(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკა ნერწყვით

administrator 25-07-2016, 14:03 1 430 მედიცინის სიახლეები

 

ტეხასელმა მეცნიერებმა მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტირების ახალი, არაინვაზიური მეთოდი შეიმუშავეს - დიაგნოზის დასასმელად საკმარისია სპეციალური მიკროსქემით ნერწყვის გამოკვლევა. მიოკარდიუმის ინფარქტი განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. წესისამებრ, ამ დროს გულმკერდის არეში ინტენსიური, მძაფრი ტკივილი იჩენს თავს. მაგრამ გვხვდება უმტკივნეულო ფორმაც, რომელიც ინფარქტისთვის დამახასიათებელი სტანდარტული კლინიკური სურათით არ მიმდინარეობს.

ამ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაზიანების გამოვლენა ჰოსპიტალიზაციამდე ძნელია, ამიტომ სამედიცინო დახმარებაც გვიანდება. ინფარქტის დიაგნოსტირების ახალი ტესტი კი გაცილებით მარტივი, სწრაფი და ზუსტია. ამერიკელმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ზოგიერთ ცილას, რომელთა შემცველობის მატება სისხლის პლაზმაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მეტყველებს, შეიძლება ნერწყვიც შეიცავდეს და მიკრობიოჩიპის მეშვეობით მათი აღმოჩენა სცადეს. მოლეკულების დონეზე დაპროგრამებულ მოწყობილობას ნერწყვში 32 ცილის შემცველობის განსაზღვრის უნარი შესწევს. გამოკვლევამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 56-მა პაციენტმა მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით და 59-მა ჯანმრთელმა ადამიანმა, გამოგონების ეფექტიანობა დაადასტურა. ექსპერიმენტის შედეგების თანახმად, ინფარქტგადატანილების ნერწყვში ინფარქტის ცილა-მარკერების კონცენტრაცია მომატებული იყო, ხოლო ჯანმრთელ ადამიანებში ნორმის ფარგლებში რჩებოდა. გარდა ამისა, ნერწყვსა და სისხლში ცილების დონე ერთმანეთს შეესაბამებოდა. დიაგნოსტიკის ახალ მეთოდს გამოიყენებენ სტაციონარის გარეთ. ანალიზის პასუხი 15 წუთში გახდება ცნობილი. თუმცა ახალი მოწყობილობა ჯერჯერობით კლინიკურ კვლევას გადის.

ფირფიტა ინფარქტის დროს დაზიანებულ კუნთს აღადგენს

HealthDay News-ის ცნობით, შექმნილია სპეციალური ფირფიტა, რომელიც მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულის კუნთის უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ფირფიტა, რომელიც წარმატებით გამოიცადა ვირთაგვებზე, გულის დაზიანებული ქსოვილის აღდგენის საუკეთესო მეთოდია და ზოგიერთი პაციენტისთვის შესაძლოა გულის ტრანსპლანტაციის ალტერნატივადაც კი იქცეს. ჩვეულებრივ პირობებში ზრდასრული ადამიანის გულის კუნთს ინფარქტის შემდეგ რეგენერაციის უნარი აღარ აქვს და დაზიანებულ უბანს ნაწიბუროვანი ქსოვილი ენაცვლება, რაც გულის შეკუმშვის უნარს აქვეითებს. მეცნიერთა ჯგუფი, რომელსაც ბერნარდ კუნი ხელმძღვანელობს, ცდილობს, გულის ქსოვილში ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირების მეთოდიკა შეიმუშაოს. ამისთვის მეცნიერებმა ადსორბციის უნარის მქონე ჟელატინისგან შექმნეს ფირფიტა, რომელიც პერიოსტინით არის გაჟღენთილი. პერიოსტინი, იგივე ოსტეობლასტსპეციფიკური ფაქტორი 2, ცილაა, რომელსაც ძვლისსაზრდელა და პაროდონტი შეიცავს. მისი ფუნქცია ოსტეობლასტების დაყოფის სტიმულაცია და ძვლოვანი ნივთიერების პროდუქცია გახლავთ. პერიოსტინის მოქმედებით გულის უჯრედებიც დაიწყებენ დაყოფას, რაც დაზიანებულ უბანში გულის ნორმალური ქსოვილის ზრდას გამოიწვევს. ფირფიტა ჩაუდგეს ვირთაგვებს ხელოვნურად გამოწვეული მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. 12 კვირის შემდეგ ამ ვირთაგვების გულის კუმშვითი ფუნქცია 1%-ით გაუმჯობესდა, ხოლო საკონტროლო ჯგუფის ვირთაგვებისა უცვლელი დარჩა. გარდა ამისა, ფირფიტის გამოყენების შედეგად დაზიანებული უბნის ზომა შემცირდა და გულის უჯრედების რაოდენობა 100-ჯერ გაიზარდა. ახალი მეთოდიკის უპირატესობა ის არის, რომ იგი არ მოითხოვს ღეროვანი ან სხვა უჯრედების გამოყენებას გულის უჯრედების ზრდის სასტიმულაციოდ და არც ადამიანის გენურ სისტემაზე ზემოქმედებას გულისხმობს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ფირფიტა გულის სხვა მძიმე დაავადებების სამკურნალოდაც გამოდგება, მაგრამ კლინიკურ პრაქტიკაში მის დანერგვამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ექსპერიმენტების სერია ადამიანის მიოკარდის უჯრედულ კულტურებზე, მერე კი მოხალისეებზეც განხორციელდეს კლინიკური კვლევა.

ყავის მოყვარულებს ინფარქტი უკეთ გადააქვთ

ის, ვინც ინფარქტამდე ყოველდღიურად სვამდა ყავას, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ მათზე მეტხანს ცოცხლობს, ვინც იშვიათად ან საერთოდ არ მიირთმევდა ამ სასმელს. ბოსტონის ისრაელის სამედიცინო ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა იმ 1369 პაციენტის ავადმყოფობის ისტორია, რომლებმაც 1992-1994 წლებში მიღებული მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეს. გამოკვლევის მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი, რომლის ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: რამდენ ყავას სვამდნენ ინფარქტამდე 12 თვის განმავლობაში. კვლევის მონაწილეებს 7-10 წელი აკვირდებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში 289 პაციენტი გარდაიცვალა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ დღეში 1-3, 5-7 და 7 ფინჯანზე მეტი ყავის მსმელებს ინფარქტით გარდაცვალების რისკი 32%, 44% და 47%-ით ნაკლები აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, ვინც დღეში 1 ფინჯან ყავასაც არ სვამდა.

C ვიტამინი იცავს გულს

ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ცენტრისა და აშშ-ის დიაბეტის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თუ სისხლში C ვიტამინის კონცენტრაცია მაღალია, ინფარქტის განვითარების რისკი მცირდება. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 40-79 წლის 20 ათასმა ჯანმრთელმა ადამიანმა. მეცნიერებმა გაითვალისწინეს ინფარქტის რისკფაქტორები - სქესი, სხეულის მასის ინდექსი, არტერიული წნევა, ქოლესტერინის დონე სისხლში, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობა, მოწევა და ფიზიკური აქტიურობა - და დაასკვნეს, რომ C ვიტამინი საგრძნობლად აქვეითებს გულის ნორმალური მუშაობის შეფერხების რისკს. მაგრამ ექიმები ვარაუდობენ, რომ გულის ჯანმრთელობისთვის მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის ჭამა არ არის საკმარისი - C ვიტამინის, ამ ძლიერი ანტიოქსიდანტის, სასარგებლო თვისება შესაძლოა ვლიდნებოდეს სხვა საკვებ ნივთიერებებთან მისი კომბინაციის დროს.

აპენდიციტის მკურნალობა ანტიბიოტიკებით

administrator 25-07-2016, 14:01 1 019 მედიცინის სიახლეები

 

ნოტინჰემის სამეფო სამედიცინო ცენტრის (დიდი ბრიტანეთი) ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლოა, აპენდიციტის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ქირურგიულ ჩარევაზე უმჯობეს მეთოდად იქნეს მიჩნეული. სტატისტიკის თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის 7%-ს აპენდიციტის ქირურგიული წესით მოშორება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ანთებადი აპენდიქსი მანამდე უნდა ამოიკვეთოს, სანამ გასკდება, რადგან მის გახეთქვას პოტენციურად სასიკვდილო ინფექციური პროცესი მოსდევს.

ბრიტანელ მედიკოსთა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში პაციენტების დაახლოებით 66%-ს ოპერაცია აღარ დასჭირვებია. ამრიგად, ანტიბიოტიკებით მკურნალობა ეფექტიანია, მაგრამ ექსპერტები აქვე გვაფრთხილებენ, რომ კონსერვატიული ჩარევის შემთხვევაში შესაძლოა დაავადებამ რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ იჩინოს თავი. იმ 900 პაციენტიდან, რომლებსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი ჩაუტარეს, 68-ს შემდგომში მაინც მოუხდა ოპერაციის გაკეთება. ამასთან, მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდგება, როდესაც აპენდიციტი გაურთულებელია, ანუ არის ანთების ნიშნები, მაგრამ არ დასტურდება პერფორაცია, განგრენა ან დაჩირქება. თავად მკვლევრებიც აღიარებენ მათ მიერ მოწოდებული მეთოდის სერიოზულ ნაკლს - ანტიბიოტიკებით ნამკურნალები პაციენტების დაახლოებით 20%-ს შემდგომში დაავადების რეციდივის გადატანა მოუწევს, მათ 20%-ს კი შესაძლოა განუვითარდეს გართულებაც - პერფორაცია ან განგრენა. ბრიტანეთის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს მიაჩნით, რომ მიუხედავად ახალი მეთოდის მომხიბვლელობისა, რისკი დაუშვებელია. ყოველივე ამასთან ერთად, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ანტიბიოტიკებით ჩატარებულმა თერაპიამ ქალებში შესაძლოა ფერტილობის პრობლემები და უნაყოფობაც კი გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, აპენდიციტის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ფართოდ გავრცელებას ალბათ ვერ პოვებს, თუმცა მეცნიერები არ კარგავენ იმედს, რომ მის დახვეწას მოახერხებენ.

სხეულის მასის ინდექსი წონის შეფასების არაადეკვატური მეთოდი აღმოჩნდა

ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფორმულა, რომლითაც სიმსუქნის ხარისხის დასადგენად სხეულის მასის ინდექსს გამოთვლიან, არც ისე ზუსტია. მაგალითად, ამ ფორმულის თანახმად, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 39%-ს სიმსუქნის პრობლემა აქვს. მაგრამ ვეილ კორნელის სამედიცინო სკოლის დოქტორი ერიკ ბრეივერმანი და დოქტორი ნირავ შახი გვარწმუნებენ, რომ რეალური სტატისტიკა სხვაგვარია. ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ექსპერტებმა დაახლოებით 1400 ადამიანზე გამოსცადეს ინდექსის სიზუსტე და შედეგები სკანირებისას შეადარეს (სკანირებით ადგენენ ცხიმის ზუსტ მოცულობას, კუნთოვან მასას და ძვლის სიმკვრივეს). აღმოჩნდა, რომ ყოველ მეორე ქალსა და ყოველ მეოთხე მამაკაცს ფორმულამ მცდარი პასუხი გასცა. ჭარბი წონის მქონე ადამიანთა ჯგუფში, ინდექსის მიხედვით, ტესტირებულთა მხოლოდ 26% მოხვდა, ხოლო სკანირების შედეგების მიხედვით - 65%. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასაკთან ერთად ადამიანი კარგავს კუნთოვან მასას, სმი-ს გამოსათვლელი ფორმულა კი ცხიმსა და კუნთებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს. მეცნიერები გვირჩევენ, ზუსტი შედეგის მისაღებად სკანირებასთან ერთად გამოვიყენოთ სისხლში ჰორმონ ლეპტინის დონის განსაზღვრის მეთოდი - ტრადიციულად, ამ ჰორმონის დონე ცხიმოვან ქსოვილთან კავშირში განიხილება.

ქრონიკული სტრესი ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი მიზეზია

კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს სამედიცინო სკოლის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ხშირი სტრესი პროვოცირებას უწევს უხსნელი ტაუ-პროტეინის გამომუშავებასა და დაგროვებას. დაგროვილი პროტეინი ემსგავსება ნეიროფიბრილების გორგლებს, რომლებიც ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს იწვევს. მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სტრესი ნეირონებში ტაუ-პროტეინის ფოსფორილირებას (ფოსფორის მჟავის ნარჩენების მიერთებას) იწვევს და მის ხსნადობას ცვლის, ამ პროცესებს კი ალცჰაიმერის დაავადების განვითარებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მეცნიერებმა, ასევე, დაადგინეს, რომ საშიშია მხოლოდ განმეორებადი სტრესი. ერთეული შემთხვევები ასეთ დამანგრეველ გავლენას არ ახდენს. ქრონიკული სტრესი კი ტვინის ყველაზე სახიფათო მტერია. სპეციალისტები ამბობენ, რომ სტრესის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება რეალურად შევამციროთ მისი გავლენა.

მედიცინის სიახლეები

administrator 25-07-2016, 13:57 911 მედიცინის სიახლეები

 

გარემოსა თუ ჩვენს ორგანიზმში მომხდარი უმნიშვნელო მოვლენაც კი საბოლოოდ თავის ტვინის განსჯის საგნად იქცევა, რაც მთელ სხეულზე და შინაგან ორგანოებში განლაგებულ ნერვულ უჯრედთა - რეცეპტორთა - დამსახურებაა. სწორედ ისინი აღიქვამენ ყოველგვარ გაღიზიანებას და მას ნერვულ იმპულსად გარდაქმნიან, რომელიც შესაბამისი ნერვული დაბოლოებების მეშვეობით ტვინს მიეწოდება.

რეცეპტორთა ტიპები

ჩვენს სხეულზე რეცეპტორთა ორი დიდი ჯგუფი არსებობს: შინაგანი (ინტერო) და გარეგანი (ექსტერო). თავად ინტერორეცეპტორებს შორის კიდევ ორი ქვეჯგუფი გამოიყოფა - ვისცერული რეცეპტორები, რომლებიც შინაგან ორგანოთა მდგომარეობის შესახებ გზავნიან სიგნალებს და ვესტიბულურ-პროპრიორეცეპტორები, რომლებსაც სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილების სივრცეში მდებარეობისა და მოძრობის კონტროლი ავალიათ.

ექსტერორეცეპტორები გარეშე საგნებისა და მოვლენების ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ იძლევიან სიგნალებს. გამღიზიანებელ ფაქტორთა ბუნების მიხედვით, რომელთა მიმართაც რეცეპტორები განსაკუთრებულ მგრძნობელობას ამჟღავნებენ, განასხვავებენ ფონო- (ხმაურის მიმართ), ფოტო- (სინათლის მიმართ), მექანო- (მექანიკური გაღიზიანების მიმართ), თერმო- (მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ), ქემო- (ქიმიურ ნივთიერებათა მიმართ) და ბარო- (წნევის მიმართ მგრძნობიარე) რეცეპტორებს.

რეცეპტორები იყოფა იმ შეგრძნებათა ხასიათის მიხედვითაც, რომლებიც ჩვენს არსებაში გაღიზიანების შედეგად აღმოცენდება. ამის კვალობაზე არსებობს მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხების, სითბოსა და სიცივის მიმღები, სხეულის მდებარეობისა და ტკივილის აღმქმელი ნერვული უჯრედები. ზოგიერთი რეცეპტორი დისტანციურია - გაღიზიანებას ორგანიზმიდან მნიშვნელოვანი მანძილით დაშორებული საგნებიდან იღებს, ზოგს კი ამისთვის საგნებთან უშუალო შეხება სჭირდება. მათ კონტაქტურ რეცეპტორებს უწოდებენ.

საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ