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა (გარდა შეუთავსებლობის ერთეული შემთხვევებისა), თუმცა ზოგი რამ მაინც უნდა მივიღოთ მხედველობაში. ჯანსაღი კვების თვალსაზრისით სასარგებლოდ მიგვაჩნია ოჯახში დამზადებული (სოფლის) მაწონი და არა ქარხნული ნაწარმი, რომელიც არასასურველ დანამატებს შეიცავს და გაჯერებულია არაორგანული მიკროელემე-ნტებით, ვიტამინებით, ფერმენტებით. მაწონი უნდა მომზადდეს ძროხის ნატურალური რძისგან და არა რძის ფხვნილისგან. დაუშვებელია მაწვნის თერმული დამუშავებაც. ოჯახური წესით მომზადებული მაწონი შეიძლება მივიღოთ არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, ფერმენტების დეფიციტის, კუჭ-ნაწლავის ამა თუ იმ პათოლოგიისა და უამრავი სხვა დაავადების დროს.მაწვნისგან განსხვავებით, დიეტურ პროდუქტს ვერ ვუწოდებთ ნადუღს. ის დიდი ოდენობით მაღალი კონცენტრაციის ცილას შეიცავს. ნადუღის ხშირი და უხვი მიღებისას უჯრედებს უჭირთ ცილის დამშლელი ფერმენტების გამოყოფა, ცილა ორგანიზმში გროვდება და ტოქსიკური მჟავების წარმოქმნას უდებს სათავეს. ამრიგად, ნადუღი არ შეიძლება ყოველდღიური რაციონის ნაწილი იყოს. მას შეიძლება სადღესასწაულო სუფრის პროდუქტი ვუწოდოთ.- არსებობს მოსაზრება, რომ ყაბზობისას სასარგებლოა წყლით განზავებული მაწონი.- არამარტო ყაბზობისას - საზოგადოდ, უმჯობესია, მაწონი განზავებული მივიღოთ. ამ მიზნით მიზანშეწონილია წყაროს წყლის გამოყენება თანაფარდობით 1:1. ეს ცილის კონცენტრაციას შეამცირებს. განზავებული მაწონი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ჭარბი წონის დროს. მას ერთგვარი დეტოქსიკაციური თვისება აქვს, რის გამოც თირკმლის დაავადებების დროსაც ავლენს დადებით ეფექტს.- არსებობს რძის პროდუქტი, რომელიც ყველას ერთნაირად უყვარს - ნაყინი. შეიძლება თუ არა, ის სასარგებლოდ ჩაითვალოს?- დიეტოლოგიის თვალსაზრისით ნაყინი ნამდვილად არ გახლავთ სახარბიელო პროდუქტი. მისი მომხიბლავი შეფუთვის მიღმა მხოლოდ რძე, გაურკვეველი წარმოშობის ცხიმები, ემულგატორები და ბურუსით მოცული ტექნოლოგიებია. მას ვერავითარ სამკურნალო თვისებას ვერ მივაწერთ.- შეიძლება თუ არა, რძის ნაწარმი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების, ანემიის დროს რეკომენდებულ რაციონში ჩავრთოთ?- ანემიის მკურნალობისას რძის ნაწარმს დამოუკიდებელ მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, ვერ მივანიჭებთ, მაგრამ ბალანსირებულ კვებას, ისევე, როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, ამ დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, კარაქი, უცხიმო ხაჭო, მაწონი ის პროდუქტებია, რომლებიც პაციენტმა კვების რაციონში აუცილებლად უნდა შეიტანოს. იგივე შეიძლება ითქვას ძვალ-სახსართა სისტემის პათოლოგიებზე - გადამწყვეტი ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობაა, მაგრამ რძის პროდუქტებს, რომლებიც კალციუმის წყაროს წარმოადგენს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იოდის დეფიციტს, თუმცა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია კალციუმი, რომლითაც მდიდარია რძის პროდუქტები.- გავრცელებული აზრის თანახმად, რძის ნაწარმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფილტვის ქრონიკული დაავადებებისა და ტუბერკულოზის მკურნალობაში.- სასუნთქი სისტემის პათოლოგიებისა და ტუბერკულოზის დროს, ასევე - რესპირატორული ინფექციებით ხშირი ავადობისას პაციენტებს მართლაც ტვირთავენ რძით, არაჟნით, ხაჭოთი, მაგრამ გამოჯანმრთელების ნაცვლად დაავადების მიმდინარეობა ხშირად შეუპოვარი ხდება. მიზეზი მარტივია – ჭარბი ცილა ხელს უწყობს ორგანიზმში ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, თრგუნავს ლიმფურ სისტემას. ექიმები ხშირად საუბრობენ მედიკამენტური თვითმკურნალობის მავნეობის შესახებ, მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე, რაოდენ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს არასწორი კვება ამა თუ იმ დაავადების დროს. უამრავია ისეთი პათოლოგია, როდესაც სამკურნალო კვება სწორად შერჩეულ მედიკამენტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამიტომ უმჯობესია, ის დიეტოლოგის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით ჩატარდეს.- ხომ არ დაგვისახელებდით პროდუქტებს, რომელთა მიღებაც ყოველდღეა სასურველი ან, პირიქით, რეკომენდებულია შეზღუდვა? როგორია რძისა და მისი პროდუქტების მიღების ოპტიმალური სიხშირე? ხომ არ არის უფრო სასურველი ამა თუ იმ პროდუქტის დღის რომელიმე მონაკვეთში მიღება?- ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ძნელია. ბევრს უჭირს გაცნობიერება, რომ დიეტური კვება არამედიკამენტური მკურნალობის ერთ-ერთი სახეობაა. ყველამ კარგად იცის, რომ ვერც ერთი ექიმი ვერ დანიშნავს წამალს პაციენტის გასინჯვის, მისი მდგომარეობის შეფასების გარეშე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობა ზოგადი მითითებების საფუძველზე, მაგრამ ცალკეული ინდივიდისთვის შეირჩევა. ასევე წარმოუდგენელია საერთო რეცეპტის შემუშავება დიეტური კვების, კერძოდ კი რძის პროდუქტების მიღების შესახებ. დიეტოლოგი პაციენტს ასეთ მითითებას მხოლოდ დიაგნოზის, ასაკის, სქესის, წონის, ფიზიკური აქტივობის, ზოგადი მდგომარეობისა და მრავალი სხვა ფაქტორის გათვალი-სწინებით აძლევს. ამასთანავე, ყველა ადამიანმა უნდა ისწავლოს თავისი ორგანიზმის ენა, მისი მოსმენა და ექიმთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისთვის შესაფერისი პროდუქტების ძიებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაც სასარგებლოა ერთისთვის, მეორისთვის შესაძლოა უსარგებლო ან მიუღებელი აღმოჩნდეს. რძის ნაწარმის მიღების სიხშირეს თავად ბუნება არეგულირებს და ქრისტიანუ-ლი რელიგიაც ამასვე გვკარნახობს – ცხოველური პროდუქტების გამორიცხვა კვირაში ორჯერ და მარხვების პერიოდში გვეხმარება შევინარჩუნოთ ბალანსი ცილების მიღებასა და მათზე მოთხოვნილებას შორის. უცოდინარობითა და მცდარი მიდგომით გამოწვეული არასწორი კვება კი ნებისმიერი დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს. ჰიპოკრატე გვასწავლის, რომ საკვები საუკეთესო წამალია. ეცადეთ, საკვები წამლად აღიქვათ, რათა არასოდეს მოექცეთ ქიმიურ საშუალებათა ტყვეობაში. 

რატომ უნდა მივირთვათ ყველი

administrator 9-09-2016, 01:31 3 019 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ჩვენში ყველი რატომღაც მხოლოდ მისაყოლებლად ითვლება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, საფრანგეთში, იგი დამოუკიდებელ კერძად მიაჩნიათ და კლასიკურ რესტორნებში ცხელი კერძების შემდეგ ლანგარზე საგანგებოდ დაწყობილს მიართმევენ ხოლმე. დახვეწილი გურმანები ვახშმად მხოლოდ ყველსა და ღვინოს უკვეთენ. ჯერ ერთი, ძალიან გემრიელია, მეორეც - სასარგებლოა. მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ყველის მომწიფების პერიოდში მასში შემავალი ცილები ხსნადი ხდება და ორგანიზმი მათ პრაქტიკულად მთლიანად ითვისებს. თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ, ყველის დიეტაც მოიწყოთ. მრავალფეროვანი მენიუ და სასურველი შედეგი გარანტირებული გექნებათ. სპეციალისტები განასხვავებენ  8 ძირითად ჯგუფს, რომლებშიც, შედგენილობისა და თავისებურებების კვალობაზე, ერთიანდება ყველის ყველა ცნობილი სახეობა: ნორჩი, რბილი, მაგარი, ობმოკიდებული, დაპრესილი, შებოლილი, მოხარშული, ნადნობი და სხვა. ყველი მეტად ფასეული საკვებია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. მათ ყოველდღე 150-200 გრამი ყველი მაინც უნდა მიირთვან. ყველის ჭამა ადვილია, მით უფრო - თუ გიყვართ, მისი დამზადება კი არცთუ იოლი საქმე გახლავთ. გვესაუბრება საქართველოს კვების მრეწველობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ეთერ ედიბერიძე.- რატომ არის ყველი ღირებული პროდუქტი და რატომ უნდა მივირთვათ ის?- ყველი, ფაქტობრივად, რძის კონცენტრირებული ცილებია. ის შეიცავს ადვილად მოსანელებელ ცილებსა და ცხიმებს, მდიდარია კალციუმით, ფოსფორით და სხვა მინერალური ნივთიერებებით, A და B ჯგუფის ვიტამინებით. ყველის მიღების ტექნოლოგია რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ესენია: რძის ასაჭრელად მომზადება (ნორმალიზაცია, პასტერიზაცია, ბაქტერიული სადედის - დედოს დამატება), აჭრა, ზედმეტი შრატის მოცილება, მიღებული შენადედის დაჭრა, ფორმირება, დაწნეხა, დამარილება და დამწიფება. ყველი პასტერიზებული საღი რძისგან უნდა დამზადდეს. ნედლეულად იყენებენ როგორც ძროხის, თხის, ცხვრის, კამეჩის რძეს, ისე მათ ნარევს. არსებობს ყველის ცხიმიანი და შედარებით უცხიმო სახეობები. დიეტური ყველი შედარებით ნაკლებცხიმიანი უნდა იყოს. იმერული ყველისთვის 45-50%-იანი ცხიმიანობაა დასაშვები. ამის გათვალისწინება, ჩვეულებრივ, რძის ნორმალიზაციის დროს ხდება. ეს პროცესი ცილებისა და ცხიმების რაციონალური თანაფარდობის (დაახლოებით 19-20 ტელნერის ფარგლებში) უზრუნველყოფას გულისხმობს. განასხვავებენ მაგარ და წათხის ყველებს. ჩვენში უფრო მეტად წათხის ყველია მიღებული, ხოლო მისი ერთ-ერთი სახეობა, სულგუნი, მოგეხსენებათ, ჩვენი ნაციონალური პროდუქტია. წათხიანი ყველები (იმერული, ქართული, სულგუნი, ბრინზა) ნაკლებცხიმიანია. ცხიმიანი ყველი ნაკლებ მარილს იღებს. მარილიანი ყველი, შესაბამისად, ნაკლებცხიმიანია. კამეჩის რძისგან დამზადებული ყველი განსაკუთრებული ცხიმიანობით გამოირჩევა.- არის თუ არა დამოკიდებული ამა თუ იმ სახეობის ყველის მიღება დედოს თავისებურებაზე?- თითოეული სახეობის ყველს დამზადების თავისებური ტექნოლოგია და სპეციფიკა აქვს. როგორც უკვე მოგახსენეთ, პასტერიზაციის შემდეგ ხდება რძის გაცივება შედედების ტემპერატურამდე (30-330ც-მდე), ამის შემდეგ მას კალციუმის ქლორიდსა და დედოს უმატებენ. დედო ბაქტერიული, სტრეპტოკოკების შემცველი სადედია. მისი და რძემჟავა ფერმენტების მოქმედებით წარმოიქმნება დელამო - შედედებული რძე, მკვრივი შენადედი მასა, რომელსაც ზედმეტ შრატს აცლიან.  დელამოს დანით რომ ჩაჭრი, შრატი უნდა წარმოიქმნას. თუ შრატი მომწვანო ფერისაა, ე. ი. ცილა კარგად არის შეკრული. შრატის მოცილების შემდეგ შენადედს თანაბარ კუბურებად (მარცვლებად) ანაწილებენ, ათბობენ და ურევენ, რათა ერთგვაროვანი მასა მიიღონ. ყველს ფორმას სხვადასხვა ხერხით აძლევენ. მთლიანობაში მისი დამზადება საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესია. მას თავისებური სპეციფიკა აქვს არა მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებისას, არამედ სახლის პირობებში ამოყვანის დროსაც.- მართალია, რომ ხბოს მოგების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში მიღებული რძისგან ყველის დამზადება არასასურველია?- ამ პერიოდში გამოწველილი რძე უმჯობესია ხბომ დალიოს. მისგან ყველის დამზადება ნამდვილად არ არის რეკომენდებული, ვინაიდან რძეს ხსენიც ერევა.- ყველის ხარისხიანობას ცხიმიანობის გარდა ნასვრეტების სიდიდითა და რაოდენობითაც აფასებენ. მართებულია თუ არა ასეთი "ექსპერტიზა"?- ყველის ფორიანობას მასში ნახშირორჟანგის შემცველობა განაპირობებს. საზოგადოდ, ფორმირების შემდეგ ყველს საკუთარი წონის ზემოქმედებით ან წნეხით წნეხენ. მიღებულ თავებს მარილხსნარში ამარილებენ, შემდეგ კი დასამწიფებლად გადააქვთ სპეციალურ კამერებში, სადაც შენარჩუნებულია მუდმივი ტემპერატურა და ტენიანობა. ამ დროს ყველში დაგროვილი მიკროფლორის, ეგზო- და ენდოფერმენტების მოქმედებით ცილები ჯერ პეპტიდებად და ამინომჟავებად, შემდეგ - ამიაკად და სხვა მარტივ ნივთიერებებად იშლება. რბილ ყველში ცხიმი იშლება, რის შედეგადაც მასში აქროლადი მჟავები გროვდება. სწორედ ისინი ანიჭებს ყველს მკვეთრ სუნსა და გემოს. რძის შაქარი დუღილის შედეგად რძემჟავად გადაიქცევა. ნასვრეტების არსებობა მომწიფების პროცესის სრულფასოვნებასა და ამ დროს მიმდინარე პროცესთა აქტივობაზე მეტყველებს. სულგუნი, ბრინზა და სხვა სახეობის ყველები მარილწყალში მწიფდება, ამიტომაც არ აქვთ ქერქი და სხვა თვისებებითაც განსხვავდებიან. - რატომ ითვლება სულგუნი მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტად? მას პრაქტიკულად არც ერთი პათოლოგიის დროს არ ზღუდავენ.- სულგუნი ცილების უნივერსალური წყაროა. ის შეიცავს დეფიციტურ ნივთიერებებს - ტრიფტოფანის, ლიზინისა და მეთიონინის მჟავებს. სულგუნი და, საზოგადოდ, რძიანი ყველები მდიდარია ფოსფატიდებით, უმთავრესად - ლეციტინით. ეს უკანასკნელი მთავარ როლს ასრულებს ცხიმოვან ცვლაში. სულგუნში, გარდა შეუცვლელი ამინომჟავებისა, დიდი რაოდენობით არის ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის საჭირო ვიტამინები.* * *"ყველი და პურიო - კეთილი გულიო", - აქაოდა, საკადრისად ვერ დაგხვდითო, მორიდებით იმართლებენ ხოლმე თავს მასპინძლები. არადა, ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პატივისცემაა სტუმრისთვის ამ ძვირფასი პროდუქტით გამასპინძლება!

რატომ უნდა მივირთვათ თევზი

administrator 9-09-2016, 01:26 1 990 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 თევზი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, მეტად სასარგებლო საკვებია, ამიტომ ის რეგულარულად უნდა ჩავრთოთ კვების რაციონში. ცხიმიანი თევზი (სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი) მაღალკალორიულია და ამავე დროს მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. აღნიშნული სახეობები დიდი ოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა, ამიტომ, დიეტოლოგთა რჩევით, ცხიმიანი თევზი კვირაში ორჯერ მაინც უნდა მივირთვათ. უმჯობესია, ის ორთქლზე მოვამზადოთ ან ოდნავ დავბრაწოთ, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყველა სასარგებლო ნივთიერება. თევზი არა მხოლოდ სრულფასოვანი საკვებია, არამედ სხვადასხვა დაავადების დროს სამკურნალო რაციონის აუცილებელი კომპონენტიც არის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობისას.  მოგეხსენებათ, ნებისმიერი პროდუქტის კვებითი ღირებულება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად კარგად ითვისებს მას ორგანიზმი. ისიც ცნობილია, რომ ყოველგვარი საკვები ადვილად და სწრაფად, მით უფრო - სრულად, არ შეიწოვება. ზოგიერთის მოსანელებლად საჭმლის მომნელებელ სისტემას განსაკუთრებული ძალისხმევის დახარჯვა უხდება. ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა, ჩვეულებრივ, უმკლავდება ამ დატვირთვას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, ხანდაზმულ ადამიანებს ან ავადმყოფებს, რომლებსაც საჭმლის მონელება აქვთ დარღვეული და ამის გამო დიეტური კვება ესაჭიროებათ, აუცილებელია საკვების მონელებისა და შეწოვა-ათვისების თავისებურებათა გათვალისწინება, უპირატესობა ადვილად ასათვისებელ პროდუქტებს ენიჭება. სწორედ ასეთია თევზი. საქმე ის არის, რომ თბილსისხლიანი ცხოველების ხორცი კუნთოვან ქსოვილთან ერთად შეიცავს უხეშ შემაერთებელ ქსოვილსა და ელასტინს, რომელიც თერმული დამუშავებისას არ რბილდება და არ აითვისება, თევზის ხორცში კი შემაერთებელი ქსოვილი ცხოველურთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია, ხოლო ელასტინი პრაქტიკულად არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ თევზი მოხარშვისას გაცილებით ნაკლებ წყალს კარგავს, რის გამოც მისი ხორცი უფრო ნაზი და ფაფუკი რჩება. თევზი ცილების უნივერსალური წყაროც არის. ის შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ ყველა შეუცვლელ ამინომჟავას (ეს ის ამინომჟავებია, რომლებიც ორგანიზმში არ სინთეზდება და აუცილებლად საკვებთან ერთად უნდა იქნეს მიწოდებული): არგინინს, ვალინს, ჰისტიდინს, იზოლეიცინს, ლეიცინს, ლიზინს, მეთიონინს, ტრეონინს,  ტრიპტოფანს, ფენილალანინს... ტრიპტოფანით, ლიზინითა და მეთიონინით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის თევზი. ზღვის თევზის ცილებს ცხოველურთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ, ვინაიდან მათში დიდი ოდენობით შედის ამინომჟავა ტაურინი. ის არეგულირებს სისხლის წნევას, ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას. ტაურინით მდიდარია ქორჭილა, ვირთევზა, თინუსი და ოკეანის სხვა თევზები.არანაკლებ სასარგებლოა დაკონსერვებული თევზიც. მისი დარბილებული ძვლოვანი მასა კალციუმის უნივერსალური წყაროა. თევზი, განსაკუთრებით - ზღვისა, მდიდარია იოდით, თუთიით, მანგანუმითა და სპილენძით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესთა ნორმალურად წარმართვისათვის. იოდს უხვად შეიცავს ქორჭილა, კამბალა და კარჩხანა. ზღვის თევზში კონცენტრირებულია ისეთი მიკროელემენტები, როგორიც არის ბორი, რკინა, ლითიუმი, ფტორი, ბრომი და სხვა, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. თევზი ექსტრაქტული (ხსნადი) ნივთიერებებითაც მდიდარია. ამ ნივთიერებათა წყალობით თევზის ნახარში მადის აღმძვრელ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. თევზის ნახარშში უხვად გამოყოფილი ექსტრაქტული ნივთიერებები ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, ამიტომ თევზის ნახარში რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კუჭის წვენის გამოყოფის დაქვეითებით მიმდინარე გასტრიტი აქვს. ხანდაზმული ადამიანის საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს იოდის მარილებითა და ამინომჟავა მეთიონინით მდიდარი თევზი. ეს ნივთიერებები აფერხებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, აქედან გამომდინარე, სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების დროს.

ყველაზე სასარგებლო პროდუქტი იმათგან, რაც კი დედამიწაზე მოიპოვება

administrator 9-09-2016, 01:16 1 695 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 გარგარიგარგარის შემადგენლობაში შედის ბეტა კაროტინი, რომელიც საშუალებას არ აძლევს თავისუფალ რადიკალებს, აქტიურად დაშალონ ორგანიზმის შინაგანი სტრუქტურები. იგი სასარგებლოა თვალებისთვისაც. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში ა ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც თავიდან გვაცილებს კიბოს ზოგიერთ სახეობას, განსაკუთრებით - კანის კიბოს. ერთი ცალი გარგარის ენერგეტიკული ღირებულებაა 17 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს. რჩევა: გარგარი შეიძინეთ, სანამ ჯერ კიდევ მკვრივია. როგორც კი დარბილდება, ის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს. ავოკადოოლეინის მჟავა, უჯერი ცხიმები, რომლებიც ამ ხილის შემადგენლობაში შედის, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს და ზრდის კარგი ლიპოპროტეინების რაოდენობას. ავოკადოს ნაყოფი მდიდარია უჯრედისით. ერთი ნაჭრის ენერგეტიკული ღირებულებაა 81 კილოკალორია, შეიცავს 8 გრამ ცხიმს და 3 გრამ ნახშირწყალს. რჩევა: ბუტერბროდისთვის მაიონეზის ნაცვლად ავოკადოს ნაჭერი გამოიყენეთ. ჟოლოჟოლო მდიდარია ელაჯიკის მჟავათი - ნივთიერებით, რომელიც აფერხებს კიბოს უჯრედების გამრავლებას, აგრეთვე - ც ვიტამინით, რომელიც აქვეითებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობას. ჟოლოში ბევრია უჯრედისი. ერთი ჭიქა ჟოლოს ენერგეტიკული ღირებულებაა 60 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 8 გრამ ნახშირწყალს. მანგოსაშუალო ზომის მანგოს ნაყოფი შეიცავს 57 მგ ც ვიტამინს, რაც თითქმის ადამიანის სადღეღამისო ნორმის ტოლია. ეს ანტიოქსიდანტი გვეხმარება ართრიტის თავიდან აცილებაში, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. მდიდარია ა ვიტამინითაც. ერთი ცალი მანგოს ენერგეტიკული ღირებულებაა 135 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 4 გრამ ნახშირწყალს. ნესვინესვი შეიცავს ც ვიტამინს (ნახევარი ნესვი - რეკომენდებულ დღიურ ულუფაზე ორჯერ მეტს) და ბეტა კაროტინს - ორ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომლებიც უჯრედებს თვისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან იცავს. გარდა ამისა, ნახევარი ნესვი შეიცავს 853 მგ კალიუმს - ორჯერ მეტს, ვიდრე ერთი ცალი ბანანი. კალიუმი აუცილებელია გულისთვის, ამცირებს სისხლის წნევას. ნახევარი ნესვის ენერგეტიკული ღირებულებაა 97 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 2 გრამ ნახშირწყალს. შტოშიშტოშის წვენი ებრძვის შარდის ბუშტში ლოკალიზებულ ინფექციას, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ერთი ჭიქა შტოშის წვენის ენერგეტიკული ღირებულებაა 144 კილოკალორია. არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს. პომიდორილიკოპენი, რომელსაც პომიდორი შეიცავს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კაროტინოიდია. იგი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. გამოკვლევები მოწმობს, რომ პომიდორი ამცირებს შარდის ბუშტისა და კუჭის დაავადებებს; გარდა ამისა, თუ მას ყოველდღე მიირთმევთ, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობა 50%-ით შეგიმცირდებათ. პომიდვრის ენერგეტიკული ღირებულებაა 26 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს. რჩევა: დაამატეთ პომიდორს ზეითუნის ზეთი - ცხიმთან ერთად ლიკოპენს ორგანიზმი უკეთ აითვისებს. ქიშმიშიქიშმიში რკინის ძირითადი წყაროა, რკინას კი ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანა აკისრია. ნახევარი ჭიქა ქიშმიშის ენერგეტიკული ღირებულებაა 218 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს.  რჩევა: დაამატეთ ქიშმიში შვრიის, ხორბლის, შერეული მარცვლეულის ფაფას. ლეღვილეღვი კალიუმის საბადოა. გარდა ამისა, შეიცავს ვიტამინ ბ6-ს, რომელიც სეროტონინის - სიამოვნების ჰორმონის - სინთეზს განაგებს. ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ერთი ცალი ლეღვის ენერგეტიკული ღირებულებაა 37-48 კილოკალორია, შეიცავს 2 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს. ლიმონილიმონის შემადგენლობაში შედის ლიმონენი და ც ვიტამინი, რომლებიც ხელს უწყობს კიბოს თავიდან აცილებას. მისი ენერგეტიკული ღირებულება ძალიან დაბალია, არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს. რჩევა: შეკაზმეთ ლიმონის წვენით სალათები. ხახვიხახვი მდიდარია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფლავონოიდით - კვერციტინით. კვლევები ცხადყოფს, რომ მისი რეგულარული მოხმარება კიბოს განვითარების ალბათობას ამცირებს. ერთი ჭიქა ხახვის ენერგეტიკული ღირებულებაა 61 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს. არტიშოკიეს ბოსტნეული მდიდარია სილიმარინით - ანტიოქსიდანტით, რომელიც ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს, მასში შემავალი უჯრედისი არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ერთი საშუალო ზომის არტიშოკის ენერგეტიკული ღირებულებაა 60 კილოკალორია, შეიცავს 7 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს. რჩევა: ხარშეთ არტიშოკი ორთქლზე 30-40 წუთის განმავლობაში. მოასხურეთ ახალგამოწურული ლიმონის წვენი. კოჭაკოჭა ამცირებს გულისრევის შეგრძნებას. 1 ჩაის კოვზი ახალი კოჭას ენერგეტიკული ღირებულებაა 1 კილოკალორია, მასში არ არის ცხიმი და უჯრედისი. გაფქცვენით, დაჭერით და შეწვით მდუღარე ზეთში. ბროკოლიშეიცავს ინდოლ-3-მეთანოლსა და სულფორაფანს, რომლებიც ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების ალბათობას. ბროკოლიში უხვად არის აგრეთვე ც ვიტამინი და ბეტა-კაროტინი. ერთი ჭიქა ბროკოლის ენერგეტიკული ღირებულებაა 25 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ უჯრედისს, არ შეიცავს ცხიმს. ბოკ-ჩოუ (ჩინური კომბოსტო)ბოკ-ჩოუ შეიცავს ბრასინინს, რომელიც, ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობას. მის შემადგენლობაში შედის ინდოლები და იზოციოცინატებიც, რომლებიც აქვეითებს ესტროგენის დონეს და ამითაც აქვეითებს კიბოს განვითარების რისკს. ერთი ულუფა შეიცავს 158 გრამ კალციუმს (დღიური ნორმის 16%), რომელიც აუცილებელია ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად. ენერგეტიკული ღირებულებაა 20 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს. რჩევა: დაჭერით ბოკ-ჩოუს თეთრი წვნიანი ღეროები და დაუმატეთ შემწვარ კარტოფილს უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ, ან შეკაზმეთ ზეითუნის ზეთითა და ნივრით და მიირთვით. ისპანახიმასში ბევრია ლატეინი და ზიკსანთინი - კაროტინოიდები, რომლებიც ბადურას დისტროფიისგან - მოხუცებულებში სიბრმავის ძირითადი მიზეზისგან - გვიცავს. ამასთანავე, ანელებს დაბერებას. ერთი ულუფა ისპანახის ენერგეტიკული ღირებულებაა 7 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს. რჩევა: ისპანახის ფოთლები ყველა კერძს შეგიძლიათ დაამატოთ, უმჯობესია - ცოტაოდენ ზეითუნის ზეთსა და ნიორთან ერთად. გოგრაგოგრა ძალიან მდიდარია ც ვიტამინითა და ბეტა-კაროტინით, რომლებიც ორგანიზმს ენდომეტრიუმის კიბოსგან იცავს. ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა 80 კილოკალორია, შეიცავს 6 გრამ ნახშირწყალს, 1 გრამ ცხიმს. ნიორიგოგირდი, რომლიც ამ ბოსტნეულს სიცხარეს და სპეციფიკურ არომატს ანიჭებს, ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას, აქვეითებს სისხლის წნევას, ამცირებს კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ერთი თავი ნივრის ენერგეტიკული ღირებულებაა 4 კილოკალორია. არ შეიცავს ცხიმსა და ნახშირწყლებს. რჩევა: აიღეთ მთელი თავი ნიორი, დააქუცმაცეთ, პურზე კარაქივით წაუსვით და მიირთვით. წყლის წიწმატიწყლის წიწმატში უხვად არის ფენეთილიზოციოცენატი, რომელიც ც და ე ვიტამინებთან ერთად თრგუნავს კიბოს უჯრედების განვითარებას. ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა 4 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს. რჩევა: წყლის წიწმატი დაამატეთ ბუტერბროდს, შეკაზმეთ მისი ფოთლებით სალათები. თათაბო, ნაცარქათამა (კვინოა)ნახევარი ჭიქა ნაცარქათამა შეიცავს 5 გრამ ცილას (უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი მარცვლეული), რკინას, რიბოფლავინს (ვიტამინ ბ2-ს), მაგნიუმს. ენერგეტიკული ღირებულებაა 318 კილოკალორია. შეიცავს 5 გრამ ნახშირწყალს, აგრეთვე - ცხიმს. რჩევა: დაამატეთ ნაცარქათამა ბოსტნეულის წვნიანს მის ცილებით გასამდიდრებლად. ფოთლები წინასწარ გააცალეთ, რათა სუპი მეტისმეტად ცხარე არ გამოვიდეს. ხორბლის ღივი1 სუფრის კოვზი შეიცავს მაგნიუმის დღიური დოზის 7%-ს - ეს ელემენტი თავიდან გვაცილებს კუნთოვან სპაზმს. ხორბალი ე ვიტამინის მდიდარი წყაროც არის. 1 სუფრის კოვზის ენერგეტიკული ღირებულებაა 27 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, აგრეთვე - ცხიმს. ოსპიმასში შემავალ ნივთიერებებს, იზოფლავონებს, უნარი შესწევთ, თავიდან აგვაცილონ ძუძუს კიბო. გარდა ამისა, შეიცავს გულისთვის აუცილებელ უჯრედისს. ნახევარ ულუფაში არის 9 გრამი ცილა, 8 გრამი უჯრედისი, არ შეიცავს ცხიმს. ენერგეტიკული ღირებულებაა 115 კილოკალორია. იზოფლავონები დამუშავებისას არ იშლება, ამიტომ თამამად შეგიძლიათ, იყიდოთ კონსერვირებული ან გამომშრალი ოსპი. არაქისიგამოკვლევები მოწმობს, რომ არაქისი (მიწის თხილი), ისევე როგორც თხილი და კაკალი, შეიცავს მხოლოდ უჯერ, სასარგებლო ცხიმს. თუ რეგულარულად მივირთმევთ, მათ უნარი შესწევთ, 20%-ით შეამცირონ გულის დაავადებათა განვითარების რისკი. ერთი უნცია (27 გრამი) არაქისის ენერგეტიკული ღირებულებაა 166 კილოკალორია, შეიცავს 17 გრამ ცხიმს და 2 გრამ უჯრედისს. მუდამ თან იქონიეთ, რათა, თუ სადილობამდე მოგშივდათ, ცილებით მდიდარი საკვებით წაიხემსოთ. პარკოსნებინახევარი ულუფა პარკოსნები შეიცავს დღიური ნორმის მეოთხედზე მეტ ფოლატებს, რომლებიც ამცირებს გულისა და თანდაყოლილი დაავადებების რისკს. ენერგეტიკული ღირებულებაა 103 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 6 გრამ უჯრედისს. დაბალცხიმიანი იოგურტიიოგურტში არსებული ბაქტერიები თავიდან გვაცილებენ სხვადასხვა დაავადებას. კალციუმი ამაგრებს ჩონჩხს. ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა 155 კილოკალორია, შეიცავს 4 გრამ ცხიმს, არ შეიცავს უჯრედისს. თუ ვერ იტანთ ლაქტოზას, არ შეშფოთდეთ - იოგურტი ნაწლავებს არ გაგიღიზიანებთ. უცხიმო რძერძეში არსებული რიბოფლავინი (ვიტამინი ბ1) აუცილებელია მხედველობისთვის, ხოლო ა ვიტამინთან ერთად თავიდან აგვაცილებს ეგზემასა და ალერგიას. გარდა ამისა, მდიდარია კალციუმით. ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა 86 კილოკალორია, არ შეიცავს ცხიმსა და უჯრედისს. მოლუსკები, მიდიებიშეიცავს ვიტამინ ბ12-ს, რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის ფუნქციისა და გონებრივი შესაძლებლობების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, შეიცავს რკინას, მაგნიუმსა და კალიუმს. 3 უნციის - 81 გრამის - ენერგეტიკული ღირებულებაა 126-146 კილოკალორია, შეიცავს 2-4 გრამ ცხიმს, არ შეიცავს უჯრედისს. ორაგული, სკუმბრია, თინუსიამ ჯიშის თევზები ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ძირითადი წყაროა, ეს ნივთიერებები კი საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადებების რისკს. 81 გრამის ენერგეტიკული ღირებულებაა 127 კილოკალორია, შეიცავს 4 გრამ ცხიმს. კიბორჩხალავიტამინ ბ12-ისა და თუთიის ძირითადი წყაროა. 81 გრამის ენერგეტიკული ღირებულებაა 84 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს.

რას ნიშნავს სწორი კვება

administrator 9-09-2016, 01:13 1 929 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ძველ ბერძენ ფილოსოფოსს სოკრატეს მიაწერენ გამონათქვამს: "უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცოცხლო და არა იცოცხლო იმისთვის, რომ ჭამო". ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა 60%-ით ცხოვრების წესსა და კვების სისტემაზეა დამოკიდებული, 15%-ით - მემკვიდრეობით ფაქტორებზე, 15%-ით - გარემოზე და მხოლოდ 10%-ით - ჯანდაცვაზე. თითოეული ჩვენგანი ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა, ზოგჯერ - საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების, ზოგჯერ - ჯანმრთელობის პრობლემების გამო. თავდაპირველად გავარკვიოთ, რა არის ენერგოდანახარჯი, როგორ მიმდინარეობს კვების პროცესი და კვების როგორი რეჟიმი შეიძლება ჩაითვალოს რაციონალურად. ადამიანი გამუდმებით ასრულებს სამუშაოს. მუშაობა მხოლოდ ფიზიკური ან გონებრივი ძალისხმევა კი არ არის, არამედ თავად ორგანიზმის ცხოველმყოფელობაც. ჩვენი სხეული ძილის დროსაც კი განაგრძობს მუშაობას: გული იკუმშება, ფილტვები ასრულებენ სუნთქვით მოძრაობებს, უჯრედებში ხორციელდება ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს უჯრედებისა და ქსოვილების შენებისა და განახლების პროცესი - ზოგი უჯრედი კვდება, მათ ადგილას კი ჩნდება ახალი, უჯრედის სიცოცხლეშივე ხდება უჯრედშიდა სტრუქტურების მრავალჯერადი ცვლილება. და ყოველივე ამისთვის ორგანიზმს სჭირდება მასალა, რომელიც მხოლოდ საკვებიდან შეიძლება მივიღოთ. ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი (მაგალითად, ჰორმონები და კოფერმენტები) წარმოიქმნება სპეციფიკური ნივთიერებებისგან (ვიტამინებისგან), რომლებიც მხოლოდ საკვებ პროდუქტებშია. ამრიგად, კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები ოპტიმალური რაოდენობით, საჭირო დროს. სწორი რაციონალური კვება ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია. ორგანიზმისთვის საჭირო ენერგია საკვებიდან მოდის. მიიჩნევა, რომ თანამედროვე ადამიანი დღე-ღამეში დაახლოებით 2200 კილოკალორიას ხარჯავს. ეს რიცხვი იზრდება, როდესაც ადამიანი მისდევს სპორტს ან ეწევა მძიმე ფიზიკურ შრომას, მცირდება, თუ მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს. მნიშვნელოვანია არამარტო კალორიების ჯამი; ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რომელი ჯგუფის საკვები ნივთიერებებისგან მივიღებთ კალორიებს. ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, ასევე ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების გარკვეული თანაფარდობა - 1:1,2:4.  ამრიგად, იდეალურ შემთხვევაში, ცილები უნდა შეადგენდეს საერთო კალორიულობის დაახლოებით 12%-ს, ცხიმები - 30-35%-ს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ეწევა მსუბუქ ფიზიკურ შრომას, სჭირდება 80-90 გრამი ცილა, 100-105 გრამი ცხიმი და 360-400 გრამი ნახშირწყლები, ჯამში - დაახლოებით 2750-2800 კილოკალორია. ამქვეყნად არ არსებობს პროდუქტი, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს (გარდა დედის რძისა, რომელიც მხოლოდ ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი), ორგანიზმი ყველა აუცილებელ ნივთიერებას სხვადასხვა პროდუქტის კომბინაციით იღებს. ამიტომაც არის საჭირო მრავალფეროვანი კვება. ეს მნიშვნელოვანია ფერმენტული სისტემისთვისაც, რადგან მრავალფეროვანი რაციონი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური თანაფარდობით ფერმენტებს უკეთ მუშაობის საშუალებას აძლევს. რაციონალური კვება რეჟიმის დაცვით უნდა ხდებოდეს. რეჟიმის დარღვევა ხშირად იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და დაავადებებს. ჯანსაღი კვების პირველი კანონია სწორი თანაფარდობა მიღებულ კალორიებსა და ორგანიზმის მიერ დახარჯულ ენერგიას შორის. ჯანსაღი კვების მეორე კანონია ადამიანის სადღეღამისო რაციონის ქიმიური შემადგენლობის შესატყვისობა საკვებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებასთან. თანამედროვე დიეტოლოგიაში კვების რეჟიმის თაობაზე მიღებულია რამდენიმე მოსაზრება. სპეციალისტების ნაწილი გვირჩევს კვების სტანდარტული სამჯერადი რეჟიმის დაცვას სქემით: საუზმე-სადილი-ვახშამი+ჭიქა კეფირი საღამოს. მეორენი გვთავაზობენ, ამას დავუმატოთ მეორე საუზმე და სამხარიც. ალბათ, ყველაზე ლოგიკური და მართებულია რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანი საკვებს მიიღებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოშივდება. ამასთან, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ შიმშილი და მადა. მადა შეიძლება აღგვიძრას საჭმლის სუნმა ან დანახვამ. ხშირად მაშინ კი არ ვჭამთ, როცა ნამდვილად გვშია, არამედ მაშინ, როცა "ჭამის დრო მოდის". ჯანსაღი რაციონი მოიცავს: პურს, მარცვლეულსა და კარტოფილს (მიიღეთ ყოველდღე); ხილსა და ბოსტნეულს (ნებისმიერი სახით, 5-ჯერ დღეში); ხორცს, ფრინველს, კვერცხს, პარკოსნებს (ყოველდღიურად 1-3-ჯერ); რძის ნაწარმს (უპირატესად - ნაკლებცხიმიანს); ცხიმებს (უპირატესად - მცენარეულს). მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრისა და ალკოჰოლის შემცველობა. სწორი, ჯანსაღი კვება ჩვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს, რათა დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა.   
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ