ნევროლოგია
რა არის ნევროლოგია?
ნევროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც ემსახურება ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვას. ცენტრალური ნერვული სისტემა მოიცავს თავის ტვინსა და ზურგის ტვინს, ხოლო პერიფერიული ნერვული სისტემა გულისხმობს პერიფერიულს ნერვებს, ფესვებს, მათ წნულებსა და კვანძებს.
ვინ არის ექიმი ნევროლოგი?
ექიმი ნევროლოგი არის ექიმი, რომელიც ახორციელებს ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვას. ნევროლოგმა კარგად იცის ნერვული სისტემის ანატომია და ფუნქციური თავისებურებები, რაც მას ეხმარება პაციენტის ჩივილებისა და სიმპტომების შეფასებაში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ნერვული სისტემა არის მთელი სხეულის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველმყოფი სისტემა, რასაც იგი შესაბამისი ბრძანებების გაცემის საფუძველზე ახორციელებს. ამდენად, ნერვული სისტემა ერთგვარი „მბრძანებელი“ სისტემაა ჩვენს სხეულში.
რაც მოიცავს ნევროლოგის კონსულტაცია?
ნევროლოგის კონსულტაციის დროს პაციენტს უტარდება შემდეგი სახის მომსახურეობა:
- ანამნეზის შეკრება, რაშიც შედის პაციენტის დაავადების შესახებ სპეციფიური ინფორმაციის მიღება
- პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვა, რისთვისაც ნევროლოგი გამოიყენებს ნევროლოგიურ ჩაქუჩს, კამერტონს, სპეციალურ ნემსს და სხვ. დამხმარე ხელსაწყოებს
- სპეციფიური კვლევების დაგეგმვა. მათ შორის შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი სახის ინსტრუმენტული კვლევის მეთოდები, როგორიცაა ელექტროენცეფალოგრაფია, ელექტრონეირომიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ/CT) , მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ/MRI) და ა.შ.
ეს ყოველივე საშუალებას აძლევს ნევროლოგს დასვას სწორი დიაგნოზი და დანიშნოს ეფექტური მკურნალობა ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის.
ნევროლოგიის დეპარტამენტის ნევროლოგები სპეციალიზებულები არიან ისეთი ნოზოლოგიების მართვაში, როგორიცაა თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი, ძილის დარღვევები, ასევე კუნთოვანი დაავადებები და პერიფერიული ნერვების დაავადებები. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტში მიმდინარეობს რამოდენიმე კლინიკური კვლევა. დღეისათვის ეს კვლევები შეეხება გაფანტულ სკლეროზს, თავის ტკივილს და მიასთენიას.
ნევროლოგიის დეპარტამენტში მართვადი ნოზოლოგიების უფრო დეტალური ჩამონათვალი ასეთია:
- თავის ტკივილი (შაკიკი, დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი, ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილი, იდიოპათიური ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, სამწვერა ნევრალგია და სხვ)
- თავბრუსხვევა (კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუ, მენიერის დაავადება, ვესტიბულური ნევრიტი და სხვ)
- სპონდილოპათიები (წელის ტკივილი, კისრის ტკივილი, რადიკულოპათიები და სხვა)
- ეპილეფსია
- პერიფერიული ნერვების დაავადებები, ნევრალგიები
- გაფანტული სკლეროზი
- მოძრაობის დარღვევით მიმდინარე დაავადებები (პარკინსონის დაავადება, ჰანტინგტონის დაავადება, ტრემორი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი და სხვ)
- დემენციები (ალცჰეიმერის დაავადება, ფრონტო-ტემპორალური დემენცია, ლევის სხეულების დემენცია და სხვა)
- გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
- ნერვ-კუნთოვანი დაავადებები (მიასთენია და სხვ.)
- თავის ტრავმა
- ძილის დარღვევები
- ვეგეტატიური და ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობის მდგომარეობები
- ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია
ელექტროენცეფალოგრაფია და ელექტრონეირომიოგრაფია
ნევროლოგიის დეპარტამენტში ხორციელდება 21 განხრიანი ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა და ელექტრონეირომიოგრაფია.
ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევით შეისწავლება თავის ტვინის ფუნქციური აქტივობა. ასეთი კვლევა ყველაზე ხშირად გამოიყენება ეპილეფსიის, გონების კარგვის გაურკვეველი შემთხვევებისა და გაურკვეველი პაროქსიზმების დიფერენცირებისათვის. ელექტროენცეფალოგრაფიულ კვლევას აქვს ასევე სხვა უფრო ვიწრო ჩვენებებიც. გამოკვლევა ტარდება როგორც ღვიძილის მდგომარეობაში, ასევე ძილში ძილის დეპრივაციით. პირველი მათგანი სტანდარტული ეეგ კვლევაა. როგორც წესი, უმთავრესად სწორედ ასეთი ენცეფალოგრაფიული კვლევა არის ხოლმე საჭირო დაავადების დიაგნოსტიკისათვის. იშვიათად თქვენი ექიმი მოითხოვს უფრო გაღრმავებულ კვლევას, რაც შესაძლოა განხორციელდეს ეეგ კვლევით ძილის მდგომარეობაში. ძილის დეპრივაცია გულისხმობს ეეგ კვლევის წინა ღამეს ძილის დარღვევას. ამგვარად, ძილის ეეგ ძილის დეპრივაციით წარმოადგენს სპეციფიური კვლევის მეთოდს, რაც საჭიროებს შესაბამის მომზადებას კვლევისათვის. პაციენტებს ვურჩევთ, თუ მათ დანიშნული აქვთ ძილის ეეგ კვლევა ძილის დეპრივაციით, წინასწარ აუცილებლად გაიარონ გასაუბრება ექიმთან.
ელექტონეირომიოგრაფია იკვლევს პერიფერიულ ნერვებს, ჩონჩხის კუნთებსა და ნერვ-კუნთოვან სინაფსს. შესაბამისად, კველვის დროს სხვადასხვანაირ ტექნიკას ვიყენებთ. სტიმულაციური ნეიროგრაფიის დროს მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვების აგზნება ხდება ელექტრული იმპულსის საშუალებით. მიღებული პასუხების მიხედვით ფასდება ნერვის დაზიანების სახე, ხარისხი და ლოკალიზაცია. ნეიროგრაფია შეუცველი მეთოდია ტრავმული, კომპრესიული და გვირაბული ნეიროპათიების, ასევე პოლინეიროპათიების სადიაგნოსტიკოდ. ნერვ-კუნთოვანი გადაცემის შესასწავლად ხდება ელექტრული იმპულსით მოტორული ნერვის განმეორებადი, რითმული გაღიზიანება. ამ მეთოდს ვიყენებთ მიასთენიის და სხვა სინაფსური დაავადებების სადიაგნოსტიკოდ.
კუნთს ვიკვლევთ მასში ნემსისებური ელექტროდის შეყვანით, მოდუნებულ, მცირე და მაქსიმალური დაჭიმვის მდგომარეობაში (მიოგრაფია). ამ მეთოდით შესაძლებელია კუნთების ანთებითი დაავადებების, თანდაყოლილი დისტროფიების დიაგნოსტიკა. მიოგრაფიით ფასდება ასევე კუნთოვანი ცვლილები, რომლებიც გამოწვეულია ზურგის ტვინის (მოტონეირონის დაავადება) და ნერვული წნულების დაზიანებით.
ნეირომიოგრაფიული კვლევის დაგეგმვის წინ უნდა გავითვალისწინოთ რამოდენიმე ფაქტორი: კვლევა არ ტარდება დაზიანებულ კანზე და მკვეთრი შეშუპების დროს, ასევე გულის რითმის ხელოვნური წამყვანის (პეისმეკერი) არსებობისას. ასევე აუცილებელია წინასწარ ვაცნობოთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი.